“რატომღაც ფანტაზია მღალატობს”

მოამზადა ავთო ჩიტიძემ

2002 წელი მსოფლიო მოდის ისტორიაში სენსაციებით დაიწყო. მოდიდან წასვლა გადაწყვიტა ლეგენდარულმა დიზაინერმა ივ სენ ლორანმა. მან მოდის ისტორიაში განსაკუთრებული სახელი დაიმკვიდრა. ივ სენ ლორანმა თავისი კარიერის განმავლობაში ორასამდე ჩვენება მოაწყო. უკანასკნელმა ჩვენებამ ფურორით ჩაიარა; ამ ჩვენებაზე იყვნენ რამდენიმე თაობის მოდელები: 70-იანი წლების – ჯერი ჰოლი და მუნია; 80-იანი წლების – ნაომი კემპბელი, კლაუდია შიფერი და კარლა ბრუნი; 90-იანი წლების – ბრიშ გოფი, ჯოდი კინგი და ალეკ ვეკე.

“ჩემი მოღვაწეობა დავასრულე ჩვენებით, რომელიც ალბათ ყველას დაამახსოვრდება”, – განაცხადა 65 წლის ივ სენ ლორანმა. დღემდე ყველა სვამს კითხვას, თუ რატომ გადაწყვიტა ლეგენდარულმა დიზაინერმა მოდის დატოვება. “ვეძებ იმაზე მეტს, რასაც ვაკეთებ. თუმცა რომ ვიცოდე, რას ვეძებ, გეტყოდით. ყოველი კოლექციის შექმნისას ვცდილობ, რაღაც ახალს მივაგნო, მაგრამ, როგორც ჩანს, ფანტაზია მღალატობს. შესაძლოა ოდესმე დავბრუნდე მოდის ბიზნესში. ბოლოს და ბოლოს, თავად კოკო შანელი მოდის ბიზნესში 75 წლის დაბრუნდა”.

ცნობილია, რომ უახლოეს მომავალში დიზაინერი წიგნის დაწერას და მსოფლიოს გარშემო მოგზაურობას აპირებს. 2002 წლის აგვისტოს დასაწყისში ფუნქციონირებას შეწყვეტს ივ სენ ლორანის სახლი და შეკვეთებსაც აღარ მიიღებს. ივ სენ ლორანი მისი მოდიდან წასვლის ერთ-ერთ მიზეზად იმასაც ასახელებს, რომ “მაღალი მოდა გარდაიცვალა. თანამედროვე მოდის სახლებიდან არც ერთში არის მაღალი მოდის ელემენტები. ჩვენ ვცხოვრობთ ქაოსში, დაიკარგა ელეგანტურობა და სილამაზე. მე უკვე ვეღარ ვგრძნობ თავს მსოფლიოს ნაწილად. რატომღაც მგონია, გადაგდებული, მიტოვებული და მარტოსული ვარ, ამიტომაც წავედი მოდიდან”.

საფრანგეთში ივ სენ ლორანის გადაწყვეტილება არ სურთ, რომ დაიჯერონ. მას ხომ პარიზის სიამაყედ თვლიდნენ. კრისტიან ლაკრუამ განაცხადა: “ძალიან გული მწყდება, ივ სენ ლორანიზე უკვე წარსულში რომ საუბრობენ, თითქოს იგი მავზოლეუმშია შენახული. არა მგონია, ეს მართალი იყოს. იგი ხომ ხუმარა ადამიანია, ეს მისი მორიგი ფანდია”.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial