რიჩარდ ბრენსონი: „მილიონობით ადამიანი ისურვებდა კოსმოსში გაფრენას“

როგორც ჩანს, რიჩარდ ბრენსონი კოსმიური სისწრაფით ცხოვრობს. ამერიკულ უდაბნო მოჰავეში მისი კომპანიის Virgin Galactic სუბორბიტალური ხომალდი SpaceShipTwo ჩამოვარდა. ბრენსონის მონაწილეობით ორი კომპანია: ავიაგადამზიდი Virgin America და ფინანსურიVirgin Money ბირჟაზე გავიდნენ, რომელთა ერთობლივი ღირებულება 3,6 მილიარდი დოლარი გახდა (ბრენსონისთვის დაახლოებით 1 მილიარდი). ვიღაცისთვის ეს მოვლენა მთელი ცხოვრებისთვის საკმარისი იქნებოდა, ბრენსონისთვის ის ნოემბრის ორ კვირაში ჩაეტია. ის ბიზნესს მართავს საკუთარი კუნძულიდან, რომელიც კარიბის ზღვაში მდებარეობს და იქიდანვე მისცა ჟურნალ „რბკ“-ს ეს ინტერვიუც: კოსმოსზე, ოკეანეზე, სიმდიდრეზე, მომავალსა და ომზე.
ბრენსონი, რომლის ქონებასაც Forbes 4,9 მილიარდად აფასებს, Virgin-ის იმპერიაში ბევრი კომპანიის საკონტროლო პაკეტს არ ფლობს და არ არის დაკავებული ოპერატიული მართვით, ხშირად მხოლოდ ჰონორარს იღებს.

ყოველი მეოცე კოსმოსური გაშვება მარცხით სრულდება. ერთი თვის წინ ხომალდის – SpaceShipTwo სატესტო გაფრენისას ავარია მოხდა, დაიღუპა პოლოტი. არ ფიქრობთ, რომ კოსმოსური ტურიზმის, როგორც დარგის ჩამოსაყალიბებლად აუცილებელია ფრენების საიმედოობის მკვეთრი ზრდა?
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ Virgin Galactic-ის გაფრენა სატესტო იყო და ხომალდს მართავდნენ გამომცდელი პილოტები, ის სწორედ იმისთვის განხორციელდა, რომ დავრწმუნებულიყავით, რამდენად უსაფრთხო იყო ის პუბლიკისთვის. წინასწარი გამოძიების მონაცემებით, ავარიის მიზეზი ადამიანის შეცდომა გახდა და არა ტექნიკის მწყობრიდან გამოსვლა. რაკეტები ზუსტად ისე მუშაობდნენ, როგორც საჭირო იყო, ასევე SpaceShip, მზიდი მწყობრში იყო. ამიტომ, ვიმედოვნებთ, რომ ფრენებს საკმაოდ სწრაფად აღვადგენთ – ორი ახალი ხომალდით, რომლებიც მწყობრში 2014 წლის დასასრულამდე შევა. ბუნებრივია, ჩვენ მხოლოდ იმ შემთხვევაში გავფრინდებით, თუ სამოქალაქო ავიაციის ფედერალური სამმართველოდან თანხმობას მივიღებთ. ისინი კი, თავის მხრივ, ყველაფერს გააკეთებენ, რომ საფრთხე არავის დაემუქროს.
ყოველთვის ვამბობდით, რომ კოსმოსური ფრენები დაახლოებით განვითარების ისეთ სტადიაშია, როგორც ავიაცია 1930-იან წლებში იყო, დროთა განმავლობაში ის ბევრად უსაფრთხო გახდება. ჩვენ გვჯერა, რომ უკვე ახლა საქმე ამად ღირს და ბევრის მიღწევა შეიძლება კომერციული კოსმოსური ფრენებისგან. საქმე მხოლოდ ის არ არის, რომ ყველა ადამიანს შეეძლება ავსტრონავტობა, არამედ, მაგალითად, დედამიწის ზედაპირზე ორ წერტილს შორის მოგზაურობა. მიმაჩნია, რომ ასეთი სახის მოგზაურობა, წარმოუდგენელი სისწრაფით, თან გარემოსთვის ბევრად ნაკლები ზიანით, ძალიან მალე გაჩნდება. ჩვენმა ძალისხმევამ შეიძლება გამოიწვიოს თანამგზავრების რიცხვის გაზრდა დედამიწის ორბიტაზე. მათი წყალობით 3 მილიარდი ადამიანი, რომლებიც დღეს მობილურ კავშირგაბმულობას მოკლებულია, ექნებათ ინტერნეტთან საიმედო წვდომა. ასე რომ, ჩვენ არ ვნებდებით. ახლა ცუდი დროა, მოხდა ტრაგედია, მაგრამ ჩვენ ძალას მოვიკრებთ და წინ წავალთ.

ავარიის შემდეგ დაიწყეს თუ არა კლიენტებმა ბილეთების დაბრუნება?
ჩვენი კლიენტების 3%-მა უკან მოითხოვეს თავიანთი ფული, მაგრამ, ვფიქრობ, ეს საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია. გარდა ამისა, დაახლოებით ამდენივე ადამიანმა გამოთქვა პროგრამაში მონაწილეობის სურვილი, მხარდამჭერი ჟესტის სახით. ასე რომ, ჩვენ არ ვღელავთ, რომ ხალხი გადაიფიქრებს, ისინი ძალიან მიზანდასახულნი არიან. ჩვენ მხოლოდ იმაზე ვფიქრობთ, როგორ გავხადოთ ის მეტად უსაფრთხო.

თქვენ სამომხმარებლო კოსმოსის ინვესტირებას ახდენთ, ბევრი თქვენი კოლეგა, ილონ მასკის ჩათვლით, კომერციულ და სამრეწველო. როგორი მიდგომა იქნება მომავალში გამართლებული?
ყველა ამ მიმართულებით ჩვენ ვახორციელებთ ინვესტიციებს. ზუსტად ვიცით: ბევრს ექნებოდა კოსმოსში გაფრენის სურვილი თუკი იარსებებდა ამის შესაძლებლობა როგორც ფიზიკური, ისე ფინანსური – Virgin Galactic-ის იდეა სწორედ ამაზეა დაფუძნებული. როდესაც ფრენები რეალური გახდება, კოსმოსური ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები შეგვიძლია გამოვიყენოთ რაკეტის ასაშენებლად და ვთქვათ, მარსის კოლონიალიზაციისთვის ან ახალი თანამგზავრების გასაშვებად ან ასტეროიდებზე სასარგებლო წიაღისებულის მოსაპოვებლად. მომხმარებლებზე ორიენტაცია კოსმოსის ათვისების პერსპექტივას უფრო გრანდიოზულს ხდის. სახელმწიფო თავს მეტის უფლებას ვერ აძლევს ან არ უნდათ კოსმოსის ათვისება. ამიტომ, თავიდან აუცილებელია იმ ადამიანების მონახვა, რომლებიც მზად არიან გადაიხადონ კოსმოსური ფრენებისთვის, სხვა შემთხვევაში, არ იქნება სახსრები ინვესტირებისთვის.

კოსმოსის პარალელურად თქვენ ინვესტირებას ბათისკაფებშიც ახდენთ, ოკეანის ვარდნილებში ჩასაყვინთად. ამბობენ, ჩვენ ღია კოსმოსზე მეტი ვიცით, ვიდრე ზღვის ფსკერზე. არის იქ რაიმე ისეთი, რის მოძიებაც ღირს?
ჩვენ მართლაც ვამუშავებთ აპარატებს, რომლებიც ოკეანის ყველაზე ღრმა ვარდნილებში ჩადის. ბაზარი ჩვენ გვაქვს: ოკეანის ფსკერზე მხოლოდ სამი ადამიანი იყო, ხოლო კოსმოსში 500. Virgin Aquatic (ახლა უკვე Virgin Oceanic) უნდა გახდეს დაახლოებით ისეთი, როგორიცაა Virgin Galactic. სწრაფ წარმატებას არ ველით, ასეთი აპარატის შექმნა ძალიან რთულია, წნევა სიღრმეში 800-ჯერ მეტია, ვიდრე ის, რასაც თვითმფრინავი ეჯახება.
ოკეანეში მართლა ბევრი რამეა სანახავი. მისით დაფარულია პლანეტის ზედაპირის ორი მესამედი, იქ ცხოვრობს ჩვენთვის უცნობი ცოცხალი არსებების 80%. ვამუშავებთ პროექტს, რომელიც დაკავშირებულია ამ გარემოს შენახვასა და რაციონალურ გამოყენებასთან.

თქვენ გამოაცხადეთ $25-მილიონიანი პრემია მისთვის, ვინც ატმოსფეროდან ნახშირორჟანგის უკან გაწოვის ტექნოლოგიას შეიმუშავებდა, არის თუ არა ამ გზაზე წარმატებები?
დაახლოებით 8 ათასმა ადამიანმა გააკეთა განაცხადი და მათგან მხოლოდ ათეული იდეის არჩევა შევძელით, რომელსაც დიდი ყურადღებით ვაკვირდებით, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ვინმე ახლო მომავალში პრიზს მოიგებს. წარმოიდგინეთ, საჭიროა იმდენი ნახშირორჟანგის გაწოვა, რამდენსაც ევროპა ერთ წელიწადში გამოიმუშავებს, სხვა შემთხვევაში, კლიმატის ცვალებადობა შეუქცევადი პროცესი გახდება და ერთ მშვენიერ დღეს მოგვიწევს რადიკალური ზომების მიღება მსოფლიოს კატასტროფისგან დასახსნელად. ასე რომ, ჩვენ გვიწევს სხვა საქმეებითაც დავკავდეთ, მაგალითად, განახლებადი ენერგიის წყაროები, ეს იმ შემთხვევაში, თუ პრიზი ვერავინ მოიგო.

თქვენი აქტივებიდან გარკვეული რაოდენობა ბიტკოინებია. ციფრულ ვალუტას ოპტიმისტურად უყურებთ?
მე არ გამოვიყენებდი სიტყვა „ოპტიმისტს“. ჩვენი კომპანია ბიტკოინებს იღებს, როგორც ბილეთების საფასურს და ამაში არის ჯანსაღი კომერციული მარცვალი. ბიტკოინი უსაფრთხოა და აქვს ღირებულება. ჩემზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ბიტკოინის იდეა და ზოგადად გლობალური ვალუტა, თუნდაც იმიტომ, რომ ეს ერთი ნაბიჯია საზღვრების მოსპობის გზაზე, მე კი ამის მომხრე ვარ. მეორე მხრივ, ახლა ბიტკოინების გამოყენება საკმაოდ რთულია, ამიტომ ის ჯერჯერობით ვერ შეცვლის რეალურ ფულს. ბოლო პერიოდში გაჩნდა ელექტრნონული საფულეები, რომლებიც აიოლებენ ბიტკოინებთან მუშაობას და მან შესაძლოა კარგი სამსახური გაუწიოს მას. მიაქციეთ ამ სფეროს ყურადღება, ის ბევრ რამეს შეცვლის, თუმცა, არა უახლოეს წლებში.

კიდევ რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, შემდეგი დიდი კომპანიები იქნება სამომხმარებლო თუ ტექნოლოგიური?
ტექნოლოგიური კომპანიები ცვლიან სამყაროს. ვფიქრობ, 10 წლის შემდეგ მანქანები ავტოპილოტით გვეყოლება და ტაქსების უდიდესი ნაწილი მძღოლის გარეშე ივლიან. ჩვენ დავზოგავთ საწვავს, დაეცემა მისი ფასები. ტექნოლოგიები წარმოუდგენლად სწრაფად ვითარდებიან. რა თქმა უნდა, ეს ადამიანებს ნაკლებ სამუშაოს დაუტოვებს, ჩვენ გვექნება სიტუაცია, როცა ადამიანები იმუშავებენ არა კვირაში ხუთი დღე, არამედ სამი-ოთხი. ასე რომ, იმ კომპანიებს, რომლებიც ისწავლიან როგორ დაიკავონ დასვენების დრო, კარგი მომავალი აქვთ. ძალიან სწრაფად განვითარდება განახლებადი ენერგეტიკა, მზის გენერატორები უკვე კონკურირებენ ნახშირთან და ნავთობზე ბევრად ეფექტურები არიან. ამ ბაზარს ფანტასტიკური მომავალი აქვს.

ბოლო თვეში თქვენ განათავსეთ Virgin America-ისა და Virgin Money-ის აქციები. ფიქრობთ, რომ კოსმოსური ბიზნესი საჯარო გახდება?
ვფიქრობ, რომ ერთხელაც Virgin Galactic ბაზარზე გავა, მაგრამ ეს ჯერ ძალიან რისკიანია.

ვინ შთაგაგონებთ?
ბევრი ვინმე. ახალგაზრდებიდან ლარი პეიჯი, აბსოლუტურად გასაოცარი ადამიანი და ჩემი კარგი მეგობარი. ის ჩემს მეზობლად მდებარე კუნძულზე ცხოვრობს. ის ყოველთვის მთავაზობს თამამ, მასშტაბურ იდეებს. Goоgle უკვე პიონერია უპილოტო მანქანების შემუშავებაში. პეიჯმა ერთხელ უკეთესისკენ უკვე შეცვალა სამყარო თავის საძიებო სისტემით და დარწმუნებული ვარ, თავის ცხოვრებაში ამას კიდევ არაერთხელ გააკეთებს. მას ძალიან დიდი სიმდიდრე აქვს და მას კარგი გამოყენება მოარგო.

თქვენ ფიქრობთ, დადგება დრო, როცა Google აღქმული იქნება რაღაც უფრო დიდი, ვიდრე საძიებო კომპანია?
არა, ის მაინც საძიებოა. ერთხელ ლარის ვკითხე, რაში მდგომარეობს მისი სამუშაო და მიპასუხა: ვეხმარები ადამიანებს იპოვონ სასურველი რამ. მნიშვნელოვანი ეს კი არაა, არამედ ის, რომ ლარი თავის საბანკო ანგარიშებზე არ ზის და ცდილობს სამყაროს გადატრიალებას და მგონია, რომ ის ამას შეძლებს.

ფიქრობთ, რომ ბიზნესმენი არ უნდა იჯდეს თავის საბანკო ანგარიშზე?
ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რაზე ხარჯავენ ბიზნესმენები გამომუშავებულ თანხას. რა მნიშვნელობა აქვს რა ღირდა WhatsApp (მობილური მესინჯერი, რომელიც Facebook-მა 19 მილიარდ დოლარად იყიდა). მთავარია, რომ ამ ფულით ბევრი ახალი WhatsApp შეიქმნას, უფრო კარგი, მსოფლიოში პოზიტიური ცვლილებები. საბოლოო ჯამში, იახტებს არ მოაქვს კმაყოფილება. უნდა შევქმნათ სამუშაო ადგილები, სამყარო შევცვალოთ.
ვიღაცას უყვარს დიდი რისკი, ვიღაცას არა, მაგრამ, ნებისმიერ სემთხვევაში, მეწარმე კეთილი ძალა უნდა იყოს. ადრე ბევრი ბიზნესმენი ფიქრობდა, რომ ისინი არ უნდა დაკავებულიყვნენ სოციალური პრობლემებით, არამედ უნდა შეექმნათ მხოლოდ დამატებითი ღირებულება და მოგება გამოემუშავებინათ, ვფიქრობ, რომ ეს მთლად სწორი მიდგომა არ არის. ცოტა ხნის წინ, დავაფუძნეთ ორგანიზაცია Team – ბიზნესების იმ ლიდერებთან ერთად, რომლებიც დარწმუნებულნი არიან, რომ სამეწარმეო გამოცდილება უნდა მოახმარონ მსოფლიო პრობლემებს – პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ნებსიმიერ სხვას. ამიტომ, ეს პრობლემები ყველამ უნდა გადაწყვიტოს, ბიზნესმენებმა მთელი მსოფლიოდან.

თქვენი ძალიან ბევრ დროს ხარჯავთ მსოფლიო პრობლემების გადასაწყვეტად, ეს არაკომერციული პროექტებია?
მისი უდიდესი ნაწილი ასეთია. ბიზნესით დაკავებული ვარ უკვე 50 წელიწადია და დიდი გამოცდილება მივიღე სხვადასხვა დარგში. მე მსოფლიოს მოქალაქე ვარ და ვცდილობ, ჩემი სამეწარმეო გამოცდილება ადამიანების დასახმარებლად გამოვიყენო. ვმონაწილეობ ორგანიზაციის – The Elders მუშაობაში, რომელიც კონფლიქტების გადაწყვეტით არის დაკავებული. დავაფუძნე Carbon War Room, რომელიც აფასებს სითბური გაზების რაოდენობას წარმოების გამონაბოლქვში და ცდილობს, მოიფიქროს რამე ისეთი გზა ამის აღსაკვეთად, რომ ბიზნესისთვის ძალიან მძიმე ტვირთი არ იყოს. გვაქვს ორგანიზაცია, რომელიც ებრძვის ზღვის ცხოველების მასობრივ ჟლეტას. მონაწილეობას ვიღებ Global Commission on Drug Policy-ის მუშაობაში, რომელშიც 15 ყოფილი პრეზიდენტი შედის და ვატარებთ ნარკოტიკების წინააღმდეგ წარმოებული ომის მასშტაბურ გამოკვლევას. ქვეყნები, რომლებიც ნარკოტიკებს სამედიცინო და არა კრიმინალურ პრობლემად მიიჩნევენ, ბევრად წარმატებით ებრძვიან მათ გავრცელებას. მაგალითად, პორტუგალიაში, ბოლო 12 წელია არც ერთი ნარკომანი ციხეში არ მოხვედრილა. მათ კლინიკაში ათავსებენ, სახელმწიფო ამარაგებს ნარკოტიკითა და სტერილური ნემსებით და როცა პაციენტი მზად არის უარი თქვას ნარკოტიკზე და გაიაროს რეაბილიტაციის კურსი, სახელმწიფო ამაშიც ეხმარება. რამდენიმე წელიწადში ჰეროინზე დამოკიდებული ნარკომანების რიცხვი 80%-ით შემცირდა, ადამიანების უმეტესობა ისევ გახდა საზოგადოების სასარგებლო წევრი, შემცირდა დანაშაულის რიცხვი. პრობლემისადმი არაადამიანური მიდგომა არ მუშაობს. ზუსტად ამაში მდგომარეობს ჩვენი კომისიის ამოცანა – შეიცვალოს მიდომა. იგივეა მარიხუანასთან დაკავშირებითაც, უნდა მოხდეს დერეგულირება, თუკი ვინმე ზომაზე მეტს ეწევა, მას უნდა დავეხმაროთ და არა დავიჭიროთ. მოვექცეთ მათ ისე, როგორც ალკოჰოლიკებს და თამბაქოს მწეველებს ვექცევით.

ცოტა ხნის წინ, თქვენ განაცხადეთ, რომ კაცობრიობას 100 წლის მანძილზე სჭირდება მშვიდობა, რომ თავისი პოტენციალის რეალიზება მოახდინოს. ეს შესაძლებელია? შემცირდება ძალადობის რიცხვი?
ბოლო 70 წელია მსოფლიოში ყოველ ათწლეულში ძალადობა სულ უფრო მცრიდება, თუმცა მისი რიცხვი კვლავინდებურად მაღალია. ნაწილობრივ ეს დასავლეთის საშინელი შეცდომების ბრალია. ომი ვიეტნამში, ერაყში ამაზრზენი შეცდომა იყო და ამ მოვლენებიდან ჩვენ გაკვეთილი უნდა გამოვიტანოთ. იგივე შემიძლია ვთქვა უკრაინაზეც – ეს ამაზრზენი შეცდომაა. როცა დონბასში ცნობილი მოვლენები დაიწყო, შევკრიბეთ ბიზნესმენთა გარკვეული რიცხვი რუსეთიდან, უკრაინიდან და დასავლეთიდან იმისთვის, რომ ჩვენი სახელმწიფოებისთვის გვეთქვა: ჩვენ არ გვინდა ცივი ომის მენტალობის დაბრუნება, ეს არაფერს მისცემს ჩვენს ქვეყნებში მცხოვრებ მილიონობით ადამიანს, რუსეთი ევროპის ნაწილი უნდა გახდეს და უნდა ვიყოთ იმდენად ახლოს, რამდენადაც ეს შესაძლებელია. გამოთქმა, რომ დასავლეთი ძალიან ახლოს მივიდა რუსეთთან ან პირიქით – მოძველდა. ერთად ერთი, რასაც აქვს მნიშვნელობა – ჩვენ ერთმანეთთან ვვაჭრობთ, ყველა რუსი ბიზნესმენი, რომელთანაც მე მისაუბრია, მეთანხმება. ამბობენ, რომ ჩვენ უნდა შევერთდეთ და არა განვცალკევდეთ.

როგორ ფიქრობთ, რუსეთის მომავალი არასახარბიელოა?
არასახარბიელო იქნება, თუ ჩვენ ვერ შევთანხმდებით ისრების უკან გადაწევაზე და ხაზს ქვიშაზე გავავლებთ, რომ ნაბიჯი არ გავდგათ. რუსეთში ვინც ცხოვრობს, ფიქრობს, რომ იქ რუსული ტანკები არ არის, არადა, ისინი არიან და მსოფლიო არ ცდება. ყველას ეშინია, რომ ტანკებმა გზა არ გააგრძელონ. თავიდან იყო ყირიმი, ეს თითქოს გასაგებიც იყო, მაგრამ შემდგომმა ნაბიჯებმა ყველა გააოგნა, თუ ესკალაცია გაგრძელდება, ეს რუსეთს 25-30 წლით უკან დახევს.

წყარო: ჟურნალი „რბკ“ N12-1, 2014 წელი

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial