მშენებლობისა და ინტერიერის მე-20-ე საერთაშორისო გამოფენა

სალომე ძაგნიძე

თბილისში მშენებლობისა და ინტრერიერის მე-20-ე საერთაშორისო გამოფენა სახელწოდებით – Caucasus Build 2015, 20-23 მაისს საგამოფენო ცენტრ Expo Georgia-ში გაიმართა. გამოფენაში მონაწილეობას იღებდა 200-ზე მეტი კომპანია 21 ქვეყნიდან, სტუმრებს საშუალება ჰქონდათ მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია სამშენებლო დარგის სიახლეების, ინოვაციური ტექნოლოგიების, უახლესი პროექტებისა და მსოფლიოში ყველაზე წარმატებული ბრენდების შესახებ. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო თურქეთის, პოლონეთისა და ირანის ნაციონალური სტენდები. გამოფენა ოფიციალურად გახსნეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შარგელაშვილმა, ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა დავით გიგინეიშვილმა, ასევე, გერმანიის ელჩმა საქართელოში – ორთვინ ჰენიგმა. თურქეთის ელმჩმა – ზექი ლევენთ გიუმრუჩემ და პოლონეთის ელჩმა ანჟეი ჩიეშკოვსკიმ.

გამოფენის გახსნისას დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ: „ეს გამოფენა თბლისში მეოცედ იმართება, მაგრამ ასეთი მასშტაბური არასოდეს ყოფილა. გამოფენაზე 21 ქვეყნის 200-ზე მეტი კომპანიაა წარმოდგენილი. ღონისძიება მნიშვნელოვანია, იმითაც, რომ მშენებლობისა და ინტერიერის სფეროში თანამედროვე ტექნოლოგიებია წარმოდგენილი. გამოფენაზე ძალიან ბევრი ვიზიტორი ჩამოვიდა სხვადასხვა ქვეყნიდან. მსგავსი ღონისძიებები თბილისს სულ უფრო მეტად სძენს რეგიონის ეკონომიკური ცენტრის ფუნქციას“.

მე-20-ე საერთაშორისო გამოფენა იმით იყო განსაკუთრებული, რომ წარმოდგენილი იყო უცხოური კომპანიები, რომელთა დიდი ნაწილი საქართველოსა და კავკასიის ბაზარზე მხოლოდ ახლა შემოდიან და ეძებენ პარტნიორებს ახალი პროდუქციის გასავრცელებლად, რაც ქართული კომპანიებისთვის ახალი ბიზნეს კონტაქტებისა და ხანგძლივი პარტნიორობის დამყარების შესაძლებლობას იძლევა. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთია პოლონეთის საელჩო საქართველოში, ის დახმარებას უწევს პოლონურ და ქართულ კომპანიებს შორის სავაჭრო და საინვესტიციო კონტაქტების დამყარებაში. როგორც წარმომადგენელმა აღნიშნა, ისინი სამშენებლო გამოფენაში პირველად იღებენ მონაწილეობას, კომპანიების უმეტესობა ჯერ ქართულ ბაზარზე წარმოდგენილი არ არის, ამიტომ ისინი ორიენტრებულები არიან დაამყარონ კონტაქტები ქართულ კომპანიებთან, ისინი თანამშრომლობენ ძირითადად მსხვილ კომპანიებთან, მათი ვარაუდით, ზაფხულის ბოლოსთვის ქართულ ბაზარზე სრულად იქნება შემოტანილი პროდუქცია. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იყო საწარმოო-სავაჭრო ორგანიზაციები, მაგალითად, „ემ ჯი“, რომელიც მისი მრავალწლიანი მოღვაწეობის შედეგად წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს საწარმოო-სავაჭრო ორგანიზაციას, რომელიც ახდენს სამშენებლო მასალების წარმოებასა და იმპორტს საქართველოს უმსხვილესი კომპანიებისთვის.
კომპანიას როგორც თბილისში, ასევე დასავლეთ საქართველოში, გააჩნია სამშენებლო მასალების ბაზები. წარმომადგენლის თქმით, აღნიშნული ორგანიზაცია მე-5-ე წელია იღებს მონაწილეობას სამშენებლო გამოფენაში, რაც საკმაოდ ეხმარებათ მათ გაზარდონ როგორც წარმოება, ასევე თანამშრომლობის არეალი. ისინი პროდუქციის იმპორტს ეწევიან თურქეთიდან, უკრანიდან და ევროპის წამყვანი სხვადასხვა ქვეყნიდან. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო უამრავი ქართული მსხვილი სამშენებლო კომპანია. Caucasus Build 2015-ზე წარმოდგენილი იყო სამშენებლო ტექნიკის ფართო სპექტრი, ადგილობრივი და უცხოური კომპანიები, რომლებმაც წარმოადგინეს სამშენებლო მასალები (ბლოკები, ბორდიურები, ქვაფენილები და ა.შ.), გზების სარეაბილიტაციო ტექნოლოგიები, გამოფენა ასევე მოიცავდა ინოვაციურ და უნიკალურ ტექნოლოგიებს სამშებელო სისტემებში.

წელს პირველად გამოფენაში მონაწილეობდა ლიტვური კომპანია Inspect Latvia , რომელიც უდიდესი აკრედიტირებული სერტიფიკაციის ორგანოა სამშენებლო სფეროში და გასცემს ევროპის ყველა ქვეყანაში აღიარებულ სერტიფიკატებს.

ბუნებრივია, მსგავსი ღონისძიებები საკმაოდ დიდი მნიშვნელობის მქონეა სამშენებლო ინდუსტრიაში, თუმცა საინტერესოა, რა მდგომარეობაა დღესდღეობით ქართულ სამშენებლო ბაზარზე. სამშენებლო ინდუსტრია და უძრავი ქონების ბაზარი ერთ-ერთი სწრაფად მზარდი სექტორია საქართველოში. სამშენებლო ინდუსტრიაში წარმოებული პროდუქციის წილი მშპ-ში საკმაოდ მაღალია. მოსალოდნელია, რომ ეს პროცესი მომავალშიც შენარჩუნდება. დღესდღეობით სამშენებლო და უძრავი ქონების სექტორი ინვესტიციებს კვლავ იზიდავს და კომერციული ბანკები კვლავ გასცემს კრედიტებს აღნიშნულ საქმიანობებთან დაკავშირებით.

Screen Shot 2015-05-22 at 4.29.37 PM

ცხრილის მონაცემებიდან ჩანს, რომ ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2008-2009 წლებში აღინიშნება, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს რუსეთ საქართველოს ომითა და მსოფლიო ფინანსური კრიზისით, 2010-2012 წლებში 2009 წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი კვლავ გაიზარდა და მის მაქსიმალურ მაჩვენებლს 2012 წელს – 6, 101 მლნ ლარის ოდენობით მიაღწია. ქვეყანაში არსებულმა პოლიტიკურმა არასტაბილურობამ ამ სექტორში გამოშვებულ პროდუქციაზე ზეგავლენა მოახდინა და 2013 წლის პირველ ნახევარში მან 2, 218 მლნ ლარი შეადგინა. სახელმწიფოს მიერ გაცემული სამშენებლო ნებართვები 2008 წლამდე ზრდის, ხოლო 2009-2010 წლებში კი კლების ტენდენციით ხასიათდებოდა. ამ ტენდენციის საწინააღმდეგოდ დასრულებული მშენებლობების ოდენობა დაღმავალი ტრენდით არ ხასიათდებოდა, თუმცა 2009-2010 წლებში მისი მაჩვენებლები უცვლელი დარჩა. ეს კი წინა წლებში დიდი ოდენობით გაცემული სამშენებლო ნებართვებით იყო გამოწვეული.

2011 და 2012 წლებში სამშენებლო ნებართვების ოდენობა მნიშვნელოვნად – 2.9 და 1.14-ჯერ გაიზარდა. ამავე პერიოდში დასრულებული მშენებლობების რიცხვმაც დიდი ოდენობით იმატა.რაც შეეხება 2013 წლის სამ კვარტალს, სახელმწიფომ 4,451 ათასი კვ.მ-ის მშენებლობების დაწყების ნებართვა გასცა, დასრულებული მშენებლობების ფართობი კი 893 ათას კვ.მ-ს მოიცავდა.

თუ ჩვენ სახელმწიფოს მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვებს 2009-2013 წლებში (13,644 ათასი კვ.მ.) და ანალოგიურ პერიოდში დასრულებულ მშენებლობებს (2,333 ათასი კვ.მ.) გავაანალიზებთ, მაშინ ნათელი გახდება, რომ ნებართვააღებული მშენებლობების მხოლოდ 17%-ია დასრულებული. ამ ფაქტზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ დასრულებული მშენებლობების ოდენობა მომავალ 3-4 წელიწადში მნიშვნელოვნად უნდა გაიზარდოს.

ქართულ სამშენებლო ინდუსტრიაში აღსანიშნავია ასევე ახლად გახსნილი საქართველოში პირველი ევროპული ფორმატის მქონე სამშენებლო ჰიპერმარკეტი ,,დომინო’’ . აღნიშნულ ჰიპერმარკეტში წარმოდგენილია თანამედროვე სამშენებლო მასალები. პროექტის საინვესტიციო ღირებულება შეადგენს 10 000 000 აშშ დოლარს. ჰიპერმარკეტი 11, 500 მ^2 – ზეა გაშლილი და მომხმარებელს 40 000-ზე მეტი სახეობის პროდუქციას სთავაზობს. პროექტის ფარგლებში 250-ზე მეტი ადამიანის დასაქმდებაა მოსალოდნელი.