რედაქტორისაგან

ეკ. მეცნ. კანდ. ემზარ ჯგერენაია

მსოფლიო ეკონომიკა სერიოზულმა კრიზისმა მოიცვა და, ჰოი საკვირველებავ, ამის მიზეზი, არც მეტი არც ნაკლები, კორუფციაა. საქართველოს არ სტუმრებია უცხო მეგობარი ქვეყნის დელეგაცია, რომელსაც მკაცრი კრიტიკა არ გამოეთქვა ჩვენთან “გამეფებულ კორუფციაზე და ყველა ჩვენი პრობლემის სათავედ სწორედ ეს მოვლენა არ დაესახელებინა. ისინი იმ საქართველოს აკრიტიკებენ, რომლის ბიუჯეტი ნახევარ მილიარდ დოლარსაც კი არ შეადგენს და რომლის ბიზნესს დანარჩენ მსოფლიოს ეკონომიკურ საქმიანობასთან მხოლოდ მცირ მომხმარებლური ხასიათი აქვს. რაც შეეხება დანარჩენ მსოფლიოს… აი, სად არის კორუფცია!

მარტო “ვორლდ ქომმა” 80 მილიარდით გაზარდა თავისი აქტივები, რაც საქართველოს 160 წლის ბიუჯეტის ტოლია. მერედა, რას ნიშნავს ეს ადამიანურ ენაზე: ამ კომპანიამ, სამარიაჟოდ კი არ გააკეთა ეს, არამედ მოატყუა ინვესტორები ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, ხალხი. მსოფლიოს მასშტაბით უამრავი პედაგოგი, პენსიონერი, მუშა და ა.შ. რომლებიც თავიანთ დანაზოგს ამ კომპანიას აბარებდნენ, რათა ოჯახი ერჩინათ და მიეღოთ ღირსეული პენსიები, მაგრამ რის ფასად? აქტივების გაზრდა ამ კომპანიას დასჭირდა, რათა მისი აქციების ფასი გაეზარდა და ერთ დოლარიანი აქცია ოთხ დოლარად გაეყიდა, ანუ ვინც იყიდა ათი ათასის ღირებულების აქცია, მან, სინამდვილეში, ამ აქციაში ორმოცი ათასი გადაიხადა. ეს ნიშნავს, რომ “ვორლდ ქომმა” ამ მაქინაციით სამოცი მილიარდი დოლარი მოიპარა. შეიძლება ოპონენტებმა გვიკიჟინონ – მერედა, აქ სად არის კორუფციაო? სად და, ამ ოპერაციას ეს ფირმა და სხვა მისთანები ვერ გააკეთებენ, თუ ფასიანი ქაღალდების სახელმწიფო კომისია და სხვა მაკონტროლებელი სახელმწიფო ორგანოები თავის ადგილას იქნებიან და თვალს არ დახუჭავენ. თვალს კი რის საფასურად ხუჭავენ, მკითხველს კარგად მოეხსენება.მარტო “ვორლდ ქომი” რომ იყოს, ამაზე არ შევაჩერებდით თქვენს ყურადღებას, მაგრამ ეს უკვე ტენდენციაა. “ენრონის” ისტორია და ბოლოდროინდელი ანალოგიები ამას მეტყველებენ. გამოდის, 90-იანი წლების ბოლო პერიოდის ბიზნესბუმს აშშ-ში კორუფციას უნდა უმადლოდნენ. კორუფცია ბიზნესის სტიმულატორი ყოფილა, როგორც ინვესტიციის ფარული და დიდ რისკზე წამსვლელი წყარო. დღეს მსოფლიო ეკონომიკა ურთულეს დღეებს ითვლის. ივლისის განმავლობაში კატასტროფულად ეცემოდა განვითარებული ქვეყნების ბიზნეს ინდექსები. “დოუ ჯონსი” მაისიდან ივნისის ბოლომდე 10400-დან 7600-მდე დაეცა, “ნაზდაქი” (მაღალი ტექნოლოგიების ბირჟა) — 1750-დან 1200-მდე.

ამას მოჰყვა კრიზისი ევროპაში, სადაც “დაქსი” (გერმანია) იგივე პერიოდში 5075-დან 3500-მდე შემცირდა. რომ არაფერი ვთქვათ აზიის ბაზრებში ამ მიზეზით გაჩენილ კრიზისზე. ამას მოჰყვა დოლარის კურსის არნახული დაცემა ევროს მიმართ და მსოფლიო კორუფციის გამო აყირავდა. სპეციალისტები იმასაც ამბობენ, რომ ეს შესავალია, რადგან ბევრი ასეთი ფაქტი ჯერ კიდევ გამოსავლენია. ჰოდა, მაშინ მოხდება თუ მოხდება! ამას ემატება ევროკომისიაში მოსალოდნლელი სკანდალი კორუფციის გამო, რომელიც სპეციალისტების აზრით, უფრო მასშტაბური იქნება, ვიდრე წინა საუკუნის დასასრულს.

საშველი არ ყოფილა, რადგან ქართველებს გვეგონა კორუფცია მხოლოდ ახალგაზრდა, ჯერ ბოლომდე ჩამოუყალიბებელი, საქართველოს სახელმწიფო სენი იყო და, ნუ იტყვით, მსოფლიო ბიზნესის განვითარების აუცილებელი პირობა ყოფილა. არა, მენქიუს და სამუელსონის წიგნებში ამას ვერ წაიკითხავთ, მაგრამ შემაძრწუნებელია, რაც მსოფლიო პრაქტიკამ გვიჩვენა. კაცმა რომ თქვას, ქართველები რატომ უნდა ჩამორჩენილიყვნენ მსოფლიო პრაქტიკას?! არადა, საქართველოში ჩამოსული მისიონერები იმდენს გვიკიჟინებდნენ, ყველაზე კორუმპირებულები ხართო, ჩვენ მართალი გვეგონა და ბოლო დროს სირცხვილისგან სულ გავწითლდით და ჩრდილოეთ ამერიკაში მცხოვრებ ხალხს დავემგვანეთ. კორუფციით კი არა, ფერით. იქაურ კორუფციას ისე ვერ მიუახლოვდებით, როგორც ზაფხულის მზე მთვარეს. ამას ქართულად ჰქვია, ჩემი შენ გითხარიო…

ისე, არ იქნებოდა ურიგო, ჩვენი კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი ინსტიტუტები და ორგანოები გრანტებით დაგვეფინანსებინა და მივლინებით, დასახმარებლად ზაფხულში, ქობულეთის სანაცვლოდ, ხანძრის ჩასაქრობად კალიფორნიაში გაგვეშვა.

ზაფხულის არდადაგების კვირაძალს გვინდოდა ჩვენს მკითხველთან რამე მსუბუქ თემაზე გვესაუბრა, მაგრამ მსოფლიო ეკონომიკაში საქმე რთულად არის და აბა, რა გვეზაფხულება…