ერების კეთილდღეობა

მართალია, კოსმოსიდან ჩვენი პლანეტა ერთ უსაზღვრებო სივრცედ მოჩანს, მაგრამ დედამიწაზე მცხოვრებმა ადამიანებმა კარგად იციან, რომ ეს ასე არ არის – ქვეყნებს შორის განსხვავება ძალიან დიდია და ეს განსხვავება სულ უფრო იზრდება.
საზღვრები ყოფს ერთმანეთისგან ქვეყნებს, რომლებიც საერთო კეთილდღეობაზე მეტად, პირად ინტერესებზე ფიქრობენ. სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრები ადამიანების კეთილდღეობის განსასაზღვრად, ბევრი ინდექსი ქვეყნდება. ერთ-ერთი მათგანი, ბედნიერი ქვეყნების ინდექსი -ეფექტურობის საზომია. ის აჩვენებს, რამდენად წარმატებულად ახერხებენ ქვეყნები ბედნიერების მიღწევას ისე, რომ პლანეტის ბედნიერებაც შეინარჩუნონ.

2014 წლის ინდექსში პირველ ადგილზე ირლანდია და ფინეთი არიან, ბოლო ადგილზე კი ლიბიაა. ინდექსის გამოთვლა ეფუძნება 35 კომპონენტს, რომლებიც შვიდ ძირითად კატეგორიად იყოფა, მათ შორის: ტექნოლოგიები, ჯანდაცვა და კულტურა.

125 ქვეყნის კეთილდღეობის ინდექსი, 2014

1

კლასიკური ეკონომიკური სკოლები ქვეყნის კეთილდღეობას მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელს უკავშირებენ. ამ თეორიების მიხედვით სოციალურ პროგრესს ეკონომიკური ზრდა განაპირობებს. ტრადიციულად კი სოციალური აქტივობები მხოლოდ დანახარჯებთან ასოცირდება. როგორც წესი, ეკონომისტები კრიტიკულად აფასებენ ან საერთოდ მიჯნავენ ეკონომიკურ და სოციალურ კეთილდღეობას ერთმანეთისგან. თუმცა არსებობს სხვა მოსაზრებებიც. უამრავი კვლევაა ჩატარებული, რომლებიც ეკონომიკურ ზრდასა და სოციალურ ინდიკატორებს შორის კავშირს ადგენს. განყენებულად ეკონომიკური ცვლადები სოციალური პროგრესის შესახებ სრულ სურათს არ გვაძლევს. სოციალური პროგრესი ეკონომიკური წინსვლის წინაპირობაა და მისმა უგულვებელყოფამ შესაძლოა ისეთ შედეგებამდე მიგვიყვანოს, რომელთა წინაშეც არაბული სამყარო 2010 წელს დადგა.„არაბული გაზაფხულის“ სახელით ცნობილი, უკმაყოფილების ტალღის დროს ხალხის მოთხოვნა ძირითადად ადამიანის უფლებების, დემოკრატიის, ინფორმაციაზე წვდომის შესაძლებლობებს უკავშირდებოდა. სწორედ ასეთი შემთხვევების სიმრავლის გამო დგება საკითხი, რომ არსებული მიდგომები, საზომები არ არის საკმარისი, ამიტომ ზუსტად უნდა განვსაზღვროთ და გვქონდეს სისტემური ხედვა იმისა, თუ რეალურად რა სურთ ადამიანებს, რა შესაძლებლობები აქვს საზოგადოებას ადამიანის ბაზისური საჭიროებების, ცხოვრების ხარისხის ჩამოყალიბების, განვითარებისა და შენარჩუნების დასაკმაყოფილებლად.

ლონდონში მოქმედი ლეგატუმის ინსტიტუტი ყოველ წელს აქვეყნებს კეთილდღეობის ინდექსის, რომელშიც საქართველო პირველად 2012 წელს შევიდა და 142 ქვეყანას შორის 93-ე ადგილი დაიკავა. ეს ინსტიტუტი უკვე რამდენიმე წელია აქვეყნებს კეთილდღეობის ინდექსს, სადაც კეთილდღეობის ხარისხი რამდენიმე ფაქტორის, კერძოდ, 8 კონკრეტული მაჩვენებლის ერთობლიობით არის გამოთვლილი. ესენია: ეკონომიკა, მეწარმეობის შესაძლებლობები, მმართველობა, განათლება, ჯანდაცვა, დაცულობა-უსაფრთხოება, პიროვნული თავისუფლება და სოციალური კაპიტალი. როგორც ამ ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, „კეთილდღეობის ინდექსი იმის გამო არსებობს, რომ, ჩვენი აზრით, ეროვნული კეთილდღეობა მხოლოდ ფულით არ განისაზღვრება. წლების და თაობების განმავლობაში ამა თუ იმ ქვეყნის წარმატება მთლიანი შიდა პროდუქტით იზომებოდა, რაც ეკონომიკურ მაჩვენებელს წარმოადგენს. არადა, კეთილდღეობას კიდევ სხვა უამრავი რამ განაპირობებს – მაგალითად: თავისუფლება; ქვეყანაში მოქმედი ჯანდაცვის სისტემით კმაყოფილების ხარისხი; განათლება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სოციალური კავშირები და კულტურა. ამდენად, ჩვენს ინდექსში კეთილდღეობის ცნებას მართლაც ძალიან ფართოდ განვსაზღვრავთ და მის გაზომვას მსოფლიოს 142 ქვეყანაში ვცდილობთ“.

ყოველწლიური ანგარიშების სათავეში, როგორც წესი, სკანდინავიის ქვეყნები არიან მოქცეული – ნორვეგია, დანია, შვედეთი. შემდეგ მოდიან ავსტრალია, ახალი ზელანდია, კანადა, შვეიცარია, ფინეთი. სიის ბოლოს, ყველაზე უარესი მაჩვენებლით, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკები არიან.

იმაზე, რომ კეთილდღეობა მხოლოდ მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლით არ და ვერ გაიზომება, დიდი ხანია საუბრობენ ეკონომისტები, იურისტები თუ სოციოლოგები. სახელმწიფოში მთლიანი შიდა პროდუქტი, ანუ მშპ, შეიძლება იზრდებოდეს, მაგრამ ეს არ აისახებოდეს ამ ქვეყნის ბევრი მოქალაქის კეთილდღეობაზე. მეტიც, მშპ-ის ზრდის პარალელურად, შესაძლებელია ასევე მატულობდეს, მაგალითად, უმუშევრობის დონეც, რაც, თავის მხრივ, სიღარიბის მასშტაბის ზრდასაც ნიშნავს.

ზოგადი სიმდიდრის თუ მშპ-ის გაზომვასთან ერთად იმის ცოდნაც აუცილებელია, თუ როგორ არის ეს სიმდიდრე განაწილებული საზოგადოებაში. უხეში უთანასწორობის და მწვავე სოციალური უსამართლობის პირობებში, მშპ-ის ზრდის მაღალმა მაჩვენებელმა შესაძლოა შენიღბოს ის ფაქტი, რომ ბევრი ადამიანი კვლავაც გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. ამის მაგალითს საქართველოც იძლევა: ვარდების რევოლუციის შემდეგ ქვეყანაში მშპ თითქმის სამჯერ გაიზარდა, მაგრამ ქვეყნის მოსახლეობის, სულ მცირე, ერთი მესამედი, 1,600 000-მდე ადამიანი, უკიდურეს გაჭირვებაში განაგრძობს ცხოვრებას. ამიტომ მთავრობებმა, სულ მცირე, ის მაინც უნდა უზრუნველყონ, რომ ეკონომიკის ზრდის პირობებში მოქალაქეებს სასოწარკვეთა არ ეუფლებოდეთ და მათთვის ხელმიუწვდომელი არ რჩებოდეს უმთავრესი საჭიროებები – ჯანდაცვა, უსაფრთხო თავშესაფარი, განათლება.

„ლეგატუმის კეთილდღეობის ინდექსში საქართველო 2012 წელს პირველად შევიდა. საერთო ანგარიშით, ის 93-ე ადგილზე იყო. საუკეთესო მონაცემი მმართველობის და დაცულობა-უსაფრთხოების მაჩვენებლებში აქვს. შემაშფოთებელი მონაცემები კი იკვეთება ეკონომიკაში – აქ ის 132-ე ადგილზეა, ისევე როგორც სოციალურ კაპიტალში – ამ ჭრილში, საქართველო 142 ქვეყანას შორის 140-ე აღმოჩნდა“.

2013 წლის ანგარიშის მიხედვით კი საქართველო რამდენიმე პოზიციით დაწინაურდა და 84-ე ადგილზეა, ჩაშლილი პოზიციების მიხედვით, საქართველოს ყველაზე კარგი პოზიცია კვლავ მმართველობის (44-ე ადგილი) და დაცულობა-უსაფრთხოების (მე-60 ადგილი) სფეროებში აქვს, შემდეგ მოდის განათლება 67-ე ადგილით, შესაძლებლობები და მეწარმეობა – 72-ე ადგილი, პიროვნული თავისუფლება – 73-ე ადგილი, ჯანდაცვა – 92-ე ადგილი, კვლავ ძალიან დაბალია საქართველოს პოზიციები ეკონომიკაში 99-ე ადგილით და სოციალური კაპიტალის ნაწილში – სადაც საქართველო 142 ქვეყანას შორის 138-ე ადგილზეა.

ლეგატუმის 2013 წლის რეიტინგი

2

წყარო: http://www.li.com/

ლეგატუმის 2013 წლის ევროპის ქვეყნების რეიტინგი

3

წყარო: http://www.li.com/