პოლიტიკა ნავთობის გლობალური ბაზრის მოდელს ცვლის

მოამზადა სოფიკო სიჭინავამ

ახლო აღმოსავლეთის არასტაბილურობა სპობს იმედს, რომ ნავთობის ბაზარი ძველ მოდელს დაუბრუნდება – მაღალი ფასებითა და მსხვილი მოთამაშეების მცირე რაოდენობით. ნავთობის ფასების ვარდნა 107 აშშ დოლარიდან 43-მდე და ახლანდელი მერყეობა 60-65 დოლარის ფარგლებში მსოფლიოს მასშტაბით ბევრ პოლიტიკოსს, მენეჯერს და ანალიტიკოსს მოსვენების საშუალებას არ აძლევს და ბევრი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდაც მნიშვნელოვანი იქნებოდა ნავთობის ფასის გაზრდა ბარელზე 80 დოლარამდე.

გრძელვადიანი პროგნოზების გასაკეთებლად, ექსპერტების აზრით, საჭიროა მთავარ რეგიონში რისკების შეფასება, რაც შავ ოქროზე ფასებს განსაზღვრავს, ეს არის: სპარსეთის ყურის ქვეყნები, ირანი, ერაყი და ჩრდილოეთ აფრიკა. ამ რეგიონში პოლიტიკური რისკები იზრდება. ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ აფრიკაში არასტაბილურობა და რელიგიური ექსტრემიზმი ზღუდავენ ინვესტიციების მოდინებას და ადგილობრივი ნავთობისა და გაზის პროექტების განვითარებას. ეს ტენდენცია ფიქსირდება იმისდა მიუხედავად, რომ ნახშირწყალბადების ეს მარაგები ჭარბია, მსუბუქი და ნაკლებდანახარჯიანია დამუშავებაში, რაც ახლო აღმოსავლეთს საშუალებას მისცემდა ლიდერი რეგიონი ყოფილიყო ნავთობისა და გაზის მოპოვებაში ირანში 1901 წელს ნავთობის აღმოჩენის შემდეგ.

დღესდღეობით საუდის არაბეთსა და სპარსეთის ყურის ქვეყნებში ახალი ბარელის ფასი 20 დოლარს შეადგენს, რაც რამდენჯერმე ნაკლებია, ვიდრე ამერიკული ფიქლის ნავთობისა და რუსეთის ჩრდილოეთით მოპოვებული შავი ოქროს თვითღირებულება. ექსპერტები დარწმუნებულები არიან, რომ ახლო აღმოსავლეთის რესურსების ათვისების მთავარი დამაბრკოლებელი ფაქტორი პოლიტიკური რისკია. სწორედ სახელმწიფო გადატრიალებების მთელი რიგი, ალ-ქაიდასა და „ისლამური სახელმწიფოს“ აღზევება, სამოქალაქო ომები და უკანონობა აიძულებს ინვესტორებს წყნარი ნავსაყუდელი მიუჩინონ თავიან სახსრებს.

ასეთი ნავსაყუდელის როლს ასრულებენ არა მხოლოდ ქვეყნები კონვენციონალური და არაკონვენციონალური ნავთობის მნიშვნელოვანი მარაგებით, როგორიც აშშ და კანადაა თავისი ფიქლითა და ქვიშით, არამედ ბრაზილიისა და აფრიკის შელფები. ამრიგად, ახლო აღმოსავლეთის – ოპეკის აკვნის – როლი, თანდათანობით მცირდება მიუხედავად უმსხვილესი მარაგებისა და დაბალი საწარმოო დანახარჯებისა.

ბოლო ოცი წლის მანძილზე ნავთობის ექსპორტიორმა, ოპეკის არაწევრმა ქვეყნებმა კარტელის წევრებს გაასწრეს მოპოვების მოცულობაში. ავტორიტარული რეჟიმების პოლიტიკურმა ჩავარდნებმა და მმართველობითმა შეცდომებმა იმ ქვეყნებს მწარე მოსავალი მოუტანა, რომლებმაც კეთილდღეობა მხოლოდ ნავთობით ააშენეს. ეს სია მოიცავს ერაყს, ირანს, ლიბიას, სირიასა და იემენს.
ერაყი კოლაფსის ზღვარზეა. ქურთისტანის რეგიონალური მმართველობა, რომელიც ქვეყნის ჩრდილოეთს აკონტროლებს, „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კონფლიქტშია. ბაღდადში შიიტური ხელისუფლება მარცხს მარცხზე განიცდის და ამ ფონზე მისი გეგმა, რომელიც ერაყის ენერგეტიკულ სექტორში 500 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირებას ითვალისწინებს 2030 წლამდე, არარეალისტურად გამოიყურება.

ირანი არ არის ომში, ოპოზიცია იატაკქვეშეთშია გადასული. ბირთვული იარაღის მიღების მცდელობა, პლუს აიათოლას დიქტატურის მშენებლობა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვა – დიამეტრალურად საწინააღმდეგო და შეუსრულებელი ამოცანებია. რელიგიური ტრესტები, რომლებიც ირანში ნავთობსა და გაზსს განაგებენ, დასავლელი გიგანტებისთვის ცუდი პარტნიორები არიან, ირანში ჩინელებსაც კი უჭირთ. დასავლური საქნციები მომენტალურად ვერ მოიხსნება, მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით პოზიტიური ცვლილებები შეინიშნება. გარდა ამისა, თეირანის მიერ სირიაში ასადის რეჟიმისა და მთელს რეგიონში ტერორისტული ჯგუფების მხარდაჭერამ, უკვე გამოიწვია ირანის სუნიტებთან ღია დაპირისპირება.

ლიბიის ნავთობის დადასტურებული მარაგები აფრიკაში უმსხვილესად ითვლება. გასაკვირი არ არის, რომ ინვესტორები ქვეყანაში სიტუაციის დაწყნარებით დაინტერესებულნი არიან. ნავთობის წარმოება კადაფის მმართველობის დროინდელი მაჩვენებლიდან დღეში 1,7 მილიონი ბარელი, დღეს 600 000-მდე შემცირდა, რადგან საერთო ნაციონალურ კონგრესში კონფლიქტის დარეგულირება ვერ ხერხდება. ასეთ პირობებში ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვა შეუძლებელია.

ეს სია სრული არ იქნება სირიის გარეშე. ასადის რეჟიმი კუთხეშია მომწყვდეული და ეკონომიკის საბოლოო კოლაფსის თავიდან ასაცილებლად იძულებულია ნავთობი „ისლამური სახელმწიფოსგან“ იყიდოს. ალავიტები, სირიიის პრეზიდენტის მომხრეები, თურქ სუნიტებს სიმბოლურ ფასად აძლევენ ნავთობის საბადოებს, რომლებთაც შეუძლიათ ალ-ქაიდასთან და „ისლამურ სახელმწიფოსთან“ მოლაპარაკება.

Oil & Gas Journal-ის ანგარიშის თანახმად, 2015 წელს ნავთობისა და გაზის სფეროს ახალ პროექტებში მსოფლიო ინვესტიციები 20%-ით შემცირდება თუკი ფასები დადგება 55-60 დოლარის ფარგლებში ბარელზე. მოცემული სცენარის მიხედვით, ინვესტორთა უმრავლესობა ახლო აღმოსავლეთიდან პლანეტის უფრო სტაბილურ რეგიონებში გადაინაცვლებს. კომპანია Conoco, რომელიც სტრატეგიას OECD-ის ქვეყნებით შემოფარგლავს, ამის მაგალითია. კონფლიქტურ ზონებში მოღვაწეობასთან დაკავშირებული რისკების კომპენსირება მაღალი შემოსავლებით ვეღარ მოხდება.

თუმცა, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში მოცემულ სცენარს დადებითი ეფექტი აქვს. ახლო აღმოსავლეთში წარმოების მნიშვნელოვანი შეზღუდვა გარანტირებულად გაზრდის შავი ოქროს ფასებს და სწორედ ამ მომენტში თამაშში ჩაერთვება რუსული ძვირადღირებული პოლარული და ოფშორული ნავთობი და კანადისა და აშშ-ის ფიქლის ნავთობი. უკვე დღეს ამერიკელი მენავთობეები აცხადებენ, რომ გახსნიან დაკონსერვებული ჭაბურღილების უმრავლესობას თუკი დასავლეთტეხასური ნავთობი (WTI) მიაღწევს ნიშნულს 70 დოლარი ბარელზე. მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ნავთობის ფასების არც ისე დიდი ხნის წინ მომხდარი კოლაფსის გამო ინვესტორების მგრძნობელობა პოლიტიკური ტურბულენტობის მიმართ გაზრდილია. ისინი დაუფიქრებელი ნაბიჯებისგან თავს დაიზღვევენ. ამრიგად, ინვესტიციების ხასიათი ახალ პროექტებში შეიცვლება და ექსტენსიურიდან ინტენსიური გახდება, რომელიც ეფექტურობის ამაღლებისკენ იქნება მიმართული. როგორც ITG Investment-ის ანალიტიკოსები ამბობენ, სიდიდეს არ აქვს მნიშვნელობა, მოგებულნი რჩებიან ის კომპანიები, რომლებიც კაპიტალის განთავსებას კონკურენტუნარიან გარემოში ახდენენ.

ამრიგად, ექსპერტები ასკვნიან, რომ უძლეველი შეიხების ეპოქა, რომლებთაც შეუძლიათ თავიანთი გადაწყვეტილებებით ნავთობის გლობალურ ბაზარზე და აქედან გამომდინარე, მსოფლიო ეკონომიკაში სიტუაცია შეცვალონ, დასასრულს უახლოვდება. დღეს ნავთობის ფასს განსაზღვრავენ არამხოლოდ საუდის არაბეთი, არამედ ასეული და ათასობით ფიქლის კომპანიები აშშ-ში, კანადაში.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial