კუჩმას გაასამართლებენ?

მოამზდდა მარი წიკლაურმა

უკრაინის პრეზიდენტ ლეონიდ კუჩმას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. საქმე უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის ერთდროულად 11 მუხლითაა აღძრული. უკრაინის პრეზიდენტს ბრალად ედება 1993 წელს პრემიერ-მინისტრის პოსტზე ყოფნის დროს სახელმწიფო ქონების მითვისება, ექს-პრემიერ პაველ ლაზარენკოსგან ქრთამის აღება, ერაყში არალეგალური შეიარაღების მიწოდების სანქცირება, ჟურნალისტ გიორგი ღონღაძის მკვლელობა, ოპოზიციური პოლიტიკოსების დევნა და შევიწროვება და მრავალი სხვა დანაშაული. ყველა ამ ბრალდებას შეიცავს სარჩელი, რომელიც უკრაინის სააპელაციო სასამართლოში ოპოზიციამ შეიტანა.

ულია ტიმოშენკოს ბლოკის ერთ-ერთი წარმომადგენლის, ალექსანდრე ტურჩინოვის განცხადებით, სარჩელი უკრაინის სააპელაციო სასამართლოში ოპოზიციურად განწყობილი დეპუტატების – ალექსანდრე მოროზის, იულია ტიმოშენკოს, გრიგორი ომელჩენკოს, იოსებ ვიმსკის და ალექსანდრე ტურჩინოვის მიერ ჯერ კიდევ 14 ოქტომბერს იყო შეტანილი, მაგრამ მისი განხილვა სასამართლოს ხელმძღვანელობიდან ვიღაცამ დაბლოკა.

გადაწყვეტილება უკრაინის პრეზიდენტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ მოსამართლე იური ვასილენკომ მიიღო. კიევის სააპელაციო სასამართლოში მოსვლამდე იგი თითქმის 20 წლის განმავლობაში სამხედრო მოსამართლედ მუშაობდა. უკრაინაში ვასილენკო მას შემდეგ გახდა პოპულარული, რაც მან გენპროკურორის ყოფილ მოადგილეს, სტეფან ლოტიუკს გამოუტანა განაჩენი. ვასილენკო 61 წლისაა, მისი უფლებამოსილებანი 2004 წელს იწურება – კუჩმას საპრეზიდენტო ვადის ამოწურვასთან ერთად. ვარაუდობენ, რომ მოსამართლე კუჩმას წინააღმდეგ აღძრულ საქმეს აუცილებლად ბოლომდე მიიყვანს. მოსამართლეს მიაჩნია, რომ ეს არ არის მხოლოდ სამსახურებრივი მოვალეობის მოხდის საკითხი.ჟურნალისტებისათვის გამართულ პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ “არ შეიძლება პრეზიდენტი ასეთი ხანგრძლივი დროის განმავლობაში იყოს ეჭვმიტანილი ამდენი ძალზე მძიმე დანაშაულის ჩადენაში”. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ მშვენივრად ესმის რაოდენ მძიმე ტვირთის ზიდვა მოუწევს და გაიხსენა, როგორ ემუქრებოდა მას ყოფილი გენპროკურორი მიხეილ პოტებენკო. ვასილენკოს თქმით, მას არ ეშინია პოლიტიკური დევნის. თუმცა მან ყოველი შემთხვევისათვის განაცხადა: “მინდა ყველამ გაიგოს, რომ მე არც ნარკოტიკულ ნივთიერებებს ვხმარობ და არც იარაღს ვინახავ სახლში”.

თუმცა, ოპოზიციის აზრით, პროვოკაციები უკვე დაიწყო. მასობრივი ინფორმაციის ზოგიერთი საშუალების განცხადებით, კუჩმას რამდენიმე აბსურდული ბრალდება წაუყენეს, მაგალითად: მიკრობიოლოგიური ნივთიერებების გამოყენების წესების დარღვევა, საზღვაო და სამდინარო გემებზე სახელმწიფო დროშის უკანონო აფრიალება და სხვა. ოპოზიციის ერთ-ერთმა იურისტმა ამ განცხადებას დეზინფორმაცია უწოდა. მისი განცხადებით, პრეზიდენტის ჯგუფს სურს სიტუაცია აბსურდამდე მიიყვანოს და ამისათვის მზად არის მას კენედის მკვლელობაც დააბრალოს. “ჩვენ სასამართლოს მხოლოდ ის ბრალდებები გადავეცით რაშიც დარწმუნებულები ვიყავით. სასამართლოს გადაწყვეტილება სენსაციურია – დსთ-ში ეს პირველი შემთხვევაა. და თუ საქმე პრეზიდენტის გადადგომამდე მივიდა – რაც სრულიად შესაძლებელია – ეს იქნება პრეცედენტი მთელი პოსტსაბჭოური სივრცისათვის.

პრეზიდენტის წინაღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრისთანავე ოპოზიციამ მისი დაუყოვნებლივი გადადგომა მოითხოვა. “ადამიანს, რომელის წინააღმდეგაც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, არ აქვს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების უფლება. იგი უნდა წავიდეს”, – განაცხადა ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, კომუნისტების ხელმძღვამელმა, პეტრე სიმონენკომ.

განცხადება კუჩმას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ უკრაინის პარლამენტის ტრიბუნიდან სახალხო დეპუტატმა, სოციალისტური პარტიის ფრაქციის წევრმა ვალენტინა სემენიუკმაც გააკეთა. დეპუტატის განცხადებით, სისხლის სამართლის დანაშაულებს კუჩმა სჩადიოდა როგორც მისი პრემიერ-მინისტრის პოსტზე ყოფნის დროს, ასევე მისი პრეზიდენტის პოსტზე მოსვლის შემდეგაც. იგი იმედოვნებს, რომ “სასამართლო, მიუხედავად ყველაფრისა შესდგება, უკრაინის მოქალაქეები სასამართლოში ჩვენებებს მისცემენ და მოქალაქე კუჩმა პასუხს აგებს მის მიერ ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულებებისათვის”.

თავად კუჩმა ამ ბრალდებებთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.
“სავარაუდოდ, ლეონიდ კუჩმა რეპრესიების მთელ მექანიზმს აამუშავებს იმისათვის, რომ დახუროს მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე” – განაცხადა რადიოსადგურ “ეხო მოსკვის” ეთერით უკრაინის სახელმწიფო დაცვის მაიორმა ნიკოლაი მელნიჩენკომ. მისი აზრით, პრეზიდენტის ასეთი მოქმედება მხოლოდ დაადასტურებს მის დამნაშავეობას.

“იმ შემთხვევაში, თუ კუჩმა უდანაშაულოა, მას სასამართლოსი არ უნდა ეშინოდეს”, – ამბობს პრეზიდენტის დაცვის ყოფილი თანამშრომელი. მისი თქმით, “თუ არსებობს სისხლის სამართლის საქმის აღძვრის ფაქტი, შესაბამისად, უნდა არსებობდეს დანაშაულის შემადგენლობაც, რომელიც ან სასამართლოს წესით უარყოფილი უნდა იყოს, ან დამტკიცდეს”.

მელნიჩენკოს აზრით, “რამდენიმე ხანში მოსამართლე ვასილენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე იქნება აღძრული, მას სამსახურიდან გაათავისუფლებენ და პრეზიდენტის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე დაიხურება”. მიუხედავად ამისა, მელნიჩენკო დარწმუნებულია, რომ “მას შემდეგ, რაც უკრაინაში საქმე დაიხურება, საზღვარგარეთ კუჩმას წინააღმდეგ საქმე სხვა მუხლებით იქნება აღძრული. თვითონ სისხლის სამართლის აღძვრის ფაქტი მან შეაფასა, როგორც “ნიშანდობლივი მოვლენა”. მისი აზრით, ეს “იმაზე მეტყველებს, რომ მოთმინების ფიალა აევსოთ არა მხოლოდ უბრალო მოქალაქეებს, არამედ მოსამართლეებსაც”. მელნიჩენკოს აზრით, კუჩმა კარგავს თავის პოზიციებს: ” მას არ აქვს მორალური პოზიციები და ახლა იგი სამართლებრივ პოზიციებსაც თმობს – ეს უახლოესი თვეების საკითხია”.

აღსანიშნავია, რომ უკრაინაში 11 სექტემბრიდან მიმდინარეობს ოპოზიციის მიერ გამართული საპროტესტო აქციები კუჩმას გადადგომისა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების მოთხოვნით. ამ აქციების დროს ოპოზიციონერებმა უკვე ჩაატარეს რამდენიმე ხმაურიანი ღონისძიება. კერძოდ, მათ რამდენიმე ხნით დაიპყრეს უკრაინის ტელეცენტრის ერთ-ერთი სტუდია. ოპოზიციის მიერ სააპელაციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი, როგორც ჩანს, იგივე მიზნებს ემსახურება.

ყველაფერი კი 2000 წელს დაიწყო, როდესაც კიევში ყველასათვის უცნობი ჟურნალისტი, ოპოზიციური ინტერნეტ-გაზეთის რედაქტორი, გიორგი ღონღაძე გაუჩინარდა. მაშინ ვერავინ ვერ წარმოიდგენდა, რომ ეს იქნებოდა დამოუკიდებელი უკრაინის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მწვავე კრიზისის დასაწყისი, რომლის შედეგადაც აგორდა მასობრივი გამოსვლების ტალღა, დაიწყო ლეონიდ კუჩმას უპრეცედენტო დისკრედიტაცია და ოპოზიციის ძლიერი შეტევა, რამაც სერიოზულად შეარყია პრეზიდენტის პოზიციები.

თუმცა, მაშინ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ მოახერხა პროტესტების ტალღის ჩაწყნარება.

კრემლში ჩათვალეს, რომ რუსეთის გავლენას უკრაინაში შესაძლოა საფრთხე შეექმნას: ოპოზიცია ანტირუსულად იყო განწყობილი და დასავლეთით აპელირებდა. კუჩმამ იგრძნო თუ არა “დამწვრის სუნი”, სწორედ მოსკოვისაკენ გაეშურა. ოფიციალურად უკრაინამ, რომელიც მუდამ რუსეთსა და დასავლეთს შორის ლავირებდა, ძმობაზე, ეკონომიკურ ინტეგრაციასა და რუსული ენის მხარდაჭერის აუცილებლობაზე დაიწყო საუბარი. რუსეთი, რითაც შეძლო უკრაინას დაეხმარა: პუტინი დნეპროპეტროვსკში ჩავიდა, მოსკოვში კი უკრაინის ოპოზიციის ლიდერ, იულია ტიმოშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული. მეზობელი ქვეყნის პოლიტიკური ლანდშაფტი მას შემდეგ ძლიერ შეიცვალა, თუმცა, რით დასრულდება ყველაფერი, კვლავინდებურად უცნობია. “ღონღაძის საქმე”, რომელიც გაცილებით უფრო ფართო სკანდალში გადაიზარდა, ანტიკუჩმური სიუჟეტების ერთ-ერთ მთავარ თემად რჩება.

კიევის სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გარდატეხად იქცეს იმ წინააღმდეგობაში, რომელიც უკვე საკმაოდ დიდი ხანია გრძელდება უკრაინის მთავრობასა და ოპოზიციას შორის. ვარაუდოდენ, რომ ლეონიდ კუჩმას ოპონენტები სისხლის სამართლის საქმეს გამოიყენებენ არა მხოლოდ პრეზიდენტზე ზეწოლის მოსახდენად, არამედ შეეცდებიან იგი კუთხეში მოამწყვდიონ და გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მიაღებინონ.

უკრაინის მეთაურის მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს ზეწოლა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, რომელიც დღითი დღე მატულობს.

აშშ-ში უკვე დიდი ხანია ეჭვობენ, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში ერაყი სულ უფრო და უფრო აქტიურად ცდილობს შეიძინოს იარაღი ბელორუსიასა და უკრაინისაგან.

ამერიკა ამის დამადასტურებელ ფაქტებსაც ფლობს: უკრაინის პრეზიდენტის კაბინეტში გაკეთებული სატელეფონო საუბრების ჩანაწერები; საქონლის დაკავება; იარაღით ვაჭრობაში ბრალდებით ადამიანების დაკავება; დასავლური სადაზვერვო სამსახურების მოხსენებები და ბაღდადის დიპლომატური მანევრები, წელს კიევში ერაყის პირველი ელჩის გაგზავნის ჩათვლით.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი თანამშრომელი აცხადებს, რომ “ერაყელები უკრაინასა და ბელორუსიაში აქტიურად მოქმედებენ. იარაღთან ერთად მათ ტექნიკური მხარდაჭერა და სპეციალისტების მომზადებაც სჭირდებათ”. დასავლური ანალიტიკოსები ამ აზრს ეთანხმებიან.

გარდა ამისა, ცნობილია, რომ 1999 წლის სექტემბერში ოდესასა და კიევს იარაღის, მათ შორის საავიაციო ტექნიკის ნაწილების, შეძენისა და მფრინავების მომზადების შესაძლებლობის გამონახვის მიზნით ეწვია ავღანეთში თალიბების ხელისუფლების დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც “ალ-ქაიდას” ორი წევრიც იყო. ამ დელეგაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა უმაღლეს დონეზე შედგა. დელეგაცია უკრაინაში შეერთებული შტატების მიერ “თალიბანის” მოძრაობისათვის იარაღის მოწოდებაზე ემბარგოს შემოღებამდე ჩავიდა.

ასევე 1999 წელს, იმ დროს, როდესაც კოსოვოში სერბების რეიდები მიმდინარეობდა, უკრაინამ ფარულად მიჰყიდა ბელგრადს ორი ვერტმფრენი თავისი სათადარიგო ნაწილებით, რაც იუგოსლავიის წინააღმდეგ გაეროს სანქციების მეორედ შემოღების მიზეზად იქცა.

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ერაყი არ არის უკრაინული და ბელორუსული იარაღის “შავ სიაში” შეტანილი ერთადერთი მყიდველი. გაეროს უშიშროების საბჭოს მოხსენებებში აღნიშნულია იარაღისა და საბრძოლო მასალების უკანონო მიწოდებები ანგოლაში, სიერა-ლეონეში და ლიბერიაში.

ყველაფერმა ამან განაპირობა ის, რომ ამერიკის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინისათვის ფინანსური დახმარების შეწყვეტის შესახებ.

თუმცა, უკრაინისა და ბელორუსიის პრეზიდენტებმა არა ერთხელ უარყვეს ის, რომ ერაყს იარაღით ამარაგებდნენ. კუჩმამ უკრაინაში დასავლური სპეციალისტები მოიწვია იმ იმედით, რომ მათი ვიზიტი მისი პატიოსანი სახელის აღდგენას შეუწყობს ხელს. რუსეთის მსგავსად, უკრაინა და ბელორუსია თავს ამერიკის მიერ ერაყის, სამხრეთ კორეასა და ლივიისათვის იარაღით ვაჭრობის ექსპორტზე დაწესებული ცალმხრივი ემბარგოთი შეზღუდულად არ გრძნობენ, თუმცა ამტკიცებენ, რომ გაეროს მიერ დადგენილ წესებს იცავენ, რაც ნაკლებად დასაჯერებელია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ერაყი იარაღში ყველაზე მაღალ ფასს იხდის, ეს კი ძალზედ დიდი ცდუნებაა უფულობით გაწამებული უკრაინული და ბელორუსული საწარმოებისათვის.

იმ შემთხვევაში, თუ ბრიტანელი და ამერიკელი ექსპერტები დარწმუნდებიან იმაში, რომ მათი ეჭვები უსაფუძვლო არ არის, ამერიკის მხრიდან კიევის წინაღმდეგ სანქციები კიდევ უფრო გამკაცრდება – იგი დარჩება ფინანსური დახმარების გარეშე და პოლიტიკურ იზოლაციაში აღმოჩნდება.

ამრიგად, უკრაინა, რომელიც, როგორც წესი, საერთაშორისო ყურადღებას ნაკლებად იქცევს, ვიდრე, შესაძლებელია, იმსახურებს, დღეისათვის დასავლეთის გლობალური ინტერესის სფეროში მოექცა, თუმცა ფრიად არასასიამოვნო მიზეზის გამო. უკრაინის პრეზიდენტი მის მიერვე დაგებულ მახეში გაება. იგი ცდილობდა, საკუთარი ძალაუფლება გაეძლიერებინა იმისათვის, რომ ადგილობრივი და უცხოელი ლობისტების ინტერესები დაეკმაყოფილებინა. დასავლური ქვეყნებისათვის იგი მოდერნიზატორის როლს თამაშობდა, რომელიც საკუთარი ქვეყნის რუსეთისაგან გამოყოფას და ჭეშმარიტად დამოუკიდებელი სახელმწიფოს აშენებას ცდილობს. იგი აკეთებს განცხადებებს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. მოსკოვში იგი ძველი მეგობარია, რომელიც სიხარულით ადევნებს თვალყურს იმას, თუ როგორ მკვიდრდებიან რუსული კომპანიები უკრაინულ ეკონომიკაში, რაც ხშირად ძალზედ საეჭვო გარიგებების შედეგად ხდება.

სახლში პრეზიდენტი კმაყოფილია იმით, რომ ეკონომიკური და პოლიტიკური ლიბერალიზაცია კუს ნაბიჯებით მიიწევს წინ, ვინაიდან მას, როგორც ჩანს, ესმის, რომ მათ შეუძლიათ მის გარშემო არსებული კორუმპირებულ გარემოს ხელი შეუშალონ. იგი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ როგორმე შეინარჩუნოს ძალაუფლება.

მიუხედავად იმისა, რომ კუჩმას უამრავ დანაშაულში სდებენ ბრალს,

კუჩმამ, შესაძლოა, პრეზიდენტის პოსტზე საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე მოახერხოს დარჩენა, ვინაიდან უკრაინის ოპოზიცია დღეს ძალიან დაქსაქსულია. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციას ამერიკა უმაგრებს ზურგს, კუჩმას ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ამერიკა უკრაინისათვის ერთადერთი დასაყრდენი არ არის.

ვაშინგტონი ჯერჯერობით დილემის წინ დგას. ამერიკაში იციან, რომ უკრაინას დღეს მისი მხარდაჭერა ნამდვილად სჭირდება და სანაცვლოდ იგი თავის რეგიონში ამერიკის სტრატეგიული ინტერესების დაცვასაც ჰპირდება, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ამერიკა მას მხარს არ დაუჭერს, იგი მაშინვე რუსეთს ჩაუვარდება ხელში. ისიც უნდა ითქვას, რომ ვაშინგტონი არა ერთხელ მდგარა ასეთი არჩევანის წინ – “ცივი ომის” დროს, როდესაც აშშ იძულებული იყო უცხოელი დიქტატორებისათვის მხარი დაეჭირა მხოლოდ იმისათვის, რომ ისინი რუსეთისაკენ არ გაქცეულიყვნენ. “რეალისტები” დასავლეთში დღესაც მზად არიან კუჩმას მხარი დაუჭირონ, თუმცა, ეს არც თუ ისე ადვილია, თუ გავითვალისწინებთ, რომ კუჩმას არა მარტო ფართო მასშტაბიან კორუფციასა და არჩევნების გაყალბებაში სდებენ ბრალს, არამედ მკვლელობაშიც.

ყველაფერმა ამან განაპირობა ის, რომ დასავლეთში კუჩმას მომხრეების რიცხვი მკვეთრად შემცირდა. ამერიკულმა პრესამ, რომელიც ოდესღაც მის მიმართ სიმპათიებით იყო განწყობილი, უკრაინის პრეზიდენტს თითქმის ერთსულოვნად აქცია ზურგი: “უნიჭო და კორუმპირებულმა ხელისუფლებამ, რომელსაც ლეონიდ კუჩმა 1994 წლიდან ხელმძღვანელობს, ბუნებრივი რესურსებით მდიდარი ქვეყანა საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციების მათხოვარ ქვეყნად აქცია, – წერდა ერთ-ერთ ნომერში თჰე Los Angeles Times. – იყო დრო, როდესაც შეერთებულ შტატებსა და Mმის მოკავშირეებს ეგონა, რომ კუჩმას შეუძლია თავისი ქვეყნის მოსკოვის ორბიტიდან გამოყვანა. მათ სერიოზული ფინანსური დახმარება გაუწიეს უკრაინას ბირთვული იარაღის არსენალის ლიკვიდაციისათვის და თვალს ხუჭავდნენ იმაზე, რომ უკრაინის ხელისუფლება ამ ფულს ქარს ატანდა. ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა. დღეისათვის კუჩმა დისკრიდიტირებულია, როგორც ლიდერი. მისი რეპუტაცია სერიოზულადაა შერყეული. კუჩმას ბრალად ედება დანაშაულებანი, რომლებიც აღმოსავლეთ ევროპაში უმძიმესად ითვლება”.

ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის, რომელიც ამერიკიდან ახლახან დაბრუნდა, ტარას ჩერნოვოლის განცხადებით “ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ამჟამად უამრავ ვარიანტს იხილავს, მათ შორისაა: უკრაინის პრეზიდენტის დაპატიმრებაზე საერთაშორისო ორდენის გაცემა, პრეზიდენტისა და მისი გარემოცვის წარმომადგენლების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა და უკრაინის საზღვრებს გარეთ მათი ანგარიშების გაყინვა.

მართალია, დეპუტატმა, რომელსაც ამერიკული ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებსა და უკრაინული დიასპორის წარმომადგენლებთან ჰქონდა შეხვედრა, აქვე დასძინა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ვაშინგტონს ჯერ არ მიუღია. “თუმცა ეს ახლო მომავლის საკითხია და დღეს უკვე თავისუფლად შეიძლება საუბარი ამერიკის მიერ კუჩმას არ მიღების საერთო სტრატეგიის შესახებ”. “საბოლოო გადაწყვეტილებას” ვაშინგტონი, როგორც ჩანს, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის სამხედრო ექსპერტების ჯგუფის შედეგების მიხედვით მიიღებს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, კუჩმას შესაძლებელი გადადგომა მთელი პოსტსაბჭოური სივრცისათვის იქნება პრეცედენტი. სურვილის ქონის შემთხვევაში, ცოდვები, რომლებიც კუჩმას ედება ბრალად, დსთ-ის ყველა სხვა ლიდერსაც შეიძლება მოეძებნოს. განსაკუთრებით, თუ ისინი იმ ოდიოზურ რეჟიმებთან კავშირში იქნებიან შემჩნეულნი, რომლებიც აშშ-მა ტერორისტების ხელშემწყობთა სიაში შეიტანა.

ხოლო რაც შეეხება რუსეთს, მეზობელი ქვეყნის სირთულეებს, როგორც ყოველთვის იგი თავის სასარგებლოდ გამოიყენებს – კუჩმას მხარდაჭერაზე უარს არ ეტყვის და ამით საკუთარ პოზიციებს ამ რეგიონში კიდევ უფრო გააძლიერებს.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial