როცა იწყება ინდაურების ერა

ბოლო წლების სტატისტიკა აჩვენებს, რომ ამერიკელები მადლიერების დღეს დაახლოებით 46 მილიონ ინდაურს ჭამენ. პრობლემა იმაშია, რომ მიწოდება მცირდება. ჯერჯერობით ეს იმას არ ნიშნავს, რომ მაღაზიები დაცარიელდება და სასურველი რაოდენობის ინდაური არ იქნება სუპერმარკეტებში, მაგრამ იმას ნამდვილად ნიშნავს, რომ ფასები იზრდება. ინდაურის საბითუმო გაყიდვების ფასი ისტორიულად მაღალია მიმდინარე წელს.
2014 წლის სექტემბრისთვის ფერმერებმა აშშ-ში 1.47 მილიონი ტონა ინდაური აწარმოეს, რაც ერთი წლის წინანდელ მაჩვენებელთან შედარებით 3.3%-ით ნაკლებია. 10 ნოემბრისთვის წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 16%-ით გაიზრდა ინდაურის საბითუმო გაყიდვების ფასი, გირვანქა ინდაური ნოემბრის დასაწყისითვის 1.24 აშშ დოლარი ღირდა. ასევე გაიზრდა ფასები სუპერმარკეტებში, რომლებიც ისედაც სთავაზობენ მომხმარებლებს ფასდაკლების აქციებს მადლიერების დღისთვის გაყიდვების გასაზრდელად.

აშშ-ში ინდაურების წლიური მოხმარების 20% მადლიერების დღეზე მოდის, რომელსაც აშშ წელს 27 ნოემბერს იზეიმებს.

ინდაურზე ფასების ზრდას ხელს 2012 წლიდან მარცვლეულზე ფასების ზრდაც უწყობს. საკვები პროდუქტის გაძვირებამ აშშ-ში არამხოლოდ შინაური ფრინველების, არამედ მსხვილფეხა პირუტყვისა და ღორის ხორცის გაძვირება და მათი პროდუქციის შემცირებაც გამოიწვია. საკვების ფასი ინდაურის ფასის დაახლოებით მესამედს შეადგენს.

ინდაურზე ფასები ბოლო ორი წლის განმავლობაში სტაბილურად მზარდია. როგორც მიმწოდებლები აცხადებენ, მათ მიერ წლის განმავლობაში გაყიდული ინდაურებიდან ყოველი მეოთხე მადლიერების დღესა და შობის პერიოდზე მოდის.

30 სექტემბრისთვის აშშ-ს სასაწყობე მაცივრებში 297.2 მილიონი გირვანქა ინდაური ინახებოდა, რაც 2011 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, რაც შეეხება მთლიანად ინდაურის ხორცსა და მისგან წარმოებულ სხვა პროდუქციას, ჯამში, 485.5 მილიონი გირვანქაა, რაც ასევე ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ბოლო ოთხი წლის განმავლობაში. შედეგად, საკვები პროდუქტებიდან აშშ-ში ყველაზე მეტად ბოლო პერიოდში სხვადასხვა სახის ხორცის ფასი გაიზრდა. განსაკუთრებით გაიზრდა საქონლისა და ღორის ხორცის ფასი. ამ ყველაფერს ემატება მსხვილფეხა პირუტყვის რაოდენობის შემცირება. მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელებული ღორის დაავადების გამო საგრძნობლად შემცირდა ღორების რაოდენობაც.
მაღალი საბითუმო ფასი მომხმარებლისათვის შეიძლება არ ნიშნავდეს გადასახადის გაზრდას. მოსალოდნელია, რომ მაღაზიები გაყიდვების გასაზრდელად ფასდაკლებებით გაყიდიან ინდაურს. საცალო გაყიდვებში ინდაურის ფასი სექტემბერში 1.584 აშშ დოლარს შეადგენდა, რაც 2010 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ამას თავის ახსნა აქვს, მაღაზიის მენეჯერები ინდაურზე დაბალი ფასებით, მაღაზიებში რაც შეიძლება მეტი მომხმარებლის მიზიდვას ცდილობენ. მაღაზიები მომხმარებელს ინდაურს 50%-იანი ფასდაკლებითაც კი სთავაზობენ, იმ შემთხვევაში თუ გარკვეული რაოდენობის დანახარჯს გააკეთებენ მათ მაღაზიებში.

ინდაური აშშ-ში დღესასწაულების ტრადიციული საჭმელია, მაგალითისთვის, 2012 წელს 210 მილიონი ინდაური გაიყიდა აშშ-ში, მათგან 46 მილიონი მადლიერების დღეს, 22 მილიონი შობას, ხოლო 19 მილიონი აღდგომას. ბევრი სუპერმარკეტი ფასდაკლებების აქციების ერთი თვით ადრეც კი იწყებს.

თუმცა, მაღაზიები შემოსავლების ზრდას უფრო მეტად მომდევნი წლიდან უნდა ელოდნენ, როცა საკვებზე ფასები შემცირდება. 2012 წლის გვალვის შემდეგ, მარცვლეულზე ფასები რეკორდულად გაიზრდა და ბუშელზე 8.49 აშშ დოლარს მიაღწია. მიმდინარე წლის ივლისიდან კი ფასი 4 დოლარზე დასტაბილურდა.

მომავალ წელს გაიზრდება ინდაურის პროდუქცია 3.2%-ით 5.925 მილიარდ გირვანქამდე, რაც 2008 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იქნება. ოქტომბრისთვის ინდაურის კვერცხების რაოდენობა ინკუბატორში 5%-ით მეტი იყო ერთი წლის წინანდელ მაჩვენებელთან შედარებით.

ინდაურის ხორცის პოპულარობა აშშ-ში გასაკვირი არ არის. გარდა იმისა, რომ ის ტრადიციული საკვებია დღესასწაულებზე, სპეციალისტების შეფასებით, სხვა სახეობების ხორცთან შედარებით ყველაზე სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, რადგან ბევრ სხვადასხვა სახის ვიტამინს შეიცავს და გამოირჩევა ნაკლებცხიმიანობით და მეტი ცილიანობით. მსოფლიოში რეკომენდირებულია ბავშვთა და დიეტურ კვებაში.

საქართველოში ყოველდღიური რაციონში ინდაურის ხორცი ნაკლებად გამოიყენება, მას ქართველი მომხმარებელი ამერიკელი ხალხის მსგავსად, ძირითადად, სადღესასწაულო დღეებში მოიხმარს. ამას ალბათ იმანაც შეუწყო ხელი, რომ საქართველოში არ გვაქვს ინდაურის ხორცის ორგანიზებული ბაზარი (თუ არ ჩავთვლით წვრილ ფერმერულ მეურნეობებს), არ გვაქვს არც ერთი გადამამუშავებელი საწარმო. მართალია, საქართველოში ინდაურის ხორცი იმპორტით შემოცდის, მაგრამ მცირე რაოდენობით.

თუმცა უახლოეს მომავალში საქართველოში შეიძლება გაიხსნა ინდაურის ხორცის გადამამუშავებელი ქარხანა. კომპანია „EBM General“-ს აქვს მზა პროექტი, რომელის მიხედვითაც საქართველოში შესაძლებელია დაიწყოს ინდაურის მოშენებისა და მისი ხორცის დამუშავების კომპლექსური პროცესი. როგორც კომპანიის დირექტორმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა, საწყის ეტაპზე იგეგმება წელიწაში 3 000 ტონა ინდაურის ხორცის წარმოებას. პროექტის განხორციელების ღირებულება დაახლოეით 8 მილიარდი ევროა.