თბილისში ენერგოეფექტური სტანდარტების მშენებლობები იწყება

2010 წლის 12 აპრილს, თბილისის იმჟამინდელი მერის, გიგი უგულავას მიერ მერების შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ, თბილისი პირველი დედაქალაქი გახდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან, რომელიც მიუერთდა ამ საერთაშორისო დოკუმენტს.
ახალი არავისთვისაა, რომ ევროკავშირი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ენერგო მდგრადობასა და ენერგოეფექტურობის საკითხებს, არსებობს უამრავი სტანდარტი, რომელიც ამ სფეროში მოქმედებს. ზოგოერთ მათგანს – რეკონემდაციის, ზოგიერთს კი სავალდებულო ხასიათი აქვს. ევროკავშირთად ასოცირების ხელმოწერის შემდეგ კი საქართველოსთვის კიდევ უფრო ბევრი რამ გახდება სავალდებულო.

„მერების შეთანხმება“ 2008 წელს ამოქმედდა და ის თვითმმართველობებს ენერგოეფექტურობის უზრუნველყოფისა და განახლებადი ენერგორესურსების გამოყენების გზით, 2020 წლისთვის CO2-ის ემისიის 20%-ით შემცირების ვალდებულებას აკისრებს.
2009 წლის თებერვალში, ევროკავშირის მიერ კლიმატისა და განახლებადი ენერგიის სფეროში მოქმედების გეგმის მიღების შემდეგ, ევროკომისიამ დაიწყო ინიციატივა მერთა შეთანხმება. ეს არის პირველი ინიციატივა, რომელიც აღიარებს ხელისუფლების ადგილობრივი და რეგიონალური ორგანოების წვლილს ენერგეტიკისა და კლიმატის დაცვის სფეროში ევროკავშირის მიერ განსაზღვრული ამოცანების გადაჭრაში. მიუხედავად იმისა, რომ ინიციატივა თავდაპირველად მიმართული იყო ევროკავშირის წევრთა ქვეყნების ქალაქების მერებზე, მერთა შეთანხმება უკვე ღიაა აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების ქალაქებთან თანამშრომლობისთვის.
ინიციატივაში შესვლიდან ერთი წლის განმავლობაში, ხელმომწერმა ქალაქებმა უნდა წარადგინონ მდგრადი ენერგეტიკის ხელშემწყობი სამოქმედო გეგმა, რომელიც რომელიც შეიცავს იმ კონკრეტულ ზომებსა და ღონისძიებებს რომლის განხორციელების შემდეგაც ქალაქები მიაღწევენ მერთა შეთანხმების მიზნებს. აღნიშნული დოკუმენტების შემუშავებამდე აუცილებელია არსებული სიტუაციის შეფასება. ხელმომწერები აღნიშნულ შეფასებას ახორციელებენ საბაზისო გამონაბოლქვის ინვენტარიზაციის შემუშავების გზით, რომლის წარდგენაც უნდა მოხდეს მდგრადი ენერგეტიკის ხელშემწყობ სამოქმედო გეგმასთან ერთად. ამასთანავე, მითითებული უნდა იქნეს ის სექტორები, რომელშიც სათბურის აირების გამონაბოლქვი არსებითად დიდია და რომელ სექტორში უნდა ჩატარდეს განსაკუთრებული მუშაობა. ზემოაღნიშნულის გარდა, სამოქმედო გეგმის წარმატებული დანერგვის უზრუნველყოფის მიზნით უნდა გატარდეს დამატებითი ღონისძიებები: ადმინისტრაციული სტრუქტურების ადაპტირება, მუნიციპალიტეტის სტრუქტურების პერსონალისთვის შესაბამისი სწავლებების ჩატარება ან დაინტერესებული მხარეების ჩართვა – მაგალითად, ენერგეტიკის დღეების ორგანიზების მეშვეობით.

„მდგრადი ენერგეტიკის დღეები 2014“-ის ფარგლებში, 26-27 ივნისს, სასტუმრო Radisson Blu Iveria-ში ჩატარდა ენერგოეფექტურობის კონფერენცია. მდგრადი ენერგეტიკის ხელშემწყობი სამოქმედო გეგმის საბაზო განომაბოლქვის ინვენტარიზაცია უნდა ფარავდეს შეთანხმების მიერ აღიარებულ ოთხ ძირითად სფეროთაგან არანაკლებ სამ სფეროს: ტრანსპორტი, მუნიციპალური და იჯარით გადასაცემი შენობა-ნაგებობები, აღჭურვილობა-კომუნიკაცია და საცხოვრებელი შენობა-ნაგებობები.

თბილისში გამართული კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი თემა საცხოვრებელი ფართების მოწყობა და მათი ენერგოეფექტურობის სტანდარტებათან შესაბამისობაში მოყვანა იყო. საბინაო სფეროში ენერგოეფექტურ პროექტებთან დაკავშირებით კონფერენციაზე მოხსენება გააკეთეს სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებმა.

რას აკეთებენ სამშენებლო კომპანიები ამ მიმართულებით? უკვე გაჩნდა რამდენიმე პრეცენდენტი საცხოვრებელი კორპუსების ახალი სტანდარტებით აშენებისა.
„ჩვენი ახალი პროექტები საერთაშორისო დონორების მიერაა დაფინანსებული, ესაა საცხოვრებელი ფართების ნუცუბიძის ქუჩაზე და ყაზბეგზე, ასევე იგეგმება მესამე მშენებლობის დაწყებაც. ჩვენ ამ მშენებლობის დროს სრულად გამოვიყენეთ ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებული სტანდარტები. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, მშენებლობის ხარჯი ძვირდება და შესაბამისად ფართების სარეალიზაციო ფასიც, მაგრამ ამ ყველაფერს უდიდესი დადებითი ეფექტებიც აქვს – პირველ რიგში, მომავალში შემცირებული კომუნალური გადასახადების სახით და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ენერგომატარებლებზე ფასი დღითი დღე იზრდება, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია და ასევე გასათვალისწინებელია ამ სტანდარტების დანერგვის გავლენა ეკოლოგიაზე“ – განაცხადა „m2 უძრავი ქონების“ პროექტების მართვის განყოფილების უფროსმა ირაკლი ბერიძემ.

კომპანია „არსის“ დირექტორმა თორნიკე აბულაძემ ასევე გაამახვილა ყურადღება მომხმარებელთა განწყობაზე და იმ დამოკიდებულებაზე, რომელიც მათ ენერგოეფექტურ პქოექტებთან დაკავშირებით აქვთ: „ეს არის ძალიან დიდი პრობლემა და აუცილებლად შესაცველია. უნდა მოხდეს მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლება ამ მიმართულებით“ – განაცხადა აბულაძემ, რომლის კომპანიამაც ასევე განახორციელა ერთი პროექტი და ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსი ახალი სტანდარტებით ააშენა.

როგორც კომპანიის წარმომადგენლები განმარტავენ, ენერგოეფექტური სტანდარტების მისაღწევად საჭირო მასალების მშენებლობაში გამოყენება კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართის ღირებულებას დაახლოებით 20-25 დოლარით ზრდის. „იმ კორპუსში, რომელიც ჩვენ ამ სტანდარტებით ავაშენეთ, საცხოვრებლად გამოსაყენებელი ფართი ჯამში 6000 კვადრატული მეტრია. დათბუნების სტანდარტების გამოყენების შემდეგ ჩვენ მშენებობა 150 000 აშშ დოლარით გაგვიძვირდა“ – განაცხადა თორნიკე აბულაძემ.

მართალია, მშენებლობის ხარჯები ენერგოეფექტური ნორმების დაცვის შემდეგ იზრდება, თუმცა ფაქტია, რომ თუ ახლა ზოგიერთი კომპანია ამას ნებაყოფლობით აკეთებს, ქართულ ბაზარზე მალე შეიძლება ეს ნორმები სავალდებულო გახდეს. ამასთანავე, სპეციალისტთა შეფასებით, ეს არ არის ის დანახარჯი, რომლის კომპენსირებასაც მოსახლეობა შემდეგ ვერ მოახდენს.

იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ კონკრეტული ქმედებები და შედეგები წარმოადგენენ მერთა შეთანხმების არსს, ხელმომწერები, რომლებმაც ვერ შეასრულეს საკუთარი ვალდებულება, დროებით ირიცხებიან ინიციატივიდან იმ დრომდე, სანამ საპირისპირო არ დამტკიცდება.

2013 წლის დასაწყისისთვის საერთაშორისო შეთანხმებას ხელი მოაწერა 4 400-მა ქალაქმა, რაც წარმოადგენს ევროპის თითქმის 170 მილიონ მოქალაქეს. ინიციატივას შეუერთდა შეთანხმების 190 მომხრე და კოორდინატორი და ვებ-გვერდზე მდგრადი ენერგეტიკის განვითარების 1800-ზე მეტი გეგმაა წარმოდგენილი.