10%-იანი სიღატაკისა და 15%-იანი უმუშევრობის მიღმა

მოამზადა მაკა ღანიაშვილმა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 10%-ია ღატაკი და მხოლოდ 14.6% უმუშევარი. განვითარებადი ქვეყნისთვის არცთუ ცუდი მაჩვენებლებია, მაგრამ რამდენად არის ეს რიცხვები ახლოს რეალობასთან? ოფიციალური სტატისტიკით, 2013 წელს საქართველოში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ დაახლოებით 430 ათასი ადამიანი ცხოვრობდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტის ვებ-გვერდი იმასაც გვეუბნება, რომ იმავე წელს საქართველოში 1 712 100 ადამიანი იყო დასაქმებული და უმუშევრობა საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 14.6%-ს აწუხებდა. სამწუხაროდ, რეალობა განსხვავებულია.

სპეციალისტთა შეფასებით, დღეს საქართველოს მოსახლეობის არა 10%, არამედ დაახლოებით 40%-ია ღარიბი. ყოველგვარი მათემატიკური ფორმულებისა და საარსებო მინიმუმის დათვლის რთული მეთოდოლოგიის გამოყენების გარეშეც ნათელია, რომ სტატისტიკის მონაცემები რეალურ სურათს ვერ ასახავს. რეალურად, თუკი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის მაჩვენებელს 2005 წლის მეთოდოლოგიით დავითვლით (მცენარეული და ცხოველური პროდუქტების თანაფარდობა), ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 45% ღარიბთა კატეგორიაში გადაინაცვლებს. საქმე იმაშია, რომ მსოფლიოში სიღარიბის დათვლის რამდენიმე მეთოდოლოგია არსებობს და უნდა ვივარაუდოთ, რომ საქართველოში ნეგატიური მონაცემების შემცველი კრიტერიუმის დადგენა იმ მეთოდოლოგიის გამოყენებით ხდება, რომელიც ნაკლებად დრამატულ სურათს ხატავს. რაც შეეხება უმუშევრობის მაჩვენებელს, მისი დათვლის მეთოდოლოგიის მიხედვით, თვითდასაქმებულად ითვლება ნებისმიერი ადამიანი, ვისაც თუნდაც მცირე ფერმერული მეურნეობა აქვს სოფლად, ამიტომაც ვიღებთ პარადოქსულ ჩანაწერს საქართველოს სტატისტიკის სამსახურის 2013 წლის ანგარიშში, სადაც წერია, რომ „უმუშევრობის დონე გაცილებით დაბალია სოფლის მოსახლეობაში, ქალაქის მოსახლეობასთან შედარებით“ (საქსტატის ანგარიში „დასაქმება და უმუშევრობა 2013 წელი).

ეკონომისტები სიღარიბის დონეს რამდენიმე კუთხით განიხილავენ. ერთია – წმინდა სტატისტიკური, როდესაც ქვეყნის სტატისტიკური სამსახური სხვა ეკონომიკურ უწყებებთან შეთანხმებით, დაახლოებით, 150-ლარიან საარსებო მინიმუმს განსაზღვრავს. ფაქტობრივად, ღარიბად მიიჩნევა ის ადამიანი, რომელსაც 150 ლარზე ნაკლები შემოსავალი აქვს. ეს არის წმინდა სტატისტიკური მიდგომა. მეორეა – სუბიექტური მიდგომა, ანუ რა შემოსავლის შემთხვევაში მიიჩნევს ადამიანი თავს ღარიბად. რეალურად, ადამიანს მინიმალურ დონეზე არსებობისთვის გაცილებით მეტი თანხა სჭირდება, ვიდრე 150 ლარია. რეალური გათვლებით, სიღატაკის დონეზეა ის ადამიანი, რომელსაც 300 ლარზე ნაკლები შემოსავალი აქვს. ღარიბი კი ის ოჯახია, რომლის შემოსავალი 1000-1200 ლარია.

რაც შეეხება დასაქმების მაჩვენებლის რეალური სურათის უკეთესად აღქმას, ამაში დაუბეგრავი მინიმუმის თემა კარგ სამსახურს გაგვიწევს. 2015 წელს საქართველოს მთავრობამ მეორედ განახორციელა დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნების პროგრამა, რომლის მიხედვითაც ყველა მოქალაქე, რომლის შემოსავალიც ხელფასის სახით წლის განმავლობაში 6000 ლარზე ნაკლებია, ბიუჯეტში გადახდილ თანხას უკან მიიღებს. იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომლებმაც დაუბეგრავი მინიმუმის მისაღებად შემოსავლების სამსახურის ვებ-გბერდზე დეკლარაცია შეავსეს, საინტერესო ფაქტებზე მეტყველებს. დაუბეგრავი მინიმუმის მისაღებად დეკლარაციების შევსება 1 აპრილს დაიწყო. 16 აპრილისთვის დეკლარაცია 368 043 ადამიანს ჰქონდა შევსებული. საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის ოფიციალური მონაცემების მიხდევით, 2013 წელს (2014 წლის მონაცემები ჯერ ხელმისაწვდომი არ არის) ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის რაოდენობა 2 003 900 ადამიანს შეადგენდა. მათგან დასაქმებულია 1 712 100 ადამიანი. იმავე სტატისტიკის დეპარტამენტის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ამ დასაქმებული ადამინების 61.3% თვითდასაქმებულია და მხოლოდ 38.7% დაქირავებით დასაქმებული, ანუ დაახლოებით 662 583 ადამიანი. მათგან 368 043 (16 აპრილის ოფიციალური მონაცემებით) შემოსავალი თვეში 500 ლარი ან ნაკლებია. გამოდის, რომ საქართველოში დაქირავებით დასაქმებულ ადამიანთა მხოლოდ 17,2%-ის (დაახლოებით 294 540 დაქირავებული) შემოსავალი აჭარბებს თვეში 500 ლარს. რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის (2 003 900 ადამიანი) მხოლოდ 14.7%-ის შემოსავალი აჭარბებს წელიწადში 6000 ლარს. აღსანიშნავია ისიც, რომ 16 აპრილს დაუბეგრავი მინიმუმების აპლიკაციის შევსების პროცესი არ დასრულებულა და სავარაუდოდ, იმ ადამიანთა რაოდენობა, რომელიც ოფიციალურად მოახდენს იმის დეკლარირებას, რომ წელიწადში 6000 ლარზე ნაკლები შემოსავლით უწევს არსებობა, კიდევ გაიზრდება.

გარდა ამისა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, უმუშევრობის სტატისტიკის დათვლისას გამოიყენება მეთოდოლოგია, რომლის მიხედვითაც დასაქმებულად ითვლება ყველა ის ადამიანი, ვინც სოფელში ცხოვრობს და თუნდაც მცირე შიდა მეურნეობას ეწევა, საიდანაც შემოსავალი, უმეტეს შემთხვევაში, არათუ 500 ლარი, არამედ გაცილებით ნაკლებია თვეში. გარდა ამისა, ბევრია ისეთი დაქირავებით დასაქმებული, ვისი შემოსავალიც 500 ლარზე ნაკლებია თვეში, მაგრამ დამქირავებლების მიერ წარმოებული არასრულყოფილი ბუღალტერიის გამო ვერ ახერხებს დეკლარაციის შევსებას.

უმუშევრობის მაღალი ტენდენციისა და დაბალი ხელფასების პარალელურად, მდგომარეობას ართულებს ქვეყანაში ბოლო პერიოდში ლარის კურსის გაუფასურება და ამის გამო ინფლაციის მზარდი მაჩვენებელი. სხვადასხვა ჯგუფის საქონელზე ფასების ზრდის პარალელურად მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს მძიმე ტვირთად აწვება დოლარებში აღებული კრედიტების მომსახურებაც. 2015 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით საქართველოში ინფლაციის დონემ 1.2%, 2014 წლის მარტის თვესთან შედარებით კი 2.6% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ინფლაციაში ყველაზე დიდი წილი სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე გაზრდილ ფასებზე მოდის, რაც განსაკუთრებით ართულებს ისედაც ღარიბი მოსახლეობის მდგომარეობას.

1
წყარო: www.geostat.ge

2
წყარო: www.geostat.ge
ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის გაუფასურებას უკავშირდება ვადაგადაცილებული სესხების რაოდენობის ზრდაც. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემების მიხედვით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2015 წლის მარტში საბანკო დაწესებულებებში არსებული ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 14%-ით არის გაზრდილი და 305 მილიონ ლარს შეადგენს. ხოლო წინა თვესთან შედარებით ვადაგადაცილების მოცულობა 4%-ით არის გაზრდილი. ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებამ ყველაზე მეტად სწორედ უცხოურ ვალუტაში არსებული სესხების ღირებულება გაზარდა, რაც მათი ვადაგადაცილების რისკს ზრდის. თუკი მომხმარებელმა ბანკიდან უცხოურ ვალუტაში სესხი ლარის გაუფასურებამდე აიღო, მაშინ მას დღეს ბანკისთვის დაახლოებით 1/3-ით მეტი თანხის დაბრუნება უწევს, ვიდრე წინასწარ ჰქონდა განსაზღვრული, რაც იმის რისკს ზრდის, რომ მან შესაძლოა ბანკის დავალიანება დროულად ვერ დაფაროს. წინა წელთან შედარებით უცხოურ ვალუტაში არსებული ვადაგადაცლებული სესხების მოცულობა 14%-ით არის გაზრდილი, თებერვალთან შედარებით კი ზრდა 4.5%-ს შეადგენს. ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხების ვადაგადაცილების მაჩვნებელიც წინა წელთან შედარებით 14%-ით არის გაზრდილი, ხოლო თებერვალთან შედარებით ვადაგადაცილების ზრდა 3%-ს შეადგენს.

ქვეყანაში სოციალური ფონი მძიმეა. „კრედიტინფო საქართველოს“ მონაცემების მიხედვით, რომელიც 2005 წლიდან აწარმოებს საქართველოში ფიზიკური თუ იურიდიული პირების საკრედიტო ინფორმაციის რეესტრს, ქვეყანაში სხვადასხვა სასესხო პროდუქტით დაახლოებით 1 845 800 ფიზიკური პირი სარგებლობს (მაშინ, როცა ქვეყანში დაქირავებით დასაქმებული ადამიანი, რომელსაც შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სტაბილური ყოველთვიური შემოსავალი აქვს დაახლოებით 662 600 ადამიანი, მათგან ნახევარზე მეტს კი თვეში 500 ლარზე ნაკლები შემოსავალი აქვს!).

აღსანიშნავია კიდევ ერთი გარემოება, კომერციული ბანკების ვადაგადაცილებული დავალიანებების ზრდის გარდა, იზრდება მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ დასაკუთრებული უძრავი ქონების მოცულობაც, რომელმაც 2014 წლის პირველ კვარტალში 5.7 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2013 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.2-ჯერ გაზრდილი მონაცემია. ამასთანავე, სოციალური ფონის დამძიმებით აიხსნება ონ-ლაინ დაკრედიტების ბუმი ქვეყანაში. მათ მიერ გაცემული სესხის საპროცენტო განაკვეთი კოლოსალურია, წლიურმა ეფექტურმა საპროცენტო განაკვეთმა შეიძლება 1000-1500%-ს მიაღწიოს. მსგავსი ორგანიზაციები კი უმეტეს შემთხვევაში სესხებს სწორედ უმუშევარ ადამიანებზე გასცემენ, რომლებმაც ბანკისაგან უარი მიიღეს. ადამიანებს სხვა გზა არ რჩებათ, გარდა იმისა, რომ სესხის ახალ წყაროებს მიაკითხონ და ფაქტოვრივად კაბალურ პირობებს მოაწერონ ხელი.

როგორც დოლარში, ისე ლარში აღებული ვადაგადაცილებული სესხების და ასევე, მიკროსაფინანსოების მიერ დასაკუთრებული უძრავი ქონების ზრდის მაჩვენებელი იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს მოსახლეობის გადახდისუნარიანობა თვიდან თვემდე მცირდება. ამის მიზეზი ლარის კურსის ვარდნა და მისი მსყიდველობითი უნარის შემცირება, დაქირავებით დასაქმებულთა ძალიან დაბალი მაჩვენებელი და ამ დაბალ მაჩვენებელში კიდევ უფრო დაბალი რიცხვი იმ დაქირავებულისა, რომლის სახელფასო შემოსავალიც წელიწადში 6000 ლარს აღემატება. ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ დათვლილი 10%-იანი სიღატაკისა და 15%-იანი უმუშევრობის მაჩვენებელი უბრალოდ მითია.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial