თბილისში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნეს ფორუმის მასპინძლობისთვის მიმდინარე სამუშაოები დასრულების ეტაპზეა

დღეს პარლამენტისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ტერიტორიაზე საორგანიზაციო სამუშაოები პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა დაათვალიერეს.

პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის ორგანიზების უზრუნველმყოფი სამთავრობო კომისიის ხელმძღვანელმა, ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და კომისიის წევრებმა გაწეული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრისთვის, პარლამენტის ეზოში აშენდა 4 დროებითი ნაგებობა, სადაც განთავსდება მედია ცენტრი, ბრიფინგების ოთახი და საკონფერენციო დარბაზები. ყოველწლიური შეხვედრისთვის საჭირო ყველა სივრცე უზრუნველყოფილია უახლესი საკომუნიკაციო სისტემებით და საოფისე ინვენტარით.

განახლდა მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის გარე ფასადი, ფოიე, სარკეებიანი დარბაზი, კეთილმოეწყო სასახლის ეზო, გაკეთდა სველი წერტილები, ბავშვებისთვის – საცეკვაო დარბაზი, შენობა უზრუნველყოფილია ინტერნეტითა და ახალი ელექტრო სისტემით.

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, ასევე გაიმართა EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის ორგანიზების უზრუნველმყოფი სამთავრობო კომისიის სხდომა, რომელსაც დაესწრნენ EBRD-ის მხრიდან საორგანიზაციო ჯგუფის წევრები. როგორც კომისიის სხდომაზე აღინიშნა, საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ქვეყნის ხელისუფლების მიერ ნაკისრი ვალდებულებები ფაქტობრივად უკვე შესრულებულია, რისთვისაც EBRD-ის საორგანიზაციო ჯგუფის წარმომადგენლებმა მასპინძელ მხარეს მადლობა გადაუხადეს.

EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნეს ფორუმის ფარგლებში საქართველოს 60-ზე მეტი ქვეყნის სამთავრობო დელეგაცია, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და 1500-მდე ბიზნესმენი ეწვევა.
EBRD-ის საერთაშორისო ფორუმს მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებები გააშუქებენ.

ქვეყნის ცნობადობის გაზრდის თვალსაზრისით რიგით 24-ე ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის თბილისში გამართვა უმნიშვნელოვანესია, რადგან ღონისძიებაზე დამსწრე მაღალი რანგის სტუმრებს, ბიზნესფორუმში მონაწილე ბიზნესმენებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ქვეყნის ეკონომიკურ, საინვესტიციო, კულტურულ შესაძლებლობებს და პოტენციალს.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial