საბაჟო პოლიტიკა და საქართველო

სოფიკო სიჭინავა

დიდი ხნის დისკუსიებისა და WTO-ში თითქმის სამი წლის წევრობის “სტაჟის” შემდგომ, დღის წესრიგში დადგა საქართველოში დიფერენცირებული საბაჟო გადასახადების შემოღების საკითხი. ქვეყნისთვის საბაჟო გადასახადი ორი ფუნქციის მატარებელია. პირველი, მას ფისკალური ფუქნცია გააჩნია, ანუ, როცა შემოსული საქონელი, იმპორტი იბეგრება.

აქედან შემოსული თანხა, წლების მიხედვით, 30-დან – 45 მლნ ლარს შორის მერყეობდა. ამ გადასახადს აქვს მეორე ფუნქციაც – პროტექციონისტული. მისი საშუალებით შესაძლებელია შიდა ბაზრის გარე ექსპანსიისგან დაცვა. ამიტომ გადასახადში არის, როგორც ადვალური, ისე სეზონური დაბეგვრის განაკვეთები და მისი მიზანი, ბიზნეს-გარემოს შექმნა, ბიზენსისი განვითარების ხელშეწყობა და შიდა ბაზრის დაცვაა გარეშე დემპინგური თუ პირდაპირი ჩარევებისგან.

აქამდე, ამ კუთხით გადადგმული ნაბიჯები თითქმის არ არსებობდა. ეს პირველი პრეცენდენტია დიფერენცირებული საბაჟო გადასახადის შქმნისა იმ სასაქონლო ნომენკლატურის, ანუ იმ სასაქონლო დასახელების ჩამონათვალის მიხედვით, რაც კი ქვეყნის საზღვარზე მოძრაობს.

ეს ნაბიჯი მისასალმებელია, თუმცა, იგი კვლავ დახვეწას მოითხოვს, იქიდან გამომდინარე, რომ, ძირითადში, არ არსებობს ქვეყნის პრიორიტეტები და ასეთ სიტუაციაში, საბაჟო ტარიფების განსაზღვრა, ფაქტობრივად, სპონტანურად ხდება. ბუნებრივია, როცა ამას ვამბობთ, ვითვალისწინებთ, რომ საბაჟო ტარიფები მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასთან მიბმულია. ბმული ანუ ზღვრული ტარიფები იმას ნიშნავს, რომ ტარიფში გასაზღვრულია დონე, რომლის იქითაც იმპორტირებულ საქონელზე საბაჟო გადასახადის გაზარდის უფლება არ გვაქვს.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ბევრი ეკონომიკური პროგრამა შეიქმნა, პრიორიტეტები განსაზღვრული მაინც არ არის. ჯერჯერობით, კიდევ იმ ინერციით მივდივართ, რაც არსებობს და დღემდე ხდება. ამის შესანიშნავი გამოხატულებაა თუნდაც ის, რომ ამ პროექტის მიხედვით, ვთქვათ, მწვანე ჩაი საქართველოში შემოტანის დროს 25%-იანი საბაჟო გადასახადით დაიბეგრება, ხოლო შავი ბაიხის ჩაი, ისევ 12%-ით. არადა, ბევრი განსხვავებული აზრის მიუხედავად, საქართველოში შავი ბაიხის ჩაი მაინც სერიოზულ საექსპორტო პროდუქციას წარმოადგენდა. არ შეიძლება ამ საკითხს ასე ზედაპირულად შევხედოთ, მისი უფრო ღრმა განხილვისას, ვნახავთ, რომ სხვა მოსაზრებასაც აქვს არსებობის უფლება. კერძოდ კი, მართალია, ჩვენი ჩაი არ არის ხარისხიანი, ის ვერ ჯობნის ინდურს თუ ცეილონისას, მაგრამ მსოფლიო ბაზარზე თავისი ადგილი აქვს ისეთ ჩაისაც როგორიც ჩვენია. მასზე მოთხოვნა მაინც არსებობს. იმიტომ, რომ მას, სწორედ მაღალი ხარისხის ჩაის ურევენ და იმ პროდუქტს იღებენ, რომელიც ყოველდღიური მოხმარების საგანია. სუფთა ინდური ჩაი საკმაოდ ძვირი ღირს და მისი ყოველდღიური მოხმარება დიდი ფუფუნებაა. ამ მხრივ, რუსეთსა და ევროპაში სერიოზული ბაზარი დავკარგეთ, რადგან დაბალი ხარისხის მისარევი ჩაი საქართველოში, თურქეთსა და აფრიკაში იწარმოება. წელიწადში 600 ათასს ტონა ჩაის ვაწარმოებდით, როცა დღეს, ალბათ, ეს ციფრი 600 ტონა თუ იქნება, შესაძლოა, ესეც გადაჭარბებულია.

ბუნებრივია, თითოეული მუხლის დეტალური განხილვა საბოლოო ჯამში, იქმდე მიგვიყვანს, რომ უნდა ჩამოვაყალიბოთ ერთიანი მიდგომა ყველა ქვეყნის მიმართ. ამ კანონის მიხედვით, ვიღებთ, დაახლოებით, ასეთ სიტუაციას – ვთქვათ, გერმანიიდან იოგურთის იმპორტი 25%-ით დაიბეგრება, მაგრამ გერმანიის საწარმოები რუსეთშიცაა განლაგებულია. ესე იგი, თუ იოგურთს შემოვიტანთ გერმანიიდან დაიბეგრება 25%-ით, ხოლო თუკი იგივე საქონლის იმპორტს რუსეთიდან განვახორციელებთ, ნულოვანი განაკვეთით დაიბეგრება. როგორც ცნობილია, საქართველო რუსეთთან, დსთ-ს სხვა ქვეყნებთან დაკავშირებულია, ე.წ. თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებით, რომლის მიხედვითაც, ამ ქვეყნებიდან იმპორტირებული საქონელი განთავსიუფლებულია საბაჟო გადასახადისგან. ამ შემთხვევაში, დისკრიმინაციულ მდგომარეობაში დგება ევროპაში წარმოებული საქონელი და თუ ჩვენ არ განვიხილავთ ამ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების საკითხებს, რომელიც, თავის მხრივ, სირთულეს წარმოადგენს, მაგრამ აუცილებლად დასარეგულირებელია, ჩვენ შესაბამის ეფექტს ვერ მივიღებთ.

გარდა ამისა, სასაცილოა, როცა აქცენტი გაკეთებულია ისეთ პროდუქციაზე, რომელიც ნაკლებად ფიქსირდება საზღვარზე – გარგარი, ატამი, ქლიავი, ბალი და ა. შ. თუმცა, უნდა ითქვას, მისასალმებელია, რომ პირველად, სეზონური გადასახადები შემოდის კარტოფილზე, პამიდორზე, რათა ჩვენი ბაზარი თურქული, დაბალხარისხიანი საქონლისგან დავიცვათ.

მიუხედავად ამისა, მაინც შეიქმნება სერიოზული პრობლემები 30-ე, მე-14-ე, მე-13-ე ჯგუფებში, სადაც საუბარია კვების პროდუქტების, ქიმიკატების, თევზეულობის და სხვა პროდუქტების დაბეგვრიდან მიღებულ შემოსავალთან დაკავშირებით. ალბათ, მიზანშეწონილი იქნებოდა საქართველოში პარლამენტს მიეღო არა ისეთი ნომენკლატურის ჩამონათვალი იმ მუხლებისა, რომელიც, ამ შემთხვევაში იცვლება, არამედ, მთლიანობაში, საბაჟო ტარიფები ერთიან წიგნად გამოეცათ დოკუმენტის სახით, როგორც ეს ყველა მოწინავე ქვეყნებშია. მათ შორის, რუსეთში. რათა კოდის მინიჭების პრეროგატივა მებაჟეს არ ჰქონდეს, რაც, გარკვეულწილად, კორუფციას შეასუსტებდა, პროცესი უფრო გამჭვირვალე გახდებოდა და ბიზნესს გაადვილებდა.