რუსული მარწუხებისგან თავის დაღწევის ამბიციური პროგრამა და საქართველოს პერსპექტივები

მაკა ღანიაშვილი

ევროკავშირი მსოფლიოში ენერგომატარებლების ყველაზე მსხვილი იმპორტიორია. ის ყოველწლიური ენერგო მოხმარების 54%-ის იმპორტს ახორციელებს, რაც მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ და ძლიერ ეკონომიკას ტრადიციულად ბევრ პრობლემას უქმნის, არა მხოლოდ ეკონომიკური თვალსაზრისით.
დღეს მსოფლიოში არსებული გეოპოლიტიკური ვითარება ამის კიდევ ერთი კარგი დადასტურებაა. ბუნებრივი რესურსებით მდიდარი რუსეთი წარმატებით იყენებს მათ პოლიტიკურ სარბიელზე. 21-ე საუკუნის აგრესორის შეჩერება ევროპას, როგორც ჩანს, არ შეუძლია, რადგან ის დიდწილადაა დამოკიდებული რუსულ გაზზე.

19 თებერვალს ევროკავშიში გაასაჯაროეს რადიკალური და ამბიციური გეგმა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შეიქმნას ევროპის ენერგო მოხმარების, შეძენისა და მომარაგების ერთიანი ბაზარი. ახალი სამოქმედო დოკუმენტის შექმნის მთავარი მოტივატორი ევროპის რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირება გახდა. დოკუმენტში გაწერილი გეგმის განხორციელება ბრიუსელს ასევე მისცემს საშუალებას გააძლიეროს თავის ძალაუფლება ნაციონალური ენერგო-მარეგულირებლების უფლებების შეზღუდვის ხარჯზე; წაახალისოს მომხმარებლის არჩევანი ტრანსნაციონალურ დონეზე ელექტრომატარებლების ყიდვის დროს; წაახალისოს ენერგო ინფრასტრუქტურის ინვესტიციები და მოახდინოს ენერგო მომარაგების ინტეგრირება ევროკავშირის მასშტაბით რეგიონალურ დონეზე.
ევროკომისიის ენერგო პოლიტიკის ვიცე-პრეზიდენტი მაროშ შეფჩოვიჩი ახალი პროგრამის პარალელებს 1950-იან წლებთან ავლებს, როდესაც საფუძველი ეყრებოდა ევროკავშირის შექმნას. ისტორიული ფაქტები მეტყველებს, რომ ევროპას ტრადიციულად უჭირს კონსოლიდაციის მიღწევა ენერგო საკითხებთან დაკავშირებით.
ადვილია ზოგად მიზნებზე შეთანხმება, მაგრამ როცა საქმე ერთიანი თამაშის წესების შემოღებას ეხებოდა, ყოველთვის ცალკეული ქვეყნების ინტერესები მძლავრობდა. 70-იან წლებამდე ხანგრძლივი მცდელობის მიუხედავად, ევროპის ქვეყნებმა ვერ მოახრეხეს ერთიან პოლიტიკაზე ჩამოყალიბება ნავთობთან დაკავშირებით. ბებერი კონტინენტის ქვეყნები სერიოზულად ერთიანი ევროპოლიტიკის შესახებ ნავთობთან დაკავშირებით, მხოლოდ 1973 წლის „ნავთობის შოკის“ პერიოდის შემდეგ დაფიქრდა.

1973 წლის ნავთობის კრიზისის დროს ოპეკის მიერ ნავთობის ემბარგოს გამოყენების მცდელობა, რაც მაღალი ინფლაციის მიზეზი გახდა განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებში. დაუცველი აღმოჩნდა ევროპაც, ამ პროცესებმა ბიძგი მისცა ევროპული ქვეყნების მმართველებს დაეწყოთ მუშაობა ერთიანი ენერგო პროგრამის შემუშავებაზე, რათა მომავალში იგივე აღარ განმეორებულიყო. ევროპაში, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ნაწილში, ენერგო მოხმარება ეკონომკური ზრდის პარალელურად იზრდებოდა, მაშინ როცა ენერგომატარებლების შიდა წარმოება ერთ ნიშნულზე იყო, ან მცირდებოდა.

1974 წელს ევროპამ მიიღო ერთიანი ენერგო პოლიტიკის შესახებ პროგრამა. მაშინ მთავარი თემა ნავთობი და მისი იმპორტის შემცირების გზების ძიება იყო. დოკუმენტი 1980 და 1986 წლებში განახლდა. ევროპის მცდელობამ შედეგი გამოიღო – 10 წლის განმავლობაში ნავთობის იმპორტი განახევრდა. 1983 წლისთვის კი ევროპამ მიაღწია და შეამცირა წელიწადში 250 მილიონი ტონით ნავთობის მოხმარება, ძირითადად ენერგიის ენერგოეფექტური მოხმარების ხარჯზე. ეს დაახლოებით 20%-იან ეკონომიას ნიშნავდა. 12 წლის განმავლობაში ევროპის ქვეყნებმა იმპორტირებული ნავთობის წილი მთლიან მოხმარებაში 62%-დან 31%-მდე შეამცირეს. მოახერხებს თუ არა ევროპა იგივე წარმატებით ბუნებრივი აირის იმპორტთან დაკავშირებული პრობლემის გადაწყვეტას?

1973-1991 წლებში ნავთობის მოხმარების შემცირების პარალელურად, გაიზრდა ბუნებრივი აირის მოხმარება 19.3%-იდან 50%-მდე. ახლა ევროპა თითქმის იგივე გამოწვევის წინაშე დგას, შეიძლება უფრო რთულისაც კი, რაც 1973-იან წლებში ჰქონდა. თუ 70-იან წლებში ევროპის მთავარი თავისტკივილი ნავთობი და არაბული ნავთობ იმპორტიორი ქვეყნები იყვნენ, ახლა ნავთობი და ოპეკი გაზმა და რუსეთმა ჩაანაცვლა. „ეს არის ისეთივე ამბიციური პროექტი, როგორიც იყო ნახშირისა და ფოლადის ერთობლივი ბაზრის შექმნა. ჩვენ ვიწყებთ 28 ქვეყნის ენერგო-ბაზრის გაერთიანებას“ – განაცხადა შეფჩოვიჩმა, ბრიტანული გარდიანისთვის მიცემულ ინტერვიუში.
როგორც 19-გვერდიან პროგრამაშია გაწერილი, ევროპას მთავარი მიზანია ევროპამ ერთიანი ხმით ილაპარაკოს ენერგო პოლიტიკასთან დაკავშირებით. ევროკომისია ბევრ სირთულეს აწყდებოდა ცალკეული ქვეყნების მხრიდან, რომელთაც სუვერენიტეტის დათმობა არ სურთ და ცდილობენ საკუთარი ენერგო-ბაზარი მაქსიმალურად ავტონომიურად აკონტროლონ. „ჩვენ თავი უნდა დავაღწიოთ ბაზრის ბარიერებს, ენერგო-იზოლირებულ სივრცეებს და ფრაგმენტულ სისტემას, რომელიც არაკოორდინირებული ნაციონალური პოლიტიკებით იმართება. ამ მიზნის მიღწევა მოითხოვს ევროპის ენერგო სისტემის ფუნდამენტალურ ტრანსფორმაციას და ისეთი ენერგო კავშირის ჩამოყალიბებას, რომელიც ერთი ხმით საუბრობს საერთაშორისო ასპარეზზე“ – წერია ახალ დოკუმენტში.

ევროპის გააქტიურება რუსეთისა და გაზპრომის პროვოკაციულმა ქმედებებმა განაპირობა. აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე საომარი ვითარება კიდევ ერთი მწარე გაკვეთილია იმისა, თუ როგორ იყენებს მსოფლიოს უმსხვილესი ენერგო იმპორტიორი ბუნებრივ რესურსებს აგრესიული პოლიტიკის წარმოებისას და საკუთარი მიზნების მისაღწევად. გაზით მანიპულირების უახლესი შემთხვევა ახლახან დაფიქსირდა. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ კიევი გაზის საფასურს წინასწარ არ გადაიხდის, „გაზპრომი“ უკრაინას რამდენიმე დღეში გაზმომარაგებას შეუწყვეტს. მისივე ინფორმაციით, კომპანია კონტრაქტის პირობებს ასრულებს, ხოლო უკრაინას მხოლოდ 3-4 დღის გაზის მარაგის საფასური აქვს წინასწარ გადახდილი, რაც ამ პერიოდის გასვლის შემდეგ გაზის შეწყვეტას გამოიწვევს. რუსეთის პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ ეს ევროპის გაზმომარაგებაზეც მოახდენს გავლენას. რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, თუ კიევის ხელისუფლება აღმოსავლეთ უკრაინაში 4 მილიონამდე ადამიანს ზამთარში უგაზოდ დატოვებს, ეს გენოციდის ტოლფასი იქნება. „თუ წინასწარი გადახდა არ გაგრძელდება, „გაზპრომი,“ კონტრაქტის შესაბამისად, გაზის მიწოდებას შეწყვეტს. რა თქმა უნდა, ეს საფრთხეს შეუქმნის ევროპის ტრანზიტსაც. იმედი გვაქვს, ასეთი უკიდურესი ზომები საჭირო არ გახდება. თუმცა ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული“ – აღნიშნა ვლადიმირ პუტინმა. შემჩოვიჩის განცხადებით, იმისათვის, რომ ევროპამ შეამციროს რუსულ გაზზე დამოკიდებულება, აუცილებელია სამხრეთის კორიდორის ამუშავება (ამავე თემაზე იხილეთ „საქართველოს ეკონომიკის“ სტატია:
რა არის „გაზის სამხრეთ დერეფანი“ და რატომ იქცევა თურქეთი სატრანზიტო მონოპოლისტად
), რომელიც კასპიის ზღვის ყურედან მიაწოდებს გაზს ევროპას თურქეთის გავლით. ის გაატარებს რუსულ გაზსაც, მაგრამ, ამავე დროს, გაზს აზერბაიჯანიდან, თუქრქმენეთიდან, ირანიდან და ერაყიდან. ამ მიზნის განხორციელება მარტივი არ იქნება, რადგან რუსეთმა უკვე მოახერხა და სახმრეთის მილსადენის პროექტის განხორციელება შეაფერხა, რომელსაც შავი ზღვისა და შემდეგ ბულგარეთის გავლით გაზი ცენტრალურ ევროპაში უნდა ჩაეტანა. თაროზეა შემოდებული ნაბუქოს პროექტიც, ინვესტიციების ნაკლებობისა და საჭირო რაოდენობის ბუნებრივი აირით მომარაგების გარანტიების არარსებობის გამო.

შეფჩოვიჩის განცხადებით, ევროპამ წარსულ შეცდომებზე უნდა ისწავლოს. სამხრეთის კორიდორის პროექტი 45 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების იქნება. „ყველაზე მსხილი პროექტი იქნება მსოფლიოში და 2019 წლისთვის ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები უკვე მნიშვნელოვანი უნდა იყოს. განსაკუთრებით ისეთ ვითარებაში, როცა ვუყურებთ, თუ როგორ პოლიტიკას აწარმოებს რუსეთი“ – განაცხადა მან. ევროკომისიის მიერ გასაჯაროებულ ახალ დოკუმენტში რუსეთზე ვკითხულობთ: „გასულ თვეში განვითარებულმა პოლიტიკურმა პროცესებმა აჩვენა, რომ გაზის მომწოდებლების დივერსიფიკაცია ევროპისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ენერგო პოლიტიკა ხშირად გამოიყენება საგარეო პოლიტიკის წარმართვისთვის, განსაკუთრებით წამყვან ენერგო-მწარმოებელ და სატრანზიტო ქვეყნების მიერ. ეს რეალობა მხედველობაში უნდა მივიღოთ“. როგორც დოკუმენტშია გაწერილი, ყველა იურიდიული და პროცედურული საკითხი 2019 წლამდე უნდა მოგვარდეს, მაგრამ მთავარი გამოწვევა ევროკომისიისთვის ცალკეული ქვეყნების მხრიდან წინააღმდეგობა შეიძლება გახდეს.

გერმანია გაზპრომის ყველაზე მსხვილი მომხმარებელია. ის მოხმარებული გაზის მესამედს რუსული მონოპოლისტიგან ყიდულობს. ევროზონის 6 ქვეყანა 100%-ით არის დამოკიდებული გაზპრომის მიერ მოწოდებულ გაზზე, მთლიანად ევროკავშირი კი ენერგომატარებლების ყველაზე მსხვილი იმპორტიორია. ევროკომისიის მონაცემების მიხედვით, ევროკავშირმა გასულ წელს მთლიანად მოხმარებული ენერგიის 53%-ის იმპორტი მოახდინა, ამაში კი ჯამში 400 მილიარდი ევრო გადაიხადა. რამდენიმე დღის წინ უნგრეთის პრორუსულად განწყობილმა პრემიერმა ვიქტორ ორბენმა პუტინს უმასპინძლა და მათი შეხვედრის განხილვის მთავარი თემა ენერგო საკითხები იყო. შეხვედრის შემდეგ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ის არ დათმობს თავის სუვერენიტეტს ენერგო საკითხების გადაწყვეტასთან დაკავშირებით. გასათვალისწინებელია ისიც, რომ გაზპრომთან ბევრი ქვეყანაა გრძელვადიანი კონტრაქტით დაკავშირებული, ასევე მსხვილი კომპანიები, განსაკუთრებით გერმანიიდან, სავარაუდოდ, ისინიც გაუწევენ ლობირებას იმას, რომ არ მიიღონ ერთიანი ევროპის ენერგოპოლიტიკა მკაცრი წესებით. ევროკავშირის ენერგეტიკული კავშირისთვის მომზადებულ დოკუმენტზე დაყრდნობით უკვე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბრიუსელი მზად არის მიმდინარე წელსვე მოაწეროს ხელი მემორანდუმს აზერბაიჯანთან და თურქმენეთთან ბუნებრივი გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით მჭიდრო თანამშრომლობის თაობაზე.
არსებული ცნობებით, ბრიუსელს სურს, 2016 წლამდე შეიმუშავოს მასშტაბური პაკეტი ევროპის გაზით უზრუნველყოფის დივერსიფიკაციასთან დაკავშირებით. „ევროკავშირი საგარეო პოლიტიკის ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს, რათა შექმნას სტრატეგიული ენერგეტიკული თანამშრომლობა გაზის მწარმოებელ და ტრანზიტულ ქვეყნებთან“ – წერს გერმანული გამოცემა Spiegel Online. ასეთ ქვეყნებს შორის ასევე სახელდება ალჟირი, თურქეთი, აზერბაიჯანი, თურქმენეთი, ასევე ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რამდენიმე სახელმწიფო.

საქართველო და ევროპის ენერგეტიკული გაერთიანება

იმ შემთხვევაში, თუ ევროპა შეთანხმდება და დაიწყებს ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ერთიანი ენერგეტიკული ბაზრის შესაქმნელად, უნდა ვივარაუდოთ, რომ საქართველოს როგორც ერთ-ერთი სატრანზიტო ქვეყნის როლი მნიშვნელოვანი იქნება. მაგრამ მანამდე ჩვენს ქვეყანას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები აქვს შესასრულებელი.

საქართველო¬ ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების ძირითადი საგანია საქართველოს საკანონმდებლო და მარეგულირებელი გარემოს ეტაპობრივი დაახლოებაა ევროკავშირის ნორმებთან. ენერგეტიკის სექტორში, ასოცირების შეთანხმების ამ პირობის განხორციელების მთავარ მექანიზმად განიხილება საქართველოს გაწევრიანება ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში. ევროპის ენერგეტიკული გაერთიანება შეიქმნა 2005 წელს, ათენის ხელშეკრულების საფუძველზე და მიზნად ისახავს მისი წევრი ევროკავშირისა და სამხრეთ¬აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ენერგეტიკული სისტემების ურთიერთდაახლოებას, სტაბილური, ერთიანი მარეგულირებელი სივრცისა და მდგრადი საბაზრო კონიუნქტურის შექმნას ენერგეტიკის სექტორში, ასევე ევროკავშირის ენერგეტიკული, საბაზრო და გარემოსდაცვითი კანონმდებლობის გავრცელებას მთლიანად ევროპის და კერძოდ ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების ტერიტორიაზე. ამ გაერთიანების წევრები არიან ევროკავშირის და აღმოსავლეთ ევროპის არაწევრი ქვეყნები, მათ შორის, მოლდოვა და უკრაინა, დამკვირვებლები – ნორვეგია, თურქეთი და სომხეთი. ევროკავშირის ხელმძღვანელობამ მომავალი ხუთი წლის პრიორიტეტად განსაზღვრა ე.წ. ენერგოკავშირის შექმნა, რომელიც მოიაზრებს ევროკავშირის ერთიანი შიდა ენერგობაზრის ჩამოყალიბების ხელშეწყობას, ევროკავშირის მიერ ერთიანი პოზიციის გამომუშავებას მესამე ქვეყნებთან ურთიერთობისას. დაგეგმილია დაახლოებით 21 მლრდ. ევროს ღირებულების სტრატეგიული ინვესტიციების ფონდის შექმნა და ევროპის საინვესტიო ბანკის მიერ 67 მლრდ ევროს გაცემა ენერგეტიკული პროექტებისთვის, რომელთა საერთო ღირებულება 300 მლრდ. ევრო იქნება. EC განიხილება როგორც ევროპის სამეზობლოში ერთიანი გამჭვირვალე ენერგეტიკული ბაზრის და სტაბილური საინვესტიციო გარემოს დამკვიდრების ინსტრუმენტი.

საქართველოს ენერგეტიკული გაერთიანების წევრობა ევროკავშირის მიერ თავიდანვე განიხილება, როგორც სტრატეგიული სატრანზიტო პროექტების განხორციელების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობა. 2007 წლიდან საქართველოს დამკვირვებლის სტატუსი აქვს ენერგეტიკულ გაერთიანებაში, 2010 წელს დაიწყო წინასწარი მოლაპარაკებები ევროკომისიასთან ენერგეტიკულ გაერთიანებაში (ეგ) გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ამავე წელს, ბრიუსელში მოეწყო სპეციალური ენერგეტიკული კონფერენცია, სადაც მოხდა საქართველოს არაოფიციალური მიწვევა ეგ გაწევრიანებაზე. იმავე წლის ნოემბერში კი, ევროკავშირის პრეზიდენტმა მიმართა საქართველოს პრეზიდენტს წინადადებით, რომ საქართველოს ოფიციალური განაცხადი გაეკეთებინა ენერგეტიკული გაერთიანების სრულუფლებიან წევრობაზე. ასეთი განაცხადი საქართველოს მთავრობამ 2013 წლის იანვარში გააკეთა. თუმცა მოლაპარაკებები პრაქტიკულად შეჩერებულია 2014 წლის გაზაფხულიდან, როცა შეფერხდა ორმხრივი საკონსულტაციო შეხვედრები. პროცესების გაჭიანურებამ კი შესაძლებელია ზიანი მიაყენოს მთლიანად ევროინტეგრაციის პროცესს და მასთან დაკავშირებული მრავალი სარგებლისა და ეროვნული ინტერესის განხორციელებას.

ენერგეტიკული კავშირის წევრობა კი ბევრ დადებითს ნიშნავს საქართველოსთვის. EC წევრობით გამყარებული ევროპული სტანდარტის კანონმდებლობისა და სისტემების ჩამოყალიბება ქმნის გამჭვირვალე, სტაბილურ საკანონმდებლო და მარეგულირებელ გარემოს, რაც ქვეყანაში კვალიფიციური სტრატეგიული ინვესტორების მოზიდვისა და ინვესტიციის მოცულობების გაზრდის, ასევე სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებისა და სტრატეგიული ენერგეტიკული პროექტების განხორციელების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ენერგეტიკული გაერთიანების წევრობა პოლიტიკური ასოცირების მნიშვნელოვანი ნაბიჯია და აჩვენებს პოლიტიკური არჩევანის სიმწიფეს, რამაც შედეგად უნდა გამოიღოს ქვეყნის უსაფრთხოებისათვის უმნიშვნელოვანესი ევროპული და ევროატლანტიკური პოლიტიკური მხარდაჭერის უფრო მაღალი ხარისხი. EC წევრობა, ასევე გულისხმობს ევროპული კანონმდებლობის დანერგვაში ფინანსური და ტექნიკური დახმარების მიღებას. ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანების შედეგად საქართველოს ექნება შესაძლებლობა, ისარგებლოს ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) უფრო შეღავათიანი და გრძელვადიანი კრედიტებით, რაც ყველაზე დაბალპროცენტიანი საკრედიტო რესურსია.

EC წევრობა ასევე მოითხოვს ენერგოეფექტურობის, განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებას, გარემოსდაცვისა და კონკურენციის პირობების დაცვას და ა.შ., რაც ქვეყნის და საზოგადოების ტექნოლოგიურ და ინსტიტუციურ განვითარებას ნიშნავს. ენერგეტიკული გაერთიანება არის ევროპასთან ენერგეტიკული ურთიერთობების პლატფორმა და ფორუმი, სადაც საქართველოს შეეძლება მონაწილეობა და საკითხების დაყენება სხვა ქვეყნებთან ერთად. ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის მიხედვით, ევროინტეგრაცია და, აქედან გამომდინარე, ჰარმონიზაცია ენერგეტიკულ სფეროში, ისევე როგორც ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის განხორციელება, არის საქართველოს ეროვნული ინტერესი, ამიტომ საქართველოს მთავრობა უნდა ესწრაფოდეს მის განხორციელებას ყველა შესაძლებლობით, მათ შორის, EC წევრობით.

როგორც ევროკავშირის, ფონდ ღია საზოგადოება საქართველოსა და „აღმოსავლეთ პარტნიორობა – საქართველოს“ მიერ დაფინანსებული კვლევის შედეგებში (პოლიტიკური კვლევის დოკუმენტი „საქართველოს გაწევრიანება ენერგეტიკულ გაერთიანებაში“) ვკითხულობთ, საქართველოს EC-ს დამკვირვებლად ყოფნის პერიოდში სრული წევრობის რამდენიმე ბარიერი სახელდებოდა. კერძოდ: საქართველოს არა აქვს ენერგეტიკული გაერთიანების ქვეყნებთან პირდაპირი სახმელეთო კავშირი, რადგან თურქეთი ჯერ კიდევ დამკვირვებლის სტატუსითაა გაერთიანებაში. ამის გამო, შეუძლებელია ევროპის ენერგეტიკულ ბაზარზე პირდაპირ გასვლა და ენერგეტიკულ საგანგებო სიტუაციებში ურთიერთდახმარების მუხლის ამოქმედება. მიუხედავად ამისა, თურქეთი ცდილობს საკუთარი ენერგეტიკული სისტემის ევროპის ენერგეტიკულ სისტემასთან ინტეგრაციასა და ჰარმონიზაციას, რაც საქართველოსთვის აღნიშნულ ბარიერს ნაწილობრივ ხსნის; ასევე საფრთხედ განიხილებოდა საქართველოში ევროპის ენერგეტიკული დირექტივების მესამე პაკეტის განხორციელება, რის შედეგადაც საქართველოს სამრეთ კავკასიური მილსადენიდან სატრანზიტო ხელშეკრულებით განსაზღვრული ოფციური და დამატებითი გაზის მიღებას საფრთხე შეიძლება შექმნოდა; საქართველოსთვის მნიშნველოვანი ბარიერია ვერტიკალურად ინტეგრირებული კომპანიების არსებობა ელექტროენერგეტიკულ და გაზის სექტორებში, ასევე ამ კომპანიებთან მთავრობის მიერ გაფორმებული გრძელვადიანი მემორანდუმები, რომლებიც პირდაპირ ეწინააღმდეგებიან ევროკავშირის პრინციპებს.

დღევანდელი რეალობა ასეთია – ევროპა აგრესიულად იწყებს ერთიანი ენერგეტიკული ბაზრის კონცეფციის გატარებას, ამისათვის მას აუცილებლად ესაჭიროება ენერგომატარებლების საიმპორტო წყაროების დივერსიფიკაცია. მნიშვნელოვან მიმწოდებლებად კი განიხილება ის ქვეყნები, რომელთა უმეტესობიდანაც ენერგო მატარებლების გზა ევროპისკენ საქართველოზე გადის. ენერგეტიკული გაერთიანების წევრობაზე მოლაპარაკებების გაჭიანურებამ კი შესაძლოა, საქართველოს პროდასავლურ განვთარებაზე უარყოფითად იმოქმედოს.

საყურადღებოა, რომ 2013 წელს EC წევრობაზე უარის თქმის სანაცვლოდ რუსეთი მოლდოვას გაზის ფასის მესამედით შემცირებას და ეკონომიკურ დახმარებას სთავაზობდა, რაზეც მოლდოვამ უარი განაცხადა და გაწევრიანდა ამ გაერთიანებაში. ეს კიდევ ერთი მაჩვენებელია ამ ნაბიჯის მნიშვნელობისა.