ოთარ დანელია მედიის წარმომადგენლებს შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ პრესკონფერენცია გამართა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ბოლო პერიოდში გაწეული საქმიანობა, ასევე მინისტრის საერთაშორისო ვიზიტები შეაჯამა.

ოთარ დანელიამ აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში გააქტიურდა თანამშრომლობა პარტნიორ ქვეყნებთან. დღეს დილით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტი დასრულდა. დელეგაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობდა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა, სადაც საქართველოში აზერბაიჯანული ინვესტიციების განხორციელების საკითხები განიხილებოდა. ოთარ დანელიამ სამუშაო შეხვედრები გამართა მეზობელ ქვეყანაში ქართული პროდუქციის ექსპორტის გაზრდის მიმართულებით.

მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მინისტრმა ისაუბრა ჩინეთის ვიზიტთან დაკავშირებით. მან ყურადღება გაამახვილა ქალაქ ურუმჩიში გაფორმებულ თანამშრომლობის მემორანდუმზე, რომელიც ითვალისწინებს ჩინური მხარის მიერ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სოფლის მეურნეობაში 20-დან 25 მილიონ აშშ დოლარამდე ინვესტიციის განხორციელებას.

,,მემორანდუმით განსაზღვრულია ინვესტიციების ჩადება სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოყვანის, მეთევზეობის, მეცხოველეობის, მეჩაიეობის, სამაცივრე მეურნეობების, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და აგრო-ტურიზმის მიმართულებით. მათ შორის განიხილება 600 ჰა ფართობის ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია“,- განაცხადა მინისტრმა.

ოთარ დანელიამ მედიის წარმომადგენლებთან 16 სექტემბერს უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის შესახებ ინფორმაცია დააანონსა. მან აღნიშნა, რომ ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, თანამშრომლობის ისეთი მექანიზმები შემუშავება, რომელიც მეტ სტიმულს მისცემს ქართველ და უკრაინელ ბიზნესმენებს და დაეხმარება მათ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის მზარდი დინამიკის შენარჩუნებაში.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა დეტალურად ისაუბრა არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის უპრეცედენტო პროექტზე. პროექტის ფარგლებში, 1 კგ არასტანდარტულ ვაშლის არანაკლებ 10 თეთრად შესყიდვის შემთხვევაში, გადამამუშავებელი საწარმოები სახელმწიფოსგან სუბსიდიის სახით 8 თეთრს მიიღებენ. მეწარმეებს საშუალება ექნებათ ,,შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ მე-6 კომპონენტის ფარგლებში აიღონ 5 მილიონ ლარამდე იაფი სესხი, რომლის პროცენტის თანადაფინანსებას სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო განახორციელებს. არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროექტის ბიუჯეტი 3 000 000 ლარს შეადგენს.

არასტანდარტული ვაშლის ორგანიზებულად ჩაბარების მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ინიციატივით ქ.გორში 10 სექტემბრიდან საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდა. ამ ეტაპზე არასტანდარტულ ვაშლს იბარებს 5 ხილის გადამამუშავებელი საწარმო საწარმო: შპს „გეოფრუტი“, შპს „ნატურალ 7“, შპს „ბიოჯუსი“, შპს „სამეგობრო“ და შპს „ჯეოკონცენტრანტი“. დღეისათვის, გლეხებმა 566 ტონა არასტანდარტული ვაშლი უკვე ჩააბარეს.

მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, ოთარ დანელიამ რთველი 2014-ის მიმდინარეობაზეც ისაუბრა. მინისტრმა აღნიშნა, რომ კახეთის რეგიონში რთველი ორგანიზებულად, შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წელს გვალვისა და სეტყვისგან კახეთში ვენახები მნიშვნელოვნად დაზიანდა და მოსავალი ნავარაუდევზე ნაკლებია, 2014 წლის რთველის სეზონზე გასულ წელთან შედარებით მეტი – 100 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდება.

დღეის მდგომარეობით, ყურძნის მიღება-გადამუშავებაში ღვინის მწარმოებელი 65 კომპანია მონაწილეობს. მევენახეების მიერ ღვინის ქარხნებში რეალიზებული ყურძნის შედეგად მიღებული შემოსავალი ჯამში უკვე 64 მლნ-მდე ლარია. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ წელს საფერავზე ისტორიული ფასი – 3,40 ლარი დაფიქსირდა. ამ ეტაპზე, ღვინის ქარხნების მიერ ინდუსტრიულად გადამუშავებულია 36 ათას ტონამდე ყურძენი.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ 2015 წლის 1 იანვრიდან რესტორნებში ღვინოზე კონტროლი გამკაცრდება. სამინისტრო გეგმავს ამ მიმართულებით ქმედითი ღონისძიებების გატარებას და, თუ სადმე აღმოჩნდება ფალსიფიკაცია, ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

“ეს ემსახურება დარგის კიდევ უფრო გაძლიერებას, პოპულარიზაციას. სოფლის მეურნეობაში ეს დარგი ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტალურად განვითარებულია. იმედი გვაქვს, მომავალ წელს აღარ დასჭირდება ამ დარგს სუბსიდირება, რადგან საკმაოდ სტაბილურად ვითარდება”, – განაცხადა ოთარ დანელიამ.

ოთარ დანელიამ ისაუბრა ჭაჭის კონტროლზეც, რომელიც ასევე აქტიურად განხორციელდება. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ისეთი ტრადიციების მქონე ქვეყანაში როგორიც საქართველოა, სადაც ღვინო ჩვენი კულტურის ნაწილია, ხარისხიანი ღვინის წარმოება არსებითად მნიშვნელოვანია. ჭაჭის კონტროლი კი საშუალებას მოგვცემს, ღვინის ფალსიფიცირება მინიმუმამდე იქნას დაყვანილი.

ოთარ დანელიამ კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროექტზე ისაუბრა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახალი პროექტის განხორციელებას იწყებს. 2014 წლის პირველი სექტემბრიდან აგროდაზღვევის საპილოტე პროექტი ამოქმედდა და მომავალი წლის 1-ელ სექტემბრამდე გაგრძელდება.

პროექტში ჩართულია ყველა სადაზღვევო კომპანია, ვისაც სურვილი აქვს და გარკვეულ პირობებს აკმაყოფილებს. ამ ეტაპისთვის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა შემეგ სადაზღვევო კომპანიებთან: ჯიპიაი ჰოლდინგი, ალდაგი, აი სი ჯგუფს, ირაო და ქართუ. პროექტის ბიუჯეტი 5 მილიონი ლარია.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial