რატომ იზრდება ყავის ფასი

მსოფლიოში ყავის უმსხვილესი მწარმოებლები თვითონ ხდებიან საკუთარი პროდუქციის საუკეთესო მომხმარებლები. შედეგად, სან-პაულოდან სან-ფრანცისკომდე ყავაზე მოთხოვნის ზრდა მასზე ფასების ზრდის ძირითადი გენერატორი ხდება.
ყავის მოხმარება სწრაფად და მასშტაბურად იზრდება ბრაზილიაში, ვენესუელასა და კოლუმბიაში. ამ სამ ქვეყანაზე მსოფლიო ყავის მომარაგების 60% მოდის.

ანალიტიკოსთა პროგნოზით, ბრაზილიაში დაფასოებულ ყავაზე მოთხოვნა მიმდინარე წლის ბოლოსთვის 1.03 მილიონ ტონამდე გაიზრდება და, სავარაუდოდ, ბრაზილია გადაუსწრებს აშშ-ს, როგორც ყავის პირველ მომხმარებელ ქვეყანას, რომელიც ყავის მოხმარების მხრივ პირველობას 1999 წლიდან მოყოლებული ინარჩუნებს.

რადგან ყავის მწარმოებელი ქვეყნების მოსახლეობის შემოსავალი იზრდება, მომხმარებლებმა ნელ-ნელა დაიწყეს დაბალფასიანი სასმელების (მაგალითად, ჩაის) ჩანაცვლება უფრო ძვირადღირებული სასმელით. ამასთანავე, მწარმოებელი ქვეყნების მცხოვრებლები, ბოლო წლებში, ძირითადად, მაღალი ხარისხის მარცვეულისგან დამზადებულ პროდუქციას ანიჭებენ უპირატესობას, იმავე ხარისხის ყავას, რომელიც გამოიყენება აშშ-სა და ევროპის დიდ რესტორნებში.

აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის პროგნოზის მიხედვით, მიმდინარე წელს მსოფლიოს მასშტაბით ყავაზე მოთხოვნა რეკორდულად გაიზრდება. ყავის საერთაშორისო ორგანიზაციის პროგნოზის მიხედვით კი, ყავაზე მოთხოვნა 2-ჯერ უფრო სწრაფად გაიზრდება ყავის ექსპორტიორ ქვეყნებში, იმპორტიორ ქვეყნებთან შედარებით, როგორებიც, მაგალითად, იტალია და აშშ არიან.

ყავის მწარმოებლებს დიდი ბრძოლა უწევთ გაზრდილ მოთხოვნასთან გასამკლავებლად, როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ბაზრებზე. მიმდინარე წელს ყავის ფიუჩერსების ფასი 75%-ით გაიზარდა.

მწარმოებელ ქვეყნებში ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან მზარდი მოთხოვნა, ყავის ფასს მსოფლიო ბაზრებზეც ზრდის

Screen Shot 2014-09-18 at 3.21.07 PM

მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილება რთული ამოცანა იქნება, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ გვალვებმა ცენტრალურ ამერიკაში ყავის მოსავალი ძალიან დააზიანა. ყავის მსხვილმა მწარმოებლებმა, როგორიცაა Starbuck და J.M. Smucker უკვე გაზარდეს ყავის ფასი.

ყავა-არაბიკას ფიუჩერსებმა აშშ-ს ICE ფიუჩერსების ბირჟაზე 2-თვიან მაქსიმუმს მიაღწია და 1.9505 აშშ დოლარი შეადგინა, მას შემდეგ რაც ბრაზილიის ყავის მოსავლის პროგნოზი გაუარესდა.

განვითარებად ქვეყნებში ცხოვრების დონე წლიდან წლამდე იზრდება, ახლა მოსახლეობა უფრო მეტს გამოიმუშავებს და ყავის ექსპორტიორებიც საკუთარი ქვეყნის მომხმარებელს უფრო მაღალი დონის ყავას სთავაზობენ. მზარდი შემოსავალი საშუალებას აძლევს ისეთ მწარმოებელი ქვეყნების მოსახლეობას, როგორიცაა ვიეტნამი, უფრო მეტი დახარჯონ ყავაზე. ამ ყვეყნებში როგორც ნედლეულის, ასევე დაფასოებული ყავის გაყიდვები ბოლო 10 წლის მანძილზე გაორმაგდა.

ბრაზილიაში ყავის კულტურა მე-18-ე საუკუნიდან იღებს სათავეს და უკვე ისე დამკვიდრდა ტრადიციებში, რომ ბრაზილიელები საუზმეს „დილის ყავას“ უწოდებენ. ყავის მაღაზიებისა და მწარმოებლების განცხადებით, ბოლო წლებში ეს კულტურა კიდევ უფრო გამყარდა და გაყიდვები შეუქცევადად იზრდება.

„უკეთესი ხარისხის ყავის დალევა ნელ-ნელა ხდება ჩვენი მოსახლეობის ჩვევა და ისინი არ აპირებენ დაბალი ხარისხის მარცვალზე დაბრუნებას“, – აცხადებენ ბრაზილიის ყავის მაღაზიების მეპატრონეები. გასულ წელს ყავის მაღაზიების გაყიდვები საშუალოდ 3-ჯერ გაიზრდა ბრაზილიაში.

გასული 10 წლის განმავლობაში ბრაზილიაში ყავის მოსავალი 61%-ით გაიზრდა, აქედან მხოლოდ 34% მოდის ექსპორტზე, ზრდის დანარჩენი ნაწილი კი შიდა მოხმარებაზე მოდის.
5 წლის წინ Minasul-ის (სამხრეთ ბარზილიის ყავის მწარმოებელთა კოოპერატივი) გაყიდვების მხოლოდ 20% მოდიოდა შიდა ბაზარზე, ახლა ის ადგილობრივ ბაზარზე მოსავლის 30-35%-ს ყიდის.

აშშ-ს ყავის იმპორტიორები, რომელთაც ყავა ბრაზილიიდან შეაქვთ, აცხადებენ, რომ მათ სულ უფრო დიდი ფასის გადახდა უწევთ ყავაში, რადგან სულ უფრო იზრდება კონკურენცია ბაზრის ადგილობრივი მონაწილეების მხრიდან.

ადგილობრივ ბაზრებზე მოთხოვნის ზრდა ხელს აძლევს ყავის საცალო გაყიდვის უმსხვილეს კომპანიებსაც. ისეთმა კომპანიებმა როგორიცაა Nestle და Starbuck დაიწყეს დამატებითი მაღაზიებისა და ფილიალების გახსნა კოლუმბიასა და სხვა ქვეყნებში.

პროგნოზის მიხედვით, წლის ბოლომდე კოლუმბიაში რეკორდული 72, 500 ტონა ყავა გაიყიდება.

მართალია, მაღალი ხარისხის ყავაზე მოთხოვნა იზრდება მწარმოებელ ქვეყნებში, მაგრამ დღეს არსებული ტენდენციებით ისინი ძირითადად მაინც დაბალი და საშუალო ხარისხის ყავას მოიხმარენ, რაც განვითარებულ ქვეყნებში ყავის ფასებზე დიდ გავლენას ჯერჯერობით ვერ ახდენს. თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეს სწრაფად ცვლადი ტენდენციაა და რაც უფრო სწრაფად ჩააანაცვლებს ყავის მწარმოებელი ქვეყნების მოსახლეობა დაბალი ხარისხის ყავას მაღალი ხარისხის პროდუქციით, მით უფრო გაიზრდება ყავის ფასი მსოფლიო ბაზარზე. შეგახსენებთ, რომ ივლისში სტარბაქსმა უკვე გაზარდა ყავის ფასი აშშ-სა და ევროპის მაღაზიებში. საცალო გაყიდვების მაღაზიებში ფასების ზრდა დააახლოებით 8%-ს შეადგენს.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial