ცვლილებების ახალი პაკეტი „საგადასახადო კოდექსში“

20 აპრილს მთავრობის სხდომაზე ფინანსთა სამინისტრომ წარადგინა ცვლილებების პაკეტი, რომელიც, ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, ბიზნესის ხელშეწყობისა და სტიმულირებისთვის მნიშვნელოვან მექანიზმებს ითვალისწინებს. მთავრობის წევრებმა ცვლილებების პაკეტი უკვე დაამრკიცეს.

ცვლილებების თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე, 2015 წლის 1 აპრილამდე შემოტანილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თავისუფლდება აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებაზე საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის, წარდგენის/გამოცხადების/ზოგადი დეკლარირების/დეკლარირების ვადის დარღვევისათვის, სასაქონლო ოპერაციის პირობების დარღვევისათვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან, თუ იგი 2015 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოფს ამ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების წარდგენას და გაფორმებას.

გარდა ამისა, ცვლილებების კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს გარკვეული კატეგორიის გადასახადის გადამხდელებისთვის საგადასახადო ტვირთის შემცირებას:
• ფიზიკური პირის მიერ ფიზიკური პირზე საცხოვრებელი ფართის გაქირავების შედეგად მიღებული შემოსავალი, დაიბეგრება საშემოსავლო გადასახადის 5 პროცენტიანი განაკვეთით, ნაცვლად დღეს არსებული 20 პროცენტისა;
• ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი სახლის და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის, აგრეთვე ავტომანქანის მიწოდების შედეგად მიღებული ნამეტი შემოსავალი დაიბეგრება 5 პროცენტით, ნაცვლად არსებული 20 პროცენტისა;
• არარეზიდენტისათვის გადახდილი როიალტი დაიბეგრება გადახდის წყაროსთან 5 პროცენტიანი განაკვეთით, ნაცვლად არსებული 10 პროცენტიანი განაკვეთისა.
ასევე, გათვალისწინებულია ცალკეული საგადასახადო სანქციების შემსუბუქება კერძოდ:
• გადასახადის ვადაში გადაუხდელობისათვის არსებული საურავი 0.06 პროცენტისა, მცირდება 0.05 პროცენტამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
• საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად, პირი დამატებით დაჯარიმდება, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით, ნაცვლად დღეს არსებული 50%-ისა. ამასთან, დანაკლისი განიხილება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად;
• აღურიცხავი საქონლის გამოვლენისთვის სანქცია მცირდება ამ საქონლის ღირებულების 50 პროცენტამდე, ნაცვლად არსებული 100 პროცენტისა.

ცვლილებების ნაწილი ბიზნესთან კონსულტაციისა და მათი წინადადებების გათვალისწინებით მომზადდა. საგადასახადო კოდექსში მომზადებული აღნიშნული ცვლილებების პაკეტი განსახილველად პარლამენტს გადაეგზავნება.

როგორც ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, საქართველოს მთავრობა განაგრძობს მუშაობას ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე, რომელიც მიმართულია სამართლიანი და ეფექტური ადმინისტრირებისათვის საჭირო სამართლებრივი ბაზის შექმნისკენ, ჯარიმებისა და სანქციების შემდგომი ლიბერალიზაციისკენ.