თბილისის მერია გლდანის ხიდსა და დიღმის ჭალებს შორის მდებარე მდინარე მტკვრის კალაპოტისა და სანაპიროს რეკონსტრუქციის პროექტზე მუშაობას იწყებს

დედაქალაქის მერია ახალ, უპრეცედენტო პროექტზე მუშაობას იწყებს. გლდანის ხიდსა და დიღმის მასივს შორის მდებარე მდინარე მტკვრის კალაპოტისა და სანაპირო არეალის რეკონსტრუქციის პროექტის კონცეფციის პრეზენტაცია თბილისის მერს დავით ნარმანიას არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოადგილე ოთარ ნემსაძემ დიღმის ჭალებში იმ ტერიტორიაზე წარუდგინა, სადაც 500 000 კვ.მ. ფართობზე დასასვენებელი პარკი მოეწყობა.

თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით, პროექტი გლდანის ხიდსა და დიღმის მასივს შორის მდებარე მდინარე მტკვრის კალაპოტისა და სანაპირო არეალის სრულ რეკონსტრუქციას ითვალისწინებს. მისივე თქმით, ფუნქციას შეიძენს თბილისის საზღვრებში არსებული ერთადერთი კუნძული, რომელიც დღემდე სრულიად უფუნქციოა, მაშინ, როდესაც ის დედაქალაქის ერთ-ერთ ბუნებრივ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. ფუნქციას შეიძენს, ასევე, მდინარე მტკვარიც, რომლის სანაპიროზეც დაგეგმილია სასეირნო ბილიკების მოწყობა.
დიღმის ჭალების მიმდებარე ტერიტორია, რომელიც წლების განმავლობაში სამშენებლო ნაგავსაყრელად იყო ქცეული, მოწესრიგდება და დედაქალაქს ახალი სარეკრეაციო ზონა შეემატება. ეს იყო ჩემი, როგორც თბილისის მერობის კანდიდატის, ერთ-ერთი დაპირება. ახალი ფუნქციით დაიტვირთება დედაქალაქის გარეუბანი და იქ ახალი მიზიდულობის ცენტრი გაჩნდება, რაც ამ უბნების შემდგომი განვითარების შესაძლებლობებს გაზრდის. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს დედაქალაქში ტურიტების მატებას, ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას და თბილისელთა დასაქმებას, ვინაიდან ტერიტორიაზე დაგეგმილია კაფეების, სასტუმროების, სამუზეუმო სივრცეების და სხვა, ასეთი ტერიტორიისთვის მისაღები ობიექტების მოწყობა“, – განაცხადა დავით ნარმანიამ. მისივე თქმით, პროექტის წარმატებით განხორციელების შემდეგ დედაქალაქი სრულიად უნიკალურ პარკს შეიძენს, რომელიც მიმზიდველი იქნება როგორც ტურისტებისთვის, ისე ადგილობრივი მოსახლეობისთვის.
თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის მიერ შემუშავებული კონცეფციის მიხედვით, მოხდება ამ ადგილის როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა სანაპიროს სარეკრეაციო ფუნქციით განვითარება და თბილისის საზღვრებში არსებული ერთადერთი ბუნებრივი კუნძულის ათვისება. ტერიტორიაზე მოეწყობა დასასვენებელი პარკი. მდინარე მტკვრის სანაპირო ზოლზე გაშენდება სასეირნო ბილიკები; მოეწყობა, აგრეთვე, ველობილიკები და საფეხმავლო ხიდები, რომელიც მარჯვენა და მარცხენა სანაპიროს როგორც ერთმანეთთან, ისე მდინარეში არსებულ კუნძულთან დააკავშირებს; აშენდება, ასევე, გამწვანებული სივრცეებისთვის შესაფერისი ინფრასტრუქტურა, რომელიც ვიზიტორებს კომფორტულად დასვენების შესაძლებლობას მისცემს – კაფეები, საგამოფენო პავილიონები, სპორტული მოედნები, მცირე ზომის სასტუმროები და სხვა.
აღსანიშნავია, რომ პარკის ანალოგები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში არსებობს. მაგალითად: მადრიდში – Madrid RIO-ს პარკი, ნიუ-იორკში – Hunters Point–ის პარკი და ჩინეთში – Zhongshan-ის ნავსაყუდელი და სხვა.
გლდანის ხიდსა და დიღმის მასივს შორის მდებარე მდინარე მტკვრის კალაპოტისა და სანაპირო არეალის რეკონსტრუქციის პროექტის კონცეფცია უკვე განიხილა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭომ, რომელმაც არქიტექტურის სამსახურს განაშენიანების რეგულირების გეგმის მომზადება დაავალა, ხოლო თბილისის საკრებულომ აღნიშნული დავალება გასული კვირის ბოლოს დაამტკიცა. თბილისის არქიტექტურის სამსახური მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლომდე, განაშენიანების რეგულირების გეგმის შესაბამისად, მოამზადებს ტექნიკურ დავალებას, რის შემდეგაც დედაქალაქის მერია დეტალური პროექტის შესაქმნელად საერთაშორისო კონკურსს გამოაცხადებს.