კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდება გაიზარდა

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), 2015 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით 262.8 მლნ ლარით (1.8 პროცენტით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.3 პროცენტით შემცირდა) და 2015 წლის პირველი მაისისათვის 14.8 მლრდ ლარს გადააჭარბა. ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 20.0 მლნ ლარით (0.4 პროცენტით), ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 242.8 მლნ ლარით (2.6 პროცენტით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.7 პროცენტით შემცირდა).

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2015 წლის აპრილის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 1.6 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 6.2 პროცენტით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით – 5.8 მლრდ ლარის (1.5 პროცენტით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.8 პროცენტით ნაკლები).

იურიდიული პირების დაკრედიტების მთლიან მოცულობაში ყველაზე დიდი ხვედრითი წილი-31.5 პროცენტი ვაჭრობის სფეროზე მოდის. 2015 წლის მარტთან შედარებით, აპრილში ვაჭრობის სფეროზე გაცემული სესხების მოცულობა 3.3 პროცენტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.6 პროცენტით) ანუ 74.4 მლნ ლარით გაიზარდა და პირველი მაისისათვის 2.3 მლრდ ლარს გადააჭარბა.

მრეწველობაზე გაცემული სესხების წილმა იურიდიულ პირებზე გაცემული ვადიანი სესხების საერთო მოცულობაში 22.5 პროცენტი შეადგინა, რაც 2015 წლის პირველი მაისისათვის 1.7 მლრდ ლარით განისაზღვრა (პირველი აპრილის მდგომარეობასთან შედარებით 0.4 პროცენტით მეტი, ხოლო გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.3 პროცენტით ნაკლები); 6.5 პროცენტი მოდის მშენებლობაზე, რაც 485.3 მლნ ლარია (4.3 პროცენტით, ხოლო გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.7 პროცენტით მეტი). ამდენად, იურიდიული პირების დაკრედიტების საერთო მოცულობის 60.5 პროცენტი მხოლოდ სამ დარგზე – მრეწველობაზე, მშენებლობასა და ვაჭრობაზე მოდის.

2015 წლის აპრილის განმავლობაში 2.0 პროცენტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.4 პროცენტით) ანუ 131.5 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი მაისისათვის 6.8 მლრდ ლარს გადააჭარბა.

მიმდინარე წლის პირველი მაისისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 35.29 პროცენტი, ხოლო ფიზიკური პირების სესხების ლარიზაციამ 52.70 პროცენტი შეადგინა. პირველი აპრილის მდგომარეობასთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, მთლიანი სესხების ლარიზაცია 0.26 პროცენტული პუნქტით, ხოლო ფიზიკური პირების სესხების ლარიზაცია 0.04 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial