როგორ ფორმირდება ნავთობის ბაზარი

ბოლო პერიოდში, ნავთობის ფასებმა პანიკის ფონზე შემცირების შემდეგ, ზრდა დაიწყეს. ანალიტიკოსები ბევრს მსჯელობენ იმის შესახებ, ზრდა ტრენდია უკვე თუ დროებითი ნახტომი. ეს დღეს საკმაოდ აქტუალური საკითხია და ბევრი ეკონომიკური თუ პოლიტიკური თემა პირდაპირ უკავშირდება. გაზეთმა Financial Times-მა რუბრიკაში „პოზიცია“ ადგილი დაუთმო ნავთობის სფეროში საინეტერესო პერსონების მოსაზრებებს, მათ შორის აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის ყოფილ მეთაურს, ალან გრინსპენს და „როსნეფტის“ პრეზიდენტს იგორ სეჩნს.

გრინსპენის აზრით, ოპეკის უარი ნავთობის მოპოვების შემცირებაზე, კარტელს ფასწარმოქმნაზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობას ართმევს, რომელიც პრაქტიკულად აშშ-ის ხელში გადადის.

1973 წლის ნავთობის კრიზისმა ოპეკის ქვეყნებს საშუალება მისცა ვაშინგტონისთვის ხელიდან გამოეტაცათ ფასწარმოქმნაზე კონტროლი: იმ ქვეყნებში ნავთობის მიწოდებაზე ემბარგოთი, რომლებიც ისრაელს უჭერდნენ მხარს რამადანის ომში. ამით ერთ წელიწადში ბარელის ღირებულება ოთხჯერ შეამცირეს. 2014 წელს ნავთობის მოპოვების შემცირებაზე კარტელის მხრიდან უარის თქმით იაფი ნავთობის პირობებში, პირიქით, კარტელი თვითონ ჩამოშორდა „წარმოების მასტაბილიზებელის“ როლს, რომელსაც 40 წლის მანძილზე ასრულებდა, წერს გრინსპენი. ეკონომისტი პირდაპირ მიუთითებს, რომ ახლანდელი ენერგეტიკული კრიზისის ფესვები აშშ-ში ნავთობის ე.წ. „არატრადიციული“ მეთოდით მოპოვების ტექნოლოგიების განვითარებაშია: „პროგრესი რთულად ხელმისაწვდომი რესურსების მოპოვებაშია, ძირითადად, ჰორიზონტალური ბურღვისა და ჰიდროჭრის მეთოდში, რამაც ამერიკული ნავთობის მოპოვების ვარდნა უკან მოაბრუნა. მოპოვების საშუალო დღე-ღამური მოცულობა 2012 წლიდან 3 მილიონი ბარელით გაიზარდა“. ამან განაპირობა ნავთობის კომერციული მარაგების სწრაფი ზრდა და მისი ღირებულების სრაფი შემცირება. გრინსპენი დარწმუნებულია, რომ ბარელის ღირებულების ნებისმიერი პროგნოზი მომავალში უნდა ეყრდნობოდეს მარაგების მოცულობას.

ხარის ტრენდის დაბრუნებაზე საუბარი შესაძლებელი გახდება მხოლოდ მაშინ, როდესაც მწარმოებლებსა და მომხმარებლებს შორის არსებული შეუსაბამობა გაქრება. სწორედ ამიტომ თებერვალში დაფიქსირებული ფასების ზრდა „შეიძლება აღმოჩნდეს მხოლოდ მოკლევადიანი ნახტომი, ვიდრე ინვესტორები მოკლე პოზიციებს ხურავენ“.

აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს ბოლო მონაცემებით (2015 წლის 13 თებერვალი), სანავთობე მარაგების მიმდინარე მოცულობა, ნავთობის სტრატეგიული მარაგების აღრიცხვის გარეშე, 425,6 მილიონ ბარელს შეადგენს, რაც ისტორიული რეკორდია. 2000-იან წლებში ეს ციფრი მერყეობდა 300 მილიონი ბარელის ფარგლებში, 2014 წლის მანძილზე მაჩვენებელი 358 მილიონი ბარელიდან 385 მილიონ ბარელამდე გაიზარდა. ნებისმიერ შემთხვევაში, ნავთობის ფასების შემცირება მსოფლიო ეკონომიკის ზრდაზე „ზომიერად პოზიტიურ ეფექტს“ იქონიებს, დარწმუნებულია 88 წლის ეკონომისტი.

მსხვილი იმპორტიორი ქვეყნების მსყიდველუნარიანობა (ინდოეთი, იაპონია) გაიზრდება. უკვე მიმდინარე კვარტალში, გრინსპენის მონაცემებით, ნავთობის მოხმარების ხარჯები მკვეთრად გაიზარდა. მეორე მხრივ, მიმდინარე ფასები ძლიერად დაატყამს ექსპორტიორ ქვეყნებს, პირველ რიგში კი, რუსეთს, ვენესუელასა და ირანს. მომპოვებელ ქვეყნებში დარგის ინვესტიციებზე გაწეული დანახარჯები უახლოეს ორ წელიწადში ვარდნას განაგრძობს. მოგებული დარჩება მხოლოდ აშშ-ის მომპოვებელი დარგი. გრინსპენი იხსენებს, ერთი წლის წინ როგორ ამტკიცებდნენ რიგი ექსპერტები, რომ ფიქლის გაზის მოპოვება ბარელზე 60 დოლარის ღირებულების პირობებში უკვე არამომგებიანი იქნებოდა. ამასთან, ორი თვის წინ, როდესაც ბარელის ღირებულება 45 დოლარს შეადგენდა, ხოლო ამერიკაში ჭაბურღილების რიცხვი მცრიდებოდა, აშშ-ში ნავთობის მოპოვების დონე სტაბილურად მაღალი რჩებოდა. სწორედ ასეთ მოქნილობაში ხედავს ეკონომისტი ფიქლის გაზის ძირითად უპირატესობას – ასეთი ჭები რამდენიმე წელიწადში ილევა („ტრადიციული“ საბადოების რამდენიმე ათწლეულზე ვარგისიანობისგან განსხვავებით), ხოლო მოპოვების მოცულობის რეგულირება უფრო ადვილია. გამოდის, რომ ფიქლის გაზის დარგი უფრო სწრაფად და ადვილად რეაგირებს ბაზრის გამოწვევებზე: „ოპეკის მონოპოლისტისგან სპეციალური გადაწყვტილებისგან განსხვავებით, საბაზრო ფასების ცვლილება ავტომატურ გავლენას მოახდენს ფიქლის გაზის მოპოვების მოცულობაზე“. აქედან გამომდინარე, „არატრადიციული“ მოპოვება „თვალსაჩინოდ ეფექტურად მოახდენს მსოფლიო ფასების სტაბილიზებას“, ვიდრე მოუხერხებელი ოპეკი. ასეთ პირობებში, გრინსპენი ვერაფერს ხედავს უცნაურს იმაში, რომ აშშ-მ კარტელს ჩამოართვა ფასწარმოქმნაზე კონტროლი მრავალი წლით, თუ სამუდამოდ არა. აქედან გამომდინარე, ამერიკელი მენავთობეების მთავარი ამოცანა, გრინსპენის აზრით, წარმოების დანახარჯების შემცირებაა იმისთვის, რომ მსოფლიოში ლიდერის პოზიციები შეინარჩუნონ.

წინა კვირას ამ პრობლემასთან დაკავშირებით რუბრიკის – „პოზიცია“ – სტუმარი, როგორც აღვნიშნეთ, „როსნეფტის“ მეთაური იგორ სეჩინი იყო, მისი თქმით, ნავთობის ბაზარი დეფორმირებულია საფინანსო სპეკულაციის გავლენით, რის გამოც ფასებმა რეალობასთან კავშირი დაკარგა. მისი აზრით, ახლანდელ ნავთობის ფასების კრიზისს ხშირად ადარებენ 1980-იან წლებს, როდესაც ნავთობი 70%-ით გაუფასურდა და ათწლეულის მანძილზე ნარჩუნდებოდა ფასების დაბალი დონე, მაგრამ, სეჩინის თქმით, ახლანდელი ბაზარი მაშინდელ დისბალანსთან ახლოს ვერ მივა. ახლა მსოფლიო „ნავთობის წყურვილს“ განიცდის, ანალიტიკოსების აზრით, 2020 წლამდე ნავთობის მოპოვება 10%-ით გაიზრდება. მოთხოვნასა და მიწოდებას შორის ბალანსი ერთი წლის მანძილზე აღდგება, ამბობს სეჩინი და დასძენს, რომ ფუნდამენტალური ფაქტორების გათვალისწინებით, ნავთობის ფასი მალე უნდა დაუბრუნდეს 60-80 დოლარს ბარელზე – „იმ დონეს, როდესაც ისევ მიეცემა ჭაბურღილების მშენებლობას აზრი“. საქმე იმაშია, რომ „ნავთობის ბაზრები დამახინჯებულია“ და „ფასები რეალობას არ ასახავს“. იმ პირობებში, როცა ფასები ნახევარი წლის მანძილზე 50%-ით შემცირდა, ბევრმა კომპანიამ შეამცირა საინვესტიციო პროგრამები, სამუშაო ადგილები და ძვირადღირებული პროექტების კონსერვირება დაიწყო. ასეთ პირობებში, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სანავთობე კოტირებები 90-110 დოლარამდე და კიდევ უფრო გაიზრდება, ამბობს სეჩინი. მისი აზრით, თანამედროვე ბაზარს საფინანსო სპეკულაციები ამოძრავებს, რომლებიც „გადაწონიან მოთხოვნა-მიწოდების ბუნებრივ ფაქტორებს“.

ეკონომისტების შეფასებით, დღეს სანავთობე ფიუჩერსებით ვაჭრობის 90%-ზე მეტი გარიგებებია, რომელიც არ გულისხმობს ნავთობის ფიზიკურ მიწოდებას (კონტრაქტები ან გადაიყიდება ვადის გასვლამდე ან ნაღდი ანგარიშსწორებით სრულდება მიწოდების გარეშე). მაგრამ სწორედ ფიუჩერსების კოტირების ქვეშ იგულისხმება ნავთობზე მსოფლიო ფასები, რაზედაც ყოველდღიურად წერენ მასობრივი ინფორმაციის საშუალებები. სეჩინის თქმით, დღეს ყველა სანავთობე გარიგება ხორციელდება საფინანსო ტრეიდერების მიერ, რომლებიც მხოლოდ ელექტრონულ სიმბოლოებსა და „ქაღალდებს“ ცვლიან ერთმანეთში.

მიუხედავად იმისა, რომ დრო და დრო იფექთებს ხოლმე ნავთობის ბაზარზე სპეკულიანტების თემის მიმართ ინტერესი, მათი გავლენა ფასების წარმოქმნაზე დაუდასტურებელი რჩება. მაგალითად, 2008 წელს, მას შემდეგ, რაც ფასებმა ბარელზე 150 დოლარს მიაღწია, სასაქონლე ფიუჩერსებით ვაჭრობის კომისიამ (CFTC) გამოძიება ჩაატარა და დაასკვნა, რომ „2003 წლის იანვრიდან 2008 წლის ივნისამდე პერიოდში ნავთობის ფასების ზრდა გამოწვეული იყო ძირითად მოთოვნა-მიწოდების ფუნდამენტალური ფაქტორებით, წინასწარი ანალიზი არ შეიცავს ვარაუდს, რომ სპეკულატური აქტივობა სისტემატურად განსაზღვრავდა ფასების ცვლილებას“.

სეჩინი ამბობს, რომ ნავთობის დარგი ყველგან ძლიერ რეგულირდება. აშშ-ში უკვე 40 წელია მოქმედებს ნედლი ნავთობის ექსპორტზე მორატორიუმი, რის გამოც ამერიკული ნავთობგადამამუშავებელი ქახნები „უსამართლო უპირატესობით“ სარგებლობენ ევროპელი ნავთობგადამამუშავებლების წინაშე. თავისუფალ ბაზარს საგარეო პოლიტიკური მოტივებით ნაკარნახევი ეკონომიკური სანქციები ამახინჯებენ (მათ შორის, ირანის, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები). შედეგად, სეჩინი წერს, რომ საერთო სურათი იმდენად გროტესკული ხდება, რომ ლოგიკურია დაისვას კითხვა – არის კი ეს ბაზარი საერთოდ? „არსებობს ბაზრის მსგავსი რაღაც: მყიდველები, გამყიდველები, ფასები, მაგრამ ეს ყველაფერი სპექტაკლს უფრო ჰგავს“, – აცხადებს სეჩინი, აქედან გამომდინარე მას ეჩვენება, რომ ნავთობის ბაზრის სერიოზული რეფორმირება უნდა მოხდეს და ზოგად რეკომენდაციებს იძლევა, რომ: პირველ რიგში, „საფინანსო მოთამაშეებს არ უნდა მიეცეს უფლება ასეთი ძლიერი გავლენა ჰქონდეთ ნავთობის ფასზე“; მეორე, საჭიროა საერთაშორისო ნაბიჯები იმისთვის, რომ „ბირჟები უფრო გამჭვირვალე გახდეს და ფასების მანიპულაცია შეწყდეს“; გარდა ამისა, საბაზრო ინფორმაციის გაცვლა (მაგალითად, მოპოვებისა და მოხმარების, ნავთობის მიწოდების კონტრაქტების პირობები, ფასები და ა.შ.), სეჩინის აზრით, ფასების დეფორმაციის შესაძლებლობას შეამცირებს. ბოლოს ის ამბობს, რომ ინვესტბანკების ანალიტიკოსებს, რომლებიც გავლენას ახდენენ ნავთობის ფასებზე, არ უნდა ჰქონდეთ „ფარული ინტერსთა კონფლიქტები“. რეზიუმის სახით კი ის აცხადებს, რომ „ნავთობის ნამდვილი ბაზარი, სადაც ფასები ასახავს მოთხოვნა-მიწოდებას, პასუხობს როგორც მწარმოებლების, ისე მომხმარებლების ინტერესებს“.