რა არის „გაზის სამხრეთ დერეფანი“ და რატომ იქცევა თურქეთი სატრანზიტო მონოპოლისტად

რუსეთის პრეზიდენტის მიერ „სამხრეთის ნაკადის“ რეალიზაციაზე უარის თქმისა და პრიორიტეტად „თურქეთის ნაკადის“ დასახვის შემდეგ, ევროპას მართლაც აქვს შეშფოთების საფუძველი. მართალია, ამ ხმაურიანი განცხადებებიდან ძალიან მალე ევროკომისარმა მაროშ შეფჩოვიჩმა ევროპის ენერგეტიკული გეგმები წარმოადგინა, რომელიც „გაზის სამხრეთული დერეფნის“ პროექტის გააქტიურებას და სხვა მთელ რიგ ამოცანებს მოიცავს, მაგრამ ამ მიმართულებას ძალიან ბევრი კრიტიკოსი ჰყავს და თვითონ ევროპის ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრებისთვისაც არადამაჯერებლად ჟღერს ის აზრი, რომ ამ პირობებში ევროპა 2019 წლისთვის სამხრეთის მიმართულებიდან პირველ გაზს მიიღებს. გარდა იმისა, რომ ევროპას ნამდვილად სჭირდება საწვავის დამატებითი მოცულობები და ეს მისი სერიოზული საფიქრალია, არის მეორე მომენტი – რუსეთთან ე.წ. განხეთქილებამ და თურქეთის მიმართულებით სხვა გაზსადენის მშენებლობამ შესაძლოა ამ ქვეყანას მინავლებული იმპერიული ვნებები გაუღვივოს, რადგან ფაქტობრივად მისგან სატრანზიტო მონოპოლისტი იქმნება. ამასთან დაკავშირებით, ევროკავშირი შეეცდება რუსეთს ჩამოართვას შესაძლებლობა, გაზის ფასების საშუალებით გავლენა მოახდინოს ევროკავშირის ქვეყნებზე და აპირებს ევროპის ენერგეტიკული კავშირი შექმნას, რომლის მთავარი იდეა ის არის, რომ ევროპულმა კომპანიებმა საწვავი ერთი მყიდველის სახით შეიძინონ.

დეკემბრის დასაწყისში, როცა ცნობილი გახდა, რომ რუსეთი „სამხრეთის ნაკადის ნაცვლად“, თურქეთის გავლით სხვა მილსადნეს ააშენებდა, ბრიუსელმა თურქეთთან თანამშრომლობა გაააქტიურა. ევროკავშირის დელეგაცია ანკარას ეწვია, პირობა დადო, რომ ევროინტეგრაციის პროცესს დააჩქარებდნენ და გამოუყოფდნენ 70 მილიონ ევროს, სირიიდან 1,9 მილიონი ლტოლვილის შესანახად, საუბარი „სამხრეთის ნაკადის“ შეჩერებასაც შეეხო და თურქეთის გავლით გაზსადენის აშენებას, რომლის გეოპოლიტიკური წონა, პერსპექტივაში, როგორც გაზის საკვანძო ტრანსპორტიორისა, შესაძლოა მნიშვნელოვნად გაიზარდოს. შეხვედრაზე არაერთხელ გაიჟღერა ევროპის დელეგაციის მხირდან თურქეთის ევროკავშირში მიღების დაჩქარების აუცილებლობის შესახებ. თურქეთი სულ უფრო მეტად განიხილება, როგორც გეოპოლიტიკური კონკურენციის არენა და რუსეთთან ურთიერთობის სტატუს-კვო მომავალშიც უბიძგებს ევროპას და დასავლეთს იმისთვის, რომ შეინარჩუნონ ანკარაზე ზემოქმედების ბერკეტები. თურქეთს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კემერონიც სტუმრობდა თავის დელეგაციით.

ამოცანა მაქსიმუმი, რომელსაც ეს „დესანტი“ მიზნად ისახავდა იყო ანკარასთან მიეღწიათ შეთახნმებისთვის, რომ ის მიერთებოდა ანტირუსულ სანქციებს, მინიმუმი კი – დაერწმუნებინათ თურქეთის ხელისუფლება, ევროპის ადგილი არ დაეკავებინათ რუსეთის სამომხმარებლო ბაზარზე. საპასუხოდ ანკარამ განაცხადა, რომ თურქეთი ნებისმიერ შემთხვევაში თავის ინტერესებით იხელმძღვანელებს: „თურქეთი არ გააკეთებს არჩევანს ევროკავშირსა და რუსეთს შორის, ჩვენ პროექტებს საკუთარი და ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით ვავითარებთ“, – განაცხადა ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა და დასძინა, რომ რუსეთთან ერთობლივი გაზის ტრანსპორტირების სისტემა და მერსინის პროვინციაში ატომური სადგურის აშენება რჩება ანკარის გეგმებში იმის მიუხედავად, თუ რას იფიქრებს ამაზე დასავლეთი.

თავის მხრივ, ევროპა მზად არის გასწიოს დამატებითი დანახარჯები იმისთვის, რომ ალტერნატიული გზის ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფა მოახდინოს, რომელთა შორის გათხევადებული გაზის ტერმინალები და შესაბამისი მილსადენის სისტემა შედის, „გაზის სამხრეთულ დერეფანთან“ მიერთება ან შელფური საბადოების შემუშავება შავ და ხმელთაშუა ზღვებში.

n_58339_1

მოცემულ მომენტში, ევროკავშირისთვის პრიორიტეტული „გაზის სამხრეთული დერეფნის“ რეალიზაციაა. კასპიური გაზის მიღება და ამით მარშრუტებისა და წყაროების დივერსიფიცირება ევროკავშირისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამასთან, სატრანზიტო ქვეყნებისგან, რომლებიც პროექტის გაზის განშტოებები იქნებიან, პრინციპული თანხმობა უკვე მიღებულია. ევროკომისარი მაროშ შეფჩოვიჩი აცხადებს, რომ მან აზერბაიჯანისა და თურქეთისგან გარანტია მიღებულია, რომ ისინი მიუერთდებიან „გაზის სამხრეთული კორიდორის“ პროექტის რეალიზაცის, მათ შორის ტრანსკასპიური გაზსადენის.

სამხრეთის კორიდორის იდეა ახალი არ არის, მაგრამ ევროკავშირმა მასზე მსჯელობას იმდენი დრო მოანდომა, რომ თუ მისი რეალიზაციის განხორციელება დაიწყება, მშენებლობის ხარჯების ტვირთი მთლიანად ევროპის ქვეყნებს დააწვებათ. სამხრეთ დერეფნის პროექტი სამხრეთკავკასიური გაზსადენის (ბაქო-თბილისი-ერზერუმი) გაფართოებაა, ასევე თურქეთში გაზსადენ TANAP-ის და მისი ევროპაში გაგრძელების TAP-ის მშენებლობა. სავარაუდო სიგრძე – 3500 კილომეტრი. ძირითადი მიზანი – ევროპაში გაზის მიწოდების უსაფრთხოების ამაღლება და რუსეთის, როგორც მონოპოლისტის გამოთიშვა მიმწოდებლის როლიდან, ხოლო უკრაინისა, როგორც გაზის სატრანზიტო ქვეყნის. პროექტის გაცხადებული ღირებულება დაახლოებით 45 მილიარდი დოლარია.

„გაზის სამხრეთული დერეფანი“ უზრუნველყოფს ევროკავშირის გაზის ბაზარსა და მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი საბადოს შორის პირდაპირ კავშირს. ნედლეულის ძირითადი მიმწოდებლები უნდა გახდნენ აზერბაიჯანი და თურქმენეთი, შესაძლოა ერაყიც. მომავალში არ გამოირიცხება პროექტში ირანისა და ეგვიპტის ჩართვა, მაგრამ მოცემულ მომენტში ამ ქვეყნებში არსებული პოლიტიკური ვითარება პროექტში მათი ჩართვის შესაძლებლობას არ იძლევა. გაზის საკვანძო სატრანზიტო ქვეყანა თურქეთი გახდება, სხვა სატრანზიტო მარშრუტები გაივლის შავი ზღვისა და ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილს.

2013 წლის 17 დეკემბერს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აზერბაიჯანული „შაჰ-დენიზის“ საბადოს დამუშავების ახალი სტადიის დაწყების შესახებ, აქედან მოპოვებული გაზის ექსპორტირება უნდა მოხდეს სწორედ ახალი გაზსადენის საშუალებით. იგეგმება, რომ აზერბაიჯანული გაზი ამ გაზსადენის საშუალებით მიწოდებული იქნება საქართველოში უკვე არსებული გაზსადენის „ბაქო-თბილისი-ერზერუმის“ პარალელურად, ხოლო საქართველოში, კონკრეტულად გარდაბანში მილი მიუერთდება საკომპრესორე სადგურს და გაზის ნაკადი მიმართული იქნება თურქეთში უკვე არსებული ინფრასტრუქტურისკენ.

თურქეთი ნედლეულის პირველი მიწოდება 2018 წლისთვის იგეგმება, ხოლო შემდეგ 2019 წელს, როგორც დაგეგმილი იყო – ევროპაში. ამასთან, პირველ ეტაპზე ახალი გაზსადენის სიმძლავრე დაახლოებით 10 მილიადი კუბური მეტრი იქნება წელიწადში, ეს მოცულობა მომავალში სავარაუდოდ 20 მილიარდამდე გაიზრდება. 2020 წლისთვის „გაზის სამხრეთული დერეფნის“ საშუალებით დაიფარება ევროკავშირის მოთხოვნის 10-20%, რაც წარმოადგენს წელიწადში 45-90 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს.

ექსპერტები ეჭვობენ, რომ ის რუსული გაზის მიწოდების მოცულობის ჩანაცვლებას სამხრეთის ეს მიმართულება შეძლებს. უახლოესი ათი წლის განმავლობაში ამ გზით გარანტირებულია 10 მილიარდი აზერბაიჯანული გაზის მიღება, ევროპის გაზის ბაზარი კი 500 მილიარდ კუბურ მეტრად ფასდება. თურქმენეთი დიდი ხანია გადაერთო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისთვის გაზის მიწოდებაზე. ერაყი უმეტესად თავის შიდა ბაზარს უზრუნველყოფს, ეგვიპტე ვეღარ აუდის გაფორმებული კონტრაქტების მომსახურებას. რჩება აზერბაიჯანი.

1353036420_transeCaspian

ექსპერტების აზრით, ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი გაზის მიღების გეგმა არადამაჯერებლად გამოიყურება. ერთი მხრივ, შავი და ხმელთაშუა ზღვის შელფებზე არის გაზის მსხვილი მარაგები, მაგალითად, ჯერ კიდევ 2011 წელს ლევიფანის საბადო, ძალიან პერსპექტიულად მიიჩნეოდა და ერთ-ერთ უმსხვილეს საბადოდ ითვლება, მაგრამ სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ ის ლიბანისა და ისრაელის ხმელთაშუა ზღვის სექტორების საზღვარზე მდებარეობს და რამდენადაც ზღვაში საზღვრების დემარკაცია ჯერ არ გაკეთებულა, უცნობია ვის ეკუთვნის გაზი. იგივე სიტუაციაა კვიპროსის მარაგებთან დაკავშირებითაც.

„გაზის სამხრეთული დერეფანი“ გაივლის: ყაზახეთს, თურქმენეთს, აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს. დატალური განხილვისას ეს გზა ბევრ კითხვას ბადებს. აღნიშნული მიმართულება კასპიისპირა რეგიონის ორმა სახელმწიფომ უნდა მოამარაგოს: თურქმენეთმა და აზერბაიჯანმა. როგორც უკვე აღვნიშნეთ და ამაზე თვით აზერბაიჯანელი სპეციალისტებიც საუბრობენ, მათ ქვეყანას შეუძლია საშუალოვადიან პერსპექტივაში ევროპის დაახლოებით 10 მილიარდი კუბური მეტრი გაზით მომარაგება, ისიც 2019 წლისთვის. სხვა რესურსული ბაზა, რომელიც მილსადენს მიუერთდება, დღეისთვის არ არსებობს, თუმცა ევროკომისიის ჩინოვნიკები დარწმუნებულნი არიან, რომ უახლოეს წლებში ეს სამარშრუტო მიმართულებები გაჩნდება და პროექტში კასპიისპირა სახელმწიფოები მაქსიმალურად ჩაერთვებიან. პირველ რიგში, მათ მხედველობაში ტრანსკასპიური გაზსადენი აქვთ, რომელიც თურქმენეთსა და აზერბაიჯანს დააკავშირებს და არსებულ მილებს მიუერთებს კიდევ ერთ მსხვილ რესურსულ ბაზას. თურქმენეთი აზერბაიჯანზე უკეთ არის გაზით უზრუნველყოფილი. ის ჩინეთს წელიწადში დაახლოებით 65 მილიარდ კუბურ მეტრს მიაწვდის, გარდა ამისა, ამუშავებს გალკინიშის გიგანტურ საბადოს, რომელსაც თეორიულად შეუძლია თავის მარაგებით მსოფლიოში მეორე ადგილი დაიკავოს. თუმცა, არის მეორე მხარეც, თურქმენეთის მარაგების შესაფასებლად, აუცილებელია, საბადოებისა და გეოლოგიური კვლევების აუდიტი და შეთანხმებების იურიდიული ანალიზი – თუ ვის რამდენ ნედლეულს დაჰპირდა აშხაბადი, ანუ ვის აქვს მომავალში გაზის მოცულობის შესყიდვის უპირატესი უფლება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჯერ კიდევ 2013 წლის სექტემბერში აშხაბადს პირველი ვიზიტით ესტუმრა ჩინეთის პრეზიდენტი, რომელმაც ხელი მოაწერა მთელ რიგ კონტრაქტებს რესპუბლიკის ხელმძღვანელობასთან, რომლის თანახმადაც, გაზის ლომის წილი ექსპორტირებული იქნება ჩინეთში, ამასთან, მას გაზზე პრიორიტეტული უფლება აქვს თურქმენეთის ყველაზე მსხვილი საბადოებიდან, რადგან მათ დამუშავებას ეწევა.

მთელი პროექტის ხაზი ტრანსკასპიური გაზსადენია, რომელმაც უნდა გაიაროს ყაზახეთის, თურქმენეთის ტერიტორიები აზერბაიჯანის მხარეს კასპიის ზღვის ფსკერზე. გვერდზე რომ გადავდოთ ის პრობლემა, რომ აკვატორიის სტატუსი სამართლებრივად ჯერ გარკვეული არ არის, მშენებლობა შესაძლოა რუსეთმა ან ირანმა ძალიან მარტივად დაბლოკოს, მიზეზი კი შეიძლება უამრავი რამ გახდეს, ვთქვათ, კოლოსალური ეკოლოგიური ზარალი კასპიის ზღვისთვის. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზოგიერთი ექსპერტი დიდი სკეპსისით უყურებს ტრანსკასპიურ გაზსადენს, იმდენად რამდენადაც, იმისთვის, რომ პროექტმა მიიღოს რეალური მოხაზულობა, აუცილებელია მის ძირითად ინვესტორთან სიტუაცია გადაწყდეს. რამდენად მზად არის თურქმენეთი საბიუჯეტო სახსრები დახარჯოს გაზსადენის მშენებლობისთვის (აშხაბადი უპირატესობას ანიჭებს ნედლეულის საზღვარზე გაყიდვის პოლიტიკას, რაც მას ათავისუფლებს იმ ხარჯებისგან, რაც საზღვრისპირა მილსადენების მშენებლობას სჭირდება), გარდა ამისა, პროექტის რეალიზება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად არიან ევროპის ქვეყნები მზად დაფარონ აუცილებელი ხარჯები კასპიიდან ზღვის გაზის მაგისტრალის ასაშენებლად.

მილსადენების ამ განლაგებებში ყველაზე საინტერესო თურქეთის როლია. გამოდის, რომ „სამხრეთის ნაკადის“ შეწყვეტის შემდეგ ბრიუსელმა ანკარის სახით, მოლაპარაკებებში უკიდურესად რთული პარტნიორი მიიღო. თურქეთი დათანხმდება ყველა ევროპულ მარშრუტს, ის არაფერს კარგავს, ყველა შემთხვევაში ის სატრანზიტო ქვეყანა გამოდის თავისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო, საქმე იმაშია, მას სურს თუ არა მის ტერიტორიაზე გამავალი დამატებითი სიმძლავრეები. გარდა ამისა, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ევროკავშირმა მიწოდების დივერსიფიცირების ნაცვლად სატრანზიტო მონოპოლისტი შექმნა.

რუსეთთან პირობების კარნახისთვის ევროპის ენერგეტიკული კავშირის შექმნა, საინტერესო იდეაა, გეგმა შესაძლოა უკვე იანვარში წარადგინონ, დღეს მხოლოდ შავი ფორმატის სახით არსებობს. კავშირი ევროპელი მომხმარებლების შესაძლებლობას გაზრდის, რომ ბაზარს თავიანთი პირობები დაუწესონ. თუმცა, ძირითადი ქვეყნები უკიდურესი სიფრთხილით ეკიდებიან გაერთიანების იდეას. წინააღმდეგია, მაგალითად, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი. ექსპერტები ამ სიფრთხილეს იმით ხსნიან, რომ ქვეყნებს არ უნდათ დაკარგონ თავიანთი ხმები შესყიდვების დროს მოლაპარაკებისას. გარდა ამისა, ამ იდეის მთავარი მოწინააღმდეგეები ევროპის ენერგოკომპანიები არიან, რადგან ისინი დღეს პირდაპირ ყიდულობენ რუსულ გაზს მთავრობათაშორისო შეთანხმებებით და ყველას თავისი შეთანხმება აქვს ფასდაკლებებთან დაკავშირებით. ამ გადაწყვეტილების ეკონომიკური რეზონი ის არის, რომ ბითუმად გაზის ყიდვა ბევრად იაფია და გარდა ამისა, ეს ევროკომისიას მისცემს შესაძლებლობას იცოდეს, ვინ რამდენად ყიდულობს სინამდვილეში გაზს რუსეთისგან. დღეს ეს ინფორმაცია კონტრაქებში დახურულია.

თუკი ენერგოკავშირი შეიქმნება, განსაკუთრებულ პირობებზე კულუარებში მოლაპრაკება აღარ გამოვა. გეგმის მეორე იდეა – მესამე ქვეყნებიდან ევროპის ენერგეტიკულ სექტორში ინვესტიციები შეზღუდვაა, მათ შორის თუ პირველ რიგში არა – რუსეთის. მსგავსი კავშირის შექმნის კრიტიკოსები ამბობენ, რომ გაერთიანების იდეა კონკურენციის შესახებ კანონმდებლობას ეწინააღმდეგება და ფიქრობენ, რომ ეს ზომები მხოლოდ პოლიტიკურია – რუსეთთან ურთიერთობების გაფუჭების ფონზე შეხედულებათა ერთიანობის დემონსტრირება.

ზოგიერთი ექსპერტი ფიქრობს, რომ ევროკომისია თავის პოლიტიკურ მიზნებს მსხვერპლად სწირავს გაზის უმსხვილესი მომხმარებლების ინტერესებს, რომლებიც ახლა ფასდაკლებით სარგებლობენ. ამ კავშირის შექმნით ევროკომისია ევროკავშირის წევრებზე თავის ძალაუფლებას გაამყარებს და რუსეთზე ზეწოლის ახალ ბერკეტს მიიღებს მესამე ენერგოპაკეტის მაგივრად.

ამავე თემაზე იხილეთ:
რუსეთ-თურქეთის სახიფათო კავშირები