ქართველების დამსაქმებელ ქვეყანას კატარსტროფა ელოდება

მოამზადა სოფიკო სიჭინავამ

ევროზონა გაფართოებას აგრძელებს. 1-ლი იანვრიდან საერთოევროპულ ვალუტაზე ლიტვაც გადავიდა. ბევრი ექსპერტი ფიქრობს, რომ გაფართოებას ნეგატიური შედეგები მოჰყვება, რადგან სავალუტო ზონის წევრ ქვეყნებს ჯერ კიდევ ძველი ეკონომიკური პრობლემებისთვის ვერ გაურთმევიათ თავი. გარდა ამისა, ევროკავშირის მთავარი მოთამაშეები ვერ თანხმდებიან ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე, ახალი გადასახადების დაწესებით დაწყებული, ერთიანი საგარეო პოლიტიკური კურსით დამთავრებული. ბოლო დროს ხშირად გაისმის კითხვა, რომელსაც მხოლოდ სკეპტიკოსები არ სვამენ – რამდენად ერთიანია ევროპა?
როდესაც საუბარი შეეხება პირველხარისხოვან საკითხებს, ევროკავშირის მთავარი მოთამაშეები არც თუ იშვიათად ექცევიან „ბარიკადების“ სხვადასხვა მხარეს. მაგალითად, ემიგრაციის თემამ ბზარი გაუჩინა გერმანიისა და დიდ ბრიტანეთის ურთიერთობას. ეს უკანასკნელი შეშფოთებულია ევროკავშირში სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ადამიანების რაოდენობით და მათთვის საზღვრის დაკეტვით იმუქრება.

ევროკავშირი გაიზარდა, გაერთიანებას უკვე 28-ე წევრი შეემატა და ცხადი გახდა, რომ უნივერსალური მიდგომის პოლიტიკა აღარ ჭრის. ევროზონაში რეცესიის მესამე ტალღის მოლიდინისა და ეკონომიკური ზრდის პრაქტიკულად არარსებობის ფონზე, ევროპაში წარმოიშვა ე.წ. რობინ ჰუდის გადასახადის შემოღების იდეა, მაგრამ მას მხარი მხოლოდ რამდენიმე წევრმა დაუჭირა და მათაც კი ვერ მოახერხეს რამდენიმე საკვანძო პუნქტზე შეთანხმების მიღწევა. ევროზონაში კრიზისის პირველ ეტაპზე ბანკებს სახელმწიფო დაეხმარა, მეორეზე – შემოიღეს უმკაცრესი ეკონომია. ახლა კი ხელისუფლება ხვდება, რომ ეს ზომები საკმარისი არ არის სახელმწიფო ბიუჯეტებში ხვრელების ამოსავსებად.

წინააღმდეგობრივია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაც. რუსეთთან ურთიერთობის გაუარესების ფონზე, საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა მოულოდნელი განცხადება გააკეთა მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების შერბილების თაობაზე, რაც ევროკავშირის პოლიტიკის საპირისპირო იყო. ეს განცხადება საფრანგეთს აახლოვებს ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან, როგორიცაა – ფინეთი და საბერძნეთი, რომლებიც არ დათანხმდნენ რუსეთთან კონფლიქტის გაღრმავებას. რაც უფრო ბევრი მსგავსი უთანხმოება იქნება ევროკავშირის ქვეყნებს შორის, მით უფრო რთული იქნება წინსვლა.

2015 წელი ერვოპისთვის მშვიდი არ იქნება. ექსპერტები ამბობენ, რომ მას სამი დიდი გამოწვევა ელის, რომელიც საფრთხის ქვეშ აყენებს გაერთიანების მომავალს და მას სამ ქვეყანაში მოსალოდნელ არჩევნებს უკავშირებენ: დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი და პოლონეთი.

მაისში დიდ ბრიტანეთში არჩევნებია დაგეგმილი, რომელზედაც დევდი კემერონსა და კონსერვატორებს „ვერდიქტს გამოუტანს“ ინგლისელი ხალხი. მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი პრემიერ-მინისტრის პოპულარობა მცირდება, მას მაინც აქვს დამაჯერებელი გამარჯვების დიდი შანსი, მაგრამ, როგორც ექსპერტები ამბობენ, ეს გამარჯვება ევოკავშირისთვის სასიამოვნო ამბავი არ იქნება. კემერონი თავის ამომრჩეველ-ევროსკეპტიკოსებს დაჰპირდა, რომ რეფერენდუმის ორგანიზებას მოახდენდა გაერთიანებიდან ქვეყნის გამოყვანასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება პოლონეთს, ოქტომბერში ქვეყანა პარლამენტს ირჩევს, როგორც მიმომხილველები ამობენ, ევოსაბჭოს ახლანდელი პრეზიდენტის დონალდ ტუსკის პარტიას კარგად არ აქვს საქმე და არ გამორიცხავენ, რომ გამარჯვება ექს-პრემიერმა იაროსლავ კაჩინსკიმ მოიპოვოს, რომელიც ცნობილია თავისი მძაფრი კრიტიკით მერკელისადმი. მისი გამარჯვება დაძაბულობის განმუხტვას არ ნამდვილად დაეხმარება.

ქვეყანაში, რომელიც ევროპაში ეკონომიკური კრიზისის წყაროდ მიიჩნევა, სამ კვირაში მოსალოდნელია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რომელსაც ხელეწიფება კონტინენტზე პოლიტიკური და სოციალური სტაბილურობის დარღვევა. მოსალოდნელია, რომ ევროკავშირში პირველად, ხელისუფლებაში მოვიდეს პარტია კომუნისტური შეხედულებებით, რასაც შეუძლია მკვეთრად შეცვალოს ძალთა გადანაწილება. მემარცხენე „სირიზას“ სოლიდური ავტორიტეტისა და მისთვის საზოგადოებრიობის გამოკითხვის ხელსაყრელი შედეგების მიუხედავად, ძირითადი პარტიები მზად არიან მემარცხენეებს სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიონ. ამისთვის ძალები და შესაძლებლობები მათ აქვთ.

გასული წლის ბოლო ორშაბათს, საბერძნეთის პარლამენტმა ვერ შეძლო მესამე ტურშიც კი ქვეყნის ახალი პრეზიდენტის არჩევა, რამაც სათავე დაუდო არა ფაქტობრივ, არამედ ფორმალურ პოლიტიკურ კრიზისს. საპარლამენტო არჩევნები 25 იანვარს გაიმართება, მათ მოუწევთ სამი მთავარი კითხვისთვის პასუხის გაცემა. პირველ რიგში, დარჩება თუ არა საბერძნეთი ევროზონაში, მეორე, გააგრძელებს თუ არა ის რეფორმებს ეკონომიკასა და სოციალურ სფეროში და მესამე, ხომ არ გავრცელდება ახალი და ასევე ძველი ბერძნული პრობლემები ევროზონის სხვა ქვეყნებზე, რასაც თითქმის ჰქონდა ადგილი 2010-12 წლებში. თუმცა, ჩამოთვლილი საკითხები ყველაზე მეტად საბერძნეთის მეზობლებს და ბრიუსელს აღელვებს და არა თვითონ ბერძნებს – მათ ყველაზე მეტად ყოველდღიური ცხოვრება ადარდებთ.

ბოლო წლებში საბერძნეთის ცხოვრების დონე კატასტროფულად შემცირდა. 2009 წლის შემდეგ ქვეყანაში პენსიები საშუალოდ 40%-ით შემცირდა. 12 თვის შემდეგ ძალიან ამცირებენ ან საერთოდ აუქმებენ უმუშევრობის შემწეობის გაცემას. აქ ფაქტობრივად გაქრა საშუალო კლასი, რომელიც, როგორც უბრალო ბერძნები, გადატვირთულები არიან გადასახადებით. მათ ყველაზე მეტად ახალი, უძრავი ქონების გადასახადი აღიზიანებთ.

ბერძენი ამომრჩეველი დილემის წინაშე დგას: დათანხმდეს მკაცრი ეკონომიისა და ქამრების შემოჭერის პოლიტიკის გაგრძელებას ფინანსური სტაბილურობის დაპირებების სანაცვლოდ. დაელოდოს ეკონომიკის აღდგენას მემარჯვენე-ცენტრისტული „ახალი დემოკრატიის“ ხელმძღვანელობით თუ მხარი დაუჭიროს „სირიზას“, რომელიც „ახალ დემოკრატიას“ ბოლო გამოკითხვებში დაახლოებით 3%-ით უსწრებს და პირობას იძლევა, რომ კრედიტორებს დახმარების პირობების შერბილებას მოსთხოვს და აღადგენს სოციალურ შეღავათებსა და დახმარებებს.
სიღარიბესთან საბრძოლველად „სირიზას“ ლიდერმა, ალექსის ციპრასმა წარადგინა 2 მილიარდ ევროიანი პროგრამა, რომელიც მიმართულია 11 მილიონი ბერძენის დასახმარებლად, რომლებიც სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობენ. პროგრამა მოიცავს: პენსიის გაზრდას, 300 ათასი ოჯახისთვის უფასო ელექტროენერგიის მიწოდებას, უმუშევრების უფასო სამედიცინო მომსახურებას, 25 ათასი დაბალშემოსავლიანი მოსახლისთვის საცხოვრებლის შესყიდვის სუბსიდირებას, ყოველთვიური შრომის ანაზღაურების 50%-ით 750 ევრომდე გაზრდას. ამ პროგრამის რეალიზაციისთვის მემარცხენეები ფულის აღებას იმ სახსრებიდან აპირებენ, რომელიც დაზოგილია მმართველობის ოპტიმიზაციის ხარჯზე და ჩამორთმეულია მდიდარი ბერძნებისთვის ჯარიმის სახით გადასახადების გადახდის თავის არიდების გამო.

ბრიუსლეში თავი ისე უჭირავთ, თითქოს ციპრასს ყურადღებას არ აქცევენ. ევროკომისია ბერძენ ამომრჩევლებს მოუწოდებს, არ დაუჯერონ მემარცხენეების პოპულისტურ დაპირებებს. ევროკავშირსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდში დარწმუნებულნი არიან, რომ ბერძები კრიზისიდან ვერ გამოვლენ დიდი სამეულის გარეშე, ხოლო ეს დახმარება რეფორმებისა და ეკონომიის გარეშე, რომესაც მთლიანად უარყოფს „სირიზა“ და მისი მოკავშირეები, შეუძლებელია.
კრედიტორებს რამდენიმე ძლირი კოზირი აქვთ, რის შესახებაც არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში სულ ისაუბრებენ. პირველ რიში, ეკონომისტები ბრიუსელში დარწმუნებულნი არიან, რომ 2015-16 წლებში ათენს დამატებით დაახლოებით 28 მილიარდის მოცულობის კრედიტი დასჭირდება. ანტონის სამარასის მთავრობის ოპტიმისტური განცხადებების მიუხედავად იმის შესახებ, რომ საბერძნეთი საერთაშორისო საფინანსო ბაზრებს დაუბრუნდება, ჯერ ძალიან ადრეა; ბრიუსელის მეორე კოზირი დროითია. თუკი ციპრასი ხელისუფლებაში მოვა 25 იანვარს, მაშინ მის ხელისუფლებას ექნება თვეზე ოდნავ მეტი იმისთვის, რომ მოილაპარაკოს ევროკავშირის ნაწილის საკრედიტო ხაზის თაობაზე. ამასთან, უკვე მარტის ბოლოს ათენმა უნდა გადაუხადოს ბერძნული ვალის (სახელმწიფო ობლიგაციები) ხელმჭერებს 4,5 მილიარდ ევროზე მეტი. საბერძნეთის ხელისუფლებას ივლისში და აგვისტოში 6,5 მილიარდის გადახდა უწევს. ბუნებრივია, თავისი ძალებით, კრედიტორების დახმარების გარეშე, საბერძნეთის ხელისუფლება ამ ამოცანებს თავს ვერ გაართმევს. სხვათა შორის, „სირიზამ“ უკვე განაცხადა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, უარს იტყვის პროცენტების გადახდაზე. ცირპასი უარყოფს, რომ ის ხელისუფლების სათავეში მოსვლისთანავე ქვეყანას ევროზონიდან გაიყვანს. მისი თქმით, „სირიზა“ დემონი არ არის და არც საფრთხე ევროპისთვის, არამედ საღი აზრი. „სირიზას“ ლიდერმა განაცხადა, რომ გამარჯვების შემთხვევაში, მიაღწევს სახელმწიფო ვალის დიდი ნაწილის ჩამოწერას და ევროკავშირთან დაიწყებს მოლაპრაკებას არსებული ვალის მომსახურების ახალი შეთანხმების თაობაზე.

არსებობს საბერძნეთზე ზეწოლის კიდევ ერთი ბერკეტი. ევროპის ცენტრალური ბანკი აპირებს, 22 იანვარს გაასაჯაროვოს რაოდენობრივი შერბილების ევროპული პროგრამის დეტალები, ანუ ობლიგაციების შესყიდვის. ბუნებრივია, ბერძნულ ობლიგაციებს მთავარი ევროპული ბანკი მხოლოდ იმ შემთხვევაში იყიდის, თუ ათენში ხალხში არაპოპულარული რეფორმების გატარების გაგრძელებას მისცემს ხალხს.

დამკვირვებლები კომპრომისს პროგნოზირებენ: სავსებით შესაძლებელია, რომ ხელისუფლების სათავეში „სირიზა“ მოვიდეს, მაგრამ წინასაარჩევნო დაპირებების ნახევარსაც ვერ შეასრულებს, განსაკუთრებით რადიკალურს. საბერძნეთში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების შესახებ ახალ ამბავს საფინანსო ბაზრებზე განსაკუთრებული მღელვარება და პანიკა არ გამოუწვევია. პირველ რიგში, ევროპის ცენტრალური ბანკი მზად არის იყიდოს ევროპული ქვეყნების ტრილიონი ევროს სახელმწიფო ობლიგაცები, მეორე რიგში, 2010 წელთან შედარებით კრიზისთან ბრძოლის საშუალებების არსენალი ევროკავშირს ახლა უფრო ფართო აქვს.

„სირიზას“ ხელისუფლებაში მოსვლის საშიშროება ძირითადად მაინც პოლიტიკურ ხასიათს ატარებს, რადგან ამან შესაძლოა კონტინენტზე პოლიტიკური და სოციალური სტაბილურობა დაარღვიოს იმ თვალსაზრისით, რომ თუ ბერძნებმა ხმა მისცეს მემარცხენეებს, მას შესაძლოა მიბაძონ ფრანგებმა, იტალიელებმა, ესპანელებმა და ევროპის სხვა ქვეყნის მოსახლეობამ, სადაც ძლიერია მემარცხენეების პოზიციები.

მეორე მხრივ, მიმომხილველები ამბობენ, რომ მემარცხენეების გამარჯვების შემთხვევაში, საბერძნეთის გადაწყვეტილება, დატოვოს ევროზონა, წარმოუდგენელი „დამანგრეველი არეულობის“ მიზეზი შეიძლება გახდეს მსოფლიო საფინანსო ბაზრებზე, რომელიც თავის შედეგებით 2008 წლის კრიზისის თანაზომიერი იქნება. ბევრი ქვეყანა ამას საკუთარ თავზე იწვნევს, ივესტორების წრეში დაიწყება სპეკულაცია თემაზე, ვინ დატოვებს საბერძნეთის შემდეგ გაერთიანებას, ზოგიერთი მიმომხილველის აზრით, მოკლევადიან პერსპექტივაში ეს ყველაფერი Lehman Brothers-ის მასშტაბურ კოლაფსს დაემსგავსება.
სწორედ ამიტომ, ევროპის პოლიტიკოსები, ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, კომპრომისებზე წავლენ იმისთვის, რომ კავშირში საბერძნეთი შეინარჩუნონ. მათი აზრით, მართალია, ევროპის მთლიანობის შენარჩუნება რთული, ხარჯიანი და მტკივნეული პროცესია, მაგრამ მისი დაშლა უფრო ძვირი დაჯდება და ბევრად მეტ სირთულეს მოიტანს.