საქართველოში ახალი ეკონომიკური აზროვნების დამკვიდრების ხელისშემშლელი ფაქტორები და მათი დაძლევის გზები

ეკ. მეცნ. კანდიდატი ნოდარ ხადური

უ კვე ათ წელზე მეტია საქართველო პოსტკომუნისტური ტრანსფორმაციის პირობებში ცხოვრობს. ამ ხნის განმავლობაში მიუხედავად იმისა, რომ იყო როგორც წარმატებები, ისე წარუმატებლობა, ქვეყანა ნელი ნაბიჯებით მაინც იმკვიდრებს თავის ადგილს მსოფლიო თანამეგობრობაში.

სამწუხაროდ, ჯერ კიდევ პრობლემად რჩება ქვეყნისათვის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. არასაკმარისია ეკონომიკური ზრდის ტემპები, მაღალია უმუშევრობა, მიზერულია სოციალური დაცვის მექანიზმები.

ამ ფონზე უმთავრესი პრობლემა, რომელიც, ჩვენი აზრით, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის და განვითარების ძირითადი შემაფერხებელი ფაქტორია, ისევ და ისევ საბაზრო ეკონომიკისათვის დამახასიათებელი ინსტიტუტების სისუსტე და სახელმწიფოს მართვაში არსებული პრობლემებია.

ჩვენი აზრით, საინტერესო უნდა იყოს საუბარი იმ ფაქტორებზე, რომლებიც უშუალოდ ზემოქმედებენ მაკროეკონომიკური პოლიტიკის ფორმირებაზე, საქართველოში მიმდინარე პროცესების ფონზე.

სახელმწიფოს მიერ მისაღებ ეკონომიკური გადაწყვეტილებების ჩამოყალიბებაზე მოქმედებენ ისეთი ფაქტორები, როგორიცაა :
1. სახელმწიფოს ისტორიული განვითარების განმავლობაში ჩამოყალიბებული ეკონომიკური პოტენციალი;
2. სოციალურ-ეკონომიკური განვითარების არჩეული მოდელის ხასიათი;
3. საზოგადოების საზოგადოებრივ-პოლიტიკური განვითარების დონე და ინსტიტუციონალური სტრუქტურა;
4. სახელმწიფოს მიერ დაგროვილი გამოცდილება;
5. ერის მენტალიტეტი;
6. ლიდერის ინსტიტუტი.

ჩვენ შევეცდებით, თითოეული ამ ფაქტორის მეშვეობით გავაანალიზოთ საქართველოში ეკონომიკის შემდგომი განვითარების ხელშემშლელი ფაქტორები.

კერძოდ, პირველი და მეოთხე ფაქტორები (სახელმწიფოს ისტორიული განვითარების განმავლობაში ჩამოყალიბებული ეკონომიკური პოტენციალი და სახელმწიფოს მიერ დაგროვილი გამოცდილება) პოსტკომუნისტური ტრანსფორმაციის პროცესის დაწყებისას, საქართველოს პრაქტიკულად არ გააჩნდა.

შეიძლება ითქვას, რომ დამოუკიდებლად ეკონომიკური პოლიტიკის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს არ მიუღია არასოდეს (თუ არ ჩავთვლით 1918-1920 წლებში, სულ რაღაც 32 თვის განმავლობაში მეტ-ნაკლებად დამოუკიდებლად მიღებულ გადაწყვეტილებებს). უკანასკნელი 200 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკა რუსეთის იმპერიის დედაქალაქიდან იმართებოდა, როგორც რუსეთის იმპერიის გუბერნიის, შემდეგ კი მოკავშირე რესპუბლიკის ეკონომიკა.

მიუხედავად იმისა, რომ ამ წლებში, განსაკუთრებით კი საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში საქართველოში მზადდებოდა კადრები, რომლებიც უშუალოდ ადგილზე მართავდნენ რესპუბლიკის “სახალხო მეურნეობას”, მაინც ამ მართვას არაფერი საერთო არ ჰქონდა დამოუკიდებელი ქვეყნის მართვასთან და მისი ეროვნული ეკონომიკის რეგულირებასთან.

ამდენად, ზემოთ დასახელებული 6 ფაქტორიდან ორი ან საერთოდ არ არსებობდა, ან თუ არსებობდა, ძირითადად იყო ის გამოცდილება, რომელიც ამუხრუჭებდა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას.

აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, ამ მხრივ, საკმაოდ დიდი გამოცდილება დაგროვდა. განსაკუთრებით სახელმწიფოს მართვის თვალსაზრისით, რაც უთუოდ ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკური სისტემის შემდგომ სრულყოფას.

შემდეგი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ერთ-ერთ განმსაზღვრელ როლს თამაშობს ეკონომიკური პროცესების სწორად წარმართვაში არის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების არჩეული მოდელი და მისი ხასიათი.

აქ გასათვალისწინებელია ერთი მეტად მნიშვნელოვანი ასპექტი. მიუხედავად იმისა, რომ დღემდე არ წყდება კამათი იმის შესახებ, თუ განვითარების როგორი გზა უნდა აირჩიოს საქართველომ, დღიდან მისი დამოუკიდებლობის აღდგენიდან საქართველოს ხელისუფლებამ ყველა დეკლარაციაში ცალსახად დააფიქსირა, რომ ქვეყანა ადგას თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს და აშენებს სოციალურ და სამართლებრივ სახელმწიფოს (იხ. მაგალითად, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულა). აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს მიერ არჩეული განვითარების მოდელი და მისი ხასიათი ცნობილია და იგი არ ეწინააღმდეგება პოსტკომუნისტური ტრანსფორმაციის ზოგად პრინციპებს, რომლებიც თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრიმატს აღიარებენ. ამასთან, ქვეყანა თავის განვითარების გრძელვადიან სტრატეგიაში განსაკუთრებულ ადგილს უთმობს სოციალურ ფაქტორს.

სამწუხაროდ იმის კონსტატაცია გვიხდება, რომ სოციალური ფონი ქვეყანაში უკიდურესად დაძაბულია. საბიუჯეტო კრიზისი, რომელიც 1998 წლის მაისის შემდეგ ჩამოყალიბდა ყველაზე მეტად სოციალურ სფეროს შეეხო, გაუცემელი ხელფასები და პენსიები ბიუჯეტს დღესაც უდიდეს ტვირთად აწევს. ამას ემატება უმუშევრობა, რეალური ხელფასის მიზერული დონე, ლტოლვილებისა და იძულებით გადადგილებულების პრობლემა და მარტივი წარმოსადგენი უნდა იყოს რეფორმების შემდგომი გაგრძელებისათვის როგორი დაძაბული ფონია.

სწორედ ამიტომ ამ ფაქტორს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება პოსტკომუნისტური ტრანსფორმაციის პირობებში. თუ შედარებით მოკლე ვადებში სახელმწიფომ ვერ მოახერხა ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემებიდან ერთ-ერთის მაინც რეალურად მოგვარება, სოციალური აფეთქების შიში რეფორმების შემდგომ გაგრძელებას საკმაოდ დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს.

პირველი და მეოთხე ფაქტორიდან გამომდინარე, საკმაოდ ცუდადაა განვითარებული ისეთი ფაქტორი, როგორიცაა საზოგადოების საზოგადოებრივ-პოლიტიკური დონე და ინსტიტუციონალური სტრუქტურა.

განსაკუთრებით შევჩერდებით ინსტიტუციონალურ სტრუქტურაზე. ჩვენ ზემოთ უკვე გვქონდა საუბარი იმის შესახებ, რომ ქვეყნის განვითარება დიდადაა დამოკიდებული იმ ფორმალურ და არაფორმალურ ინსტიტუტებზე, რომლებიც ისტორიულად ყალიბდება (პაპავა, ხადური, 1998; პაპავა, ხადური, 1997; Iაიააა, Oააო?ე, 2000). ამასთან განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს იმას, რომ ფორმალურმა ინსტიტუტებმა რაც შეიძლება სრულად მოიცვან არაფორმალური ურთიერთობები. ცხადია, შეუძლებელია ყველა არაფორმალური ურთიერთობის ფორმალიზება, მაგრამ ვფიქრობთ, პოლიტიკის უმთავრესი ამოცანა უნდა იყოს ისეთი ინსტიტუტების ჩამოყალიბება, რომლებიც მაქსიმალურად გაითვალისწინებენ ისტორიულ გამოცდილებას, ადათს, წეს-ჩვეულებებს.

სამწუხაროდ, საქართველოში ყოველთვის ვერ ხერხდება ასეთი ინსტიტუტების ჩამოყალიბება, რომლებიც სრულად ითვალისწინებენ ამ მოთხოვნებს. ამის ნათელ დადასტურებას წარმოადგენს გაკოტრების ინსტიტუტი, რომელიც მთელს ცივილიზებულ სამყაროში მოქმედებს და, ცხადია, უნდა მოქმედებდეს საქართველოშიც. შესაბამისად, ამ ინსტიტუტის ჩამოსაყალიბებლად მიღებული იქნა კანონი, რომელმაც ეს ინსტიტუტი ფორმალურ ჩარჩოებში მოაქცია. სამწუხაროდ, ეს კანონი და შესაბამისად მთელი ინსტიტუტი არ მოქმედებს იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ კანონის მიღებით ჩვენ შევეცადეთ საქართველოში პირდაპირი კოპირების გზით დაგვენერგა საბაზრო ეკონომიკის ერთ-ერთი უმთავრესი ინსტიტუტი ისე, რომ მისთვის არანაირი საფუძველი ქვეყანაში არ არსებობდა.

სხვა უამრავი მაგალითის მოყვანაც შეიძლება იმისა, თუ როგორ არ უნდა იქმნებოდეს ასეთი ტიპის ინსტიტუტები.

გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საქართველოსი ძალიან ძლიერია არაფორმალური ინსტიტუტები, რომლებიც დღესაც კი უდიდეს ზეგავლენას ახდენენ ეკონომიკური და არა მარტო ეკონომიკური პოლიტიკის ფორმირებაზე.

ეს არაფორმალური ინსტიტუტები (მაგალითად ე.წ. “კრიშის” ინსტიტუტი) ჩამოყალიბდნენ როგორც ისტორიულად, ერის ევოლუციური განვითარების კვალობაზე, ასევე როგორც პროტესტის გარკვეული ფორმა საბჭოურ სისტემაში.

სამწუხაროდ, აღნიშნული ინსტიტუტები დღესაც აგრძელებენ მუშაობას და არანაკლები ძალა აქვთ, ვიდრე ფორმალურ ინსტიტუტებს, თუ მეტი არა.

ჩვენი აზრით, სწორედ ასეთი ინსტიტუტების სიძლიერის გამოხატულებაა კორუფციის ის მასშტაბები, რომლებიც საქართველოშია. კერძოდ, კორუფცია და კორუფციული გარიგებები ხშირად კანონის მოვალეობებს ასრულებს და სრულიად უკანონო გადაწყვეტილებების მიღების საფუძველი ხდება. ამდენად, როცა საუბარი შეეხება კორუფციის მასშტაბების შემცირებას, ჩვენი აზრით, ხელისუფლება უნდა ისწრაფოდეს ქმედითი ინსტიტუტების შექმნისა და სრული ამოქმედებისაკენ. ამასთან, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კორუფციის შეზღუდვის ეკონომიკური მექანიზმების შემუშავება და ამოქმედება (პაპავა, 2001).

ცხადია, ასეთ ინსტიტუტებს არ მიეკუთვნება ხელოვნურად შექმნილი ის ორგანიზაციები, რომლებიც კიდევ ერთ, დამატებით ზემაკონტროლებელ ორგანოს წარმოადგენენ.

სამწუხაროდ, არც სურვილი ჩანს დღევანდელ საქართველოში, რომ ისეთი ინსტიტუციონალური სტრუქტურა ჩამოყალიბდეს, რომელიც ქმედით როლს შეასრულებს ეკონომიკის განვითარებაში.

ერთ-ერთ ასეთ მაგალითს ხელისუფლების დანაწილების პრინციპის დარღვევა წარმოადგენს. საზოგადოდ მიღებულია, რომ სახელმწიფოში არსებობს სამი ტიპის ხელისუფლება, ან ხელისუფლების სამი შტო, რომელიც კლასიკურად ურთიერთდამოუკიდებლად არსებობს. ესაა საკანონმდებლო ხელისუფლება, რომელიც ადგენს ქვეყანაში “თამაშის წესებს”, აღმასრულებელი ქვეყანა, რომელიც ამ წესების მიხედვით მოქმედებს და სასამართლო, რომელიც ამ წესების დარღვევებს აღკვეთს.

სახელმწიფოთა უმრავლესობაში ამ სამი შტოდან, როგორც წესი, საკანონმდებლო ან აღმასრულებელი ხელისუფლებიდან, ამოირჩევა ერთ-ერთი, რომელსაც უფრო მეტი ძალა აქვს, ვიდრე ორ, სხვა დანარჩენს (მაგალითად აშშ პრეზიდენტი, რუსეთის პრეზიდენტი, გერმანიის კანცლერი და ა.შ.), მაგრამ ძნელია მოიძებნოს ისეთი სახელმწიფო, სადაც ერთი ხელისუფლება და თანაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი – აღმასრულებელი, მთავრობის სახით იმდენად იყოს დაკნინებული, რომ პრაქტიკულად არ არსებობდეს, როგორც ასეთი და მხოლოდ სახელმწიფოს მეთაურის, ამ შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს წარმოადგენდეს. მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარეობს კონსულტაციები მინისტრთა კაბინეტის შემოღების მიზნით, მისი აღდგენა უახლოეს პერსპექტივაში (ალბათ 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე) ნაკლებად სავარაუდოა.

ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოში არ მიმდინარეობს საბაზრო ეკონომიკისათვის დამახასიათებელი ინსტიტუტების ჩამოყალიბება. უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი გაკეთდა იმისათვის, რომ ქვეყნის ინსტიტუციონალური მოწყობა უკეთესობისაკენ შეცვლილიყო. შეიქმნა მნიშვნელოვანი ინსტიტუტები, რომლებიც მანამდე საქართველოში არ არსებობდნენ, ან თუ არსებობდნენ ფიქციურ, ფორმალურ ხასიათს ატარებდნენ. არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ ჩამოყალიბდა ისეთი უმთავრესი ინსტიტუტები, რომლებიც ძირითადად განსაზღვრავენ ქვეყნის ეკონომიკური და არა მხოლოდ ეკონომიკური განვითარების სტრატეგიულ მიმართულებას.

სამწუხაროდ, ყველაზე დიდი დეფიციტი, რომელიც ამ პირობებში საქართველოში შეიმჩნევა, არის კადრები. კადრები, რომელთა ნება-სურვილზეც ხშირად დამოკიდებულია უფრო მეტი, ვიდრე ინსტიტუტებზე, რაც ისევ და ისევ ქვეყნის ინსტიტუციონალურ მოუწყობლობაზე მეტყველებს.

იქამდე, ვიდრე გადაწყვეტილების მიღების დროს არ გამოირიცხება სუბიექტური ფაქტორები, ძნელია კორუფციასთან ბრძოლა.

ერის მენტალიტეტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ისტორიული და სხვა მიზეზების გამო ქართველები უფრო სამხრეთ ევროპელებს ვგავართ, რომელთათვისაც კანონისადმი დაუმორჩილებლობა, დროისადმი ირაციონალური დამოკიდებულება არც თუ ისე უცხოა.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ისევე როგორც ყველა პოსტკომუნისტურ სახელმწიფოში და საზოგადოებაში, საქართველოშიც პირადი ინტერესი, როგორც ერის მენტალიტეტის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი საზოგადოებრივ (ანუ პარტიულ-ბიუროკრატიულ) ინტერესს იყო დაქვემდებარებული და პირადი ინტერესის ნებისმიერი გამოვლენა სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლებოდა. როგორც ზემოთ გვქონდა საუბარი, ჩამოყალიბდა ადამიანის ტიპი “ჰომო სოვეტიკუს”-ი (Aოცააეეი, 1994, ნნ. 250-253). იგი დათრგუნულია სახელმწიფოს მხრიდან და მოწყალების თვალით შესცქეროდა სახელმწიფოსა და ჩინოვნიკებს და მთლიანად მათზეა დამოკიდებული (პაპავა, 1999, გვ. 18).

ამას ემატება ისტორიულად ჩამოყალიბებული ის თვისებები, რომლებიც სხვა პოსტკომუნისტურ სახელმწიფოებში (მაგალითად, აღმოსავლეთ გერმანიაში, ბალტიისპირეთში, აღმოსავლეთ ევროპის ყოფილ კომუნისტურ სახელმწიფოებში) ნაკლებად გვხვდება (თუნდაც კანონისადმი გარკვეული დაუმორჩილებლობა, დროის მიმართ ირაციონალურობა და სხვ.) და ცხადი ხდება, როგორი სირთულეების წინაშე დგება საზოგადოება პოსტკომუნისტური ტრანსფორმაციის პირობებში, როდესაც “ჰომო სოვეტიცუს”-ი “ჰომო ეცონომიცუს”-მა უნდა შეცვალოს. საქართველოში ამ პროცესის დაჩქარების გარეშე შეუძლებელია სრულფასოვან პოსტკომუნისტურ ტრანსფორმაციაზე საუბარი. არადა, ის მძიმე სოციალური ფონი, რომელზეც ზემოთ გვქონდა საუბარი, ამუხრუჭებს ამ გარდაქმნის ტემპებს.

ჩვენ დაწვრილებით არ შევჩერდებით ლიდერის ინსტიტუტზე, რადგან პოსტკომუნისტური ტრანსფორმაციის უმთავრესი დანიშნულება, ჩვენი აზრით, სწორედ ამ ინსტიტუტის დასუსტება და ისეთი ინსტიტუციონალური მოწყობაა, რომელიც სახელმწიფოს შემდგომ განვითარებას ნაკლებად დამოკიდებულს გახდის ლიდერზე.

ფრიად საინტერესო უნდა იყოს საქართველოში მიმდინარე პროცესების ანალიზი “საზოგადოებრივი არჩევანის თეორიის” შესაბამისად.

აღნიშნული თეორიის შესაბამისად ადამიანები პოლიტიკურ სარბიელზე მოქმედებენ პირადი ინტერესებიდან გამომდინარე და არ არსებობს რაიმე გადაულახავი საზღვარი პოლიტიკასა და ბიზნესს შორის.

უნდა აღინიშნოს, რომ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში საქართველოში მიმდინარე პროცესების ალბათ ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი ანალიზი სწორედ ამ თვალსაზრისით შეიძლება გაკეთდეს. პოლიტიკოსები ყველგან და, მათ შორის საქართველოშიც, ცდილობენ ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომლებიც მათ მეტ პოლიტიკურ კაპიტალს – ხმებს მოუტანს. ეს ტენდენცია განსაკუთრებით არჩევნების წინ შეიმჩნევა. გასათვალისწინებელია, რომ საქართველოში პრაქტიკულად ყოველწლიურად ტარდება ამა თუ იმ მასშტაბის არჩევნები და ჩვენც ყოველწლიურად გვაქვს საშუალება თვალი ვადევნოთ პოლიტიკურ კონკურენციას, როგორც ადამიანთა მიერ გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე ზემოქმედებას.

არჩევნები ეს არის ბაზარზე ხმების დაპირებებზე გაცვლის პროცესი1 . მაგრამ ცივილიზებული დასავლური სახელმწიფოებისაგან განსხვავებით, სადაც მომდევნო არჩევნების წინ მხოლოდ დაპირებებს, თუ მათ რეალური საფუძველი არ გააჩნიათ, არანაირი პოლიტიკური კაპიტალის მოტანა არ შეუძლია, საქართველოში ელექტორატი მხოლოდ დაპირებებს იღებს და გულუხვად იძლევა ხმებს “კრედიტში”.

ალბათ მოსახლეობის მხრიდან ხმის მიცემის პროცესისადმი ასეთი დამოკიდებულება საბჭოური არჩევნების ფრიად სერიოზული ზეგავლენის დამსახურებაა და, თავის მხრივ, ქვეყანაში მიმდინარე პროცესების (მათ შორის კორუფციის) წამახალისებელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.

თავად გადაწყვეტილების მიღების პროცესი პრინციპულად განსხვავდება არჩევნებში მიცემული დაპირებებისაგან და ძირითადად გამოწვეულია პოლიტიკურ ძალთა შორის ხმების გაცვლით.

ხმის მიცემის პარადოქსი, რომელზეც ჩვენ ზემოთ უკვე გვქონდა საუბარი, საკმაოდ ხშირად ვლინდება საქართველოს პარლამენტში. ეს ძირითადად ეკონომიკური კანონების მიღების დროს ჩანს, როცა ცალკეული ჯგუფის ინტერესების გამო პარლამენტარები “თვალს ხუჭავენ” მისაღები კანონპროექტის მიღების ეკონომიკურ ეფექტზე.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ჯერ კიდევ სრულყოფილად არ არის ჩამოყალიბებული ლობიზმის ინსტიტუტი, ლობიზმის გამოვლენას ვხვდებით თითქმის ყველა მნიშვნელოვანი ეკონომიკური გადაწყვეტილების მიღებისას. ჩვენ უკვე გვქონდა საუბარი იმის თაობაზე, რომ თუნდაც საგადასახადო კოდექსის ორი: 101-ე და 273-ე მუხლების2 ანალიზი და მათში შეტანილი ცვლილებების დინამიკა ამის ნათელი დადასტურებაა.

საკანონმდებლო ორგანოზე ზემოქმედების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი ფორმაა მიტინგები და ე.წ. “ქუჩის აქციები”. მით უმეტეს, როცა აღნიშნული მიტინგების უფრო ეფექტიან, მაგრამ ტრაგიკულ ფორმებში გადაზრდის დიდი გამოცდილებაც გვაქვს.

სამწუხაროდ, სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით, სადაც ასეთი საერთო სახალხო აქციები ძირითადად ეკონომიკურ საკითხებს შეეხება და მათ ხშირად პროფკავშირები ატარებენ, საქართველოში სულ სხვა სიტუაციაა და ასეთ გამოსვლებსაც (ყოველ შემთხვევაში ყველაზე რეზონანსულ გამოსვლებს) მხოლოდ პოლიტიკური ელფერი აქვთ.

საქართველოს პარლამენტში ხშირია ხმებით ვაჭრობის ისეთი ფორმაც, როგორიცაა ლოგროლინგი. პარლამენტის წევრები ერთმანეთს უცვლიან ხმებს იმისათვის, რომ მათთვის საჭირო კანონების მიღება შესაძლებელი გახდეს.

ქართულ საზოგადოებაში აზროვნების ძველი სტილის და “ჰომო ტრანსფორმატიცუს”-ის ერთ-ერთ გამოხატულებად უნდა მივიჩნიოთ მეტ-ნაკლებად წარმატებულ ბიზნესმენთა ხელისუფლებისაკენ სწრაფვა. რაც, ჩვენი აზრით, არა მხოლოდ ქვეყნის მომავალზე ზრუნვითაა ნაკარნახევი, არამედ საკუთარი ბიზნესის უკეთესად “დაკრიშვის” აუცილებლობით და პოლიტიკური რენტის მიღებით.

ხშირ შემთხვევაში კი მეწარმეთა პარლამენტში მოხვედრა იმუნიტეტის სურვილითაა განპირობებული, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ მოსაზრებას, რომ მათ ასეთი ოდენობით ფული მთლად პატიოსანი გზით არ უნდა ჰქონდეთ ნაშოვნი.

ცხადია, ეს მოსაზრება არ ეხება ყველა იმ მეწარმეს და ბიზნესმენს, რომელმაც თავის ახალ ასპარეზად პოლიტიკური ტრიბუნა აირჩია.

უნდა აღინიშნოს, რომ მეწარმეთა მიერ პოლიტიკური თანამდებობების დაკავების პროცესი მთლად კანონშესაბამისად არ ხდება, რაც კიდევ ერთხელ გვიდასტურებს, იმ მოსაზრებას, რომ დასავლური ინსტიტუტების პირდაპირი კოპირების გზით დანერგვა არაფერ სიკეთეს არ მოგვიტანს.

მთელს მსოფლიოში მიღებულია, რომ თუ მეწარმე ხელისუფლებაში გადადის იგი წყვეტს სამეწარმეო საქმიანობას და მის მფლობელობაში არსებულ აქციებს სამართავად გადასცემს საფინანსო-სატრასტო კომპანიებს. საქართველოშიც დაახლოებით ანალოგიური კანონი მოქმედებს, იმ განსხვავებით, რომ ჩვენში არ არსებობს არც ფასიანი ქაღალდების ბაზარი, არც საფინანსო-სატრასტო კომპანიები და მეწარმეები პარლამენტში ან მთავრობაში მოხვედრის შემდეგ თავის კუთვნილ აქციებს სამართავად საკუთარ მეუღლეებს, სიდედრებს ან საუკეთესო, შემთხვევაში, ბიძაშვილებს გადასცემენ. ცხადია, რეალურად ისინი თავად აგრძელებენ კომპანიების მართვას და კანონმდებლის ან აღმასრულებლის სახელის გამოყენებით სასათბურე პირობებს უქმნიან საკუთარ ბიზნესს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ხელს უშლის “ჰომო სოვეტიცუს”-ის “ჰომო ეცონომიცუს”-ად გარდაქმნას, ჩვენი აზრით, არის ის ფაქტები, რომლებიც ზოგიერთი მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელის ცხოვრების წესთან და დონესთანაა დაკავშირებული და, რომლებიც მოსახლეობის ფართო ფენებში სახელმწიფოსადმი, როგორც სოციალური ინსტიტუტისადმი ნდობას ამცირებს.

ადამიანი, რომელიც სახელმწიფოს ჯერ კიდევ უყურებს როგორც ყოვლისშემძლე ინსტიტუტს, რომელიც ვალდებულია იზრუნოს მის მოქალაქეებზე და ხედავს, როგორ ზრუნავენ კორუმპირებული ჩინოვნიკები საკუთარ თავზე, კიდევ ერთხელ რწმუნდება, რომ ამ ქვეყანაში თუ სახელმწიფოს მიმართ არ გექნება იგივე დამოკიდებულება, როგორიც იყო თუნდაც 10-15 წლის წინ, ისე ვერ შესძლებ ელემენტარულად, ღირსეულად იცხოვრო. ამიტომ, ადამიანები ცდილობენ იმუშაონ სახელმწიფო სამსახურში და გაიკეთონ კარიერა, რაც შემდგომში მათი ღირსეული არსებობის გარანტი უნდა იყოს, მიუხედავად იმისა, რომ შრომის ანაზღაურება არ იძლევა არათუ ღირსეული ცხოვრების, არამედ თუნდაც არსებობის საშუალებას.

ამდენად იმისათვის, რათა შედარებით მოკლე ხანებში შესაძლებელი გახდეს საქართველოში ეკონომიკური ზრდის შეუქცევადი პროცესების დაწყება, აუცილებელია, რათა სახელმწიფომ მის ხელთ არსებული ყველა საშუალება გამოიყენოს ისეთი უმნიშვნელოვანესი ამოცანების შესასრულებლად, როგორებიცაა: სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, მოსახლეობის სოციალური დაცვის ქმედითი სისტემის ჩამოყალიბება, საბაზრო ეკონომიკისათვის დამახასიათებელი ინსტიტუტების, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, ფასიანი ქაღალდების ბაზრისა და ცივილიზებული ლობიზმის ინსტიტუტის შექმნა, ისეთი საგადასახადო სისტემის შექმნა, რომელიც წაახალისებს გადამხდელის მიერ გადასახადის გადახდას, სახელმწიფო სამსახურის სისტემის ისეთნაირად მოწყობას, რომელიც უზრუნველყოფს, სახელმწიფო მოხელეთა ღირსეულად ცხოვრებასა და შრომას, ასევე კორუფციის მასშტაბების შემცირებას.