ბალცეროვიჩი მიდის, ბალცეროვიჩი რჩება…

თამაზ აქუბარდია

თავის დროზე პოლონეთის ეკონომიკური რეფორმების მამის, ლეშეკ ბალცეროვიჩის პრეზიდენტის ეკონომიკურ მრჩევლად საქართველოში ჩამოსვლამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ერთი ნაწილი მიესალმა მსოფლიოში ცნობილი ეკონომისტის, ე.წ. “შოკური თერაპიის” ავტორის ჩამოსვლას. მეორე, არცთუ ისე მცირე ნაწილი კი, გაღიზიანებული შეხვდა ამ მოვლენას.

ამ უკანასკნელთა ძირითადი არგუმენტი იმაში მდგომარეობდა, რომ ლეშეკ ბალცეროვიჩი ვერაფერს ვერ იტყოდა ისეთს, რასაც ჩვენი ეკონომისტები არ ან ვერ შეძლებენ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ლეშეკ ბალცეროვიჩის სასწავლი ჩვენ, ქართველ ეკონომისტებს არაფერი გვჭირს. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ კულუარებში ერთი აზრიც მუსირებდა, რომელსაც ხმამაღლა არავინ ახმოვანებდა. მავანმა და მავანმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ პრეზიდენტს ამერიკის თვალი და ყური ცხვირწინ დაუსვა ისე, როგორც ამას კომუნისტების დროს ცეკას მეორე მდივანი აკეთებდა.

გავიდა სულ რაღაც ერთი წელი და ლეშეკ ბალცეროვიჩის დღევანდელმა ვიზიტმა კიდევ უფრო მეტი ვნებათაღელვა გამოიწვია. ატყდა ერთი მითქმა-მოთქმა, რომ ეს ბალცეროვიჩის უკანასკნელი ვიზიტია საქართველოში, რომ იგი ტოვებს საქართველოს, რადგან მისმა პროგრამამ სრული ფიასკო განიცადა და ა.შ.

ამ სიტუაციაში ყველაზე კურიოზული ის იყო, რომ პრაქტიკულად ისინიც კი, რომელთაც მაინცდამაინც არ ეპიტნავებოდათ ბალცეროვიჩის აქ ჩამოსვლა, ახლა მისი თავგამოდებული დამცველების როლში გამოვიდნენ. და კიდევ უფრო კურიოზული ის არის, რომ ასეთი ქმედება მათი მხრიდან დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, სრულიად გამართლებულია. მართლაც, ამ ეტაპზე ბალცეროვიჩის წასვლა კიდევ უფრო არასასურველია, ვიდრე თავის დროზე მისი მოსვლა იყო. მისი წასვლა იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოს თვალში ჩვენ აბსოლუტურად არაპერსპექტიულ ქვეყნად ვიქნებით მოაზრებული. ამას, თავის მხრივ, მოყვება შესაბამისი სანქციები საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან და სერიოზული ინვესტორების მხრიდან საბოლოოდ ზურგის შექცევა ქვეყნისადმი. სწორედ ამიტომ, ჩვენი ისტებლიშმენტის მხრიდან გარკვეული შიში და ერთგვარი პანიკა ატყდა. ამ ფონზე სრულიად გასაკვირი იყო, რომ პოლონელ სტუმარს აეროპორტში არავინ დახვდა.

თუმცა… მოდით ერთად გავაანალიზოთ.

ის, რომ ერთი წლის განმავლობაში ბალცეროვიჩის მიერ დატოვებული რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი არ შესრულდა ეს მარტო ჩვენი ქვეყნის იმიჯის შელახვა არ უნდა იყოს. ამ წარუმატებლობის თუნდაც ერთი პროცენტი მაინც, ალბათ, ბალცეროვიჩსაც დაბრალდება. ყოველ შემთხვევაში ამის ალბათობა, თუნდაც თეორიული მაინც, საკმაოდ დიდია.

მეორე, ბალცეროვიჩი არ უნდა იყოს ის პიროვნება, რომელიც ერთწლიანი თანამშრომლობის შემდეგ ასე უსახელოდ წავიდეს იმ ქვეყნიდან, რომელიც ტერიტორიულადაც და მოსახლეობის რაოდენობითაც პოლონეთზე რამდენჯერმე პატარაა.

მაშინ ხომ მსოფლიო საზოგადოებრიობის თვალში ეჭვქვეშ დადგება პოლონეთში განხორციელებულ რეფორმებში ბალცეროვიჩის გადამწყვეტი როლისა და მნიშვნელობის საკითხი.

არც საქართველოს პრეზიდენტი უნდა იყოს ის პიროვნება, რომ ამ არგუმენტების საფუძვლიანობაში ვერ დაარწმუნოს ბატონი ლეშეკ ბალცეროვიჩი.

ამგვარად, დღეს როგორც ბატონ ბალცეროვიჩს სჭირდება თავისი საქართველოში მოღვაწეობის გაგრძელება, ასევე პრეზიდენტსაც სჭირდება მსოფლიო მნიშვნელობის ექსპერტის მის გვერდით ყოლა. წინააღმდეგ შემთხვევაში ორივე მხარე წაგებული დარჩება.

ამიტომაც იყო, რომ პრესისათვის მიცემულ ინტერვიუში ბალცეროვიჩმა დაინახა (ხაზგასმა ჩემია თ.ა.) ჩვენს ეკონომიკაში მიმდინარე პოზიტიური ძვრები. პირველ რიგში, ეს ეხება ბოლო პერიოდში ბიუჯეტის შესრულებაში მიმდინარე დადებით ტენდენციებს და მეორე, წლის პირველ ნახევარში ეკონომიკის ფაქტიურ ზრდას. ნეგატიური მომენტებიდან მან მხოლოდ კონტრაბანდასთან ბრძოლის არასაკმარისი დონე აღნიშნა.

ძნელია ვივარაუდოთ, რა მოხდება კიდევ ერთი წლის შემდეგ, მაგრამ უნდა ვიფიქროთ, რომ არც ბატონ ბალცეროვიჩს და არც პრეზიდენტს უბრალოდ სხვა გზა აღარა აქვთ. ან მათ რეალურად უნდა დაიწყონ ქვეყნის აღმშენებლობის პროცესი ან ახალი არჩევნებიც მოვა…