პარლამენტი საკუთარ გადაწყვეტილებას ცვლის

მაია რაზმაძე

პარლამენტის 2001 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით, 2003 წლის 31 დეკემბრამდე საქართველოდან ფერადი ლითონების ჯართის ექსპორტი აიკრძალა. ამის მიზეზი ფერადი ლითონების გახშირებული დატაცება და ქურდობა იყო. თუმცა, ტაბუს დადებამ ვერც დატაცება აღკვეთა, ვინაიდან ის ჯართის დამზადების რეგულირების სფეროს არ მოიცავდა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების უკმაყოფილებაც გამოიწვია.

მართალია, პარლამენტართა ნაწილი აკრძალვის გაუქმების წინააღმდეგი იყო, მაგრამ მორატორიუმი 2002 წლის 25 ივნისს მაინც მოიხსნა.

ნათია თურნავა, მრეწველობისა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე: – ყოველთვის სჯობს, როცა ნებისმიერი ურთიერთობა ლეგალიზებულია. რაღაცაზე თვალის დახუჭვა არ ნიშნავს, რომ ის არასასურველი ფაქტი აღარ იარსებებს. ჯართის ექსპორტის აკრძალვა იმის კლასიკური მაგალითი გახლავთ, რომ თვალის დახუჭვა, თუნდაც საკანონმდებლო დონეზე, ჯერ კიდევ არ ნიშნავს პრობლემის გადაჭრას. პირიქით, ამ შემთხვევაში პრობლემა, ფაქტობრივად, გამძაფრდა კიდეც. მორატორიუმმა ფერადი ლითონების ჯართზე ერთადერთი რამ მოგვცა – ის, რაც მანამდე ლეგალური ურთიერთობების სფეროში იყო მოქცეული, მთლიანად არალეგალური ურთიერთობების სფეროში გადავიდა. ამით სახელმწიფომ რეალური ზარალი ნახა. ლეგალიზაციის პირობებში მოგების გადასახადის გარდა ქვეყანა სხვა ისეთი გადასახადებიდანაც მიიღებდა შემოსავალს, რომლებიც ამ სფეროში დასაქმებულთა საქმიანობასთანაა დაკავშირებული.

კანონიდან ხშირად შესაძლებელია გადახვევების, ირიბი გზების მოძებნა, ინტერპრეტაციების გამონახვა. ფერადი ლითონების ჯართის გადადნობა დიდ სირთულეს არ წარმოადგენს და ის შეიძლება კუსტარულ პირობებში განხორციელდეს. ჯართს სხმულებად ადნობდნენ და სწორედ ამ სახით გაჰქონდათ ექსპორტზე. სხმულების ექსპორტს კი საქართველოს კანონმდებლობა არანაირად არ არეგულირებს. ამის საილუსტრაციოდ ერთი მაგალითის მოყვანა შეიძლება: საბაჟოს მონაცემებით, 2001 წლის 12 თებერვლიდან 20 მარტამდე, ანუ სულ რაღაც 35 დღეში საქართველოდან 230 ტონა სპილენძის სხმული გავიდა, მაშინ როცა აკრძალვამდე იგივე პერიოდში 7 ტონა გადიოდა. ანუ სხმულების გატანა 30-ჯერ და მეტად გაიზარდა. სხმულების გატანასაც თუ ავკრძალავთ, სხვა სახით გაიტანენ, ანუ აქ მთავარია, რომ ერთმანეთისგან ძალიან მკვეთრად გავმიჯნოთ კრიმინალი და ლოგიკური ეკონომიკური ურთიერთობები. სასაფლაოების, ელსადენების ძარცვა და ა.შ. კრიმინალია. ეს ხდებოდა აკრძალვის პირობებშიც (თუნდაც დიდგორის მემორიალის გახმაურებული ფაქტი) და, შესაძლოა, აკრძალვის მოხსნის შემდეგაც მოხდეს, თუ შესაბამისად არ გამკაცრდება ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან კონტროლი და ზედამხედველობა. ეს მათი პრეროგატივაა. აღსანიშნავია, რომ მორატორიუმის მოხსნასთან ერთად პარლამენტში შევიდა და მოიწონეს ცვლილებები სისხლის სამართლის კანონმდებლობასა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რაც ამ სახის კრიმინალზე, დარღვევებზე პასუხისმგებლობას ამკაცრებს. ასე რომ, თუ შესაბამისი უწყებების ნება იქნება ამ სახის კრიმინალი აღკვეთოს, იგი აღიკვეთება, და თუ ასე არ მოხდა, ამ საკითხს არც აკრძალვა და არც დაშვება უშველის.

მეორეა, წმინდა ეკონომიკური საკითხი. ხშირად ეკონომისტებისგანაც კი მომისმენია, რომ ჯართი აღარ დარჩა. ბევრს ჰგონია, რომ ჯართი არის ის, რაც საბჭოთა კავშირის პერიოდიდან გვერგო და მარაგი თანდათან იცლება. ჯართი არ შეიძლება ამოწურვადი იყოს. რაც მოძველებული მანქანა-დანადგარები და მოწყობილობებია ყველაფერი ჯართად იქცევა. რაც უფრო წინ მიდის ეკონომიკური პროცესები, ტექნოლოგიები, მით უფრო სწრაფად ხდება ცვეთა სამეწარმეო ციკლის პროცესში. ეს ის დანადგარებია, რომლებიც მოძველდა და მეწარმეს აღარ სჭირდება.

ბოლო დრომდე, ვიდრე ჩვენ საგადასახადო კოდექსში ცვლილებები არ შევიტანეთ ლიზინგთან დაკავშირებით, ახალი ტექნოლოგიური ხაზების და მანქანა-დანადგარების იმპორტს ვზღუდავდით და ვკრძალავდით ჯართის ექსპორტს. რა ლოგიკაა ამაში, არ მესმის. განცხადება, რომ ჯართი აღარ დარჩა, აბსურდულია. ჯართი ყოველთვის იქნება, ვიდრე იარსებებს ეკონომიკური ურთიერთობები, ზოგადად, ეკონომიკა.

ამის გარდა, ეს საკითხი მაკროეკონომიკურ ჭრილშიც უნდა განვიხილოთ. ჯართს, მოგვწონს და გვინდა თუ არა ჩვენ, ქვეყნის ექსპორტის სტრუქტურაში ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს. ეს, პრინციპში, ლოგიკურია. ყველა აღიარებს, რომ ჩვენთან მანქანა-დანადგარები და ტექნოლოგიები მოძველებულია. რა თქმა უნდა, ეს ჯართის ექსპორტის პოტენციური ბაზაა. რა მოხდებოდა, თუკი ექსპორტის ეს მუხლი ერთბაშად გაუქმდებოდა. რეალურად, მართლაც რომ შეწყვეტილიყო ექსპორტი, არასახარბიელო სურათს მივიღებდით – ამავე ოდენობის იმპორტის დასაფინანსებლად გარკვეული რაოდენობის ვალუტა იქნებოდა საჭირო. ვალუტა ჩვენთან აღარ შემოვიდოდა, ჩვენი ქვეყნის ფულად-სავალუტო ბაზარზე მოხდებოდა დისბალანსი, რაც ლარის კურსზე აისახებოდა, რადგან ჩვენთან (საუბედუროდ, თუ ამ შემთხვევაში, სასიკეთოდ), ადმინისტრირება სუსტია და კანონის რეალურად აღსრულება არ მოხდა, ლარის კურსზე ეს მკვეთრად არ ასახულა. თუმცა, გარკვეული ნეგატიური გავლენა მაინც აისახა, თუნდაც ის, რომ ბოლო 6 თვის მანძილზე წინა პერიოდებთან შედარებით ჩვენი სავაჭრო ბალანსი გაუარესებულია, ამაში, ჩემი აზრით, იმასაც მიუძღვის წვლილი, რომ ჯართის ექსპორტი აღრიცხვადი ნაწილიდან არალეგალურ ნაწილში გადავიდა.

მორატორიუმის გაუქმება სავალუტო ფონდის რეკომენდაცია იყო.
ექსპორტის აკრძალვა წინააღმდეგობაში იყო საქართველოს მიერ გაცხადებულ სავაჭრო ლიბერალიზაციასთან. ასევე ეწინააღმდეგებოდა ევროგაერთიანებასა და საქართველოს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების დებულებებს, მაშინ, როცა სავაჭრო ლიბერალიზაცია არის საქართველოსადმი ევროკავშირის მაკროეკონომიკური დახმარების ერთ-ერთი პირობა.

ანალოგიური მდგომარეობა იყო მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასა და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მიმართებაში. საქართველოს მხრიდან თავისი ნაკისრი ვალდებულებების უგულებელყოფა გამოიწვევდა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისაგან დახმარებების შეწყვეტას. შესაძლოა, გამოეწვია პარტნიორი ქვეყნებიდან თავისუფალი ან შეღავათიანი ვაჭრობის პირობების გაუქმება, უკვე მომზადდა და პრეზიდენტის მიერ 2002 წლის 30 მარტს ხელი მოეწერა #141 ბრძანებულებას “შავი და ფერადი ლითონების ჯართისა და ნარჩენების შესყიდვისა და ტრანპორტირების დამატებითი ღონისძიებების შესახებ” და “შავი და ფერადი ლითონების ჯართისა და შავი და ფერადი ლითონების ნარჩენების შეგროვების, შესყიდვისა და ტრანსპორტირების დროებითი წესის შესახებ”, რომლის მიხედვითაც მკაცრად განისაზღვრა ის ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც უფლებამოსილნი არიან ჯართი ჩააბარონ. განიმარტა ჯართის ცნება. ეს წესი საშუალებას იძლევა, მოხდეს ჯართისა და მისი ჩამბარებლის იდენტიფიცირება. აიკრძალა არამწარმოებელი პირებისგან ისეთი ჯართის მიღება, როგორებიცაა ელექტრო და კავშირგაბმულობის კაბელები, კულტურისა და სარიტუალო ნივთები, გამოუყენებელი სამხედრო ტექნიკა და მათი მაკომპლექტებელი ნაწილები. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ევალება მოამზადოს კანონპროექტი, ჯართის დამზადებისა და რეალიზაციის სფეროში დარღვევების გამოვლენათა მიმართ სასჯელის გამკაცრების თაობაზე.

სანდრო თვალჭრელიძე, დამოუკიდებელი ექსპერტი: – კორუფციის ძირითადი მიზეზი აკრძალვაა. საერთოდ, რაც ნაკლები იქნება აკრძალვა, მით უკეთესია. ლობირება, ჯართის აკრძალვის შესახებ, იმ სტრუქტურებიდან მოდიოდა, რომლებმაც თავის დროზე მთლიანად შეჭამეს საქართველოს სახელმწიფო რეზერვი და ჯართად გაყიდეს ქარხნები, გემები. ჯართის გატანის აკრძალვას ლობირებს უშუალოდ ის ხალხი, ვინც უკანონოდ ჩრდილოვან სექტორში მოღვაწეობს. პრობლემა კანონის უზენაესობით უნდა მოგვარდეს. ეს თავისთავად კორუფციის შერბილებას შეუწყობს ხელს. ამგვარი აკრძალვების მოხსნა ერთ-ერთი ღონისძიებაა ჩვენი ეკონომიკის ჩრდილოვანი სფეროდან გამოყვანისა. გარდა ამისა, მორატორიუმის მოხსნით ზოგიერთ კლანს სასიცოხლო არტერიები გადაეჭრა. აკრძალვის პირობებში ხომ ქვეყნიდან 117 მლნ-ის ჯართი გავიდა. ლეგალიზების პირობებში კი გადასახადს გადაიხდიან.

დავით საგანელიძე, პარლამენტარი, ფრაქცია “ახალი მემარჯვენეები”: – ჯართის ექსპორტთან დაკავშირებით ქვეყანაში რაც ხდება, აბსოლუტურად დაუშვებელია. პროცედურა, რომლითაც აქამდე ხდებოდა ჯართის აკრეფა, ლიცენზირება, გატანა და ა.შ. მიუღებელი იყო. ხშირად სახელმწიფო იმის გამო, რომ ელემენტარულ შიდა პრობლემებს ვერ აგვარებს, აკრძალვის ფორმას მიმართავს. ერთი შეხედვით, თუ ჯართი გადის განუკითხავად, უნდა ავკრძალოთ, მაგრამ, მეორე მხრივ, რა ხდება ქვეყანაში კონტრაბანდასთან დაკავშირებით, რა რაოდენობით ტვირთი გადის საბაჟოს და მაკონტროლებელი ორგანოების გვერდის ავლით, ამას კანონით აკრძალავ, არადა სურათი მაინც არ შეიცვლება, ჯართს მაინც გაიტანენ, როგორც გაჰქონდათ. უბრალოდ, სახელმწიფო იმ შემოსავლებსაც დაკარგავს, რომელიც ოფიციალური ექსპორტის დროს მაინც ფიქსირდებოდა. სამწუხაროდ, რაც ასე თუ ისე ახერხებს ლარის კურსის დაჭერას ქვეყანაში, ექსპორტიდან შემოსული ვალუტაა. აქ კი, ჩვენდა სამარცხვინოდ, პირველი ადგილი სწორედ ჯართის ექსპორტს უჭირავს. ჯართის ექსპორტის აკრძალვა ქვეყანაში ვალუტის შემოდინების მნიშვნელოვან შემცირებას ნიშნავს. ბუნებრივია, ამის გამო დაირღვევა ბალანსი ეროვნულ ვალუტასა და უცხოურ ვალუტას შორის, რაც ლარის დევალვაციით დასრულდება.

სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის დაჟინებული მოთხოვნა იყო, როგორმე სახელმწიფოს, პარლამენტს მიეღო კანონი ჯართის ექსპორტის აკრძალვის მოხსნასთან დაკავშირებით.

ჩვენმა ფრაქციამ მხარი დაუჭირა ჯართის ექსპორტს იმ პირობით, რომ ადმინისტრაციულ კოდექსში მნიშვნელოვანი გამკაცრება შესულიყო. რეალურად უნდა მოხდეს ადგილზე კონტროლი – საიდან ხდება ჯართის აგროვება, დასაწყობება, რომელი კომპანიები დგას ამის უკან, როგორ მიდის საზღვარზე. თუ ამ საკითხების რეგულირება მოხდება, მაშინ აკრძალვის მოხსნა მისაღებია.