რა ჯდება გასაჩუქრებული ქონების დაბრუნება ანუ ბიზნესი “ჩვენებურად”

მაია რაზმაძე

უზენაესმა სასამართლომ ფოთის პორტის ხელმძღვანელობის სარჩელი თუ დააკმაყოფილა და ფირმა “სამებამ” მე-7 ნავმისადგომი ჩამოართვა, სახელმწიფოს “სამებისთვის” ათმილიონიანი კომპენსაციის გადახდა მოუწევს. სწორედ ამდენს მოითხოვს ფირმა და პარლამენტარი ზურაბ ტყემალაძე მის საკუთრებაში არსებული ტერიტორიის სანაცვლოდ, რომლის დაბრუნებაც პორტმა ისევ პრეზიდენტის დახმარებით, რვაწლიანი ინტერვალის შემდეგ გადაწყვიტა.

ზურაბ ტყემალაძე, პარლამენტარი: 1994 წელს ჩვენ პრეზიდენტს წინადადებით მივმართეთ, რომ საქართველოში ალკოჰოლური და მინერალური წყაროს წყლების ტერმინალი აგვეშენებინა. დავასაბუთეთ, რომ ქვეყნისთვის ეს მომგებიანი იქნებოდა. საბჭოთა კავშირის პერიოდში ასეთი ტერმინალები იყო ნოვოროსიისკსა და ლენინგრადში რომლებიც ძალზე წარმატებულად მუშაობდნენ. იდეას პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა (მაშინ სახელმწიფოს მეთაურმა) და დაავალა მინისტრთა კაბინეტს, შემდეგ კი ფოთის პორტის რეკონსტრუქციისა და განვითარებისათვის არსებულ სახელმწიფო კომისიას, საკითხი შეესწავლათ და მხარდაჭერის შემთხვევაში ჩვენი წინადადება გაეთვალისწინებინათ. 1994 წელს “სამებას” ამ საკითხის მოსაგვარებლად გამოეყო ტერიტორია. ამის შემდეგ შევისწავლეთ ბაზარი, გავაკეთეთ ბიზნეს-გეგმა. ტერმინალის მშენებლობისთვის საჭირო იყო მოგვეზიდა დაახლოებით 10 მლნ. დოლარი. 1994-95 წლებში, მოგეხსენებათ, ეს როგორი ძნელი იყო. მაშინ არ არსებობდა მიწის საკუთრების შესახებ კანონი და ინვესტორი რომ მოგვეზიდა და ნდობა დაგვემსახურებინა, ისევ პრეზიდენტის წინაშე დავაყენეთ საკითხი 1995 წელს, რომ ჩვენთვის დამაგრებული მიწა გადმოეცათ უკვე მუდმივ სარგებლობაში. ეს საკითხი სახელმწიფო კომისიის მსჯელობის საგანი გახდა, რომელმაც გადაწყვეტილება მიიღო და რომელსაც მიწის მართვის დეპარტამენტმა დაუჭირა მხარი. მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 27 მარტის დადგენილებით, ტერიტორია “სამებას” მუდმივ სარგებლობაში გადმოეცა, დავიწყეთ ინვესტორის ძიება.

1998 წელს მიიღეს კანონი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების შესახებ. ერთჯერადი გადასახადის გადახდის შემთხვევაში, იურიდიული თუ ფიზიკური პირის მუდმივ სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთები კერძო საკუთრებაში გადადიოდა. მართალია, ამ კანონში მოცემული და აღნიშნულია, რომ პორტის, საზღვაო ნავსადგურის ტერიტორია არ ექვემდებარება კერძო საკუთრებაში გამოცხადებას, მაგრამ, ვინაიდან, 1995 წლიდან ეს ტერიტორია აღარ ეკუთვნოდა პორტის ნავსადგურს და “სამების” იყო, მიწის მართვის დეპარტამენტის ფოთის სამმართველომ ის გაატარა როგორც კერძო საკუთრება.

თქვენი ოპონენტები, ფოთის პორტის ხელმძღვანელობა ამბობს, რომ ეს პორტის ტერიტორიაა.
მიწის ეს ნაკვეთი ფოთის პორტის სახელზე არავითარი სახით არ არის რეგისტრირებული – არც დროებითი სარგებლობის, არც უზურფრუტის, არც მუდმივი სარგბლობის წესით. ის დარეგისტრირებულია ფირმა “სამებას” სახელზე. მართალია, გეოგრაფიულად პორტის მიმდებარე ტერიტორიაა, მაგრამ ეს ტერიტორია 1995 წლიდან მუდმივ სარგებლობაში, 1998 წლიდან კი კერძო საკუთრებაში აქვს ფირმა “სამებას”. აქედან გამომდინარე, იურიდიულად სადავო, ბუნებრივია, არავის შეიძლება ჰქონდეს ჩვენთან. მიწის მართვის დეპარტამენტი დღესაც აცხადებს, რომ ყველაფერი კანონიერად გაკეთდა და ფირმა “სამება” მესაკუთრედ კანონიერად გამოცხადდა. სარჩელი შეიტანა ფოთის პორტმა და საკითხის განხილვა 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობს. ის უკვე განიხილა ფოთის სასამართლომ, 2-ჯერ ქუთაისის სასამართლომ და უმაღლესმა სასამართლომ.

ყველა შემთხვევაში სასამართლომ ფოთის პორტის სასარგებლოდ გამოიტანა განაჩენი.
ამ საკითხის შინაარსობრივი განხილვა არც ერთხელ არ მომხდარა. ფოთის სასამართლომ საკითხი უმტკივნეულოდ განიხილა და 5 წუთში გადაწყვიტა, რომ უნდა გაუქმებულიყო “სამებისთვის” საკუთრების მოწმობა. ბუნებრივია, ჩვენ ეს გადაწყვეტილება გავასაჩივრეთ, იგივე განმეორდა ქუთაისის სასამართლოშიც. ორივეჯერ ჩვენი დასწრების გარეშე განიხილეს და დააკმაყოფილეს პორტის სარჩელი. სარჩელი შეტანილი გვაქვს უმაღლეს სასამართლოში, განხილვა 25 დეკემბერსაა დანიშნული.

ჩვენ ხელთ გვაქვს ფოთის პორტის ხელმძღვანელობის მიმართვა პრეზიდენტისადმი, სადაც ისინი ამ ტერმინალის მნიშვნელობას ასაბუთებენ და ითხოვენ მის პრივატიზებას ტენდერის საშუალებით. იქვე მიუთითებენ, რომ 1995 წლიდან, ანუ იმ პაერიოდიდან, რაც ეს ტერიტორია ფირმა “სამებისაა”, 2002 წლის 10 თვის ჩათვლით ამ ტერიტორიაზე მიმდინარეობს ტვირთბრუნვა, რის შედეგადაც ამ ხნის მანძილზე მოგებამ 7 მლნ შეადგინა. ამ დოკუმენტის საფუძველზე სარჩელი შევიტანეთ ქუთაისის საოლქო სასამართლოში და ვაცხადებთ, უკანონობა იქნება თუ “სამებას” კერძო საკუთრებას გაუუქმებენ და თუ ასე მოხდა, ამ ხნის მანძილზე 1995 წლიდან დღემდე ხომ “სამებას” კუთვნილებაშია ეს ტერიტორია და ჩვენს მიწაზე რომ ეკონომიკურ საქმიანობას ეწევიან, არის თუ არა ეს კერძო საკუთრების ხელყოფა და დანაშაული? ვის ეკუთვნის ჩვენს კუთვნილ მიწაზე ეკონომიკური საქმიანობით მიღებული მოგება? ასე რომ, ხსენებულ 7 მლნ-ს პლუს დღემდე არსებული მოგება, ალბათ სულ 10 მლნ იქნება, სწორედ ამას მოვითხოვთ. ეს სრულიად კონსტიტუციური, კანონიერი მოთხოვნაა და ვნახოთ, როგორ დააკმაყოფილებენ.

დღეს არავინ აყენებს საკითხს 1995 წლის მინისტრთა კაბინეტის ნორმატიული აქტის გაუქმების შესახებ. ასე რომ, საკუთრება რომ გააუქმონ, მუდმივ სარგებლობაში მაინც რჩება “სამებას” ეს ტერიტორია. თუ ეს ტერიტორია სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე ვინმეს სჭირდება, არსებობს კანონი, წესი – ჩამორთმევა მოახდინონ სათანადო შეთანხმებით და კომპენსაციით. შემოგვთავაზონ მისი ადეკვატური ქონება. ყველას თავისი კერძო ინტერესი გააჩნია.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial