როგორ შეაჩერებენ რობოტები მსოფლიო ეკონომიკას

ვალის მაღალი მაჩვენებელი, მოსახლეობის დაბერება და უთანაბრობა ნიშნავს, რომ უახლოეს წლებში მსოფლიო ეკონომიკას ზრდის დაბალი ტემპები ემუქრება – დარწმუნებულნი არიან ინგლისის ბანკში. მონეტარული ორგანოს წამყვანი ეკონომისტი, ენდი ჰოლდეინი ამბობს, რომ ტექნიკურ პროგრესს შესაძლოა ინვესტიციების შემცირებამ და მხარდაჭერის მოკლევადიანი ზომების დიდმა რაოდენობამ დარტყმა მიაყენოს, მაშინ როცა „ინტელექტუალური რობოტების“ ფართო გამოყენებამ – დასაქმების სფეროში „გამორეცხვის“ პროვოცირება გამოიწვიოს.

ენდი ჰოლდეინის აზრით, განვითარებული ქვეყნები კრიზისამდელ ზრდის დონეს არ დაუბრუნდებიან ტექნოლოგიური პროგრესისა და მოთხოვნის ქრონიკული დეფიციტის გამო. ეკონომისტი მიიჩნევს, რომ ციფრული ტექნოლოგიების დანერგვის დაჩქარება იმის მოლოდინის ძლიერ საფუძველს იძლევა, რომ სწრაფი ეკონომიკური ზრდა განახლდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მსოფლიო საფინანსო კრიზისის მიერ მიყენებული დანაკლისი შეივსება. მისი აზრით, ბოლო რამდენიმე ასეულმა წელმა დაადასტურა, რომ ინოვაციური/ინდუსტრიული რევოლუცია, მასიური წარმოება და ციფრულ ეპოქაში უზარმაზარი ცვლილებები ეკონომიკური ზრდის და გაფურჩქვნის მამოძრავებელი ძალაა. დღეს პესიმისტები მიუთითებენ ვალის მაღალ დონესა და სოციალურ უთანასორობას, დემოგრაფული სიტუაციის გაუარესებას და განათლების დონის სტაგნაციას. ოპტიმისტები კი ყურადღებას მიაპყრობენ ციფრულ ტექნოლოგიაზე დაყრდნობილ ახალ სამრეწველო რევოლუციას. „იმან, რაც ახლა ხდება, შესაძლოა გავლენა მოახდინოს მეოთხე სამრეწველო რევოლუციის აღმოცენებაზე. პესიმისტების შეშფოთება გამართლებული იქნება“, – აცხადებს ჰოლდეინი.

ჰოლდეინი ფიქრობს, რომ საზოგადოებაში მიმდინარე ცვლილებები ნიშნავს, რომ ადამიანებმა უფრო მეტად მოკლევადიან პერსპექტივაში მოგების დაფასება დაიწყეს, ვიდრე გრძელვადიანი ინვესტიციების, მაშინ როცა სოციალური მედიაპლატფორმების პოპულარობა ინტერესებისა და ყურადღების შემცირებას ადასტურებს. ეკონომისტი მიანიშნებს, რომ ბოლო 250 წელიწადში ეკონომიკაში ინოვაციური განვითარების სამი განსხვავებული ფაზის გადალახვა მოხდა: სამრეწველო რევოლუცია, მასიური ინდუსტრიალიზაცია და ტექნიკური რევოლუცია, რომლებმაც გლობალურ ეკონომიკაში შრომის ანაზღაურებისა და ცხოვრების დონის გაზრდის საშუალება გააჩინეს. ახლა კი, დადგა დრო, რომ ტექნოლოგიებში ახალი მიღწევები შესაძლოა „მეოთხე სამრეწველო რევოლუციის“ დაბრკოლება გახდეს, ხოლო რობოტები მასიურ მომუშავეებს ჩაანაცვლებენ. ეკონომისტი ასევე ფიქრობს, რომ „ინტელექტუალური რობოტების“ კიდევ უფრო ფართე გამოყენება დასაქმების სფეროში „გამორეცხვას“ გამოიწვევს. „ინტელქტუალურ რობოტებს შეუძლიათ ბევრად კვალიფიციური ამოცანების შესრულება. თუკი მოაზროვნე მანქანის სიმძლავრე ადამიანის ტვინს გადააჭარბებს, კვალიფიციური სამუშაო ადგილებიც კი შესაძლოა საშიშროების ქვეშ მოექცეს. ეს ყველაფერი დასაქმების სფეროს, უთანასწორობისა და სოციალური კაპიტალის რა ტენდენციამდე მიგვიყვანს ჯერ უცნობია“, – აცხადებს იგი.

„ეკონომიკაში მეორე შემხვედრი ნიავი მჭიდროდ არის დაკავშირებული უთანასწორობის ზრდასთან, – ადამიანური კაპიტალის პრობლემა. უთანაბრობამ შესაძლოა ზრდა შეანელოს, რადგან ის განათლებაში ინვესტიციებს ამუხრუჭებს, მათ შორის უფრო ღარიბი ოჯახების გაჩენის ხარჯზე. კვლევები აჩვენებს, რომ მშობლების შემოსავლები ბავშვის განათლების განსაზღვრაში გადამწყვეტ როლს თამაშობს. თუკი თაობათა უთანაბრობა თვითწარმოებადი იქნება, ესეც მოახდენს გავლენას ეკონომიკურ ზრდაზე“, – დასძენს ეკონომისტი.

ეკონომისტები, მათ შორის, ლარი სამერსი, თავის დროზე გვაფრთხილებდნენ, რომ ახლანდელ ტექნოლოგიებს შეუძლია ადამიანთა ისეთი თაობის გაჩენა, რომლებიც ამოვარდნილები იქნებიან აქტიური სამუშაო პროცესიდან. ასეთ პირობებში პოლიტიკოსებისთვის უფრო რთული იქნება შრომის მწარმოებლურობისა და ცხოვრების დონის ზრდის მისაღწევად გზების გამონახვა. თუმცა, ამ მოსაზრებას ყველა არ იზიარებს. ინგლისის ბანკის მეთაური მარკ კარნო თავს ოპტიმისტებს მიაკუთვნებს ტექნოლოგიებთან მიმართებაში და მსოფლიო ეკონომიკაში მათ პოტენციურ წვლილში. ერიკ შმიდტი, კომპანია Google-ის მეთაური ასევე ეთანხმება მოსაზრებას, რომ მიღწევები ტექნოლოგიების სფეროში ახალი სამუშაო ადგილებისა და შესაძლებლობების ახალ ტალღას გააჩენს.

მე-20-ე საუკუნის მეორე ნახევრის ტექნიკური პროგრესი ნამდვილად გადავიდა კაპიტალტევადი ფაზიდან კაპიტალდამზოგავ ფაზაში, აღნიშნავს დამოუკიდებელი ანალიტიკოსი დიმიტრი ადამიროვი. ტექნოლოგიები იხვეწებიან და თანდათანობით უფრო და უფრო მეტ ადამიანს გამოათავისუფლებს მონოტონური არაკვალიფიციური შრომისგან. მაგრამ შეგვეშინდეს იმ ფაქტის, რომ ტექნოლოგიების შემდგომი გაუმჯობესება უმუშევრობას გაზრდის, ალბათ არ ღირს. შრომის მსოფლიო ბაზარზე ბევრად უფრო დიდ პრობლემებს ქმნის შემოსავლების უთანაბრობა და აქედან გამომდინარე, შრომითი მიგრაცია, – მიაჩნია ექსპერტს.

ზუსტად ასეა ინოვაციებთან დაკავშირებითაც – მეცნიერები და ინჟინრები რეგულარულად გამოიგონებენ სიახლეებს, თუნდაც არც ისე ძლიერი დაფინანსების პირობებში, მაგრამ ინოვაციების დანერგვა ზოგჯერ ბიუროკრატიულ დაბრკოლებებს აწყდება. სწორედ ამიტომ, ექსპერტების აზრით, რისკის მთავარ ფაქტორად ინსტიტუციონალური შეზღუდვები გვევლინება.

„ინსტაფორექსის“ ანალიტიკოსი ანტონ ფომინი აღნიშნავს, რომ არსებობს კიდევ ერთი ისეთი ცნება, როგორიცაა შემოქმედებითი ნგრევა – როდესაც რაიმე აღმოჩენა ცვლის მოვლენათა ჩვეულ განლაგებას და აიძულებს ძველ საშუალებებზე უარის თქმას. მაგალითად, ავტომობილის გამოგონებამ ფაქტიურად წერტილი დაუსვა გადაადგილების ისეთ საშუალებას, როგორიც ცხენია. ამ შემთხვევაშიც ანალოგიური სიტუაციაა – რობოტების გამოგონებამ შესაძლოა უაზრო გახადოს პროფესიათა მთელი რიგი და ამრიგად, შესაბამისი პროფესიის ადამიანები სამუშოს დაკარგავენ, თუმცა, განვითარების პროცესში რაღაც ქრება და რაღაც ჩნდება. მაგრამ ეს არანაირად არ მოახდენს ზეწოლას ეკონომიკურ ზრდაზე, თუმცა, ზოგიერთ სფეროში უმუშევრობის ზრდას ხელს შეუწყობს.

მართალია, შორეულ პერსპექტივაში რობოტებით ადამიანური ძალის ნაწილობრივი ჩანაცვლების საშიშროება არსებობს, მაგრამ ის ჯერ თეორიულ სიბრტყეზე მდებარეობს, აღნიშნავს Grayling-ის ანალიტიკოსი გალინა ბალტუკოვა. მათ შორის, ეს დაკავშირებულია ადამიანის მსგავსი ხელოვნური ინტელქტის შექმნის პრობლემასთან იმისთვის, რომ რობოტებისთვის კომპლექსური და მთლიანად სტანდარტირებული დავალებების მიცემის საშუალება გაჩნდეს. გარდა ამისა, დაბრკოლება შეიძლება გახდეს ინოვაციების დანერგვის მაღალი ფასი, რაც განსაკუთრებით აქტუალურია განვითარებადი ქვეყნებისთვის, სადაც ახალგაზრდა შრომისუნარიანი მოსახლეობის წილი უფრო ჩქარა იზრდება, ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში.

ჯერჯერობით, რობოტოტექნიკას უფრო დადებითი ზეგავლენა აქვს შრომის ბაზარზე – განათლებაში რობოტებით დაწყებული, რაც ბავშვებს მეცნიერებისადმი ინტერესს უღვიძებს და ამით კვალიფიციური და განათლებული მუშახელის შექმნაში წვლილი შეაქვს, და სამრეწველო რობოტებით დამთავრებული, რაც ამაღლებს საწარმოების მუშაობის ეფექტიანობას და ადამიანებს უფრო მნიშვნელოვან და რთულ ამოცანებზე გადართვის საშუალებას აძლევს. ასევე, უნდა გვახსოვდეს, რომ ნებისმიერი ინოვაცია, მათ შორის რობოტოტექნიკასთან დაკავშირებული, იწვევს მომიჯნავე და მომსახურე დარგების ზრდას და შესაბამისად მუშახელის მოთხოვნის გაფართოებას.

ამასთან, რაც შეეხება ეკონომიკას, არ შეიძლება ვალის მაღალი მაჩვენებლისა და უთანაბრობის პრობლემების მოსახლეობის დაბერებასთან გაერთიანება, ფიქრობს General Invest-ის პორტფელური მმართველი ვალენტინ ჟურბა. პირველი ორი შეიძლება გადაწყდეს ტექნოლოგიური რევოლუციის დახმარებით, მესამე კი დროთა განმავლობაში უფრო გაღრმავდება: რამდენიმე ათწლეულის შემდეგ მოსახლეობის დაბერება სერიოზულ გავლენას მოახდენს არა მხოლოდ იაპონიასა და ევროპაზე, არამედ ბევრ განვითარებად ქვეყანაზე და პირვე რიგში, ჩინეთზე. ამისთვის კი აუცილებელია ამ მომენტამდე ტექნოლოგიური ნახტომის მოსწრება.

ექსპერტის აზრით, ეკონომიკის ზრდის მაღალი ტემპი თავისთავად მიზანი არ არის. ამაზე მხოლოდ ჩინოვნიკები და პოლიტიკოსები ნერვიულობენ და არა უბრალო ადამიანები. ეკონომიკური განვითარების საბოლოო ამოცანა ადამიანების ცხოვრების საერთო დონის ამაღლებაა (შეძლებისდაგვარად ყველასი). სწორედ ამისკენ არის მიმართული ტექნოლოგიური რევოლუცია, რომელიც უკვე მიმდინარეობს: აქტიურად ვითარდება ნანო და ბიო-ტექნოლოგიები, ალტერნატიული ენერგეტიკა, რობოტოტექნიკა და ა.შ.
ნახტომი ტექნოლოგიურ განვითარებაში შესაძლებელს გახდის ცხოვრების საშუალო ხანგრძლივობის არსებითად გაზრდას, ის ასევე ერთადერთი საშუალებაა მაღალი ვალის და უთანაბრობის პრობლემების გადასაჭრელად. დღეს მსოფლიოში აგებულია უზარმაზარი ფულადი პირამიდა სახელმწიფოების დონეზე, ხოლო კრიზისული მოვლენები – მხოლოდ გაღრმავებული (თუმცა სიღრმეშია მოქცეული) და გამოსავალს რეალურად ვერავინ პოულობს.
წყარო: «Expert Online»