მარნეულში კომპლექსური სამაცივრე მეურნეობა გაიხსნა

მარნეულში, სოფელ ჯანდარში, შპს “აგროინვესტ 146“-ის სამაცივრე კომპლექსის გახსნას საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიის პრეზიდენტი როვგან აბდულაევი, ქვემო ქართლის რეგიონში რწმუნებულ-გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში აზერ ჰუსეინი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

შპს “აგროინვესტ 146“-ის სამაცივრე კომპლექსი 2 ჰექტარ ფართობზეა განლაგებული და გათვლილია 2100 ტონა სხვადასხვა სახის პროდუქტსა და 1000 ტონა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტზე. სამაცივრე მეურნეობაში დაახლოებით 50 ადამიანი დასაქმდება.

“ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ახალი ობიექტი, რომელიც მოემსახურება ქვემო ქართლის რეგიონის მოთხოვნებს ამ მიმართულებით. ამ რეგიონში არასეზონზე სასოფლო პროდუქციის გაყიდვის საშუალება არ ჰქონდათ ადგილობრივ მწარმოებლებს, მათ უწევდათ ან ძალიან დაბალ ფასად გაყიდვა, ან ასევე დაბალ ფასად ექსპორტი და ხშირად ხდებოდა ხოლმე შემდეგ იმავე საქონლის იმპორტი. ამიტომ ამ სამაცივრე მეურნეობის გახსნა, სადაც შვიდი მილიონის ინვესტიცია განხორციელდა, არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვემო ქართლის მხარისთვის. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს, კომპანია „სოკარს,“ ორმოცდაათი ადამიანი დასაქმდება პირდაპირ ამ მეურნეობაში, ხოლო ირიბად ეს სამაცივრე კომპლექსი ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის მიმართულებით დასაქმებას თავად რეგიონში. ძალიან სასიხარულოა, რომ სოფლის მეურნეობის კუთხით ამ ერთ-ერთ ძალიან აქტიურ რეგიონში იქნება უახლესი, გერმანული და თურქული ტექნოლოგიებით აღჭურვილი ახალი სამაცივრე მეურნეობა“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ჯანდარში სამაცივრე კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები AkkordGeorgia“-მ 2013 წლის მარტში დაიწყო. აშენდა ოფისის შენობა, დამხმარე სათავსო, სამაცივრე კამერები, ტრანსფორმატორის შენობა (ელექტროქსელი), უსაფრთხოების შენობა, საქონლის აწონვის პუნქტი, წყლის რეზერვუარი და სხვა ნაგებობები.

კომპანიის წარმომადგენლების ინფორმაციით, სამაცივრე კამერების სისტემა 4 250 კვ/მ-ს მოიცავს და 12 სამაცივრე კამერისა და 1 შემნახველი კამერისგან შედგება. 2 სამაცივრე კამერა, რომელიც – 5°C/-20°C ტემპერატურაზეა გათვლილი, განკუთვნილია ხორცის და თევზის პროდუქტებისთვის. 10 კამერა კი -5°C/+ 5°C ტემპერატურაზე მუშაობს და ხილისა და ბოსტნეულისთვისაა განკუთვნილი.

თანამედროვე სტანდარტების სამაცივრე სისტემა თურქულმა ფირმა “IMGE”-მ დაამონტაჟა გერმანული წარმოების დეტალების გამოყენებით. სისტემის აღჭურვილობას “AkkordGeorgia” უზრუნველყოფს.

სამაცივრე მეურნეობის საერთო ღირებულება 7 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, აქედან სამაცივრე აღჭურვილობის ღირებულება 1,1 მლნ აშშ დოლარია.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial