პარალელური მმართველობის პრობლემები და ხელისუფლების ევროპიზაციის გამოწვევები ასოცირების ხელშეკრულების განსახორციელებლად

მესამე ეკონომიკურ ფორუმზე, თავისუფალი ტრიბუნის ფარგლებში, ეკონომიკის ექსპერტებმა, მეცნიერებმა, ბიზნესის, არასამთავრობო სექტორის, მასმედიის, პროფესიული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მოაწყვეს დისკუსია თემაზე:
„პარალელური მმართველობის პრობლემები და ხელისუფლების ევროპიზაციის გამოწვევები ასოცირების ხელშეკრულების განსახორციელებლად“.

ფორუმზე ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მიხეილ ჯიბუტი მთავარი მოხსენებით წარსდგა, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფოს მართვაში კულუარულ ურთიერთობებს და მის გავლენას ხელისუფლების შედეგიანობაზე.
ჯიბუტის თქმით, საქართველოში 1801 წლის, ანუ მას შემდეგ, რაც მცოცავი ანექსიით რუსეთმა შეძლო საქართველოს სამეფოებისა და სამთავროების მიერთება, წარმოიშვა და მას მერე დუღდა საქართველოს დამოუკიდებლობის, თავისუფლების იდეა. დამოუკიდებლობა კი იძლევა სამშობლოსთვის მოღვაწეობის ერთიანობის საფუძველს ერში.

მომხსენებელმა ისტორიიდან გაიხსენა 1918-21 წლებში მენშევიკების ხელით განხორციელებული პირველი სოციალ-დემოკრატიული ექსპერიმენტი. შემდეგ 1921-1991 წლების ეპოქა – ბოლშევიკებისა და კომუნისტების, რომელიც ასევე ექსპერიმენტი იყო და ორივე კრახით დასრულდა. დამოუკიდებლობის მიზანი აღსრულდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ქვეყანა მოუმზადებელი აღმოჩნდა შემდეგი ნაბიჯებისთვის:
მიხეილ ჯიბუტი: „რა გავაკეთოთ დამოუკიდებლობის შემდეგ? გვაქვს თუ არა ის წერტილი, სადაც შეწყდა საქართველოს ბუნებრივი განვითარება, რომელსაც შეგვიძლია დავუბრუნდეთ და ხელახლა დავიწყოთ სვლა? აღმოჩნდა, რომ საქართველოს ჰეროიკული წარსულის გარდა, არაფერი აქვს შემორჩენილი სოციალურ-ეკონომიკური ურთიერთობებიდან, რომელიც ბაზად გამოდგებოდა“.

მიხეილ ჯიბუტის თქმით, კითხვას – სად დავბრუნებულიყავით, მარტივად გაეცა პასუხი – კაპიტალიზმში. მაგრამ როგორი იქნებოდა კაპიტალიზმი 1991-2014 წლების განმავლობაში, დამოკიდებული იყო მხოლოდ მმართველის გემოვნებაზე. ყველას თავის ინტერპრეტაცია ჰქონდა, მაგალითად, გამსახურდიას დროს წინა პლანზე იყო წამოწეული სახელმწიფო კაპიტალიზმი, სააკაშვილის დროს – ლიბერტარიანიზმი, მაგრამ ექსპერტის აზრით, არც ერთი არ ჩამოყალიბებულა სისტემად, არც ერთი რეფორმა არ მისულა ბოლომდე და არც ერთი დასახული მიზანი, რომლის შედეგიც ქვეყნის ეკონომიკაში, სოციალურ ცხოვრებაში აისახებოდა, არ განხროციელებულა.
მიხეილ ჯიბუტი: „2014 წელს გაკეთდა სწორი არჩევანი, რომელიც ჩვენი ხალხის და ხელისუფლების დიდი მონაპოვარია, ეს არის ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება. ამით ხმამაღლა ითქვა, რომ ჩვენ 21-ე საუკუნის ევროპა გვინდა. სწორ არჩევანს საზოგადოების ჩართულობა სჭირდება და სხვადასხვა რაკურსში განხილვა“. ხშირად ვსაუბრობთ, მაგრამ მაინც ბუნდოვანი რჩება საკითხი – რა არის ევროპა? ექსპერტების განმარტებით, ეს არის საბაზრო ეკონომიკა, პიროვნების უფლებების დაცვა, დემოკრატიული მმართველობა, კანონის უზენაესობა, მაგრამ უბედურება ის არის, რომ 1991-2014 წლების მანძილზე ამ მიმართულებით გამოცდილება თითქმის არ დაგვიგროვდა, პირიქით, ჩვენ 25-წლიანი კრიზისის პერიოდი გამოვიარეთ.
მიხეილ ჯიბუტი: „ყველაზე დიდი კრახი ის არის, რომ მასობრივ ცნობიერებაში საქართველოს ოცნების აღსრულების აღქმა, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებას უკავშირდება, სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის ფონზე განელდა. შოტლანდიელების 44%-მა ხმა მისცა დამოუკიდებლობას, ამ 44% შოტლანდიელზე ბედნიერები ხომ ვართ ქართველები, თუ არ ჩავთვლით დაპყრობილ ტერიტორიაზე მცხოვრებ ქართველებს, რომ გვაქვს ჩვენი სახელმწიფო? მაგრამ ეს შეგრძნება ჩვენ არ გვაქვს და არ გვექნება მანამ, სანამ ჩვენი მდგომარეობა არ გადააჭარბებს უკვე ნანახ, ემპირიულად განცდილ ეკონომიკურ მდგომარეობას. 1991 წლიდან, ვინც მოეწსრო საქართველოს დამოუკიდებლობას, უხეშად რომ ვიანგარიშოთ, მილიონ 200 ათასი კაცი გარდაიცვალა და დაახლოებით ამდენივე, შეიძლება ცოტა მეტიც – დაიბადა. ადამიანები, რომლებიც საბჭოთა კავშირის დროს დაიბადნენ, შეადგენენ მოსახლეობის 70%-ს. რომელთა მატერიალურად უკეთესად ყოფნის ემპირიული მეხსიერება საზოგადოებაში დაბუდებულია ბაბუების, მშობლების თაობაში, ბავშვობის მოგონებებში, ხოლო დანარჩენი 30%-სთვის თავისუფალი საქართველო არის ის მოცემულობა, სადაც ის დაიბადა, მაგრამ უკმაყოფილოა, რადგან ეს საქართველო არ არის ისეთი, როგორიც არის სხვა ქვეყანა და მისთვის დამოუკიდებლობის შეგრძნება ეკონომიკური სიდუხჭირის გამო არის ქვემოთ დაწეული“.

მიხეილ ჯიბუტი სვამს კითხვას, თუ რატომ ვერ წაიწია ქვეყანამ წინ და პასუხსაც სცემს, რომ საქართველოში საბჭოთა წყობილებისაგან, ურთიერთობებისაგან განთავისუფლება არ მოხდა არც ერთი დონით, არც ერთი სფეროს და, რაც ყველაზე სამწუხაროა, არ გათავისუფლდა სახელმწიფო ინსტიტუტები და სახელმწიფო მართვა. მისი თქმით, საბჭოთა სისტემა ჩვენში კვლავ მუშაობს და პირველ რიგში ეს გამოიხატება იმაში, რომ მთელი ამ 25 წლის განმავლობაში პოლიტიკა ბატონობს ეკონომიკაზე. ყველა გადაწყვეტილება ეკონომიკაში, სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში მიიღება პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე და არც ერთისახელმწიფო მნიშვნელობის გადაწყვეტილება არ მიღებულა ეკონომიკური კანონებიდან გამომდინარე.

მიხეილ ჯიბუტი: „პოლიტიკა ეს არის ეკონომიკის კონცენტრირებული გამოხატულება – ამბობდა ლენინი, ანუ თუ პოლიტიკას ყველაფერზე წინ არ დააყენებ, არ ხარ ჭეშმარიტი მარქსისტი. ჩვენ არა თუ საბჭოთა კავშირისგან არ გავთავისუფლებულვართ, არ გავთავისუფლებულვართ მარქსიზმისაგან. ადამიანები, რომლებიც ახორციელებენ პოლიტიკის ბატონობას, ახორციელებენ მარქსიზმს რეალურ ცხოვრებაში და ლენინიზმს პრაქტიკაში. დავიწყებას არ მიეცა ის დრო, როდესაც ქვეყნის პირველი პირი იყო პარტიის ლიდერი, ასეა დღემდე, რის გამოც ვერ განვითარდა პოლიტიკური კონკურენცია“.

ქვეყნის წარუმატებლობისთვის ბევრი მიზეზი გვქონდა, როგორც საგარეო (მტრების გარემოცვაში ცხოვრება), ასევე საშინაო, რომელთაგან ჯიბუტის აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია ფორმალური და არაფორმალური ურთიერთობების საბჭოთა სისტემის დაკონსერვება და არაევროპული ხელისუფლება. ხელისუფლება უნდა იყოს, როგორიც ევროპაში – ანგარიშვალდებული ხალხის წინაშე, ხოლო ხალხს ხელისუფლებაში მონაწილეობის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს.

მიხეილ ჯიბუტი – „ფორმალური და არაფორმალური ურთიერთობები არსებობს ყველგან, მათ შორის ხელისუფლების სისტემაში. მარტივად რომ წარმოვიდგინოთ, ეს არის ნებისმიერი მმართველობის სისტემა, რომლის შიგნით არსებობს არაფორმალური ურთიერთობა, თუნდაც, მინისტრებს შორის ნაცნობობის დროს. მაგრამ არის მეორე, არაფორმალური ურთიერთობა, რომელიც არის ამ ფორმალური ურთიერთობის გარეთ. ფორმალურ ურთიერთობებში არაფორმალური ურთიერთობები ცივილიზებულ ქვეყნებში რეგულირდება ლობირების, სახელმწიფო დერეფნების გზით, როდესაც ლობირება არის გამჭვირვალე და ვიცით, ვთქვათ, საქართველოს ხელისუფლებას ამ თუ წინა ეტაპზე ვინ უწევდა ლობირებას აშშ-ში. მაგრამ ვინ უწევდა ლობირებას ჩოხატაურში, ეს არ ვიცით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არსებობს კანონი ლობირების შესახებ. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ვთქვათ, პარლამენტის წევრი დაპატიჟოს რესტორანში ვახშამზე, ოფიციალურად ქვითარი გამოაწერინოს და ურჩიოს პარლამენტის წევრს, რომ ამა თუ იმ კანონს მხარი დაუჭიროს. ცუდია, რომ ჩვენთან ლობირება არ იღებს ამ ფრომას. ასეთ დროს არ ხდება კომპრომისის დამყარება საზოგადოების ინტერესებს შორის და ის ყოველთვის გამოდის გართულებული სახით, გართულების შემთხვევაში კი ის არაფორმალური გამოდის, შორდება ფორმალურს და შორდება ცალკეული ინსტიტუტების სახეს. არსებობს ასეთი ინსტიტუტები, მათ ჰქვიათ არაფორმალური მართვის ცენტრები, არსებობს ეს მაფიის, სხვადასხვა გაერთიანებების სახით, რომლებიც თავიანთ გავლენას ახდენენ პოლიტიკაზე, ხელისუფლებაზე, იქ მათი წარმომადგენლების მეშვეობით. ჩვენი გამოცდილებიდან, მაგალითად შეგვიძლია დავასახელოთ, წინა ხელისუფლების დროს ასეთი გარეთმყოფი არაფორმალური ცენტრი – თავისუფლების ინსტიტუტი, რომელიც გავლენას ახდენდა ხელისუფლებაზე მისგან წამოსული კადრებით თუ იდეოლოგიის შექმნით. დღეისათვის საქართველოში ჩამოყალიბდა ასეთი ინსტიტუტი – ხელისუფლების არაოფიციალურ ცენტრად იქცა ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ საქმე იმაშია, რომ მისი რაიმე ინსტიტუციურ ჩარჩოებში წარმოდგენა ძნელია და ისე ჩანს, რომ ერთი პიროვნებაა ეს არაოფიციალური ცენტრი ხელისუფლების“.
სახელმწიფო მართვის ხარისხის შეფასება სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ ხდება სხვადასხვა ინდექსებით, რომლებიც თავიდან ბოლომდე ვერ მოიცავენ იმ დეტალებს, რაც ქვეყნის შიგნით ხდება, ამიტომ ექსპერტის თქმით, უნდა მოვახდინოთ იმ პრობლემების იდენტიფიცირება, რაც ჩვენს ხელისუფლებაში და მის აღსრულებაში მდგომარეობს ევროპიზაციის, ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების გზაზე. მიხეილ ჯიბუტმა არა ერთი მაგალითი მოიყვანა, რომელიც ასახავს ქვეყანაში ფორმალურისა და არაფორმალურის ურთერთობას: კონსტიტუციით, ჩვენს ქვეყანას „საქართველო“ჰქვია, მაგრამ ვერ მივაღწიეთ, რომ ჩვენი სახელი გვერქვას.

მიხეილ ჯიბუტმა საქართველოს პრეზიდენტის იაპონიაში ვიზიტი გაიხსენა, რა დროსაც იაპონურ მხარეს პრეზიდენტმა სთხოვა, რომ „გრუზიას“ ნაცვლად გამოიყენონ ქვეყნის სახელწოდებად „ჯორჯია“. ექსპერტის აზრით, ვინაიდან ყველაფერი სახელით იწყება, ესეც ფორმალურისა და არაფორმალურის დამოკიდებულებაა.

იგივე შეიძლება ითქვას, საქართველოს ადმინისტრაციული-ტერიტორიული დაყოფაზე: კანონის მიხედვით, გვაქვს უნიტარული სახელმწიფო, ორი ავტონომიით, მაგრამ ჩვენ ვყოფთ რეგიონების მიხედვით. ვიღაცას ჰგონია, რომ ამით ისტორიას მივაგებთ პატივს და ამიტომ ეს მისაღებია. არადა, შემოგვაქვს ახალი ისტორია, რომელიც ისეთივე დამანგრეველი იქნება, როგორც 1921-24 წელს მოხდა ცხინვალთან დაკავშირებით. ამიტომ, ქვეყნის ასეთი ტერიტორიული დაყოფა პირველ რიგში არის ხელისუფლების არაევროპულობის ნიშანი.

მიხეილ ჯიბუტი: „არის რიგი სფეროები, სადაც სახელმწიფო რეგულაციები ვრცელდება და არის სფეროები, სადაც კონკურენციაა. ჩვენთან რა სიტუაციაა? რაღაც სფეროების რეგულირებაზე სახელმწიფომ უარი თქვა, მაგრამ იმას სხვა არეგულირებს. თუ სხვა არეგულირებს, ესე იგი ანარქია გამოდის. საქართველოში ყველაფერი მონოპოლიზირებულია, არაფერს ვამბობ ბუნებრივ მინოპოლიებზე. ისეთი რამ არის მონოპოლიზირებული, ადამიანს აზრადაც რომ არ მოუვა: დაწყებული პოლიეთილენის პარკის გაყიდვის ადგილიდან დაწყებული, საავადმყოფოს ლიფტით დამთავრებული. კონკურენციის დასაცავად კონკურენციის სააგენტოს ბიუჯეტში აქვს მილიონ 900 ათასი. ამაზე ვამყარებთ ჩვენს იმედებს, ამის პარალელურად კი საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ საბჭოს აქვს მილიონ 365 ათასი. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას აქვს მილიონი ლარი, ხოლო მანდატურს 11 მილიონი ლარი.
რაც შეეხება ეკონომიკურ საბჭოს, ამაზე მეტად კონკრეტულად ვისაუბრებ – ეს არის სათათბირო ორგანო, რომლის უფლება-მოვალეობაა ქვეყნის ეკონომიკურ სფეროში სამინისტროების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და სხვა სახელმწიფო უწყებების საქმიანობაზე კონტროლის განხორციელება. სანამ ეს ასე არის, საქართველოში არაფორმალური ფორმალურზე ძლიერი იქნება. არაფორმალური ჩვენთან გაფორმებულია, როდესაც რაღაც ქვე-ქვე ნორმატიული დოკუმენტით, ქვე-ქვე სათათბირო ორგანო მაღლა დგას კონსტიტუციურ ორგანოებზე და იმდენად მაღლა, რომ ლამის 2-მილიონიანი ბიუჯეტი აქვს“.

მიხეილ ჯიბუტის აზრით, ხელისუფლება ძალიან ნელა მოქმედებს, არადა, 2013-17 წლებში გასატარებელი ღონისძიებების გეგმა გაწერილია, შეთანხმება მიღწეულია, მაგრამ აქამდე არც პრეზიდენტს, არც პარლამენტს არ უმსჯელია ასოცირების ხელშეკრულების მიმდინარეობაზე. გაწერილი გეგმა არ არის დაყვანილი სამინისტროებში სპეციალისტების დონეზე.

მიხეილ ჯიბუტი კიდევ ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს, ხელისუფლების ეფექტიანობის გაზომვას ეხება. მისი თქმით, უამრავი მაგალითი გვაქვს იმისა, რომ ხელისუფლება ჩვენზე არ ფიქრობს: „მაგალითად, „სითი პარკი“. ფეხით მოსიარულეთა ტროტუარი ხშირ შემთხვევაში მანქანებით არის დატვირთული, არის რამე შემთხვევა ან გამონაკლისი, რომლის ძალითაც მოქალაქემ მისთვის გამოყოფილ ადგილზე არ უნდა იაროს? კარგი მაგალითია „თელასიც“. ამ ორგანიზაციას ჩვენთან ხელშეკრულება უნდა გაეფორმებინა, ეს ყველას გვახსოვს, მაგრამ დღემდე არაფერი ხდება. მნიშვნელოვან მომენტში, ვთქვათ, სამედიცინო დაწესებულებაში, საწარმოში უეცრად შუქი რომ ჩაქრეს, ამაზე ვინ არის პასუხისმგებელი? საინტერესო მომენტია ფიზიკური პირების გადახდისუუნარობა. როდესაც იურიდიულ პირს აქვს ხარჯები, წლის ბოლოს ის შემოსავალს გამოაკლებს ხარჯებს და რაც დარჩება ის არის მისი მოგება. როდესაც ფიზიკურ პირს აქვს შემოსავალი და ხარჯები, საშემოსავლო გადასახადს რატომ ვახდევინებთ მთლიანი შემოსავლიდან? რატომ ვაყენებთ იურიდიულ პირზე უარეს მდგომარეობაში? რატომ არ მოქმედებს ფიზიკურ პირზე, გაკოტრების კანონი? თუ ფიზიკური პირი თავს გაკოტრებულად გამოაცხადებს, ბანკში ვალს ვალი აღარ დაემატება, უნდა მოხდეს მისი აქტივების შეფასება, რასაც გადაიხდის – გადაიხდის, ამის შემდეგ ის გათავისუფლდება და დაიწყებს ახალ ცხოვრებას.

ჩვენ მინიმუმ 25 წლით ჩამოვრჩით და უნდა შევძლოთ ხელისუფლების მოღვაწეობაზე მონიტორინგი. ბევრი მაგალითია იმისა, რომ კანონი არის კარგი, მაგრამ არ სრულდება. სურსათის უვნებლობის შესახებ კანონი ძალაშია 2005 წლიდან, მაგრამ მასში მთავარი მექანიზმი – სურსათის ხარისხის შემოწმება – არ მოქმედებს. უფრო მეტიც, სურსათის შესახებ კანონში არ არის ცნება – ფალსიფიცირება. უხარისხო საქონელი დასჯად ქმედებას არ ითვალისწინებს. ხდება პირიქითაც, არის ცუდი კანონი, მაგრამ სამწუხაროდ, ის სრულდება; კანონის კარგი ნაწილი კი არ სრულდება. ასეთია მაგალითად, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონი. 1 ოქტომბერს მთავრობას უნდა მიეღო თვითმმართველობებისთვის საშემოსავლო გადასახადის გადაცემის ნორმატივი, მაგრამ არ შეასრულა. ჩვენთან ხელისუფლება ქველმოქმედებას ურევს საბიუჯეტო ცხოვრებაში“, – ამბობს ჯიბუტი.

ის სისტემური პრობლემა, რაც ქვეყანაში ჩამოყალიბდა, ბოლო 20 წლის განმავლობაში პიროვნულ პრობლემამდე დადის და ჯიბუტის აზრით, რაღაც მანქანა მუშაობს, რომ მოხდეს მათი პერსონიფიცირება, დაყვანილ იქნას ეს გამსახურდიამდე, შევარდნაძემდე, სააკაშვილამდე. როდესაც იქმნება გარკვეული კრიტიკული სიტუაციები, იქმნება მოდელი, რომ ყველაფერი არის ვიღაც ერთი კაცის ბრალი და საჭიროა ამ ერთი კაცის მოშორება და ყველაფერი დალაგდება. ამჯერადაც ასეა – ასეთი ერთი კაცი მიგნებულ იქნა, ეს არის ივანიშვილი და მთელმა მანქანამ დაიწყო მუშაობა ამ კაცის საწინააღდეგოდ.

„სისტემა, რომელიც იყო, დღესაც უმტკივნეულოდ აგრძელებს არსებობას. გავიხსენოთ შევარდნაძის პერიოდი, მაგალითად, გუბერნატორებთან დაკავშირებით. მან თქვა, რომ ვერ ვუკავშირდები რეგიონებს და ერთი კაცი დამინიშნეთ წარმომადგენლად, რომ ამბავი ჩამომიტანოსო. დაინიშნა კაცი და დაერქვა სახელმწიფოს მეთაურის რწმუნებული. ცოტა ხანში სააკაშვილმა თქვა, რეგიონებში პოლიტიკას ვერ ვატარებთ, პრეზიდენტს რწმუნებული უნდა ჰყავდეს და ერთი რწმუნებული დამინიშნეთო. ასეც მოხდა. ცოტა ხანი გავიდა და რწმუნებული რა სახელია – რაღაცა კარგი სახელი დავარქვათო, დავარქვით – გუბერნატორი. მოვიდა ივანიშვილი ნარმანიასთან ერთად და მოიტანეს კანონი რეგიონული მოწყობის შესახებ, სადაც თქვეს, რომ გუბერნატორი გვყავს და გუბერნია არ უნდა გვქონდესო? მით უმეტეს, ფორმალურად დე-ფაქტო გვაქვსო. ვითომ ოდესმე ისტორიაში ყოფილა სამეგრელო-ზემო სვანეთი ან რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი. ეს ხომ ნონსენსებია? ახლა ამ ნონსენსებზე გვინდა გამოვყოთ რეგიონები. ეს არის ნამდვილად შეთქმულება. რეგიონები სახელმწიფოებრივი წარმონაქმნების თვალსაზრისით არის სახელმწიფო ფედერალიზმის გზა“, – აცხადებს ჯიბუტი.

მიეილ ჯიბუტი ფიქრობს, რომ ხელისუფლება დიდ კრიზისში შედის მართვის თვალსაზრისით. ის არ არის ანგარიშვალდებული იმის წინაშე, ვის წინაშეც უნდა იყოს – ამომრჩევლის. იგი სვამს კითხვას – როდესაც მილიარდ დოლარს ჩადებ საქართველოს არჩევნებში და ხელისუფლებაში მოხვალ, რა ინტერესი უნდა გქონდეს? საქართველოს მთელი საწარმოების მოგება ბიუჯეტში არის 500 მილიონი ლარი – 300 მილიონი დოლარამდე. საიდან უნდა ამოიღო მილიარდი დოლარი? მისი აზრით, საქართველოს მთელი მიწის ფონდი რომ გაიყიდოს, ამდენი მაინც არ გამოდის. „მე მაქვს ჩემი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით. არის ერთი რამ – სამშობლოს თუ გაყიდი და ქვეყანას თუ გაყიდი, ქვეყნის ფასი მილიარდზე მეტია. იმიტომ არის 5 000 ეთნოსი და 200 სახელმწიფო დღეს მსოფლიოში. 200 სახელმწიფოში შენ გაქვს 0.5%, ეს 0.5% ძალიან ბევრი მილიარდი ღირს. სხვა პროექტი საქართველოსთან მიმართებაში არ არსებობს. მე მაინც მივმართავ ილია ჭაჭავაძეს, მას ძალიან აწუხებდა სოციალური გაყოფის საფრთხე მემამულესა და გლეხს შორის. კაპიტალიზმი ნელ-ნელა შემოდიოდა, რაც აფრთხობდა მას, რადგან მან დაქსაქსა ქართველები და კიდევ უფრო უფრთხოდა პარტიებს. როდესაც დაინახა, რომ პარტიებმა კიდევ უფრო დაქსაქსა ქვეყანა. მაგრამ რეალობას ვერ გავექცევით“, – აღნიშნა მიხეილ ჯიბუტმა.

მისი აზრით, ყველა, ვისაც მილიონი უდევს ჯიბეში და ვინც სანაგვეზე აკრიფა ბავშვის საჭმელი – ერთ პლატფორმაზე უნდა გაერთიანდნენ, მაგრამ როგორ? – ეს არის ქუჩა, შეგრძნება, რომ ეს ქუჩა, ქვეყანა ისევეა მისი, როგორც შენი, რომელსაც გაქვს დიდი სასახლე და მას კი – ქოხი, მაგრამ ქუჩაში – ყველა თანასწორია. ეს შეგრძნება უნდა გვქონდეს. მიხეილ ჯიბუტი ამბობს, რომ ევროპის გზაზე მხოლოდ ევროპული სახელისუფლებო სტრუქტურები, ევროპული სახელისუფლებო ქცევები გაგვიყვანს. ხელისუფლების მეთაურობის გარეშე, ადამიანებს სხვა ინსტიტუტები ორგანიზებისა ასეთი დიდი ამოცანის გადასაწყვეტად არ გააჩნია. ეს ვერ იქნება ვერც ცალკეული გაერთიანებები ინტერესის მიხედვით, ვერც არასამთავრობო ორგანიზაციები, ვერც აკადემიური წრეები, ვერც პოლიტიკური პარტიები, რაც უნდა დიდი იყვნენ ისინი. ეს შეუძლია მხოლოდ ხელისუფლებას, თუ საზოგადოება მასთან არის კონსოლიდირებული, თუ ხელისუფლებას გააჩნია უნარი და სურვილი, ხოლო საზოგადოებას – მონიტორინგის შესაძლებლობა.

თსუ პროფესორის, ემზარ ჯგერენაიას აზრით, ევროპისგან გვჭირდება, რომ ჩვენი მთავრობა, მმართველობა, ლეგიტიმაცია და მიდგომები ჩარჩოში მოაქციოს, პასუხისმგებლობა ააღებინოს. კოდექსს რომ იღებს, ინსტრუქცია მოსთხოვოს, კანონს რომ მიიღებს და ჩაწერს – 1 სექტემბერს ინსტრუქცია იყოს ამუშავებულიო, წლები არ დასჭირდეს ამის ლოდინს. „დღეს ქვეყანაში საქონელის ჩამოწერის და სახელმწიფოს სასარგებლოდ მიქცევის ინსტრუქცია არ არსებობს. ეს არის ჩრდილოვანი მმართველობა, ეს არის პარალელური მმართველობა. ეს არის არაფორმალური მმართველობა და არაფორმალურად პროცესებს მართავს არა კოდექსი, არამედ – რევიზორის აზრი. ჩვენ კარგად ვიცით ეკონომიკის სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებული გაიდლაინები, გეგმა, რუკა, თუ როგორ მივდივართ ასოცირების მერე იმ შეთანხმების რეალიზაციამდე. მაგრამ, მთავარია, რომ ის დეტალები და ნიუანსები, დაწყებული სტანდარტიზაციიდან, მეტროლოგიიდან, სამუშაო გეგმიდან, აბსოლუტურად მოცილებულია რეალობას, არის ზოგადი ფრაზები. ეს ნიშნავს, რომ პრობლემა პრობლემად დარჩება თუ ჩვენ არ ვაიძულეთ და ყურადღება არ მივაქცევინეთ ხელისუფლებას ამ საკითხებზე“, – განაცხადა ემზარ ჯგერენაიამ.
დავით მირცხულავამ წამოჭრა საკითხი, თუ რა არის ჩვენი გრძელვადიანი ინტერესები, ვთქვათ, 50 წელიწადში. მაგალითად, იმ პერიოდში, როცა ბაქო-ჯეიჰანზე ნავთობი აღარ იქნება და ბუნებრივი რესურსი მილევადი იქნება? „მთავარია, გრძელვადიან ინტერესებზე რას ვფიქრობთ, ვინც იმ ტერიტორიაზე ვცხოვრობთ, რასაც საქართველო ჰქვია, რა არის ჩვენი გრძელვადიანი ინტერესი? გადარჩენა, იდენტურობის შენარჩუნება და რწმენის შენარჩუნება – ამას ვფიქრობთ გრძელვადიან ჭრილში. ჩემთვის მაგალითად, ევროკავშირთან ასოცირების ფუნდამენტი არის უფრო პროფესიონალი და ეფექტური მთავრობა, ეს არის კანონმდებლობის ისეთ სისტემაში მოქცევა, რომელიც მისცემს ისეთ ჩარჩოს, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება მოკლევადიან ჭრილში იყოს უფრო პროფესიული, ვიდრე დღეს არის. დღეს უზარმაზარი დეფიციტია პროფესიონალების, მეტსაც გეტყვით, მოთხოვნაც არ არის მათზე. იგივე, ეკონომიური საბჭო რომ შეიქმნა, გარე აუდიტორი რომ მოიყვანო და შეამოწმებინო, ეს არის პირდაპირი მაჩვენებელი იმისა, რომ აქეთა მხარე არ მუშაობს“, – განაცხადა დავით მირცხულავამ.

ფორუმზე მოხსენებით წარსდგა ადვოკატი და იურისტი აკაკი ჩარგეიშვილი, რომელმაც სისხლის სამართლებრივი ხასიათის ხარვეზებზე ისაუბრა, რომელიც ბიზნესის თავსატეხად იქცა. მისი განცხადებით, ის ცდილობს, რომ პრობლემატიკა, რომელიც გროვდება ეკონომიკურ, საგადასახადო მიმართულებებში, ეკონომისტებისთვის გაზიარებული იყოს და სწორად იყოს მიწოდებული იურიდიული წრეებისათვისაც. აკაკი ჩარგეიშვილმა თავის მოხსენება ააგო პრაქტიკაში დაფიქსირებულ კონკრეტულ ფაქტებზე და დამოუკიდებლობის 20-წლიან პერიოდში სისტემაში დაგროვილ პრობლემებზე; იმ ფონზე, რომელიც დღეისთვის არსებობს ამ კუთხით, რათა ეკონომიკამ იფუნქციონიროს, ინვესტორი შემოვიდეს, მეწარმოებამ შექმნას დოვლათი იმ რეგულაციებზე დაყრდნობით, რაც ჩვენთან არსებობს და ა.შ.

„ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოს არჩევანის შესახებ და რომ ქვეყანამ ცალსახად კაპიტალიზმი აირჩია, მაგრამ ჩვენს იურისპრუდენციას რეალურად აკლია ეკონომიკური აზროვნება, ფილოსოფია, მიდგომები. ჩემი კოლეგები საუნივერსიტეტო სწავლებისას არ ეზიარებიან ეკონომიკურ ფილოსოფიას, რამაც მიმართულება უნდა მისცეს მათ. ის რეალობა რაც ეკონომიკაში გაგვაჩნია, უკავშირდება იმას, რომ ეკონომიკურ ურთიერთობებში ძალიან დაბალია იურიდიული რეგულაციების, თემატიკის მიმართ პატივისცემა, მათი ცოდნა და სწორი მიდგომები“.
ჩარგეიშვილმა მოხსენებაში ისაუბრა დანაკარგებსა და ლიზინგზე, მის მნიშვნელობაზე ეკონომიკაში და სწორ რეგულირებასა და მოწესრიგებაზე. წარმოჭრილი ორივე საკითხი საგადასახადო კანონდებლობაში არსებულ პრაქტიკას უკავშირდებოდა და კონკრეტული მაგალითებით იყო გაჯერებული.

იოსებ ბაჩიაშვილი (საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე) –
„უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარე გახლდით საქართველოში ეკონომიკური დავების კუთხით. ეს იყო ჩვეულებრივი უმაღლესი სასამართლო, რაც ახლა არსებობს, მხოლოდ მხოლოდ ეკონომიკურ დავებს იხილავდა, თავისი არსით და მნიშვნელობით ბევრად უფრო მაღალი, ვიდრე არის უმაღლესი სასამართლო ეკონომიკური თვალსაზრისით. საარბიტრაჟო სასამართლოს მოსამართლის დონე და უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო პალატის წევრის მომზადების დონე რადიკალურად განსხვავდებოდა, განსხვავდებოდა მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება ერთსა და იმავე საქმეზე ერთი და
იგივე კანონებზე დაყრდნობით. რადგან ამან პრაქტიკა გაიარა, 10 წელი რომ არბიტრაჟში იმუშავა, ეკონომიკა ისწავლა. ჩვენ ამას ხომ არ უნდა ველოდოთ, რომ 10 წელი ვამუშაოთ მოსამართლე, რომ იმან მე-11-ე წელს უკეთესი შედეგები აჩვენოს? ამის ცდა არ შეიძლება, ჩვენთან არსებობს სპეციალიზაცია, მაგრამ ფორმალური და არა შინაარსობრივი, დღეს მოსამართლე, რომელიც მუშაობს სამოქალაქო ნაწილში, ხვალ ისეთივე წარმატებით იმუშავებს სისხლის სამართლის ნაწილში, რაც საზღვარგარეთის ნებისმიერ ქვეყანაში არის გამორიცხული. საზღვარგარეთ კომერციულ სამართალში მომუშავე იურისტი 2 წელიწადში ერთხელ გადის სპეციალურ 6 თვიან ტრეინინგს ეკონომიკაში, ასევე ის ხალხი, ვისაც იწვევენ მოსამართლეებად, გარდა იურისტებისა“.
იოსებ არჩვაძემ ისაუბრა მოცემულ რელობაში სხვადასხვა ინდიკატორის გაანგარიშების მეთოდიკის პირობითობაზე, სერიოზულ დაშვებებსა და შეცდომებზე. მან მაგალითად მთლიანი შიდა პროდუქტის გაანგარიშების წესი მოიყვანა, რომელიც მთელს მსოფლიოშია მიღებული, მის მიხედვით, თუ ადამიანი ცხოვრობს საკუთარ სახლში და ამ სახლის მიმდინარე რემონტისთვის არაფერს აკეთებს, ითვლება რომ მისი საცხოვრისის პირობითი რენტა უნდა მონაწილეობდეს მშპ-ს ფორმირებაში. საქართველოს არცთუ ისე დიდ მშპ-ში ეს არის დაახლოებით 800 მილიონი ლარი. მეორე მხრივ, თუ თქვენ საკუთარ სახლში წამოიწყებთ რემონტს საკუთარი ენერგიისა და ფინანსების ხარჯზე, რა თქმა უნდა, რადგან საკუთარ თავს ემსახურებით, არსებული მეთოდოლოგიით, ის მხედველობაში არ მიიღება და ერთ თეთრსაც ვერ შემატებს ქვეყნის მშპ-ს. ასევე, მხედველობაში არ მიიღება არც დიასახლისების შრომა.
მაგრამ არის გარკვეული ინდიკატორები, სადაც მსოფლიო სტანდარტები არ მოქმედებს და თითოეული ქვეყანა ინდივიდუალურად უდგება ამ ინდიკატორების გაანგარიშებას.
იოსებ არჩვაძე: „მაგალითად, საარსებო მინიმუმი, რომელიც განსაკუთრებით აქტუალური ხდება წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ წრეებში, შემდეგ კი ყურადღების მიღმა რჩება. საქმე იმაშია, რომ საქართველოს რეალობაში ამ მეთოდოლოგიის პრინციპები დიდი ხანია არ შეცვლილა. რეალობა იცვლება და ის მაჩვენებლები, რომელიც დღეს გამოიყენება საარსებო მინიმუმის დასათვლელად და სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის წარმოასაჩენად, უკვე არ პასუხობს რეალობას. საქმე იმაშია, რომ საქართველოში შინაარსობრივად საარსებო მინიმუმი და სიღარიბის ზღვარი ეტიმოლოგიურად ასცდნენ ერთმანეთს. ამერიკაში როდესაც ადამიანს აქვს შემოსავალი საარსებო მინიმუმს მიღმა ან მის დონეზე, ეს ფაქტობრივად არის სიღარიბის ან არასიღარიბის ზღვარი. საქართველოში ასე არ არის, ოტომბრის ოფიციალური სტატისტიკით, საარსებო მინიმუმი არის 160 ლარი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვისაც 161 ლარი აქვს (მართალია, მან დაძლია საარსებო მინიმუმი) ღარიბი აღარ არის“.

დისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულები იყვნენ ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები. კონფერენცია საქართველოს ეკონომისტთა ასოციაციის, საქართველოს ბიზნეს პალატისა და ჟურნალ „საქართველოს ეკონომიკის“ ინიციატივით გაიმართა.