ინფლაციის რეგულირება, როგორც მაკრიეკონომიკურუ სტაბილურობის საკვანძო პრობლემა

ირაკლი მანაგაძე

როგორც უკანასკნელი წლების პრაქტიკა გვიჩვენებს, საქართველოში ეროვნული ბანკის მიერ გატარებულმა ზომიერად მკაცრმა ფულად-საკრედიტო პოლიტიკამ უზრუნველყო ინფლაციის ზრდის ტემპების შეჩერება და იგი ერთნიშნა ციფრამდე იქნა დაყვანილი. თუმცა, ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური და, მათ შორის, განსაკუთრებით წლების მანძილზე გატარებული ექსპანსიური ფისკალური პოლიტიკა და მის შედეგად წარმოქმნილი საბიუჯეტო კრიზისი ქმნის ინფლაციური პროცესების გაღვივების საშიშროებას.

ეს განპირობებულია იმით, რომ ინფლაციის ზრდის ტემპები, ანუ ფულზე მოთხოვნის ზრდა, უკანასკნელ წლებში დამუხრუჭებულია ხელფასების, პენსიების, დახმარებების გადაუხდელობით და ამ მიმართულებით ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში დიდი მოცულობის ვალდებულებების დაგროვებით. ასეთ პირობებში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებას, რომ ამ ბოლო პერიოდში შეინიშნება საპენსიო და სახელფასო დავალიანებათა მნიშვნელოვანი ზრდა და, შესაბამისად, ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში დავალიანების მოცულობის გადიდება, რაც ხელშემწყობ პირობებს ქმნის ინფლაციური პროცესების გაღვივებისათვის.

ამასთან, საქართველოში ანტიინფლაციური პოლიტიკის ძირითად მიზანს, ჩვენი აზრით, უნდა შეადგენდეს არა ნებისმიერ ფასად ინფლაციის შეჩერება, არამედ კერძო და სახელმწიფო სექტორების ერთობლივი ძალისხმევით ინფლაციური პროცესების მართვა, ეროვნული წარმოების ზრდისა და ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინტერესებიდან გამომდინარე. ეკონომიკურ ლიტერატურაში და პრაქტიკაში არსებობს მაგალითები, როდესაც მცირე მასშტაბების ინფლაცია ზრდის მსყიდველობითუნარიან მოთხოვნას და ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას (ე.წ. Mundel-Tobin ეფექტი რომელიც წარმოადგენს დამოკიდებულებას ინფლაციასა და ზრდას შორის). აღნიშნული მოდელის მექანიკურად საქართველოს პირობებში გამოყენება დიდი რისკის შემცველია, რადგან მას სჭირდება შესაბამისი სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო, შიდა სამამულო წარმოებაზე დაფუძნებული და საექსპორტო პოტენციალის მქონე სექტორების განვითარებული ეკონომიკური სტრუქტურა. გარდა ამისა, ჯერჯერობით, ჩვენს ქვეყანაში არაა არც გამოცდილება და არც ცოდნა იმისა, თუ როგორ უნდა მოხდეს ფასების ინფლაციური ზრდის რეგულირება.

ინფლაციურ პროცესებთან მიმართებაში ექსპერიმენტების ჩატარებამ შეიძლება ქვეყანა კატასტროფამდე მიიყვანოს, ამიტომ, ჩვენი აზრით, იგი მიმდინარე ეტაპზე თეორიულად და პრაქტიკულად უნდა გამოირიცხოს. არა აქვს მნიშვნელობა, თუ რომელ სფეროში წარმოიშვება ინფლაციური პროცესები, რადგან მას ახასიათებს ჯაჭვური რეაქცია და უკუკავშირი, რამდენადაც კვლავწარმოების თითოეული ეტაპი – წარმოება, განაწილება, გაცვლა და მოხმარება ერთ მთლიან და ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულ პროცესს წარმოადგენენ. ინფლაცია წარმოადგენს რა ეკონომიკური დაცემისა და დისბალანსის გამომწვევ ფაქტორს, იგი ამავე დროს იწვევს კვლავწარმოების პროცესის მოშლას და არღვევს ეკონომიკის ტრადიციულ კავშირებს. საქმე იმაშია, რომ საქონლის ცალკეულ ჯგუფებზე ფასების არათანაბარი ზრდა იწვევს მოგების ნორმისა და ხელფასების განსხვავებულობის გაღრმავებას და შესაბამისად, ხელს უწყობს ეკონომიკის ერთი სექტორიდან სხვა სექტორებში კადრების გადადინებას, ძირითადად მრეწველობიდან და სოფლის მეურნეობიდან ვაჭრობისა და საფინანსო სექტორში გადაადგილებას. ასეთი კანონზომიერება დამახასიათებელია პოსტსოციალისტური ქვეყნებისათვის და, მათ შორის, საქართველოსათვის. ინფლაციის დამანგრეველი ძალა ვლინდება იმაშიც, რომ იგი აუფასურებს სამეურნეო სუბიექტებისა და მოსახლეობის მიერ დაზოგილ ფულად საშუალებებს და ასუსტებს მეწარმეობისადმი ინტერესს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ინფლაცია ზრდის ჩრდილოვანი ეკონომიკის ტემპებსა და მასშტაბებს, თუმცა, ეს უკანასკნელი მხოლოდ ინფლაციურ პროცესებზე არაა დამოკიდებული.

ინფლაციური პროცესების წინააღმდეგ ღონისძიებათა სისტემის (ანტიინფლაციური პოლიტიკის) შემუშავებას წინ უნდა უძღოდეს მისი წარმოშობის ფაქტორებისა და პირობების ღრმა მეცნიერიული ანალიზი. უპირველეს ყოვლისა, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ინფლაცია გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში განპირობებულია მრავალი ფაქტორების ერთდროული მოქმედებით. მათ შორის, პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს ისეთი ფულადი ფაქტორები, როგორიცაა: ქაღალდის ფულის ემისია, მათი მიმოქცევის სიჩქარე, საფინანსო-საკრედიტო სისტემის მდგომარეობა, ეროვნული ვალუტის სხვა ვალუტებთან დამოკიდებულება. ინფლაციის გამომწვევი, მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანია ისეთი საწარმოო ფაქტორები, როგორიცაა სამრეწველო ობიექტების მონოპოლიზაცია, კონკურენციულ ურთიერთობათა არსებობა, წარმოების დანახარჯების მაღალი დონე. გარდამავალ ეტაპზე ინფლაციური პროცესები შეიძლება წარმოიშვას აგრეთვე სახალხო მეურნეობის სტრუქტურული გადახრებისა და ფართო მოხმარების საქონლის დეფიციტის შედეგად. საბოლოო ჯამში, ინფლაციის ფაქტორები გარდამავალ ეტაპზე დაიყვანება ფულად (მოთხოვნის ინფლაცია) და არაფულად (დანახარჯების ინფლაცია) ფაქტორებამდე.

ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები – მთლიანი შიდა პროდუქტი, წარმოების მოცულობა, ექსპორტი, იმპორტი, საგადამხდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიში, დასაქმების დონე, ბიუჯეტის გასავლები და დეფიციტი, საპროცენტო განაკვეთები მჭიდროდ არიან დაკავშირებული ინფლაციურ პროცესებთან. თავის მხრივ, ინფლაცია დამოკიდებულია სახელმწიფოს მიერ გატარებულ საბიუჯეტო-საგადასახადო და ფულად-საკრედიტო, სტრუქტურულ და სოციალურ პოლიტიკასთან. უკვე დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ ფულადი ემისია, სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის გაღრმავება, ხელფასის დონის ისეთნაირი ზრდა, რომელიც არაა უზრუნველყოფილი შრომის ნაყოფიერების ამაღლებით, ხელს უწყობენ ინფლაციური პროცესების წარმოქმნა-განვითარებას. ამრიგად, ინფლაცია და ეკონომიკური ზრდა ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული კატეგორიებია და ეკონომიკური პოლიტიკის უმთავრესი ამოცანაა ისეთი ანტიინფლაციური ღონისძიებების რეალიზაცია, რომლებიც, ერთი მხრივ, შეზღუდავენ ინფლაციურ პროცესებს, ხოლო, მეორე მხრივ, უზრუნველყოფენ ეკონომიკური ზრდის ტემპების შენარჩუნება-დაჩქარებას. ასეთი “ოქროს შუალედის” პოვნა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში და, მათ შორის, საქართველოში, სადაც ეკონომიკური ზრდის ტემპები ვერ უზრუნველყოფენ სამომხმარებლო ფასების სტაბილურობას.

უკანასკნელ წლებში საქართველოს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლებისა და ინფლაციის დინამიკა მოცემულია 1 ცხრილში.

ცხრილის ანალიზიდან აშკარად ჩანს, რომ ინფლაციის ტემპების ცვლილება (ზრდა ან კლება) პირდაპირპროპორციულ გავლენას არ ახდენს მაკროეკონომიკური პარამეტრების დინამიკაზე. უფრო სწორად, რაიმე გამოკვეთილი კანონზომიერებების დაფიქსირება შეუძლებელია. ამის ახსნას შეიძლება ჰქონდეს ორი საფუძველი: სტატისტიკური მაჩვენებლების არასაიმედობა (ნაწილობრივ მაინც) და ეროვნული ეკონომიკური ტემპების ფორმირებაში რეალური სექტორის დაბალი ხვედრითი წილი.

ჩვენი აზრით, ინფლაცია, რომელიც გულისხმობს ფულის გაუფასურებას და, ფასების ზრდას, საქართველოს დღევანდელი პირობებისათვის ხასიათდება მთელი რიგი თავისებურებებით. ფასების ზრდა ყოველთვის არ შეიძლება იყოს ფულადი მასის ზრდის პირობა, როგორც ამას ასაბუთებენ მონეტარიზმისა და ფულის რაოდენობრივი თეორიის მიმდევრები. ასეთი დამოკიდებულება გამართლებულია დასავლეთის ქვეყნებისათვის, სადაც ეკონომიკური ურთიერთობები დიდი ხანია დარეგულირებულია. საქართველოში კი შეიქმნა სულ სხვა ეკონომიკური პირობები, რომლებიც თავისებურ სპეციფიკურ დაღს ასვამენ ინფლაციის ბუნებას.

დასავლეთის განვითარებული ქვეყნებისაგან განსხვავებით, სადაც ინფლაციის რეგულირების მთავარი ბერკეტია მონეტარული ურთიერთობები, საქართველოში ამ მიმართულებით, აღნიშნულთან ერთად, დიდ მნიშვნელობას იძენს დაწყებული ეკონომიკური რეფორმების დამთავრება, ცივილიზებულ საბაზრო ურთიერთობათა ჩამოყალიბება და რაც ყველაზე მთავარია, საქონლისა და მომსახურების ეროვნული წარმოების ზრდა, რომელიც ლარის სიმტკიცის უზრუნველყოფის მთავარ საფუძველს წარმოადგენს.

აქედან გამომდინარე, ანტიინფლაციურ ღონისძიებებს შორის პირველი რიგის ამოცანად გვევლინება ინვესტიციური აქტივობის ზრდა და სახსრების დაბანდება პრიორიტეტულ დარგებსა და პროექტებში. ის გარემოება, რომ საქართველოში გარდამავალ ეტაპზე (გამონაკლისია 1998-1999 წლები, დაკავშირებული ნავთობმაგისტრალის მშენებლობასთან) ინვესტიციების ხვედრითი წილი უმნიშვნელოა,. ეს მიგვანიშნებს, რომ დაბალია ინვესტიციური მოთხოვნა, რაც თავის მხრივ, განპირობებულია საფინანსო-საკრედიტო რესურსებთან საწარმოო სექტორის ხელმიუწვდომლობით და საწარმოთა დაბალი გადახდისუნარიანობით. შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი ერთობლივად უნდა გამოიძებნოს, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის მხრიდან. რა თქმა უნდა, მძიმე ეკონომიკური და ფინანსური მდგომარეობის გამო, ინვესტიციური მოთხოვნის შიდა რესურსებით დაკმაყოფილება შეუძლებელია და ამ საქმეში კვლავაც უნდა გაიზარდოს ძალისხმევა უცხოური კაპიტალის მოზიდვის მიმართულებით. მაგრამ მთლიანად უცხოურ კაპიტალზე აქცენტის აღება არ იქნება გამართლებული. როგორც ჩანს, გადასახედია ქვეყნის საბიუჯეტო პოლიტიკა იმ მიმართულებით, რომ მიუხედავად შექმნილი კრიზისული მდგომარეობისა, ხარჯების გარკვეული ნაწილი გამოყენებულ იქნას პრიორიტეტულ-სტრატეგიული საექსპორტო დანიშნულების რეალური სექტორის აღორძინება-განვითარებისათვის.

რა თქმა უნდა, ინვესტიციური აქტივობის ამაღლებაში დიდი როლის შესრულება შეუძლია საბანკო სისტემას. დასამალი არაა, რომ დღევანდელ ეტაპზე კომერციული ბანკები უპირატესობას ანიჭებენ სავაჭრო-საშუამავლო ოპერაციების მოკლევადიან დაკრედიტებას (შედარებით დაბალი რისკის გამო საკრედიტო რესურსების სიმცირით და მოკლევადიან პერიოდში შედარებით მაღალი მოგების მიღებით) და გვერდს უვლიან რეალური საწარმოო სექტორის გრძელვადიან დაკრედიტებას. ეს არცაა გასაკვირი და მთლიანად ესადაგება საბაზრო ურთიერთობათა პრინციპებს. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ სახელმწიფო და კერძო სექტორი თანაბრად არიან დაინტერესებულნი მხოლოდ დღევანდელობით, პირველი (სახელმწიფო) – საბიუჯეტო შემოსავლების ზრდით და ხარჯების მიმდინარე პრობლემების გადასაწყვეტად გამოყენებით, ხოლო მეორე (კერძო სექტორი) – რაც შეიძლება სწრაფად მაღალი მოგების მიღებით. თუ შევხედავთ აღნიშნულ მხარეთა საქმიანობას პერსპექტიული, გრძელვადიანი ასპექტით, აშკარაა, რომ სახელმწიფოც და კერძო სექტორიც დიდი რისკის წინაშე აყენებენ ქვეყნის მონეტარულ სისტემას და არანაირად არ უზრუნველყოფენ პრევენციულ ქმედებას ინფლაციური პროცესების თავიდან ასაცილებლად. კიდევ ერთხელ გვინდა აღვნიშნოთ, რომ ვერც სახელმწიფო და ვერც კერძო სექტორი ავტონომიურად ვერ შექმნიან ინფლაციის შემზღუდავ პირობებს, მხოლოდ მათი ერთობლივი ძალისხმევით შეიძლება თავიდან იქნას აცილებული ინფლაციური პროცესების წარმოქმნა.

ასეთი ერთობლივი საქმიანობის უმთავრესი ობიექტი უნდა გახდეს ინვესტიციები რეალურ სექტორში, რომელიც თავის მხრივ, არის გაფართოებული კვლავწარმოების, დასაქმების დონის ამაღლების, შემოსავლების გადიდების, ფასების სტაბილიზაციის, კრედიტების გაიაფების და სხვა პოზიტიური ეკონომიკური ძვრების უმთავრესი წყარო. ამ ასპექტში შეიძლება სადისკუსიოდ განხილულ იქნას სხვადასხვა ვარიანტები. მაგალითად, პრიორიტეტულ სფეროებში საბანკო დაკრედიტებაზე სახელმწიფოებრივი (საბიუჯეტო) გარანტიების გაცემა, ფასიანი ქაღალდების დაბანდება ინვესტიციურ პროექტებში, სპეციალიზებული, საინვესტიციო საბანკო და სადაზღვევო ინსტიტუტების შექმნა და ა.შ.

როგორც ზემოთ აღინიშნა, მხოლოდ საშინაო ინვესტიციებზე აქცენტირებით დეპრესიული რეალური სექტორის აღორძინება-განვითარება შეუძლებელია. ამ საქმეში კვლავაც უთუოდ მოგვიწევს ძალისხმევის გაძლიერება უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით. აღნიშნული სფერო მრავალწახნაგოვანია და მხოლოდ ეკონომიკურ ინდიკატორებზე არაა დაფუძნებული. აქ დიდ როლს თამაშობს ქვეყნის საგარეო პოლიტიკა, შიდა მართლწესრიგი, პოლიტიკური თანხმობა, საზოგადოებრივი ცნობიერება და ა.შ. სამწუხაროდ, საქართველოში ამ ბოლო პერიოდში შექმნილი შიდა პოლიტიკური და მაკროეკონომიკური გარემო არ ქმნის ხელსაყრელ პირობებს უცხოური ინვესტიციების მოზიდვისათვის. პირიქით, როგორც ოფიციალური სტატისტიკა გვიჩვენებს, თანდათანობით მცირდება უცხოური ინვესტიციების ხვედრითი წილი, რაც, რა თქმა უნდა, ნეგატიურ გავლენას მოახდენს უახლოეს მომავალში ეკონომიკური ზრდის ტემპების ფორმირებაზე.

დღეისათვის საქართველოში ანტიინფლაციურ ღონისძიებებს შორის საკვანძო ადგილი განეკუთვნება ყველა დონის ბიუჯეტების გაჯანსაღებას და საბიუჯეტო რეფორმას, განსაკუთრებით კი მათ შესრულებაზე კონტროლის მექანიზმის სრულყოფას. გარდამავალ ეტაპზე ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორს შეეხო რეფორმა, ხოლო საბიუჯეტო სისტემა, შეიძლება ითქვას, ამ მხრივ, გამონაკლისი აღმოჩნდა. საბიუჯეტო პრობლემების გადაწყვეტა საშინაო და საგარეო ვალების ზრდის მეშვეობით აძლიერებს ქვეყნის ეკონომიკის საგარეო ფაქტორებთან დამოკიდებულებას და ასუსტებს მის ეკონომიკურ უსაფრთხოებას.

უკანასკნელ წლებში აშკარად გამოიკვეთა სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების ზრდის პოზიტიური ტენდენცია, თუმცა, ასევე სწრაფი ტემპებით იზრდება ხარჯებიც. მაგალითად, 2001 წელს ბიუჯეტის შემოსავლებმა შეადგინეს 749,3 მლნ ლარი, მათ შორის, საგადასახადო შემოსავლები შეადგენდა 62,6 პროცენტს, მაშინ, როდესაც აღნიშნული მაჩვენებლები 1995 წელს შესაბამისად, – 271,3 მლნ ლარს და 48,7 პროცენტს. რაც შეეხება ბიუჯეტის დეფიციტს, იგი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში შემცირების ტენდენციით ხასიათდება, მაგრამ მისი დაფინანსების სტრუქტურაში ამ ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა საგარეო დაფინანსების ხვედრითი წილი, რაც ინფლაციის პოზიციებიდან უარყოფით ფაქტორად უნდა იქნეს შეფასებული.

მაგალითად, 2001 წელს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის (181,2 მლნ ლარი) დაფინანსებაში საგარეო წყაროებზე მოდიოდა 159,7 მლნ ლარი (88,1 %), მაშინ როდესაც 1995 წელს იგი არ აღემატებოდა 104,4 მლნ ლარს, ანუ 52,7 პროცენტს. საგარეო წყაროებით ბიუჯეტის დეფიციტის დაფინანსებით გატაცება ყოველთვის შეიცავს ინფლაციის დიდ რისკს და განსაკუთრებით ჩვენს დღევანდელ პირობებში, როდესაც ვალების დაფარვის რეალური წყაროები არ გაგვაჩნია. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია თანდათანობით შემცირდეს სახელმწიფო ვალის ლიმიტის სიდიდე და იმავდროულად გაძლიერდეს სახელმწიფო კონტროლი საგარეო წყაროებიდან მოზიდული სახსრების მიზნობრივ და ეფექტურ გამოყენებაზე.

აღსანიშნავია, რომ საბიუჯეტო დეფიციტს ადგილი აქვს მთელ რიგ ქვეყნებში, მაგრამ იქ გამოიყენებენ მათი დაფარვის ანტიინფლაციურ წყაროებს. ამით იმის თქმა გვინდა, რომ დღევანდელ პირობებში საქართველოში არანაირად არ შეიძლება ბიუჯეტის დეფიციტის დაფარვის წყაროდ მიჩნეულ იქნას ინფლაცია, რადგან მისი ნეგატიური, სოციალურ-ეკონომიკური შედეგები უმძიმესი იქნება.

ანტიინფლაციური პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა საგადასახადო სისტემის ოპტიმიზაცია. უნდა დავეთანხმოთ საზოგადოებაში და სახელისუფლებო სტრუქტურებში ფართოდ გავრცელებულ აზრს იმის შესახებ, რომ დღეისათვის მოქმედი საგადასახადო სისტემა არაეფექტურია და იგი ძირეულ ტრანსფორმაციას საჭიროებს. ამასთანავე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია იმის ხაზგასმა, რომ ანტიინფლაციური პოზიციებიდან, გაუმართლებელია საგადასახადო სისტემის სრულყოფის მთელი სიმძიმის მხოლოდ და მხოლოდ საგადასახადო განაკვეთების შემცირებაზე გადატანა. საბიუჯეტო კრიზისის პირობებში მაღალრისკიანი ექსპერიმენტების ჩატარება საშიშროებას ქმნის ინფლაციის კუთხით, რადგან საგადასახადო განაკვეთების შემცირება, ყოველთვის როდი იწვევს ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას. ამიტომ, ჩვენი აზრით, უნდა გამოინახოს კომპრომისული შუალედი გადასახადების ფისკალურ და მასტიმულირებელ ფუნქციებს შორის და იმავდროულად მთელი ძალისხმევა უნდა იქნას მიმართული საგადასახადო ადმინისტრირების გამკაცრებისა და შესაბამისად, ჩრდილოვანი ეკონომიკის ლეგალიზაციისაკენ. ჩვენი აზრით, ნებისმიერი ეკონომიკური გადაწყვეტილება უდა იქნას დაკავშირებული ინფლაციის პრობლემასთან, რადგან დროებითი ეკონომიკური ეფექტი შეიძლება უმნიშვნელო აღმოჩნდეს ინფლაციით გამოწვეულ ნეგატიურ შედეგებთან მიმართებაში.

რა თქმა უნდა, ანტიინფლაციური პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია მონეტარული ფაქტორების მართვა, კერძოდ, ფულის ემისიისა და მისი ბრუნვის სიჩქარის რეგულირება. ინფლაციის შეზღუდვის ინტერესებიდან გამომდინარე, ნაღდი ფული მიმოქცევაში ანუ მონეტარიზაციის კოეფიციენტი საქართველოში ჯერჯერობით დაბალია, თუმცა, მას ზრდის ტენდენცია ახასიათებს. მაგალითად, 2001 წლის დეკემბერში მიმოქცევაში არსებულმა ნაღდი ფულის მასამ შეადგინა 365,7 მლნ ლარი, ნაცვლად 185,6 მილიონი ლარისა 1996 წელს2 . თუ ამას დავუმატებთ ბანკებს გარეთ არსებულ ნაღდ ფულს, მონეტარიზაციის კოეფიციენტი 13-15 პროცენტის ფარგლებში მერყეობს, რაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად დაბალია დასავლეთში დაფიქსირებულ 80-120 პროცენტთან შედარებით.

ანტიინფლაციურ პოლიტიკაში განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნია ფულის მიმოქცევის სიჩქარის რეგულირებას. ცნობილია, რომ ფულის მოძრაობის სიჩქარის ზრდა მისი ემისიის ტოლფასია სხვა თანაბარ პირობებში. საქართველოში უკანასკნელ წლებში დაბალი ინფლაციური მოლოდინის პირობებში წონასწორობა ფულის მიმოქცევის სიჩქარის ხარჯზე შენარჩუნდა.3 აგრეგატისთვის მისი საშუალო წლიური სიდიდე თანდათანობით კლების ტენდენციით ხასიათდება3 .

ანტიინფლაციური პოლიტიკის და ეკონომიკური ზრდის სტრატეგიის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია ჯანსაღი საბანკო სისტემის ფორმირება-რესტრუქტურიზაცია. გარდამავალ ეტაპზე საქართველოს საბანკო სისტემამ თავისი ფორმირება-განვითარების რთული და წინააღმდეგობრივი გზა განვლო. იგი საერთაშორისო სტანდარტებით მეტისმეტად ახალგაზრდაა, მაგრამ, მთავარია, რომ მის განვითარებას საფუძვლად უდევს მსოფლიო საბანკო სისტემის მოწინავე გამოცდილება. ძირითადი ტენდენციები, რომელიც გამოიკვეთა საქართველოს საბანკო სისტემაში შეიძლება შემდეგნაირად ჩამოყალიბდეს: თანდათანობით იზრდება საბანკო სისტემის მდგრადობა და საიმედოობა; უმჯობესდება საბანკო ზედამხედველობის ხარისხი; იხვეწება და ოპტიმალური ხდება კომერციული ბანკების რაოდენობა; იზრდება საბანკო სისტემის მთლიანი აქტივების მოცულობა, მათ შორის ანაბრების; გაიზარდა მინიმალური საწესდებო კაპიტალის მოთხოვნა; იზრდება ბანკებში ინვესტირებული უცხოური კაპიტალის მოცულობა, ამასთან, საბანკო სისტემის აქტივები და ვალდებულებების უმეტესი ნაწილი კონცენტრირებულია უცხოურ ვალუტაში; თანდათანობით იზრდება ბანკების ფილიალებისა და რეგიონული განყოფილებების რაოდენობა; უმჯობესდება ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ლიცენზირების სისტემა; დაინერგა ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ანგარიშთა გეგმის გამოყენება; შეიქმნა შიდა საბანკო აუდიტის სამსახურები; იხვეწება ბანკების ორგანიზაციული სტრუქტურა და უმჯობესდება კადრების პროფესიული მომზადების დონე; თანდათანობით იხვეწება საბანკო სისტემის ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზა და ა.შ. რა თქმა უნდა, ყველა ზემოჩამოთვლილი ფაქტორები და პირობები მიმართულია საბანკო სისტემის მდგრადობისა და უსაფრთხოების განმტკიცებისაკენ, რაც, საბოლოო ჯამში, ხელს უწყობს ინფლაციური პროცესების მართვასა და რეგულირებას.

ქვეყნის საბანკო სექტორის ერთ-ერთი ამოცანის – ფულის რაოდენობაზე კონტროლის რეალიზაცია ხდება მეთოდით, რომელმაც მიიღო “ტარგეტირების” (ინგლისურიდან “მიზანი”) დასახელება. მისი ამოცანაა, არა მხოლოდ ფულადი მასის რაოდენობრივი პარამეტრების განსაზღვრა, არამედ ამ პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა ყველა იმათთვის, ვინც ფულს იყენებს ეკონომიკურ გაანგარიშებებში. თუ ფულადი მასა წლიდან წლამდე იზრდება ისეთი ტემპებით, რომელიც დაგეგმილია, ასეთ შემთხვევაში ბაზრის აგენტები თავიანთ პროგნოზებსა და გაანგარიშებებში ახდენენ ამ “მიზნისადმი” შეთანაწყობა-შეგუებას. ცენტრალური (ეროვნული) ბანკების ფუნქცია მდგომარეობს იმაში, რომ ეკონომიკურად დაასაბუთოს და განსაზღვროს ფულადი მიზნები.

ინფლაციური ტარგეტირების პოლიტიკა ძირითადად ორ ფაზას მოიცავს. პირველი გულისხმობს ინფლაციის სასურველი დონის მიღწევას და მეორე, პერსპექტივაში მიღწეული დონის შენარჩუნებას. ტარგეტირების მეთოდით ინფლაციის მართვისას ერთ-ერთი ურთულესი პრობლემაა ისეთი კონკრეტული ინდექსის განსაზღვრა, რომელიც შეიძლება მიჩნეულ იქნას ტარგეტად. პრობლემის სირთულე მდგომარეობს იმაში, რომ ძნელია ისეთი მაჩვენებლის ფორმირება, რომელიც ადეკვატურად ასახავს ფასების ცვლილება-სტაბილურობას. ასეთი პრობლემა დგას მთელ რიგ განვითარებულ ქვეყნებში და მათ შორის აშშ-იც, სადაც იყენებენ ინფლაციური ტარგეტირების მეთოდს4 . პრაქტიკულად ინფლაციის მაჩვენებლად არჩევენ სამომხმარებლო ფასების ინდექსს ზოგიერთი ვარიაციებით. კერძოდ, აღნიშნულ მაჩვენებელს “წმინდავენ” ისეთი შემადგენელი ელემენტებისაგან, როგორიცაა ირიბი გადასახადები, ენერგომატარებლებზე და კვების პროდუქტებზე ფასები და ა.შ. ასეთი მიდგომის არსი მდგომარეობს იმაში, რომ მონეტარული ეფექტით გამოწვეული ფასების ცვლილება გამოცალკავდეს იმ ცვლილებისაგან, რომელსაც განაპირობებენ სპონტანური ეკონომიკური კონიუნქტურული მოვლენები. ასეთი გზით გაწმენდილი დე ფაქტო მაჩვენებელი საშუალებას იძლევა, მოხდეს ინფლაციაზე მოქმედ არამონეტარული ფაქტორების ნიველირება. ამასთანავე, ინფლაციური ტარგეტირებისას ცენტრალურმა ბანკმა მაქსიმალურად უნდა უზრუნველყოს მისი პოლიტიკის ტრანსფარენტულობა. კერძოდ, მან უნდა ახსნას ინფლაციის გეგმური მაჩვენებლის დადგენის მიზანშეწონილობა, დაასაბუთოს მისი რაოდენობრივი პარამეტრები და გაანგარიშების მეთოდოლოგია, აგრეთვე საგეგმო მაჩვენებელთა მიღწევის ხერხები.

საქართველოს ეროვნული ბანკი ყოველწლიურად განსაზღვრავს ინფლაციის გეგმიურ მაჩვენებელს. იგი აისახება საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითარების ინდიკატურ გეგმებში და საფუძვლად ედება ფისკალური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების ფორმირებას. რა თქმა უნდა, ჯერჯერობით ინფლაციური ტარგეტირება ჩვენი ქვეყნის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ახალი მიმართულებაა და იგი საჭიროებს მისი თეორიულ-მეთოდოლოგიური და მეთოდური საფუძვლების შემდგომ სრულყოფას და განვითარებას, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების თავისებურებათა გათვალისწინებით.

ამ ასპექტში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა იმპორტირებული ინფლაციის მართვის საკითხი. დღევანდელი მსოფლიო ეკონომიკური ინტეგრაციისა და გლობალიზაციის პირობებში ინფლაციის იმპორტის გამორიცხვა არ შეიძლება, მით უმეტეს, რომ საქართველოში უცხოურ ვალუტაზე და განსაკუთრებით დოლარზე მოთხოვნილება მაღალია. აგრეთვე გასათვალისწინებელია მეზობელ ქვეყნებში, რომლებიც საქართველოს სავაჭრო პარტნიორები არიან, არსებული ინფლაციის დონე, რომელიც წლების მანძილზე საკმაოდ მაღალია საქართველოს ინფლაციის მაჩვენებელთან შედარებით. დღეისათვის საქართველოში დოლარიზაციის კოეფიციენტი საკმაოდ დიდია და მას ზრდის ტენდენცია ახასიათებს, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ ეროვნული ვალუტა ჯერ კიდევ ვერ უზრუნველყოფს თავისი ფუნქციების სრულად შესრულებას. აქედან გამომდინარე, ანტიინფლაციური პოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად რჩება სავალუტო ბაზრის რეგულირება და ქართული ვალუტის კურსის სტაბილურობის შენარჩუნება-განმტკიცება.

ინფლაციურ ფაქტორად რჩება არა მხოლოდ ლარის დოლარისაკენ “სწრაფვა”, არამედ ქართული კაპიტალის გატანა საზღვარგარეთ. მართალია, დღეისათვის ამ უკანასკნელის სიდიდე დაუდგენელია, მაგრამ ფაქტია, რომ როგორც გარდამავალი ეკონომიკის სხვა ქვეყნებიდან, ასევე საქართველოდან საკმაოდ დიდი კაპიტალი გაედინება უცხოეთში, ქვეყნის შიგნით შექმნილი ეკონომიკური და პოლიტიკური სირთულეების გამო. ცხადია, ასეთი გარემოება ხელს უშლის შიდა ინვესტიციებისა და შესაბამისად, ეკონომიკურ ზრდას და ინფლაციის შეზღუდვას. ასე რომ, მიზანშეწონილად მიგვაჩნია ისეთი სახელმწიფო პოლიტიკის (პროგრამის) შემუშავება, რომელიც დაამუხრუჭებს ქვეყნიდან კაპიტალის გატანას და ხელს შეუწყობს მის ნაწილობრივ რეპატრიაციას.

აღნიშნულმა პროგრამამ უნდა მოიცვას ისეთი ღონისძიებები, რომლებიც მიმართული იქნებიან “ჭუჭყიანი” ფულის გათეთრების წინააღმდეგ და მისი ლეგალიზაციის ხელშეწყობისაკენ, აგრეთვე კონტრაბანდის და ჩრდილოვანი ეკონომიკის შეზღუდვისაკენ.

ამრიგად, როგორც ჩანს, როგორც თეორიულად, ასევე პრაქტიკულად შეიძლება ინფლაციის გაკონტროლება და რეგულირება. ამისათვის საჭიროა საბაზრო რეგულატორების პარალელურად ეკონომიკის სახელმწიფოებრივი რეგულირების მეთოდების გამოყენება. ამ მიმართულებით საქართველოში გატარებული ეკონომიკური პოლიტიკა და განსაკუთრებით ანტიინფლაციური ფულად-საკრედიტო პოლიტიკა იძლევა იმის გარანტიას, რომ ქვეყანაში შენარჩუნდება ინფლაციის დაბალი დონე და შეიქმნება მისი რეგულირების შესაძლებლობა და შესაბამისად, ეროვნული ეკონომიკის აღორძინებისა და ზრდის ხელსაყრელი მაკროეკონომიკური პირობები.