ეკონომიკაში ნობელის პრემიის პირველი ლაურეატები რ. ფრიში (1895-1973) და ი. ტინბერგენი (1903-1994)

ავთანდილ სილაგაძე, ეკ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი

ეკონომიკური პროცესების ანალიზის მათემატიკური მეთოდების დამუშავებაში შეტანილი უმნიშვნელოვანესი წვლილისათვის, 1969 წელს ნობელის პრემიით დაჯილდოვდა ორი ცნობილი მეცნიერი: რაგნარ ფრიში და იან ტინბერგენი. ორთავე მეცნიერმა თავდაპირველად თავიანთი მეცნიერული კვლევები ეკონომიკური ციკლებისა და ეკონომეტრიკის სფეროს, შემდგომში კი ეკონომიკური პოლიტიკის დაგეგმვისა და ეკონომიკური განვითარების პრობლემების შესწავლას მიუძღვნეს.

რ. ფრიში გასული საუკუნის პირველი ნახევრის წამყვანი ეკონომეტრიკოსია, რომელმაც მაკროდინამიკურ თეორიაში შეტანილი წვლილით გამოქვეყნებამდეც კი ტექნიკურად მოაძველა ჯ. კეინზის სტატიკური თეორია. რ. ფრიში დაიბადა 1895 წელს ნორვეგიაში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ იგი ეკონომიკური მეცნიერების შესასწავლად ოსლოს უნივერსიტეტში შევიდა, რომელიც დაამთავრა 1919 წელს.

უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ ფრიში საფრანგეთში (1921-23 წ.წ.), დიდ ბრიტანეთში (1923 წ.), შეერთებულ შტატებსა და იტალიაში მათემატიკასა და სტატისტიკას სწავლობდა. დოქტორობა 1925 წელს ოსლოში მათემატიკურ სტატისტიკაში მიიღო და ლექტორი გახდა. იელიდან დაბრუნების შემდეგ 1931-1955 წ.წ. იგი გადადგომამდე ოსლოს უნივერსიტეტის პროფესორია. პარალელურად, უნივერსიტეტთან არსებულ ეკონომიკის ინსტიტუტს ხელმძღვანელობდა (1932-65 წ.წ.).

რ. ფრიში ეკონომიკურ მეცნიერებას საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მსგავს მეცნიერებად განიხილავდა. ეკონომიკური მეცნიერების განვითარებაში მის უმნიშვნელოვანეს წვლილად მეთოდოლოგია მიაჩნდათ. მან ზუსტად განსაზღვრა მაკრო და მიკრო ანალიზის, გადაწყვეტილების მიღების არსი. იგი ეკონომეტრიკის ?პიონერია”. ამგვარად, რაც მანამდე ეკონომიკის, მათემატიკისა და სტატისტიკის დისციპლინათშორის ურთიერთგადაკვეთისას კვლევის საგანი იყო, ახალ დისციპლინად ჩამოყალიბდა. 1930 წელს ფრიში ეკონომეტრიკული საზოგადოების ერთ-ერთი დამაარსებელია, ორი წლის შემდეგ კი ამავე საზოგადოების ჟურნალის – ?ეკონომეტრიკის” რედაქტორი.

რ. ფრიში უნდობლობით ეკიდებოდა ?უხილავი ხელის” იდეას. მისმა ინტერესებმა დაგეგმვისაკენ ?დიდი დეპრესიის” ზეგავლენით გადაინაცვლეს. დაგეგმვის მიზნით, მან ეროვნული შემოსავლის სააღრიცხვო სისტემის შემოღება-განვითარება წამოიწყო. მეორე მსოფლიო ომისშემდგომ პერიოდში იგი ჯერ ნაციონალური, შემდეგ ინტერნაციონალური, დაბოლოს, განვითარებადი ქვეყნების დაგეგმარების საკითხებით იყო დაკავებული. გარკვეულ პერიოდში ეგვიპტისა და ინდოეთის მთავრობების მრჩეველიც იყო. ფრიში კაცობრიობის ხსნის უმნიშვნელოვანეს გზას მეურნეობის დაგეგმვაში ხედავდა. მოგვიანებით, მისი შეხედულებები უფრო რადიკალური გახდა.

რ. ფრიშის პუბლიკაცია 150-ს აჭარბებს, ამასთან, მისი ხელნაწერების მხოლოდ მცირე ნაწილია გამოქვეყნებული. მათ შორისაა ორი დასრულებული წიგნი – ?წარმოების თეორია” (1965) და ?მაქსიმუმი და მინიმუმი” (1966). იგი თავდაპირველად სარგებლიანობის პრობლემებს შეეხო და ზღვრული სარგებლიანობის გაზომვის მეთოდის შემუშავება სცადა, შემდგომში კი ინდექსების თეორიით დაინტერესდა. მიუხედავად ამისა, ძნელია ითქვას, რომ მისმა წვლილმა ღირებულების თეორიაში თანამედროვე ეკონომიკურ მეცნიერებას ღრმა კვალი დააჩნია. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა წარმოების, მოთხოვნისა და მაკროეკონომიკის კვლევაში.

სტატისტიკაში ინტენსიურმა მუშაობამ ფრიში იმ პრობლემასთან მიიყვანა, რომელიც ეკონომეტრიკის ახალი დისციპლინის ცენტრალური პრობლემა გახდა. მოგვიანებით, მას გაწონასწორების პრობლემა ეწოდა. მან ვ. ლეონტიევზე ადრე შექმნა ?დანახარჯები-გამოშვების” ზოგადი მოდელი. მან ლეონტიევის მოთხოვნის მრუდების კრიტიკისას ამ პრობლემის ფორმულირება მოგვცა, რომლის მიხედვითაც ფასებსა და საქონლის რაოდენობაზე დაკვირვებების მონაცემები, ჩვეულებრივ, მოთხოვნისა და მიწოდების მრუდების ერთობლივი გადაადგილებით მიიღება. ამ შეხედულებებმა სხვების შრომებსაც მისცა სტიმული, თუმცა, მალე მოძველდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეკონომეტრიკაში ფრიში წამყვანი ფიგურა აღარ იყო. იგი დინამიკის პრობლემებსაც შეეხო და 1936 წელს სტატიკური და დინამიკური ტერმინების გამოყენება სცადა. დამოკიდებულება სტატიკურია, თუ ყველა მისი ცვლადი ერთსა და იმავე დროს ეხება, ხოლო იგი დინამიკურია თუ იგი სხვადასხვა დროსთან ან პერიოდთან დაკავშირებულ ცვლადებს შეიცავს. გამოდის, რომ თეორია დინამიკურია, თუ იგი ერთ დინამიკურ დამოკიდებულებას მაინც შეიცავს. ეს ტერმინოლოგია ზოგადად გაზიარებულ იქნა.

რ. ფრიშმა ოლიგოპოლიური თეორია დინამიკის ელემენტებით შეავსო. ა. კურნოს, ვ.ლანჰარდტის და ჰ. ჰოტელინგის თეორიებით, თითოეული ოლიგოპოლისტი თავისი ოპონენტის მოქმედებაზე არ რეაგირებს. ფრიშმა ?სავარაუდო ვარიაციის (ცვლილების)” ცნება შემოიტანა, რომლის მიხედვითაც ყოველი ოლიგოპოლისტი თავისი კონკურენტისაგან რეაქციას მოელის. ამრიგად, მან წარსულ სტატიკურ ოლიგოპოლიურ თეორიასა და მომავლის დინამიკურ თეორიებს შორის ?შემაერთებელი ხიდი გადო”.

რ. ფრიშმა ეკონომიკური ციკლების მაკროეკონომიკური თეორია ჩამოაყალიბა2 . მისი აზრით, ეკონომიკური ციკლის აქსელერაციის პრინციპი შემობრუნების წერტილის ასახსნელად არასაკმარისია. უკიდურეს შემთხვევაში, წარმოებრივი დანიშნულების საქონლის (ხანგრძლივი მოხმარების საგნებზე, ან ძირითად კაპიტალზე) ანაზღაურებისათვის მოთხოვნების ჩართვა აუცილებელი იყო. უფრო ზოგადად, სრული ახსნისათვის რამდენიმე დამახასიათებელი დამოკიდებულებით მთლიანად განსაზღვრული მოდელია საჭირო. ფრიშმა მაიკლ კალეცკისთან ერთად პირველი ასეთი მოდელი შექმნა3 . კალეცკის ?ეკონომიკური ციკლების მაკროდინამიკური მოდელი” (1935) დიფერენციალური განტოლებების სისტემას შეიცავდა. იმ დროს, როცა მუშები დანაზოგებს ვერ ქმნიან, კაპიტალისტები თავიანთი შემოსავლიდან აბანდებენ იმას, რასაც ვერ მოიხმარენ. შედეგად, კაპიტალისტი რაც მეტს ხარჯავს, მით მეტ შემოსავალსაც იღებს. მოხმარებისა და ინვესტიციის ურთიერთზემოქმედება ეკონომიკის განვითარებაზე ზემოქმედებს, რომელიც ერთფეროვანი ან რხევადი, მილევადი ან ფეთქებადი შეიძლება იყოს. კალეცკის აზრით, ეკონომიკური ციკლები არც მილევადია და არც ფეთქებადი. მან თავისი შემდგომი ანალიზი მუდმივი ამპლიტუდის ზღვრული შემთხვევით შემოსაზღვრა და ათწლიანი ხანგრძლივობის ციკლი მიიღო. ფრიშის მოდელი ძირითადად კალეცკის მსგავსია, მაგრამ იგი უფრო შორს წავიდა და სამი ერთმანეთზე გადახლართული მკვეთრად კლებადი ციკლი მიიღო (შესაბამისად: 8,6, 3,5 და 2,2 წლების ხანგრძლივობებით). ფრიშის ეკონომიკური ციკლების კონცეფცია, კალეცკისგან განსხვავებით, ამ ციკლების მექანიზმის არსს გასცდა. მის მიერ დინამიკური მოდელის მეშვეობით აღწერილი მერყეობები გავრცელების პრობლემებადაა კლასიფიცირებული: თვითდინებადი მერყეობები მალე, თავისთავად წყდება. მათი არსებობის ხელისშემწყობია სისტემაზე მუდმივად ზემოქმედი იმპულსური ბიძგები. ეკონომიკა მან მოჯაყჯაყე ცხენს შეადარა, რომელიც გარე ბიძგებზე კლებადი შინაგანი რხევებით პასუხობს. იგი სხვადასხვა სახის იმპულსებს განიხილავდა, რომელთა ერთი ნაწილი შემთხვევითია. ამასთან დაკავშირებით იგი ევგენი სლუცკის იმოწმებდა, რომელიც ნებისმიერი მიზეზით გამოწვეულ ციკლურ პროცესებს იკვლევდა, თუმცა, მას მისი გავრცელების განმსაზღვრელი მექანიზმი არ დაუდგენია. ფრიში კი ემპირიული ციკლების არსებობას ნებისმიერი ბიძგის შემთხვევაში დასაშვებად მიიჩნევდა, რაც განმსაზღვრელი რეაქციის მქონე სისტემაზე ზემოქმედებს.

ფრიშის თანახმად, იმპულსების წყარო ტექნოლოგიური და წარმოებრივი სიახლეებიც შეიძლება იყოს. შუმპეტერის აზრით, ფრიშმა გამოგონებათა ფაქტობრივად უწყვეტ ნაკადს მოჰფინა ნათელი, რომელსაც დინამიკური კონტროლის მექანიზმი სიახლეთა მსხვილ სამეცნიერო ან ტექნიკურ მიღწევათა მონაცვლეობად გარდაქმნის. შემდგომში ეს ანალიტიკური თვალსაზრისი არც მას და არც ფრიშს აღარ განუვითარებია. ფრიში (ალბათ, გათანაბრების პრობლემათა ზეგავლენით) თავისი მაკრომოდელის ემპირიულ შექმნას შეუდგა და ამ დარგში წამყვანი პოზიციები ტინბერგენს დაუთმო. ფაქტობრივად, მეორე მსოფლიო ომის დასაწყისშივე, ფრიშმა თითქმის მიატოვა ეკონომიკის ზოგადი კვლევა და გამოყენებით ეკონომიკაში გადაინაცვლა.

ომისშემდგომ პერიოდში ფრიში მთელ ენერგიას დაგეგმვის საკითხებს უთმობს. ამ თემას ეძღვნება მისი ადრინდელი სტატია – ?წრებრუნვის დაგეგმვა” (1934). მასში ეკონომიკური კრიზისები, წარსულში შეზღუდვებიდან გამომდინარე, მიმდინარე შესყიდვების შეზღუდვითაა ახსნილი, რასაც შემდგომში ეკონომიკური წონასწორობის დარღვევის ადრეული სიმპტომები უწოდა. ამიტომაც მან ფულად ეკონომიკის გარანტიებზე დაფუძნებული მრავალმხრივი ბარტერული სისტემით შეცვლა მოითხოვა. ეს კი, გარკვეულწილად, რ. ოუენის ?სამართლიანი გაცვლის” კონცეფციას წააგავს. მოგვიანებით, ფრიშმა მსგავსი სისტემა საერთაშორისო ვაჭრობის სფეროში შემოგვთავაზა.

მისი ადრინდელი შეხედულებები თანდათანობით დაგეგმვის სისტემისაკენ გადაიხარა, რომელიც დახარჯული რესურსების – გამოშვებული პროდუქციისა და წრფივ პროგრამირებაზეა დაფუძნებული და დეტალურად გათვლილი საინვესტიციო სექტორითაა უზრუნველყოფილი. ფრიშის გამოკვლევები განსაკუთრებით გამოთვლითი ალგორითმების გაუმჯობესებისა და საზოგადოებრივი ფუნქციების პრაქტიკული უპირატესობის სპეციფიკაციისკენაა მიმართული, რომლებიც დაგეგმვის შედეგად მაქსიმალური ხდება. მისი რწმენით, მიზნებს დემოკრატია განსაზღვრავს, მგეგმავებმა კი მათი რეალიზების გზები უნდა მოძებნონ. თუმცა, დემოკრატია, ძირითადად, არსებული შესაძლებლობებით იფარგლება, რომელიც პიროვნებებს საკუთარი მიზნების განხორციელებაში ანიჭებს თავისუფლებას. სამუშაოთა ამ ფართო სპექტრმა ფრიშის გონების გამჭრიახობა კვლავ დაადასტურა. იგი დიდხანს გამოყენებითი ეკონომიკის მედროშე იყო, მაგრამ, როდესაც ფრიში-ეკონომეტრიკოსი, ფრიში-მგეგმავმა დაჯაბნა, მისი ფუნდამენტური ნაშრომები გაიშვიათდა.

ი. ტინბერგენი. რ. ფრიშის სამეცნიერო კარიერას მსგავსი ორეული გაუჩნდა ტინბერგენის სამეცნიერო მოღვაწეობის სახით. მათ შორის, ასაკობრივი სხვაობა რამდენიმე წელს შეადგენდა. ი. ტინბერგენი4 დაიბადა 1903 წელს ჰააგაში. იგი ლეიდენის უნივერსიტეტში ფიზიკას სწავლობდა, მაგრამ მისი ინტერესები თანდათანობით ეკონომიკისაკენ გადაიხარა. მისი სადოქტორო დისერტაცია ფიზიკისა და ეკონომიკის პრობლემებს შეეხო (1929). იგი, ფაქტობრივად, მათემატიკოს-ეკონომისტი გახდა და თავის მოდელებში პრაქტიკული პრობლემების გადაჭრას დიდძალი ფაქტობრივი მასალების ანალიზით ცდილობდა. უნივერსიტეტის შემდეგ იგი ჰააგაში სტატისტიკის ცენტრალურ ბიუროსთან არსებული ეკონომიკური ციკლების კვლევის იმ ცენტრში მოღვაწეობდა, რომლის სულისჩამდგმელიც 1945 წლამდე თავად იყო. იმავე პერიოდში იგი როტერდამის ეკონომიკის ინსტიტუტის პროფესორია და ორი წლის განმავლობაში ჟენევაში ერთა ლიგის ექსპერტად მოღვაწეობდა. სამეცნიერო თვალსაზრისით, ეს წლები მისთვის ყველაზე ნაყოფიერია. ეკონომიკური ციკლების პრობლემათა კვლევებს მან 40-იანი წლების დასაწყისიდან ახალი ბიძგი მისცა. 1945 წელს ტინბერგენი დანიის მთავრობის ეკონომიკური დაგეგმვის ცენტრალური ბიუროს დირექტორი გახდა და ამ პერიოდში ეკონომიკური პოლიტიკის დაგეგმვის მეთოდოლოგიაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. ჰარვარდში ლექციების ციკლის წაკითხვის შემდეგ, იგი ნიდერლანდების ეკონომიკის ინსტიტუტის (ამჟამად ერაზმის უნივერსიტეტი) დაგეგმვის განვითარების სფეროში პროფესორი გახდა. 1969 წელს მან რაგნარ ფრიშთან ერთად, პირველად ეკონომიკის სფეროში, ნობელის პრემია მიიღო – ეკონომიკური პროცესების დინამიკური ანალიზის მოდელების დამუშავებისა და გამოყენებისათვის. მისი რწმენით, ხალხის მდგომარეობის გაუმჯობესება გონიერებითა და კეთილი სურვილებითაა შესაძლებელი.

მისი ნაშრომები უამრავ სტატიაში, ბროშურასა თუ მცირე ზომის წიგნებშია გაბნეული. ?რჩეული სტატიები” (1959) ტინბერგენის მნიშვნელოვან ნაშრომთა მხოლოდ მცირე ნაწილია.

30-იან წლებში ტინბერგენის ყურადღება ეკონომიკური ციკლების გამოკვლევაზეა კონცენტრირებული. ?გემთმშენებლობის ციკლების” შესახებ მისი მოდელი ეკონომიკის სფეროში წრფივი დიფერენციალური განტოლებების პირველი გამოყენების მაგალითია. დროის ინდივიდუალური მწკრივების მრავალჯერადი კორელაციიდან (შეფარდებიდან) იგი დანიის ეკონომიკის დინამიკური მაკროეკონომეტრიკული მოდელის შექმნაზე გადავიდა, რომელიც ოცდაერთი განტოლებისაგან შედგებოდა.

მას, როგორც ერთა ლიგის ექსპერტს, გოტფრიდ ჰაბერლერის ეკონომიკური ციკლების თეორიის ანალიზი დაევალა. ამ დავალების შესრულების ნაცვლად მან მაკროეკონომეტრიკული მოდელის შესახებ პირველი ტრაქტატი შექმნა (1939), ხოლო 1942 წელს თავის სტატიაში კობი-დუგლასის წარმოების ფუნქციაზე დაფუძნებული გრძელვადიან პერიოდზე გათვლილი ეკონომიკური განვითარების ?ნეოკლასიკური მოდელი” ააგო. ერთა ლიგაში ტინბერგენის მიერ ჩატარებული კვლევები თანამედროვე სტანდარტებით სუსტია, მაგრამ მან ეკონომიკური მერყეობების ფართომასშტაბიან მოდელებს ჩაუყარა საფუძველი. ამ გამოკვლევების ერთი ნაწილი მრავალჯერადი რეგრესული მიდგომების ახსნა-განმარტებებს ეძღვნება. რამდენიმე ქვეყნისა და პერიოდისათვის ყოველი ინვესტიცია (საერთო, საცხოვრებელი ბინებისა და სარკინიგზო მშენებლობაში), რამდენიმე დეტერმინანტის – განმსაზღვრელის (მაგალითად, წარმოებრივი საშუალებების ფასების, მოგების, ასორტიმენტის ნორმების, წმინდა მოგებისა და წარმოების განვითარების) მიხედვით რეგრესს განიცდის. ყოველი შემთხვევითი ცვლადის გავლენის გასაზომად უკუპროპორციულობის კოეფიციენტები გამოიყენება, ხოლო ?განმარტების” ხარისხი ნიშნების, კოეფიციენტების, ნაშთების სერიალური შეფარდებითა და დაქვეითების კოეფიციენტების შესახებ წინასწარი ინფორმაციის მიხედვით განისჯება. როგორც ჩანს, ტინბერგენს ესმოდა თავისი მეთოდის გარკვეული შეზღუდულობა და სიტყვათა განმარტებას ხშირად ბრჭყალებში სვამდა. შეერთებული შტატების 1919-1932 წწ. ეკონომიკური ციკლის ახსნა მან ასეთი მიდგომით სცადა.

ტინბერგენის მოდელი, კეინზის ?ზოგადი თეორიის” სტატიკურობისაგან განსხვავებით, დინამიკურია. იგი ფრიშის ანალიტიკური მოდელის ემპირიულ განხორციელებად შეიძლება ჩაითვალოს, რომელშიც, დინამიკური თვისებების მეშვეობით, გარე ფაქტორების სახით მოქმედი ბიძგები სისტემაზე გარკვეულად ზემოქმედებენ. ტინბერგენი ამ თვისებების გახსნას კორპორაციების მოგებებიდან იწყებს. საბოლოოდ, მოგება, როგორც გარე ბიძგების ფუნქცია, ?შეკვეცილი სახითაა” წარმოდგენილი. საფონდო ბირჟაზე, სპეკულაციისა და კაპიტალის დაგროვების აბსტრაჰირებით, ტინბერგენი 4,8-წლიან ციკლს პოულობს”. თუ აქციების კურსი ძლიერად მერყეობს, ეს სისტემის დროებით ფეთქებადობას მოასწავებს და ბუშტი მალე სკდება”.

ტინბერგენის შეხედულებები არაერთგვაროვნად შეფასდა. კეინზმა მისი შეხედულებების ვრცელი, შემწყნარებლური და გესლიანი მიმოხილვა გამოაქვეყნა. უნდა აღინიშნოს, რომ ტინბერგენის მოდელს, კეინზის ?ზოგადი თეორიიდან” თითქმის არაფერი აუღია – ეკონომეტრიკული მოდელების შექმნას მაინც თავისი მიმართულება მიეცემოდა, კეინზსაც რომ არაფერი დაეწერა. ტინბერგენის მოდელის ერთ-ერთი თვისება, რომელმაც მოგვიანებით კეინზის მოდელები უსარგებლო გახადა, საფონდო ბირჟის სპეკულაციის განსაკუთრებული როლის შესწავლაშია.

ტინბერგენი შემდგომში ეკონომიკური პოლიტიკის თეორიულ ასპექტებს იკვლევს. პოლიტიკაზე კამათს, ჩვეულებრივ, მიზნების შესახებ კამათიც ახასიათებს. მაგალითად, სრული დასაქმება შეუთავსებელია ფასის სტაბილურობასა და საგადასახდელო ბალანსის წონასწორობასთან. ასეთ კონფლიქტებს ზოგჯერ ‘მაგიურ სამკუთხედს” უწოდებენ. ეკონომიკურ მეცნიერებაში ტინბერგენის კიდევ ერთი დამსახურება სწორედ ასეთი კონფლიქტების ლოგიკის გამჟღავნებაშია. მან, ფაქტობრივად, თანამედროვე პოლიტიკის თეორიას ჩაუყარა საფუძველი, რომელსაც მრავალი თვისება ახასიათებს. აღნიშნული საკითხებისადმია მიძღვნილი მისი შრომები: ეკონომიკური პოლიტიკის თეორიის შესახებ” (1955, რ. ფრიშთან ერთად), ცენტრალიზაცია და დეცენტრალიზაცია ეკონომიკურ პოლიტიკაში” (1954) და ?ეკონომიკური პოლიტიკა: პრინციპები და გეგმა” (1956).

თავისი მოღვაწეობის შემდგომ ეტაპზე ტინბერგენი ეკონომიკური განვითარების დაგეგმვას შეეხო. იგი მდიდარ და ღარიბ ქვეყნებს შორის განსხვავებების შესამცირებელ გზებს ეძებდა – განათლებისა და რეგიონალური დაგეგმვის მოდელებს ქმნიდა, ამასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და განვითარებად ქვეყნებს – განსაკუთრებით კი აზიის რიგი ქვეყნების მთავრობებს ეხმარებოდა. გლობალურ დაგეგმვაზე ტინბერგენის შეხედულებები გადმოცემულია შრომებში: მეოცე საუკუნის ფონდის მოხსენება” (1962) და წარსულის გაკვეთილები” (1963). შესაძლოა, ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისადმი იმედგაცრუებითაა განპირობებული მოგვიანებით (მისი მოღვაწეობის ბოლო ეტაპზე), შემოსავლების განაწილებასა და ინდუსტრიულ ეკონომიკაზე ტინბერგენის ყურადღების აქცენტირება. იგი პირველად აისახა სტატიაში – შემოსავლის განაწილების თეორიის შესახებ” (1959), შემდეგ კი ერთ ნაშრომში – ”შემოსავლის განაწილება, ანალიზი და პოლიტიკა” (1975). ამ სფეროს კვლევებში იმ დროისათვის შემოსავლები დომინირებდა, რომელშიც ცხოვრება ლატარიასთანაა შედარებული, სადაც პიროვნებები შემთხვევით რიცხვებს განმეორებით იღებენ. შემოსავლის არსებული განაწილება ამ შემთხვევითი პროცესების შედეგით განიხილებოდა. ამისაგან განსხვავებით ტინბერგენი მაკროეკონომიკურ თეორიაზე დაფუძნებული დეტერმინალური5 მიახლოების ქომაგი გახდა.

მისი აზრით, ბაზარზე წარმოდგენილი ყოველი პიროვნება გარკვეული შესაძლებლობების მქონეა. ამ პიროვნებას სამუშაოს, შემოსავლის, თავისუფალი დროის, რისკისა და განსხვავებული პროფესიების მიმართ თავისი სუბიექტური მიდგომა გააჩნია. ყოველი პიროვნებისათვის მომსახურების რეალური მიწოდება მის მომავალ შემოსავალზეა დამოკიდებული. მომსახურებაზე ფირმების მოთხოვნა ტექნოლოგიისა და საბაზრო პირობების გათვალისწინებით ყალიბდება. ხელფასი, დასაქმება და, საერთოდ, შემოსავალი, მომსახურების მოთხოვნა-მიწოდებაზეა დამოკიდებული. მაღალშემოსავლიანია ის, ვისი მომსახურების მიწოდებაც მცირეა, ხოლო მასზე მოთხოვნა კი მაღალია და პირიქით – დაბალშემოსავლიანია ის, ვისი მომსახურების მიწოდებაც ჭარბია, ხოლო მასზე მოთხოვნა კი მცირე. ტინბერგენის დასკვნით, ეკონომიკური განვითარების საერთო ტენდენციის ინდუსტრიული საზოგადოების უფრო მეტი გათანაბრებისაკენ გაგრძელება, ძირითადად განათლების სფეროში არსებულ კონკურენციაზეა დამოკიდებული. ეს კი ტექნოლოგიურ უთანასწორობას ამცირებს, რომელსაც (მაღალი კვალიფიკაციის შრომაზე მოთხოვნის ზრდის გამო) უთანასწორობისაკენ მიდრეკილება აქვს. მისთვის ნათელია, რომ შემოსავლის პერსონალური განაწილების სრულად ახსნა ყველა ელემენტს გააერთიანებდა, მაგრამ მას უფრო მეტად მიწოდებისა და მოთხოვნის ეკონომიკური ანალიზი სურდა.

ტინბერგენი მსოფლიოში უფრო ეკონომიკური განვითარების დაგეგმვის სპეციალისტად გახდა ცნობილი, თუმცა, მხოლოდ ასე როდია. ეკონომეტრიკაში იგი ცნობილი გახდა ეკონომიური მერყეობების პირველი ემპირიული მოდელის შექმნით და ეს მოდელი გადამწყვეტი სამეცნიერო მიღწევა აღმოჩნდა. მისი ეკონომიკური პოლიტიკის თეორია, მაკროდინამიკური მოდელის მსგავსად, რ. ფრიშის იდეებითაა შთაგონებული. ამ იდეების ტინბერგენისეული დამუშავება გარკვეულწილად ორიგინალურია, რამაც ამ დარგში სხვების ინტენსიური მუშაობა განაპირობა.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial