ფული თქვენი ბიზნესისათვის

სოფიკო სიჭინავა

XXI საუკუნის პირველი ეკონომიკური მახასიათებელიBის არის, რომ ქვეყნის უსაფრთხოება და, უპირველეს ყოვლისა, მდგრადობა მის ფინანსებზე და საბანკო სავალუტო სისტემაზეა დამოკიდებული. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ეკონომიკა ჯერ კიდევ შორსაა ნორმალური განვითარების ტემპისგან, ის, რაც საბანკო სფეროში ბოლო ხანებში მოხდა, ნამდვილად ქების ღირსია.

ორი რამ, რაც აუცილებლად უნდა აღინიშნოს, პირველი – საკრედიტო რესურსების გაიაფება 32-40%-დან 18-24%-მდე (შეიძლება ეს ტენდენცია ჩვენმა ოპონენტებმა მსოფლიო ანალოგიურ ბაზარზე მიმდინარე ტენდენციებს დააბრალონ სადაც წლიური ლიბორი 1.8%-დან 2.1%-მდე მერყეობს, მაგრამ ისეთი რისკიანი ბიზნესის ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ეს უდავოდ საბანკო სფეროს დამსახურებაცაა); მეორე – შემობრუნება მცირე და საშუალო ბიზნესების დაფინანსებისაკენ. დღეს საქართველოს მცირე ბიზნესს ქართული კომერციული ბანკების სახით სერიოზული პარტნიორები გაუჩნდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, იმ საბანკო კოჰორტის ათეულში, რომელიც საქართველოს საბანკო ბაზარზე ამინდს ქმნის, გასულ წელს მიღებული მოგების მიხედვით, მე-10 ადგილზეა “თბილუნივერსალბანკი”, ხოლო მოსახლეობის ანაბრების მოზიდვის მიხედვით (რაც ნდობის და იმიჯის სერიოზული ბარომეტრია), მერვე ადგილზეა. თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოში სულ 26 კომერციული ბანკია, ეს სერიოზული განაცხადია. “თბილუნივერსალბანკის” 2001 წლის ფინანსური მაჩვენებლები საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურება. – განაცხადა ჩვენთან საუბარში დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ბ-ნმა ტარიელ გვალიამ:

ბანკის ზრდის ყველა მაჩვენებელი სჭარბობს ანალოგიურს, საბანკო სისტემისათვის. მაგალითად, კაპიტალზე უკუგების ნორმამ 12,3%-ს მიაღწია, მაშინ, როდესაც სისტემაში იგი მხოლოდ 5,3%-ის დონეზე დაფიქსირდა. სისტემაში აქტივების 15%-იანი ზრდის ფონზე, “თბილუნივერსალბანკის” აქტივების ზრდამ 19%-ს გადააჭარბა. ანალოგიური სიტუაციაა სხვა მაჩვენებლების მიხედვითაც.
2001 წელი საქართველოს საფინანსო ბაზარზე მნიშვნელოვანი სტრუქტურული ცვლილებების პერიოდად იქცა. კერძოდ, ხარისხობრივად, ახალ დონეზე ავიდა კერძო სექტორის დაფინანსების ტექნოლოგიები. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მცირე ბიზნესისა და კერძო მეწარეთა დაკრედიტების ბაზარზე მომხდარი აქტივიზაცია და რიგი მსხვილი ფინანსური ინსტიტუტების ჩართვა ამ პროცესში. გაიზარდა მოთხოვნა გრძელვადიან დაკრედიტებაზე. ასევე აშკარაა, რომ სულ უფრო იზრდება მოთხოვნა საბანკო მომსახურების ხარისხზე. თანდათან პოპულარული ხდება ფინანსური მომსახურების თანამედროვე თუ ჩვენთან ნაკლებად გავრცელებული ფორმები. კერძოდ, საბარათე საგადამხდელო საშუალებები, განვადების პროგრამები, თანხების აკუმულაციის სპეციალური სადეპოზიტო პროდუქტები და ა.შ. აღნიშნულმა ვითარებამ “თბილუნივერსალბანკის” მენეჯმენტისაგან მოითხოვა მობილურობის და ცვალებად გარემოში ადეკვატურად მოქმედების უნარი. ვფიქრობ, ჩვენ ეს შევძელით. კერძოდ, 2001 წელს მნიშვნელოვნად გავზარდეთ ბანკის საკრედიტო აქტივობა როგორც მოცულობის, ისე მომსახურების სპექტრის მხრივ. ამავე პერიოდში დავიწყეთ ახალი სერვისების შეთავაზება. ეს ეხება ფულადი გზავნილების ტრადიციულ თუ ახალ სისტემებს, გარკვეულ სადეპოზიტო პროდუქტებს, რომელიც გათვლილია მოსახლეობისა და მეწამეთა ფართო ფენებზე.

2002 წლის განმავლობაში “თბილუნივერსალბანკის” წინაშე დგას მთელი რიგი მნიშვნელოვანი ამოცანები როგორც ბაზრის ახალი სეგმენტების ათვისებისა და მომსახურების სპექტრის გაფართოების, ისე ბანკის შიდა სტრუქტურის შემდგომი სრულყოფის მიმართულებით. 2002 წელს ჩვენ მეტ ყურადღებას დავუთმობთ კერძო მეწარმეებსა და მოქალაქეებს, უფრო ინტენსიურად გავაგრძელებთ მომხმარებელთა ამ კატეგორიაზე ორიენტირებული ფინანსური მომსახურების ფართო შეთავაზებას. ამასთან, კვლავ მიმზიდველად რჩება “თბილუნივერსალბანკისათვის” ტრადიციული – საშუალო ბიზნესის ფინანსური მომსახურების სფერო. აქ სახეზეა მზარდი მოთხოვნა თანამედროვე დაკრედიტების, დეპოზიტურ თუ რისკის მართვის ინსტრუმენტებზე. ჩვენი გამოცდილების გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ “თბილუნივერსალბანკის”, პოზიციები საშუალო ბიზნესის მომსახურების სეგმენტზე 2002 წელს მნიშვნელოვნად გამყარდება.

ის პროდუქტი, რაც ჩვენი მკითხველისათვის ყველაზე საინტერესოა, ევრობანკთან ერთად შექმნილი მცირე ბიზნესის განვითარების პროგრამაა, სადაც გათვალისწინებულია 18-24%-იანი გრძელვადიანი კრედიტები. ამ პროგრამის მარილი დაბალი საპროცენტო განაკვეთის გარდა არის ის, რომ იგი ხელმისაწვდომი, ღია და გმჭვირვალეა ყველა იმ ბიზნესმენთათვის, რომელთაც რეალური საქმე და პროგრამა გააჩნიათ. ამ პროგრამის დახმარებით უკვე ათასობით სამუშაო ადგილია შექმნილი და ქვეყნის ეკონომიკას მნიშვნელოვანი დოვლათი ემატება.

ბატონო ტარიელ, საქართველოს საბანკო ბაზარი ვერ ასცდა კატაკლიზმებს, ბევრი დაიხურა, ბევრიც უმძიმეს მდგომარეობაშია. რაში მდგომარეობს თქვენი მდგრადი განვითარების გასაღები?

ჩვენი მდგრადობის და დინამიური განვითარების რეცეპტი, ალბათ, ბანკის მენეჯმენტში და მის მიერ შერჩეულ სტრატეგიაშია, რომელიც გავლილი პერიოდის განმავლობაში კონსერვატულ მიდგომებს ეფუძნებოდა, რაც თავისთავად ზედმეტ სიფრთხილესა და არათანაზომადი რისკების აღებაზე უარის თქმას გულისხმობს. შესაძლოა, აღნიშნულმა მიდგომამ ბევრი შესაძლებლობები გაგვაშვებინა ხელიდან, მაგრამ დღეის გადასახედიდან ნათლად ჩანს, რომ ჩვენ მიერ ბოლო წლებში გატარებულმა პოლიტიკამ გაამართლა და ბანკს შეუქმნა მყარი პოზიციები განვითარების ახალ და უფრო აგრესიულ ეტაპზე გადასასვლელად.

მცირე ბიზნესის ფენა წარმოადგენს განვითარებადი საბაზრო ეკონომიკის ფესვებს. მისი განვითარების გარეშე წარმოუდგენელია ქართული ეკონომიკის განვითარება, ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ მცირე ბიზნესი სხვა უფრო დიდი ზომის ბიზნესებთან შედარებით გაცილებით დამოუკიდებელი და თვითმყოფადი ორგანიზმია, რომელიც ვითარდება და იზრდება ბუნებრივ გარემოში და მაკრო ეკონომიკური სიტუაციის კარგ ინდიკატორს წარმოადგენს. საქართველოს ეკონომიკის განვითარების ბუნებრივი ფაზა ამ ეტაპზე სწორედ მცირე ბიზნესების განვითარებას გულისხმობს, რომელთაც მომავალში გადარჩევის შედეგად საფუძველი უნდა მისცენ უფრო დიდი მასშტაბის ბიზნესებს, აქედან გამომდინარე, ჩვენი ინტერესიც ამ სეგმენტის მიმართ საკმაოდ დიდია და ვცდილობთ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ყველანაირად შევუწყოთ ხელი მათ განვითარებას, ამ შემთხვევაში საბოლოო შედეგით ყველამ უნდა მოიგოს: ბანკი ამყარებს თავის პოზიციებს აღნიშნულ სეგმენტზე და იქმნის ძლიერ პლაცდარმს სამომავლოდ. მცირე ბიზნესებისათვის ხელმისაწვდომი ხდება ფინანსური რესურსები და სხვა საბანკო პროდუქტები, რომლებიც ხელს უწყობენ მათი ფინანსური ეფექტურობის ზრდას, საზოგადოებისათვის კი იქმნება დამატებითი სიმდიდრეები როგორც სამუშაო ადგილების, ასევე უფრო მაღალი ხარისხის პროდუქტისა და მომსახურების სახით, ყველაფერი ეს ერთად აღებული კი ქმნის ქვეყნის ეკონომიკის განვითარების პირობებს, თუმცა, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს განვითარებისათვის რამდენად ეფექტურად იქნება ყოველივე ეს გამოყენებული, უკვე დამოკიდებულია სახელმწიფო მმართველობით რგოლებზე.

ევრობანკის პარტნიორობა, ალბათ, სერიოზული პასუხისმგებლობაა. კონკრეტულად რაშია თანამშრომლობა, ერევიან თუ არა ისინი თქვენს ყოველდღიურ საქმიანობაში და როგორ?
ევრო ბანკთან თანამშრომლობა, რა თქმა უნდა, ფორმალურ ვალდებულებებთან ერთად, სერიოზულ პასუხისმგებლობას გულისხმობს, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც ჩვენი ურთიერთობა დაიწყო. 1997 წელს ჩვენს ბანკს ბაზარზე გაცილებით სუსტი პოზიციები გააჩნდა და ფინანსურადაც არც ისე ძლიერი იყო, მაგრამ ბანკის განვითარების ჩვენეულმა ხედვამ და მათთან თანამშრომლობის დიდმა სურვილმა, მაშინ ევრო ბანკის წარმომადგენლები დაარწმუნა, რომ ჩვენთან საქმიანი ურთიერთობა დაეწყოთ და დღეისათვის შეიძლება ითქვას, რომ მოლოდინი გამართლდა. ჩვენი ურთიერთთანამშრომლობა მოიცავს როგორც ევრობანკის მხრიდან ჩვენი ბანკისათვის გრძელვადიანი საკრედიტო ხაზების გამოყოფას, ასევე ტექნიკური დახმარების გაწევას, რაც გამოიხატება კონსულტანტების მოწვევით, კადრების ტრენინგით, ბანკის სხვა და სხვა მიმართულებების განვითარებაში დახმარებით და ა.შ. ისინი, რა თქმა უნდა, ჩვენს საქმიანობას მეთვალყურეობენ, ვინაიდან ჩვენ გახსნილი გვაქვს საკრედიტო ხაზები, მაგრამ ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში არ ერევიან, ალბათ ამის საფუძველი აქვთ გამომდინარე ჩვენს შორის უკვე ჩამოყალიბებული გამჭვირვალე და წარმატებული ურთიერთობებიდან.

ევრო ბანკი ჩვენთვის არის როგორც დონორი, რომელიც ხელმისაწვდომს ხდის ჩვენთვის გრძელვადიან ფინანსურ რესურსებს, ასევე პარტნიორი, რომელიც როგორც უკვე აღვნიშნე დიდ დახმარებას გვიწევს ბანკის საქმიანობის სხვადასხვა მიმართულებების მეთოდოლოგიურ და პროცედურულ დახვეწაში, კადრების მომზადებაში, ბანკის მენეჯმენტის კონსულტირებაში და ა.შ. ანუ, ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, ჩვენ მათ განვიხილავთ როგორც პარტნიორს.

რომელია თქვენი ყველაზე პოპულარული ახალი პროექტი?
პროდუქტის პოპულარობა, ალბათ, ბაზარმა უნდა განსაზღვროს, მაგრამ ჩვენთვის დღეს ყველაზე მნიშვნელოვან პროექტს მიკრო სესხების პროგრამა წარმოადგენს, რომელზეც გასული წლის დასაწყისში დავიწყეთ მუშაობა და გათვლილია მიკრო და მცირე ბიზნესების დასაფინანსებლად. აღნიშნული ტიპის ბიზნესები დღეს მრავლადაა, ფეხის ყოველ ნაბიჯზე შევხვდებით სასურსათო თუ სხვა სახის საქონლით მოვაჭრე მაღაზიებს, სილამაზის სალონებს, ბაზრობებზე მოქმედ კერძო მოვაჭრეებს, მცირე ზომის საწარმოებს და ა.შ., რომლებიც სწორედ აღნიშნული პროექტის მიზნობრივ ბაზარს წარმოადგენენ და ჩვენ ვცდილობთ, რომ შეთავაზებული პროდუქტი მაქსიმალურად იყოს მორგებული მათ მოთხოვნილებებს. აღნიშნული პროექტი ბანკისათვის სტრატეგიული დანიშნულებისაა, ვინაიდან ამ სეგმენტზე პოზიციების გამაგრება საშუალებას მისცემს ბანკს მოახდინოს რისკების დივერსიფიცირება და პარალელურ რეჟიმში მიყვეს ბიზნეს-გარემოს განვითარებისა და ზრდის პროცესს.

ხშირად ხდება, როცა ჩვენს გვერდით ვერ ვხედავთ არსებულ პოზიტივსა და მოქმედების ასპარეზს და ამ ცხოვრების სიდუხჭირეზე წუწუნით თავს ვიტანჯავთ. დადგა დრო, არ დაველოდოთ ბაზალეთის ტბის ძირას მდგარ აკვანს, ჩვენს საქმეებს თვითონ მივხედოთ, მით უმეტეს, ახლა, როცა ღვთის წყალობით, ასეთი საჭირო პარტნიორის გვერდით ყოლა უკვე შესაძლებელია.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial