აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის და ცენტრალური აზიის ქვეყნების ენერგეტიკული მომავალი

მოამზადა მაკა ღანიაშვილმა

საქართველოსა და მთლიანად კავკასიის რეგიონის გარშემო საინტერესო გეოპოლიტიკური ვითარება იქნება. შეიძლება ითქვას, რომ ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა, განსაკუთრებით კი უკრაინისა და რუსეთის კრიზისმა კავკასიის რეგიონის გეოპოლიტიკური და ენერგეტიკული მნიშვნელობა კიდევ უფრო გაზარდა. რეგიონის ენერგობაზარზე ახალი კონიუნქტურა ყალიბდება და სულ უფრო აქტუალური ხდება კითხვა – რომელი ქვეყანა რამდენად მოახერხებს ენერგოუსაფრთხოების მიღწევას და როგორი იქნება მისი როლი ახალ ენერგო რუკაზე?

International Energy Associasion-ის მიხედვით, რუსეთის ბუნებრივი გაზის რეზერვები 2013 წლის მონაცემებით, 48.7 ტრლნ კუბ.მ-ს შეადგენდა და იგი ამ კომპონენტში მსოფლიო ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს. ქვეყნის ბუნებრივი გაზის მარაგი მთლიანი მსოფლიო გაზის მარაგის დაახლოებით მეოთხედია. ახალი არ არის ის ფაქტი, რომ ევროპა რუსულ გაზზე დამოკიდებულების მაქსიმალურად შემცირებას ისახავს მიზნად. ამიტომაც ევროპა აზერბაიჯანის შაჰ-დენიზი 2-ის საბადოს განვითარებას დიდ მხარდაჭერას უცხადებს და „ტრანს-ანატოლიური“ გაზსადენის განხორციელებაში აქტიურადაა ჩართული. რუსეთი, რომელიც გლობალური მასშტაბით ბუნებრივი გაზის მიმწოდებლებს შორის მოწინავე პოზიციას იკავებს, მთელი ევროპის მოხმარების დაახლოებით 30%-ს უზრუნველყოფს (წლიურად 150 მლრდ კუბ.მ – 2013წ). უკრაინის კრიზისამდე ევროპას რუსული გაზის 50% ტრანზიტის სახით უკრაინის გავლით მიეწოდებოდა. ყირიმსა და სხვა რეგიონებში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო გაზის მიწოდება მნიშვნელოვნად შეფერხდა. ევროკავშირისა და ამერიკის სანქციების გამო რუსეთის მიერ დაგეგმილი South Stream-ის გაზსადენის მშენებლობა, რომელიც შავი ზღვის გავლით ბულგარეთის, სერბეთის, უნგრეთის, სლოვენიისა და ხორვატიის მეშვეობით ავსტრიაში სრულდებოდა, უარყოფილ იქნა ევროკავშირის მიერ. ეს გაზსადენი, რუსეთისათვის ევროპისთვის გაზის მიწოდების კუთხით უკრაინის ალტერნატივას წარმოადგენდა, რომლის მეშვეობითაც წლიურად 63 მლრდ კუბ.მ გაზის ტრანზიტი იყო დაგეგმილი.

რუსეთის ბიუჯეტის 50% მხოლოდ ნავთობისა და გაზის ოპერაციებიდან მიღებულ შემოსავლებზეა დამოკიდებული. აქედან გამომდინარე, ნახშირწყალბადების რეალიზაციის შემცირება დიდ ზიანს აყენებს ქვეყნის ეკონომიკას. 2014 წლის ბოლოს რუსეთმა მოლაპარაკებები დაიწყო თურქეთთან ახალი გაზსადენის Turkish Stream-ის მშენებლობაზე, რომლის საპროექტო სიმძლავრე წლიურად 63 მლრდ კუბ.მ იქნება. წინასწარი მონაცემებით, თურქეთს აღნიშნული გაზსადენით 2016 წლის დეკემბრისთვის 16 მლრდ კუბ.მ მიეწოდება. დღეისათვის რუსეთი თურქეთისთვის უმსხვილესი გაზის მიმწოდებელია, რომელიც ამ უკანასკნელს წლიური მოთხოვნის (45 მლრდ კუბ.მ) დაახლოებით 56%-ს აწვდის.

კავკასიის რეგიონში თურქეთის შემდეგ რუსეთის ყველაზე მსხვილ მომხმარებელს სომხეთი წარმოადგენს. სომხეთი 100%-ით რუსული გაზის იმპორტზეა დამოკიდებული, რომელიც ამ რესურსს საქართველოს გავლით იღებს „ჩრდილო-სამხრეთის“ მაგისტრალური გაზსადენის მეშვეობით. სომხეთს რუსეთთან 2014-2018 წლების მანძილზე 1000 კუბ.მ გაზის 189 აშშ დოლარად შესყიდვის კონტრაქტი აქვს გაფორმებული. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემების მიხედვით (ენერგოდაიჯესტი, 05/02/2015), რუსულ ბუნებრივ გაზზე დამოკიდებულების კუთხით, თურქეთთან და სომხეთთან შედარებით საქართველო უფრო თავისუფალია. საქართველოს წლიური მოხმარების, რომელიც საშუალოდ 2 მლრდ კუბ.მ-ია, დაახლოებით 10%-ია უზრუნველყოფილი რუსული გაზით. საქართველო რუსეთსა და სომხეთს შორის სატრანზიტო კორიდორია და სწორედ ტრანზიტის ანაზღაურების სანაცვლოდ ყოველწლიურად იღებს გატარებული გაზის 10%-ს, რომელიც წლიურად საშუალოდ 200 მლნ კუბ.მ-ს შეადგენს.

კავკასიის რეგიონში აზერბაიჯანი რუსეთისთვის სულ უფრო მძლავრი კონკურენტი ხდება, დაგეგმილი ენერგოპროექტების განხორციელების შემთხვევაში კი – ევროპაშიც. აზერბაიჯანმა უკვე ჩაანაცვლა რუსული გაზის მიწოდება საქართველოში 2006 წლის შემდეგ (1.89 მლრდ კუბ.მ – 2014წ) და ასევე ზრდის მიწოდებას თურქეთში. აზერბაიჯანისთვის რეგიონში პოზიციების გაძლიერების კუთხით მნიშნველოვან ფაქტორს TANAP-ის გაზსადენის პროექტის განხორციელება წარმოადგენს, რომლის მეშვეობითაც შაჰ-დენიზის მე-2-ე ფაზის განვითარების შემთხვევაში, ქვეყანას შესაძლებლობა აქვს საკუთარი გაზი საქართველო-თურქეთის გავლით ევროპას მიაწოდოს. რუსეთ-თურქეთის ახალი დაგეგმილი Turkish Stream-ისგან განსხვავებით, TANAP-ის პროექტს ევროპისგან უფრო დიდი მხარდაჭერა აქვს. 11 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების TANAP-ის მილსადენის საწყისი გამტარუნარიანობა 16 მლრდ კუბ.მ იქნება, საიდანაც 2018 წლის ბოლოს ან 2019 წლის დასაწყისში 6 მლრდ კუბ.მ თურქეთს, ხოლო დანარჩენი 10 მლრდ კუბ.მ ევროპას მიეწოდება. საბოლოოდ, 2026 წლისთვის გაზსადენის სიმძლავრე 31 მლრდ კუბ.მ- მდე გაიზრდება. საქართველოს გარშემო შექმნილი რეალობა ასეთია – ერთი მხრივ, Turkish Stream-ის პროექტის, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რუსეთისთვის და მეორე მხრივ, TANAP-ის პროექტი, რომელიც გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია თურქეთისა და კავკასიაში მისი მეზობელი ქვეყნებისთვის. რუსეთის იმპერიალისტური ზრხავების გათვალისწინებით, არამარტო ევროპის, არამედ რუსული ენერგომატარებლების იმპორტიორი ნებისმიერი ქვეყნისთვის მასზე დამოკიდებულების შემცირება პრიორიტეტი უნდა იყოს. ამის ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორი კი ნაკლებინტეგრირებული რეგიონული ენერგობაზრებია.

გრაფიკი #1. ქვეყნების დამოკიდებულება რუსეთ-აზერბაიჯანის გაზზე, 2014 წ.
Screen Shot 2015-04-21 at 4.19.16 PM
წყარო: საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო

ამის შესახებაა საუბარი ევროკავშირის ენერგეტიკული თანამშრომლობის პროგრამა „INOGATE“-ის და საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) ორწლიანი ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად შემუშავებული ენერგეტიკული პოლიტიკის დოკუმენტშიც, რომლის პრეზენტაციაც თბილისში 17 აპრილს გაიმართა.

როგორც საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ პრეზენტაციაზე განაცხადა, დოკუმენტში დიდი ყურადღებაა გამახვილებული საქართველოს ენერგეტიკულ პოლიტიკაზე და ამ დარგში ბოლო წლებში განხორციელებულ რეფორმებზე „ეს არის მისასალმებელი, რომ ძალიან დადებითი შეფასება აქვს ამ ყველაფერს, მაგრამ ჩვენ არ ვჩერდებით, კიდევ ბევრი სამუშაო, ძალიან ბევრი რეფორმა გვაქვს ჩასატარებელი იმისთვის, რომ შევძლოთ და უახლოეს მომავალში საქართველო გახდეს ენერგეტიკულად დამოუკიდებელი ქვეყანა. ინვესტიციების კუთხით ჩვენ არ გვაქვს პრობლემები. ამ დარგში ძალიან ბევრი ინვესტიცია ხორციელდება, თუმცა ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი პროექტი და მეტი ინვესტიცია იქნას განხორციელებული“ – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ენერგო სექტორში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2014 წელს, საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემების მიხედვით, 923 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, 2006 წელს ეს მაჩვენებელი 658 მილიონი აშშ დოლარი იყო. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ გასულ წელს დარგში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა ნაკლებია 2006-2008 წლების საშუალო მაჩვენებელთან შედარებით – 1.5 მილიარდი აშშ დოლარი. თბილისში გამართულ პრეზენტაციაზე კომენტარი გააკეთა საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა, მარია ვან დერ ჰოევენმაც.

„პირველ რიგში, ეს გახლავთ შესაბამისი კურსის განხორციელება, რომელიც დაგეგმილი და გაცხადებულია. მეორე, არ უნდა დავკმაყოფილდეთ მხოლოდ და მხოლოდ ჰიდრორესურსებით და ყურადღება გავამახვილოთ განახლებად რესურსებზეც, ბიოთერმულზეც და ა.შ. მესამე, კიდევ უფრო დავხვეწოთ და კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავიყვანოთ შესაბამისი კაპიტალდაბანდებებისთვის ძალზე სასურველი გარემო, რომ მოვიზიდოთ კაპიტალი და ბოლოს ის, რომ უნდა განვახორციელოთ და ძალიან მაღალ დონეზე დავაყენოთ ენერგოქმედითუნარიანობა. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გავზრდით პოტენციალს, ჩვენ ნაკლებად ვიქნებით დამოკიდებულები, ექსპორტს შევძლებთ და გარდა ამისა, შევქმნით უფრო დაბალ ფასებს და დაბალ დანახარჯებს უზრუნველვყოფთ. ყველაფერი ეს საერთო ჯამში უზრუნველყოფს აბსოლუტურ უსაფრთხოებას და სრულ მომარაგებას ენერგეტიკის სფეროში. ეს გახლავთ სწორედ ის მიზანი, რომლისკენაც ისწრაფვის ხალხი და ქვეყანა“, – განაცხადა ჰოევენმა. მან ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს გეოპოლიტიკურ და გეოგრაფიულ მდებარეობას და აღნიშნა, რომ საქართველო ხიდია აზიასა და ევროპას შორის.

რაც შეეხება დოკუმენტს, ის მიმოიხილავს ენერგეტიკული პოლიტიკისა და სექტორის განვითარებას სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელორუსიაში, საქართველოში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, მოლდოვაში, ტაჯიკეთში, თურქმენეთში, უკრაინაში და უზბეკეთში. პუბლიკაციაში წარმოდგენიალია ზოგადი სახის რეკომენდაციები რეგიონში გადაწყვეტილებების მიმღები პირებისათვის. ქვეყნების მიმოხილვა შეესაბამება INOGATE-ის ენერგეტიკული განვითარების პროგრამის ოთხ ძირითად მიმართულებას: ენერგო უსაფრთხოება, ენერგეტიკული ბაზრების ინტეგრაცია, მდგრადი განვითარება და საინვესტიციო გარემო. მსოფლიო ენერგეტიკულ უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის რესურსებით მდიდარ და სატრანზიტო ქვეყნებს, რომლებიც მდებარეობენ მსოფლიოს სწრაფად მზარდი ენერგეტიკული ბაზრების მახლობლად.

მიუხედავად რეგიონის პოლიტიკური და ეკონომიკური ზრდის მრავალფეროვნებისა, ძირითადი ტენდენციები, რომლებიც მთელ რეგიონში აღინიშნება მოიცავს: გაუმჯობესებულ ენერგეტიკულ კანონმდებლობას, შემცირებულ ბარიერებს ინვესტიციებისათვის და ბაზრის პროგრესულ ლიბერალიზაციას. თუმცა ენერგეტიკული სექტორის მთავარ გამოწვევებად რჩება: მოძველებული ინფრასტრუქტურა, მაღალი ენერგო ინტენსივობა, დაბალი ენერგო ეფექტურობა, აუთვისებელი ალტერნატიული ენერგეტიკული პოტენციალი და ნაკლებეფექტურად ფუნქციონირებადი რეგიონული ენერგეტიკული ბაზრები. გრძელვადიანი ხედვის და დაგეგმვის ნაკლებობა, რომელიც ნიშანდობლივია მთელი რეგიონისთვის, აუცილებელია ატრიბუტიკა უფრო უსაფრთხო და მდგრადი მომავლის ასაშენებლად და აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებმა უნდა მოახდინონ ენერგეტიკული პრიორიტეტების განსაზღვრა და სტრატეგიული ენერგო პოლიტიკის განხორციელება. როგორც დოკუმენტში საქართველოს შესახებ არის ნათქვამი, საქართველოს აქვს განახლებადი ენერგიის დიდი რესურსი. დღეისათვის ჰიდროენერგია და ბიომასა მთლიანი ენერგო მოხმარების 25%-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ზაფხულის პერიოდში ქვეყანა 100%-ით შიდა რესურსებით იკმაყოფილებს ელექტროენერგიაზე მოთხოვნას, ზამთრის თვეებში კი დამოკიდებული ხდება იმპორტირებულ ბუნებრივ აირზე. თუმცა, როგორც დოკუმენტშია მოცემული, საქართველო ჰიდრორესურსების მხოლოდ 12%-ს ითვისებს ამჟამად.

დოკუმენტში ხაზგასმულია ისიც, რომ მზის ენერგიის გამოყენება ძირითადად მხოლოდ შიდა მეურნეობების დონეზე ხდება. 2008 წელს საქართველოს მთავრობამ მიიღო სახელმწიფო პროგრამა განახლებად ენერგიასთან დაკავშირებით. პროგრამა მოიცავს ფასების დერეგულაციას ახალ განახლებად ენერგოწყაროებზე, ელექტროენერგიის ლიცენზიის გარეშე ექსპორტის შესაძლებლობას წელიწადში 9 თვის განმავლობაში, დაბალ გადასახადებს და სხვა ინიციატვებს. როგორც დოკუმენტში წერია, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველომ წარმატებას მიაღწია ელექტრომომარაგების უსაფრთხოების კუთხით, რაც დიდწილად ელექტროქსელისა და ჰიდრო ელექტროსადგურების რეაბილიტაციის შედეგია. დოკუმენტში საუბარია საქართველოდან ელექტრო ენერგიის ექსპორტის გაზრდის პერსპექტივაზე აზერბაიჯანსა და სომხეთში თურქეთის გავლით. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს სრულად არ აუთვისებია ენერგო პოტენციალი განსაკუთრებით ენერგოდამზოგავ სექტორში და ეს ეხება როგორც მოხმარებას, ასევე შენობების დათბუნებას, წარმოებისა და ტრანსპორტის სექტორს.

საქართველოს მთავრობა ამზადებს განახლებად ენერგიასთან დაკავშირებულ კანონს, ამჟამად კი ქვეყანაში არ არსებობს საკანონმდებლო ბაზა ენერგო ეფექტურობასთან დაკავშირებით. ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ენერგო დანაკარგი ბუნებრივი აირის სადისტრიბუციო ქსელში მაღალია ევროპული ქვეყნების საშუალო მაჩვენებელთან შედარებით. შენობებისა და საწარმოო სფეროს მოძველებული ინფრასტრუქტურა ასევე ზრდის ენერგო დანაკარგებს.

დოკუმენტში ყურადღება ასევე გამახვილებულია ენერგო სტრატეგიის საჭიროებაზე, რომელიც თანხვედრაში უნდა იყოს საქართველოს განვითარების გეგმასთან ე.წ. „20/20“-თან და საქართველოს ეკონომიკური განვითარების როგორც საშუალო, ასევე გრძელვადიან პროგნოზებთან. ასევე ხაზგასმულია საქართველოს საკანონმდებლო ბაზის დაახლოების საჭიროება ევროპულ საკანონმდებლო ნორმებთან და ჰარმონიზებული ენერგო ბაზრის შექმნის აქტუალობა, რომელიც გაამარტივებს ქართული ელექტროენერგიის ექსპორტს თურქეთსა და ასევე ევროპაში თურქეთის გავლით. დოკუმენტში ხაზგასმულია ის ფაქტიც, რომ საქართველოსთვის აუცილებელია სტატისტიკურ მონაცემთა ბაზის დახვეწა და დაინტერესბულ პირთა ხელმისაწვდომობის გაზრდა.

„INOGATE“-ის თითოეული პარტნიორი ქვეყნის ენერგეტიკული პოლიტიკის მიმოხილვის პროცესი 13 აპრილს ბრიუსელში დაიწყო და თითოეულ პარტნიორ ქვეყანაში გრძელდება.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial