ახალი დროების „უჩინარი ხელი“

უკვე დიდი ხანია მსოფლიო ლიდერებს დღის წესრიგში სადისკუსიო თემები თითქმის არ იცვლება. მსოფლიო ეკონომიკის საფრთხეები – ეს ის საკითხია, რომლის გარშემო მსჯელობისთვის ისინი სხვადასხვა ფორმატში იკრიბებიან. მსოფლიო ეკონომიკისთვის დიდ პრობლემად იქცა გადასახადებისგან თავის არიდება და ფულის გათეთრება, რომლის „წყალობითაც“ მსოფლიო ეკონომიკას დიდძალი ფული აკლდება. პრობლემა ძალიან მკვეთრია, მისი გადაჭრის გზები კი საკმაოდ ბუნდოვანი. ღია ტრიბუნებიდან მხოლოდ ზოგადი საუბრები ისმის, დახურულ კარს მიღმა კი მწვავე პოლიტიკური თემები განიხილება, რაც შემდეგ ამ ოფიციალური შეხვედრების ხასიათს განსაზღვრავს. პრობლემების გადასაჭრელად გზები ისახება, აღმსრულებელი არავინ ჩანს.

მსოფლიოს, სხვა არაერთ პრობლემასთან ერთად, რუსეთის აგრესიული საგარეო პოლიტიკაც აწუხებს. ბრისბენში, ნოემბრის შუა პერიოდში, დიდი ოცეულის შეხვედრაზე ეს საკითხი დახურული შეხვედრების თემა იყო. მიუხედავად იმისა, რომ დიდმა ოცეულმა შემაჯამებელი დოკუმენტი მიიღო, ბეჭდურმა და ელექტრონულმა მედიამ, ექსპერტებმა პუტინის იზოლირების თემა აიტაცეს. არაერთხელ ითქვა და დაიწერა, რომ სამიტის მთავარი შედეგი რუსეთის იზოლაციის გაღრმავებაა და არა იმდენად ქვეყნის, რამდენადაც პიროვნულად მისი ლიდერის. არც ერთ მხარეს დაუშურებია განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ დიალოგისთვის კარი ღიაა და ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ არ იქნებოდა სწორი ეს განცხადებები მხოლოდ დიპლომატიური ეტიკეტისთვის მიგვეკუთვნებინა. სამუშაო კონტაქტები, სავარაუდოდ, შენარჩუნდება არა საპრეზიდენტო-საპრემიერო, არამედ მინისტრების და, შესაძლოა, უფრო დაბალ დონეზეც.

თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, სამიტზე ეკონომიკური პრობლემებიც განიხილეს. ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, ტონი ებოტმა სამიტის დახურვისას გაახმოვანა ის შეთანხმებები, რომელიც ეკონომიკურ სფეროში იქნა მიღწეული მსოფლიო ლიდერების მიერ. მისი სიტყვებით, შეთანხმებულია რიგი ზომები, რომლის განხორციელების შემთხვევაში, გლობალური ეკონომიკა ხუთი წლის მანძილზე 2,1%-ით გაიზრდება და მილიონობით სამუშაო ადგილს შექმნის. ამის მისაღწევად ოცეულის ლიდერები აპირებენ ვაჭრობის მოცულობისა და ინვესტიციების გაზრდას, ასევე კონკურენციის გაძლიერებას.

სამიტზე მოლაპრაკებების შედეგად დამტკიცდა ანტიკორუფციული გეგმა, რომელიც 2015-16 წლებისთვის არის გათვლილი. მათ შორის, ოცეულის ლიდერებმა განაცხადეს ბიზნესის ფლობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის განზრახვის შესახებ. ეს საშუალებას მისცემს ხელისუფლებებს ებრძოლონ: კორუფციას, გადასახადებისგან თავის არიდებას და ფულის გათეთრებას. დოკუმენტში ნათქვამია, რომ აუცილებელია კანონმდებლობით გამაგრდეს ცნება „ბენეფიციარული მფლობელი“. გარდა ამისა, დიდი ოცეულის ქვეყნებმა ვალდებულება აიღეს, რომ 2018 წლისთვის საგადასახადო ინფორმაციის ავტომატურ რეჟიმში გაცვლას დაიწყებენ (2015 წელს უნდა ამოქმედებულიყო).

გარდა ამისა, კომუნიკეში აღნიშნულია, რომ მსოფლიო ეკონომიკაში ნარჩუნდება რისკები, რაც გეოპოლიტიკურ არასტაბილურობას უკავშირდება. „მსოფლიო ეკონომიკა მოწყვლადი რჩება შოკების მიმართ, ნარჩუნდება ფინანსური არამდგრადობა“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ექსპერტები ფიქრობენ, რომ დიდი ოცეული უკვე არაქმედითი გახდა, რადგან დიდი ყურადღება ეთმობა არა პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხების გადაწყვეტას, არამედ იმ ნიუანსებს, რომელიც ხაზს უსვამს მასპინძელი ქვეყნის მიერ გამართული მიღების ავ-კარგიანობას, დაცულ ან ვერ დაცულ ეტიკეტს და სხვა. ყველაზე დიდი ინტრიგა იმაში მდგომარეობდა, რომ ლანჩის დროს, არაფორმალურ გარემოში დიდი ოცეულის ლიდერების მიერ მნიშვნელოვანი საკითხების განხილვისას, მხოლოდ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იჯდა განმარტოებით და არავინ ისურვა აგრესორი ქვეყნის მეთაურთან კონტაქტი. ინტრიგა იყო იმაშიც, რომ პუტინმა ერთი დღით ადრე დატოვა ბრისბენი. მან განაცხადა, რომ სამიტი „კეთილგანწყობილ და საქმიან“ ატმოსფეროში მიმდინარეობდა და რომ ადგილი არ ჰქონოდა სპეკულაციებს, განმარტა მისი ვადაზე ადრე გამგზავრების მიზეზები, რაც იმაში მდგომარეობდა, რომ გრძელი გზა ჰქონდა გასავლელი, უნდა გამოეძინა და ორშაბათს სამსახურში უნდა ყოფილიყო.

ემზარ ჯგერენაია, ეკონომიკის ექსპერტი, თსუ პროფესორი:
„დიდი ოცეულის შეხვედრებმა ფორმალური სახე მიიღო, ეს არის შეხვედრა შეხვედრისთვის. ის აღარ გამოხატავს იმ ძალთა თანაფარდობას, რომელიც დღეს მსოფლიოშია: ის უნდა იყოს ან 30 დიდი ქვეყნის შეკრება, რომელიც რეალურად ქმნის ამინდს მსოფლიო ეკონომიკასა და პოლიტიკაში, ანუ იმ ქვეყნების ერთობა, რომლებიც მსოფლიო მასშტაბით ანაწილებენ ბიზნესის, სიმდიდრის, ბაზრების 85%-ზე მეტს ან უნდა იყოს დიდი შვიდეულის შეხვედრა მჭიდრო ფორმატში და უნდა იყოს უფრო ქმედითი.

დღეს მსოფლიოს უმწვავესი თემა აწუხებს – გადასახადების დამალვა და ოფშორები, რაც მსოფლიო ბიზნეს-ბრუნვიდან მილიარდობით დოლარს აგდებს. ეს საკითხი ბოლო რამდენიმე წელიწადია აქტიურად განიხილება, მაგრამ ვერავითარ რეალურ შედეგს ვერ მიაღწიეს. ანუ იხილება საკითხი ფინანსური მაქინაციების შესახებ და ამ განხილვის შედეგად ის არა თუ წყდება, არამედ უარესდება კიდეც. აქედან გამომდინარე, მსოფლიო დგას დიდი პრობლემის, მათ შორის, მორალური პრობლემის წინაშე – რა აზრი აქვს დიდი ოცეულის შეხვედრას? რატომ ხვდებიან ისინი ერთმანეთს, ახერხებენ თუ არა რამე ქმედითი გადაწყვეტილებების მიღებას ამ კომპანიებისთვის? იქნებ ეს შეხვედრები იმის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას ეძღვნება, რაც ფულის გათეთრების ბევრად დახვეწილ ფორმებს უკავშირდება და არა პრობლემების მოგვარებას?

ამ თემის მუსირება არ წყდება, ოფშორები, დამალული გადასახადები ყოველთვის სპეკულაციის საგანია, ამ საკითხს ეძღვნება სხვადასხვა დონის შეხვედრები, იღებენ რეზოლუციებს, გადაწყვეტილებებს, სახელმწიფოებს ამ აპარატების შენახვა უზარმაზარი ფული უჯდებათ, მაგრამ ამის აღმსრულებელი არ ჩანს. დღითი-დღე მძიმდება ვალი, დღითი-დღე მწვავდება ბიუჯეტის დეფიციტის პრობლემა“.

ექსპერტები ფიქრობენ, რომ მსოფლიო ახალი რეალობის წინაშე აღმოჩნდა – სმიტის უჩინარი ხელი საბოლოოდ გაუჩინარდა, გაქრა თავისუფალი კონკურენციული ბაზრის პრინციპი და ის სახელმწიფო მართვამ ჩაანაცვლა, სისტემურმა ბიზნესმა ჩაანაცვლა ჩვეულებრივი ბანკები, სწორება მხოლოდ ბაზარზე კოტირებად რესპექტაბელურ კომპანიებზეა.

ამ ცოტა ხნის წინ, სავალუტო ოპერაციების დროს განხორციელებული მაქინაციების გამო, მსოფლიოს ხუთი უმსხვილესი ბანკი (UBS, JPMorgan Chase, Citigroup, HSBC and the Royal Bank of Scotland) ჯამში, 4,25 მილიარდი აშშ დოლარით დააჯარიმეს. ექსპერტების აზრით, ეს ნიშნავს, რომ წლების განმავლობაში ისინი უკანონო ოპერაციებს აწარმოებდნენ: ისინი გადასახადსაც მალავდნენ და უკანონო საქმიანობასაც ეწეოდნენ. ეს ის ბანკებია, რომელზედაც ამბობენ Too big to fail, ანუ ისეთი დიდები არიან და იმდენი ეკონომიკური კავშირები აქვთ, რომ მათი გაკოტრება მთლიანობაში ეკონომიკისთვის კატასტროფული შედეგების მომტანი იქნება. ეს ბანკებია, რომლის გადასარჩენადაც 2007 წლის კრიზისის შემდგომ მშპ-დან უზარმაზარი თანხები გადაეცა სახელმწიფოსგან. ანუ ბანკები დარწმუნებულნი არიან, რომ არ გაკოტრდებიან და რისკიან ნაბიჯებსაც დგამენ.

ემზარ ჯგერენაია: „ნებისმიერ ქვეყანას თავისი ფინანსური ოაზისი გააჩნია, მაგრამ დღეს უკვე სხვა საკითხი დადგა დღის წესრიგში – ბანკები გახდნენ ოფშორზე უარესი მაქინატორები. უკვე ისე გამოვიდა, რომ ბანკები ოფშორებად იქცნენ. თუ გადასახადს მალავს, თუ უკანონო ოპერაციებს ატარებს, ფულს ათეთრებს, ბანკები ოფშორზე უარესი საფრთხის მატარებლები გამოდიან.

აქ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია. ამ ჯარიმის დაკისრებით, გამოდის, რომ სახელმწიფო მათ წილში უჯდება ჩადენილ უკანონობაში. ანუ, რომ ვერ მოერია დიდი ოცეული, გადაწყვიტა, რომ ბანკებს წილში ჩაჯდომოდა. ერთი მხრივ, ვამკაცრებთ შავი ფულის მოძრაობაზე კონტროლს და მეორე მხრივ, ასეთ კომპანიებს სახელმწიფო დონეზე ვაძლევთ შეღავათებსა და მწვანე შუქს. რა გამოიკვეთა აქედან? თუ შენ (კომპანია) ჩემს (სახელმწიფოს) გარეშე ფულს ათეთრებ, ცუდი ხარ, თუ მე შენ წილში მსვამ – 4,25 მილიარდს მიხდი – კარგი. ეს არის კატასტროფა. თუ ასე არ არის, მაშინ ეკონომისტებს ვინმემ უნდა აუხსნას, რომ ეკონომიკის მართვაში ახალი პარადიგმებია, მშპ-ის რა ნაწილია ოფშორში, ვისზე და რა კონკურენციის ძალით არის ნებადართული. აქ ისმის კითხვა, ხომ არ ხდება ახალი მეგა-კაპიტალისტური შეთანხმება, როდესაც მძლავრი ქვეყნები რიგდებიან იმაზე, რომ მათ აქვთ უფლება უპირატესობა მოიპოვონ იმ მხრივ, რომ დართონ თავიანთ კომპანიებს უფლება ფული გაათეთრონ და მოიპარონ, უპირატესობა მოიპოვონ მუშა ძალისა და ფინანსების მიღების კუთხით და მეორე მხრივ, არ მისცენ ამის უფლება ისეთ პატარა ქვეყნებს, როგორიც საქართველოა. რა უნდა ქნას საქართველომ, რომელიც ყველა კონვენციას ასრულებს ფულის გათეთრების წინააღმდეგ. რა უნდა ქნას საქართველომ, რომელსაც ჰგონია, რომ თუ აწარმოა რამე საქონელი მას აუცილებლად გააყიდინებენ და ბაზარზე ადგილს დაამკვიდრებინებენ. ამ დროს, საქართველოს ჰგონია, რომ ავსტრალია შორია, არადა, იმაზე ახლოს არის, ვიდრე მას ჰგონია. სად არის საქართველოს ადგილი დიდ გადანაწილებაში? არის კი ის იმ კონსესუსის ნაწილი? რით უნდა იცხოვროს მისმა ეკონომიკამ, თუ ყველა შემოსავლიანი ბიზნესი სხვის ხელში იქნება, რა არის მისი მომავალი“?

ექსპერტების აზრით, მსოფლიოში ორი ქვეყანაა, რომელიც დადებით აღმასვლას განიცდის. პირველ რიგში აშშ, ბენ ბერნანკეს პოლიტიკის გამო, რომლის იდეური მემკვიდრეც არის ჯანეტ იელინი და შედარებით მცირე მასშტაბით აგრძელებს მის პოლიტიკას; მეორე – იაპონია, რომელიც ექსპერტთა თქმით, მისი პრემიერ-მინისტრის სინძო აბეს ეკონომიკური რეფორმების წყალობით ამოვიდა რეცესიიდან და ზრდას შეუდგა. რაც შეეხება ევროკავშირს, ის მძიმე მდგომარეობაშია, ინფლაციის შიში თრგუნავს ევროპის ცენტრალურ ბანკს, ევრო საკმაოდ ძვირი ვალუტაა და ძვირია ევროპიდან ექსპორტი, ევროპის ქვეყნებს გააჩნია დასაქმების პრობლემა, მიუხედავად იმისა, რომ საბერძნეთში გვირაბის ბოლოს შუქი გამოკრთა: გარკვეულწილად გამარტივდა ვალების მართვა, მთლიანობაში ქვეყანას განვითარება არ ეტყობა. მძიმე მდგომარეობაა ევროპის სხვა ქვეყენებში, ყველაზე მთავარი – არ ჩანს ზრდა, ქვეყნები, რომელთაც 0,3-0,4%-იანი ზრდა აქვთ, ფაქტობრივად რეცესიის წინაშე არიან.

პრობლემურია ბრიკის ქვეყნების ეკონომიკებიც, ჩინეთში, რომელიც ყველაზე სწრაფი ტემპით ზრდით ხასიათდება (7%) მაღალია ინფლაცია და უჭირს ამ ტემპის შენარჩუნება, განვითარებადი ბაზარი მთლიანად პრობლემატურია. ნავთობის ფასის დაცემა ძალიან რთული აღმოჩნდა ბევრი ქვეყნისთვის და ისინი არ არიან მზად ამ პრობლემებთან გასამკლავებლად, ყველაზე ცუდი, მათ არ იციან რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მას და მხოლოდ ვარიანტები არსებობს იმისა, თუ ვის წინააღმდეგ არის მიმართული იაფი ნავთობის პოლიტიკა. ევროპული სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, როგორც აღმოჩნდა, მხოლოდ რუსეთს არ აზარალებს, რა ფასს იხდის ევროპა უკრაინისთვის და რამდენ ხანს გასტანს ეს მდგომარეობა არავინ იცის.
უჩინარი ხელის გაქრობის თვალსაჩინო მაგალითია ის, რაც ნავთობის მსოფლიო ბაზარზე ხდება. ის, რომ პოლიტიკა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნავთობის ფასწარმოქმნაში, პუტინმა აღიარა. მან განაცხადა, რომ ნავთობის მსოფლიო ფასების შემცირების უკან შეიძლება იდგეს რიგი ქვეყნების პოლიტიკა, რომლებიც ამ მექანიზმს იყენებენ კრიზისების პერიოდში.

„ნავთობის ფასში პოლიტიკური მდგენელი ყოველთვის არსებობს. უფრო მეტიც, ზოგიერთ კრიტიკულ მომენტში რჩება შთაბეჭდილება, რომ ენერგორესურსების ფასწარმოქმნაში სწორედ პოლიტიკა ჭარბობს“, – განაცხადა პუტინმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში APEC-ის სამიტზე გამგზავრების წინ.

ეკონომიკური ფაქტორებიდან რუსეთის პრეზიდენტი ენერგომატარებლების ფასის შემცირების მიზეზებად ასახელებს მსოფლიო ეკონომიკის ზრდის ტემპების შემცირებას, რამაც თან მოიტანა ბევრ ქვეყანაში ენერგომატარებლებზე მოთხოვნის შემცირება, გარდა ამისა, განვითარებულ ქვეყნებს აქვთ ნავთობის დიდი მარაგები. ასახვა ჰპოვა ნავთობის მოპოვების ტექნოლოგიებში ნოვაციებმა, რომელმაც რეგიონალურ ბაზრებზე ნახშირწყალბადების ახალი მოცულობა გააჩინა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ რუსეთი იზოლაციაში დარჩება, თუკი ის გააგრძელებს საერთაშორისო სამართლისა და შეთანხმებების დარღვევას, რომელიც მიმართულია უკრაინაში კონფლიქტის შეწყვეტისკენ. „მოცემულ ეტაპზე, ჩვენს მიერ შემოღებული სანქციები საკმაოდ კარგად „იკბინება“, ჩვენ ვიტოვებთ ზეწოლის გაძიერების შესაძლებლობას თუკი ამის აუცილებლობა გაჩნდება“, – განაცხადა ობამამ შეხვედრისას.

ის რაც „იკბინება“ რუსეთის ფედერაციის ფინანსთა სამინისტრომ 24 ნოემბერს პირველად შეაფასა: „წელიწადში დაახლოებით 40 მილიარდ დოლარს ვკარგავთ გეოპოლიტიკური სანქციებისთვის და დაახლოებით 90-100 მილიარდს ნავთობის ფასის 30%-მდე შემცირებით“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ანტონ სილუანოვმა. სანქციები არც მეორე მხარისთვის არის ადვილი, ევროკავშირის გათვლებით, ევროკავშირის მიმდინარე წლის ზარალი 40 მილიარდი ევრო იქნება (მშპ-ის 0,3%), ხოლო 2015 წლისთვის 50-მილიარ ევრო (მშპ-ის 0,4%).