ეკონომიკური ფასეულობის ტელეოლოგიური გაგებისათვის

პაატა ლეიაშვილი

თანამედროვე ეტაპზე ღირებულების პრობლემის კვლევამ ეკონომიკურ მეცნიერებაში უკანა პლანზე გადაინაცვლა. ამჟამად მკვლევართა ძირითადი ყურადღება კონცენტრირებულია ფასის პრობლემაზე, თუმცა ღირებულების პრობლემისადმი ყურადღებას შესუსტდა არა იმიტომ, რომ ეს პრობლემა მიჩნეულია გადაწყვეტილად, პირიქით, იგი აღმოჩნდა ზედმიწევნით რთული და მასში ბევრია ბუნდოვანი ადგილები.

ბევრმა მეცნიერმა ჩათვალა, რომ სჯობს საერთოდ უარი ითქვას მასზე და გამოაცხადა იგი თეორიულ ფიქციად, გამოიგონეს მოთხოვნისა და მიწოდების თეორია, რომელშიც ფასწარმოქმნის, განაწილების თუ სხვა საკითხები წყდება ღირებულების ცნებაზე აპელირების გარეშე, მაგრამ ფასწარმოქმნის პრობლემების ღრმა ანალიზი შეუძლებელია ღირებულების პრობლემის გამოკვლევის გარეშე, ამიტომ ფასის თანამედროვე თეორიები მოიცავენ ლოგიკურ წინააღმდეგობებს და საბოლოო ჯამში ახასიათებთ დუალიზმი.

ასე რომ, თანამედროვე ეკონომიკურ მეცნიერებაში შეიქმნა ვაკუუმი, რომელიც აფერხებს მთლიანად ამ მეცნიერების შემდგომ განვითარებას. თუმცა მისი განვითარების უფრო ადრეულ ეტაპებზე ღირებულების პრობლემა ცენტრალური პრობლემა იყო და მას ეფუძნებოდნენ ეკონომიკური თეორიის ყველა დანარჩენი პრობლემების ანალიზისას.

როგორც ცნობილია, ეკონომიკური მეცნიერების ისტორიიდან ღირებულების სუბსტანციად ყოველთვის იყო მიჩნეული ან “სარგებლიანობა”, ან “ხარჯები” (შრომის ან წარმოების ფაქტორების). ამასთანავე, როდესაც მეცნიერები იწყებდნენ ღირებულების ანალიზს “ხარჯების” ცნებიდან, ისინი იძულებულნი იყვნენ ბოლოს მაინც მიემართათ “სარგებლიანობის” ცნებისათვის და პირიქით, როდესაც ანალიზს იწყებდნენ “სარგებლიანობის” ცნებიდან, ბოლოს მაინც “ხარჯების” ცნების წინაშე აღმოჩნდნენ. ასე ხდებოდა მიუხედავად იმისა, თუ როგორ ესმოდათ მათ თვით ეს ხარჯები: როგორც “შრომის ხარჯები”, თუ როგორც “წარმოების ყველა ფაქტორის ხარჯები”.

იმისათვის, რომ გამოვიდეთ ამ მოჯადოებული წრიდან, საჭიროა, ახლებურად გავიაზროთ თვით ეს ცნებები “სარგებლიანობა” და “ხარჯები”, რადგან ყველა ამ სირთულეების მიზეზი არის ის, რომ ეს ცნებები განიხილება ურთიერთდამოუკიდებელ კატეგორიებად, მაგრამ უფრო საფუძვლიანი გამოკვლევიდან ცხადი ხდება, რომ ეს ფარდობითი კატეგორიებია და ისინი შინაგანად ერთიმეორეს გულისხმობენ.

ხარჯები და სარგებლიანობა ყველაზე უფრო ელემენტარული, პირველადი კატეგორიებია ეკონომიკურ მეცნიერებაში. არსებითად, ეკონომიკური მეცნიერება იწყება იქ, სადაც იწყება ეკონომიკური ხარჯების და ეკონომიკური სარგებლიანობის შეთანაზომება. ცხადია, რომ რაც უფრო ფუნდამენტური კატეგორიები იქნება ახლებურად ინტერპრეტირებული, მით უფრო ფართო იქნება იმ პრობლემათა წრე, რომლებიც მოითხოვენ გადასინჯვას ამ თეორიის ფარგლებში, რაც საწყის კატეგორიებს ეფუძნება. ამიტომ ეკონომიკური სარგებლიანობის და ეკონომიკური ხარჯების ახალი ინტერპრეტაცია, მათი შინაგანი ურთიერთგანპირობებულობის გამოვლენა ახლებურად წარმოაჩენს მრავალ სხვა თეორიულ პრობლემაც, მათ შორის, ღირებულების პრობლემასაც.

ეკონომიკური ფასეულობის სწორი გაგებისათვის ასევე აუცილებელია “შრომის” კატეგორიის სწორი გაგებაც. თავისი არსით შრომა არის მიზანშეწონილი მოღვაწეობა. ამიტომ, შრომა უნდა იყოს გაანალიზებული არა ფიზიოლიგიური, ტექნოლოგიური თუ სოციალური, არამედ, უპირველეს ყოვლისა, ტელეოლოგიური თვალსაზრისით, როგორც მიზნის რეალიზაციის პროცესი.

ტელეოლოგიური ანალიზის თანახმად, შრომა არის მიზნის, საშუალების და რეზულტატის ერთობლიობა. რომელიმე ამ ელემენტის გარეშე შრომა აღარ არის შრომა. ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ საშუალების ქვეშ იგულისხმება ყველა შეზღუდული რესურსები, რომლებიც საჭიროა მიზნის რეალიზაციისათვის: მიწა, წიაღისეული, მატერიალური რესურსები, დრო და ა.შ. და რა თქმა უნდა, თვით ფიზიოლოგიური შრომაც, ანუ “ფიზიოლოგიური” შრომა არის “ტელეოლოგიური” შრომის მხოლოდ ერთ-ერთი კომპონენტი. შრომის ეს ორი სხვადასხვა გაგება (ტელეოლოგიური და ფიზიოლოგიური), როგორც ჩანს, გახდა მრავალი გაუგებრობის მიზეზი ეკონომიკური მეცნიერების განვითარების ისტორიაში. ეკონომისტები ყოველთვის კამათობდნენ ერთმანეთში იმის თაობაზე, თუ რა დევს ეკონომიკური ფასეულობის საფუძველში: შრომა, წარმოების ხარჯები თუ სარგებლიანობა? მაგრამ თუ შრომას განვიხილავთ ტელეოლოგიური თვალსაზრისით, მაშინ ღირებულების აღნიშნულ თეორიებს შორის მაშინვე მოიხსნება პრინციპული უთანხმოებანი. პირიქით, ისინი გულისხმობენ ერთმანეთს, რადგან წარმოების ფაქტორებიც (მათ შორის “ფიზიოლოგიური შრომა”) და სარგებლიანობაც წარმოგვიდგება “ტელეოლოგიური” შრომის შემადგენელ ელემენტებად: საშუალებად და რეზულტატებად. წარმოების ფაქტორები – ეს არის საშუალებები, რომელიც უნდა დაიხარჯოს რეზულტატების მისაღებად, ხოლო სარგებლიანობა შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორც რეზულტატი, რომელიც მიიღება ამ წარმოების ფაქტორების მეშვეობით.

როგორც წესი, ეკონომისტები განიხილავენ სარგებლიანობას, როგორც ნივთის უნარს დააკმაყოფილოს ადამიანის მოთხოვნილებები. ასეთი განმარტება, თუმცა მართებულია, მაგრამ არასრულია. იგი არ ხსნის ამ ცნების არსს საერთოდ, არ არის მკაფიოდ დაფიქსირებული განსხვავება საერთოდ მოთხოვნილებებსა და ეკონომიკურ მოთხოვნილებებს შორის. თუმცა, ამ ცნებებს შორის არსებობს პრინციპული განსხვავება.

რაც შეეხება “ხარჯების” კატეგორიას, ისიც საჭიროებს დაზუსტებას. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკურ მეცნიერებაში ხარჯები ერთ-ერთი ძირითადი ცნებაა, რომლის გარეშე წარმოუდგენელია თვით ეს მეცნიერება, მას საერთოდ არ გააჩნია მკაფიო განსაზღვრება. მაგალითად, “ეკონომიკა-მათემატიკურ ლექსიკონში” “ხარჯები” განმარტებულია შემდეგნაირად: “ხარჯები (ინპუტ, ცოსტ) – ეკონომიკურ ლიტერატურაში ფართოდ გავრცელებული ცნება, რომელსაც არ გააჩნია საყოველთაოდ აღიარებული განსაზღვრება. ზოგადად – ეს არის რესურსები, რომელიც “ნადგურდება” წარმოების პროცესში… წარმოების პროდუქტების მიღების მიზნით”.

მართლაც, მიუხედავად იმისა, რომ ამ კატეგორიას არ გააჩნია მკაცრი დეფინიცია, როგორც ჩანს იმ კონტექსტიდან, რომელშიც იგი, როგორც წესი, გამოიყენება ეკონომიკურ ლიტერატურაში, ხარჯები გაგებულია როგორც წარმოების პროცესში მოხმარებული რესურსები. ასეთი ინტერპრეტაცია წარმოშობს მრავალ გაუგებრობას ეკონომიკურ თეორიაში.

რაში მდგომარეობს პრინციპული განსხვავება ეკონომიკურ სარგებლიანობასა (როგორც ადამიანის ეკონომიკური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების უნარის) და საერთოდ სარგებლიანობას (რომელიც აკმაყოფილებს ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმის მოთხოვნილებებს) შორის? რაშია სხვაობა საერთოდ მოთხოვნილებებსა (რომელიც გააჩნიათ ყველა ცოცხალ ორგანიზმებს) და სპეციფიკურად ადამიანის მოთხოვნილებებს შორის? პრინციპული განსხვავება იმაშია, რომ ადამიანი იკმაყოფილებს თავის მოთხოვნილებებს მიზანშეწონილი მოღვაწეობის მეშვეობით, ხოლო ცოცხალი ორგანიზმები – უშუალო მითვისებით. უშუალო მითვისება გულისხმობს ობიექტის უშუალო შთანთქმას მოთხოვნილების სრულ დაკმაყოფილებამდე ან ობიექტის სრულ ლიკვიდაციამდე, ანუ მტაცებლურ მოხმარებას. აქ მოთხოვნილებები ასოცირებულია ორგანიზმის უკმარისობასთან, როგორც ვიტალური მოთხოვნილებები, ხოლო შთანთქმული ობიექტები არ აღიქმება როგორც რაიმე დანაკარგი ან დანახარჯი, პირიქით – როგორც მითვისება, შენამატი, მიღება. მტაცებლური მითვისების დროს ადგილი არა აქვს ხარჯებს და ამიტომ მისი ანალიზიც არ საჭიროებს ხარჯების ცნებას. ადგილი აქვს მხოლოდ ნივთიერებათა ცვლას ორგანიზმსა და გარემოს შორის. თვით ორგანიზმიც არაფრით გამოიყოფა გარემოდან და წარმოადგენს მის ორგანულ ნაწილს.

როგორია მიზანშეწონილი მოღვაწეობის დროს მოთხოვნილებების დაკმაყოფილების ლოგიკური სქემა? მოღვაწეობის პროცესში ადამიანი შეგნებულად ისახავს მიზნებს, ნახულობს საშუალებებს და იღებს რეზულტატებს, ანუ ადამიანი არის ბუნების არა პასიური ნაწილი, არამედ აქტიური საწყისი, რომელიც ზემოქმედებას ახდენს გარემოზე მისთვის სასურველი მიმართულებით. განვიხილოთ უფრო დეტალურად მიზანშეწონილი მოღვაწეობის სტრუქტურული ელემენტები: მიზანი, საშუალება და რეზულტატი.

მიზანი – არის ადამიანის დაუკმაყოფილებელი მოთხოვნილებები. საშუალება – არის რესურსები, რომელიც საჭიროა მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად და რომელიც სუბიექტის მიერ აღიქმება როგორც სარგებლიანობა. ხოლო რეზულტატი – არის პროდუქტი, რომელიც სუბიექტის მიერ აღიქმება ერთდროულად, როგორც დაკმაყოფილებული მოთხოვნილებები (რეალიზებული მიზნები) და როგორც უკვე გამოყენებული რესურსები (ხარჯები).

თუ განვიხილავთ მიზანშეწონილი მოღვაწეობის არა ცალკეულ აქტს, არამედ როგორც პერმანენტულ პროცესს, მაშინ აშკარა ხდება, რომ მიზანი, საშუალება და რეზულტატი -ფარდობითი კატეგორიებია. ისინი გულისხმობენ ერთმანეთს და გადადიან ერთმანეთში. ესა თუ ის ობიექტები, თავისთავად, არ არიან არც საშუალებები და არც რეზულტატები. მხოლოდ ადამიანი აღიქვამს მათ როგორც საშუალებას, ან როგორც რეზულტატს. ცხადია, რომ მოღვაწეობის ყოველი აქტის რეზულტატები, წარმოადგენენ საშუალებებს მოღვაწეობის მომდევნო აქტებისათვის: საშუალებები თვითონ არიან წინა აქტების რეზულტატები, ასევე მიზნები (ანუ მოთხოვნილებები) – წინა მოთხოვნილებების დაკმაყოფილების შედეგი (გარკვეული აზრით რეზულტატი), რადგან წარმოიქმნებიან მხოლოდ წინა მოთხოვნილებების დაკმაყოფილების შედეგად.

ადამიანს გააჩნია უსაზღვროდ ბევრი მოთხოვნილება, Mმაგრამ რესურსები მათ დასაკმაყოფილებლად შეზღუდულია, ამიტომ ადამიანი იძულებულია გააკეთოს არჩევანი, თუ რომელი მოთხოვნილება დაიკმაყოფილოს და რომელი – არა. ის ირჩევს მიზნებს, რადგან ყველა მოთხოვნილებების დაკმაყოფილება შეუძლებელია, მაგრამ, ირჩევს რა მიზნებს, ამით აკეთებს საშუალებების და რეზულტატების არჩევანსაც.

რა დასკვნები შეიძლება გაკეთდეს აქედან? ეკონომიკური მოთხოვნილება არის არა ყველა მოთხოვნილებები საერთოდ, არამედ მხოლოდ ის, რომლის დაკმაყოფილებაც შესაძლებელია მიზანშეწონილი მოღვაწეობის მეშვეობით და ესე იგი, საჭიროებს შეზღუდული რესურსების ხარჯვას. ეს არის “გადახდისუნარიანი მოთხოვნილებები”. თუ მოთხოვნილებების დაკმაყოფილება ხდება უშუალოდ, რესურსების რაიმე დანახარჯების გარეშე, ანუ მიზანშეწონილი მოღვაწეობის გარეშე, მაშინ ეს აღარ არის ეკონომიკური მოთხოვნილებები. ან თუ მოთხოვნილებები ვერ იქნება დაკმაყოფილებული რეალური შესაძლებლობების არარსებობის გამო (რესურსების არარსებობის გამო), მაშინ ასეთი მოთხოვნილებები მიეკუთნება ოცნების და ფანტაზიის სფეროს. ისინი არ შეიძლება განვიხილოთ, როგორც ეკონომიკური მოთხოვნილებები, როგორც ეკონომიკური მოღვაწეობის რეალური სტიმულები.

თუ არსებობს სათანადო შესაძლებლობები, ცოცხალ ორგანიზმს არ შეუძლია არ დაიკმაყოფილოს თავისი მოთხოვნილებები, რადგან ამ შემთხვევაში მათი დაკმაყოფილება ხდება ინსტინქტურად. ადამიანი კი აკეთებს არჩევანს – რომელი მოთხოვნილება დაიკმაყოფილოს, და რომელი – არა. ეს არის მოთხოვნილებების დაკმაყოფილების პროცესი სუბიექტისა, რომელსაც გააჩნია ნება.

ეკონომიკური სარგებლიანობა არის შეზღუდული დოვლათის უნარი დააკმაყოფილოს ადამიანის გადახდისუნარიანი მოთხოვნილებები. მოთხოვნილების დაკმაყოფილების პროცესში ეს რესურსები მოიხმარება, იხარჯება, ანუ ისინი ქრებიან, უჩინარდებიან, აღარ არსებობენ როგორც სარგებლიანობები და გარდაიქმნებიან ხარჯებად. აქედან, შეზღუდული რესურსების სარგებლიანობა გულისხმობს მათ უნარს, იყვნენ სასარგებლოდ მოხმარებული, დახარჯული, უნარს გარდაიქმნან ხარჯებად. თავისთავად ობიექტები არც სასარგებლოა და არც საზიანო. ისინი ხდებიან სასარგებლო მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანი დაინახავს მათში მისი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების უნარს. ესე იგი, სარგებლიანობა არ არის ნივთი, ობიექტი, არამედ სუბიექტის დამოკიდებულება ობიექტთან.

ეკონომიკური ხარჯები არის უკვე რეალიზებული სარგებლიანობა, რომელიც განივთებულია პროდუქტებში. მოხმარებული რესურსების სარგებლიანობა სუბიექტის მიერ აღიქმება როგორც ხარჯები. ისევე, როგორც სარგებლიანობა არის დამახასიათებელი რესურსებისათვის, ასევე ხარჯები დამახასიათებელია პროდუქტებისათვის,4 მაგრამ, თავისთავად, ესა თუ ის ობიექტები არ არიან პროდუქტები ან ხარჯები. ისინი გადაიქცევიან ასეთად მხოლოდ იმის შემდეგ, როდესაც ადამიანი დაინახავს მათში თავისი მოღვაწეობის შედეგს, რესურსებს (სარგებლიანობას), რომლებიც შეეწირნენ მისი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. ამგვარად, ხარჯები, ისევე როგორც სარგებლიანობა, არის სუბიექტის ობიექტთან მიმართება და არა თვით ობიექტი.

ხშირად ეკონომიკურ გამოკვლევებში პროდუქტი განიხილება არა როგორც ხარჯები, არამედ როგორც სარგებლიანობა. ხოლო რესურსები, პირიქით, როგორც ხარჯები, რომელიც აუცილებელიაMამ სარგებლიანობის მისაღებად. ასეთი მიდგომა სავსებით მართებულია და აუცილებელიც. მაგრამ საჭიროა გავითვალისწინოთ, რომ ამ დროს პროდუქტი წარმოგვიდგება უკვე სულ სხვა ამპლუაში, როგორც ისევ რესურსი სხვა მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად მოღვაწეობის მომდევნო აქტებში, მაგრამ, უკვე დასრულებული წინა აქტის თვალსაზრისით, პროდუქტი მის მიერ აღიქმება როგორც ხარჯები. შესაბამისად, რესურსები შეიძლება აღქმული იყოს როგორც ხარჯები მოღვაწეობის მომდევნო აქტების თვალთახედვიდან, როგორც პოტენციური ხარჯები, იმის შემდეგ, რაც ისინი იქნება გამოყენებული, მაგრამ სანამ ეს მოხდება, ისინი აღიქმება როგორც სარგებლიანობა, პოტენციური უნარი დააკმაყოფილოს მოთხოვნილებები.

რესურსები რომ არ ყოფილიყო შეზღუდული სუბიექტის მოთხოვნილებებთან შედარებით, ისინი არ იქნებოდნენ მის მიერ აღქმული როგორც ხარჯები. მათდამი მიმართება არ იქნებოდა ყაირათიანი, ეკონომიური. საქმე გვექნებოდა Uუშუალო, მტაცებლურ მოხმარებასთან. ამიტომ ეკონომიკური თვალთახედვით, ხარჯებად შეიძლება აღვიქმათ მხოლოდ შეზღუდული რესურსების ხარჯები. მაგალითად, საწარმოო პროცესში იხარჯება წყალი, მაგარამ თუ ის არ არის შეზღუდული რესურსი, მაშინ მისი ხარჯვა არ გაითვალისწინება ეკონომიკური თვალსაზრისით, მხოლოდ ტექნოლოგიურით. თუ წყალი გახდება შეზღუდული რესურსი, მაშინვე დაიწყება მისი ხარჯის კალკულაცია ეკონომიკური თვალსაზრისითაც. ამასთანავე, რაც უფრო შეზღუდულია რესურსი, მით უფრო ყაირათიანად, ეკონომიურად ეპყრობა მას ადამიანი. შესაბამისად, მისი დახარჯვის შემდეგ (როგორც საწარმოო, ისე სამომხმარებლო მიზნებზე), იგი აღიქმება უფრო დიდ ან მცირე ხარჯებად, მისი დეფიციტურობის გათვალისწინებით, მოთხოვნილებებთან მიმართებაში, რესურსების დეფიციტურობა ანუ შეზღუდულობა ნიშნავს მათ ეკონომიკურ სარგებლიანობას. დეფიციტურობა და ეკონომიკური სარგებლიანობა იდენტური ცნებებია,5 ამიტომ, ეკონომიკური ხარჯების სიდიდე დამოკიდებულია დახარჯული რესურსის ეკონომიკურ სარგებლიანობაზე.

ტექნოლოგიური და ეკონომიკური ხარჯები განსხვავებული ცნებებია (თუმცა ურთიერთდაკავშირებული). რესურსების ერთი და იგივე სიდიდის ტექნოლოგიური ხარჯები, (გაზომილი ნატურალურ ერთეულებში, ცალებში, ტონებში, მეტრებში და ა.შ.) შესაძლოა, წარმოადგენდეს სხვადასხვა სიდიდის ეკონომიკურ ხარჯებს ამ რესურსების დეფიციტურობის, ანუ მისი ეკონომიკური სარგებლიანობის მიხედვით. ეკონომიკურ თეორიაში მრავალი გაუგებრობის მიზეზი იყო და არის ტექნოლოგიური და ეკონომიკური ხარჯების ცნებების არამკაფიო გამიჯვნა, ბუნდოვანება ამ საკითში.

გაივლიან რა წარმოების მრავალ შუალედურ სტადიას, პირველადი, არააღწარმოებადი რესურსები გარდაიქმნებიან საბოლოო პროდუქტებად, რომლებიც უშუალოდ აკმაყოფილებენ ადამიანის საბოლოო მოთხოვნილებებს. ამ შუალედურ სტადიებზე ყველა პროდუქტი ერთდროულად არის რესურსიც მომავალი სტადიებისათვის და ასეა იქამდე, სანამ არ იქნება წარმოებული საბოლოო მოხმარების პროდუქტები. აქ თითქოსდა წყდება მიზეზ-შედეგობრივი ჯაჭვი. პირველადი რესურსები გარდაიქმნენ საბოლოო პროდუქტებად და ეს პროდუქტები გაუჩინარდნენ ადამიანის მიერ მათი მოხმარების პროცესში მაგრამ ჯაჭვი არ წყდება. ეს საბოლოო პროდუქტები თვითონაც არიან რესურსები. ისინი არიან რესურსები ადამიანის საბოლოო მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. მათი მოხმარების პროცესში ისინი მართლაც უჩინარდებიან მაგრამ ადამიანის საბოლოო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება არის ადამიანის აღწარმოება. სწორედ ადამიანის “წარმოებაა” მთავარი მიზანი. ამ თვალსაზრისით, სწორედ ადამიანი წარმოგვიდგება მისივე მოღვაწეობის პროდუქტად. მხოლოდ თავისი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების შედეგად ახდენს იგი თავისი მოთხოვნილებების, თავის მიზნების და შესაბამისი საშუალებების “აღწარმოებას”.

როგორც აღინიშნა, თანახმად აქ წარმოდგენილი კონცეფციისა, საშუალებები (რესურსები) არ არიან ნივთები და ობიექტები თავისთავად, ისინი გადაიქცევიან შეზღუდულ რესურსებად მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანი ეპყრობა მათ, როგორც საშუალებებს თავისი მიზნების მისაღწევად, ამიტომ პირველადი, არააღწარმოებადი ბუნებრივი რესურსების, “აღწარმოება”, საბოლოო ჯამში, ხდება ისევ ადამიანის მიერ არა ტექნოლოგიური, არამედ წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით, რადგან, ადამიანი ახდენს რა თავისი თავის აღწარმოებას, იგი აგრეთვე ახდენს თავისი დამოკიდებულების აღწარმოებას ბუნებრივ ობიექტებთან, როგორც შეზღუდულ რესურსებთან, რომლის გარეშე იგი ვერ იარსებებს. ადამიანის აღწარმოება ნიშნავს აგრეთვე პირველადი რესურსების “აღწარმოებასაც”. მეტიც, ამ რესურსების თვით შეზღუდულობის ხარისხიც (და ესე იგი, მათი ეკონომიკური სარგებლიანობა) დამოკიდებულია ადამიანზე, მისი მოთხოვნილებების სტრუქტურაზე და მისი ტექნოლოგიური ცოდნის დონეზე. ადამიანის მოთხოვნილებების ცვლილებების და ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ, არადეფიციტური დოვლათი შეიძლება გახდეს დეფიციტური, ან ნაკლებ დეფიციტური – მეტად დეფიციტური.

ვინაიდან ადამიანი “აწარმოებს”, ანუ “ქმნის” (ეკონომიკური თვალსაზრისით) პირველად რესურსებს თვით თავისი არსებობის ფაქტით, ამიტომ, ეკონომიკური ხარჯებიც, რომლებიც განივთებულია პირველად, “არააღწარმოებად” რესურსებში, არიან ხარჯები თვითონ ადამიანის აღწარმოებაზე, ანუ ხარჯები, განივთებული საბოლოო მოხმარების პროდუქტებში. წრე შეიკრა, მაგრამ ჩვენ თითქოს ვკარგავთ საყრდენ წერტილს. მიზეზ-შედეგობრივი კავშირი იცვლება ფუნქციონალური კავშირით. არა მარტო პირველადი რესურსები აღმოჩნდა დახარჯული საბოლოო პროდუქტების მისაღებად, არამედ პირიქითაც, საბოლოო პროდუქტებიც წარმოგვიდგა როგორც ხარჯები პირველადი რესურსების “წარმოებაზე”, მაგრამ თუ პირველადი რესურსები განაპირობებენ საბოლოო პროდუქტებს, ხოლო საბოლოო პროდუქტები განაპირობებენ პირველად რესურსებს, მაშინ სად არის მიზეზი, რომელიც განაპირობებს რესურსებსაც და პროდუქტებსაც? მიზეზი არის ადამიანი და მისი დამოკიდებულება მის გარემოსთან, ბუნებასთან. ყველა პროცესი ეკონომიკაში განპირობებულია ეკონომიკისათვის ისეთი გარეგანი ფაქტორით, როგორიც არის ადამიანის განვითარების დონე, რადგან მისი განვითარების დონეზეა დამოკიდებული მისი მოთხოვნილებების მოცულობაც და სტრუქტურაც, ტექნოლოგიური ცოდნის დონეც (რაც განაპირობებს ხარჯებს პროდუქციის ერთეულზე). ხოლო მოთხოვნილებები და ცოდნის დონე, თავის მხრივ, განაპირობებენ პირველადი რესურსების დეფიციტურობას.

ხარჯები არ არის ეკონომიკური ხარჯები, თუ მათ არ მოჰყვება შედეგად ეკონომიკური სარგებლიანობა. ხოლო სარგებლიანობა არ არის ეკონომიკური სარგებლიანობა, თუ იგი მიღებულია ხარჯების გარეშე, მუქთად, მაგრამ ვინაიდან სარგებლიანობა და ხარჯები იმანენტურად გულისხმობენ ერთმანეთს და გადადიან ერთმანეთში ეკონომიკური მოღვაწეობის პროცესში, ცხადია, რომ მათ უკან დგას რაღაც სხვა, მესამე, მათთვის საერთო რეალობა, რომლის გამოვლენის ფორმასაც ისინი წარმოადგენენ. სწორედ ეს რეალობაა ეკონომიკური ფასეულობა.

ეკონომიკური ფასეულობა შეიძლება განვსაზღვროთ როგორც ადამიანის სპეციფიური მიმართება შეზღუდულ დოვლათთან, რომლებიც მოხვდნენ მისი ეკონომიკური მოღვაწეობის ორბიტაში. ასეთ დოვლათს ადამიანი ეპყრობა ისე, როგორც რესურსებს, ან როგორც პროდუქტებს, იმის მიხედვით, თუ რა ადგილი უჭირავთ მათ მიზანშეწონილი მოღვაწეობის კონკრეტულ აქტში და შესაბამისად, აღიქვამს მათ, როგორც სარგებლიანობას, ან როგორც ხარჯებს, მაგრამ, მოღვაწეობიდან, როგორც პერმანენტული პროცესის პოზიციებიდან იშლება სხვაობა რესურსებისა და პროდუქტებს შორის, შესაბამისად – სარგებლიანობას და ხარჯებს შორის (რადგან ისინი გადადიან ერთიმეორეში და გულისხმობენ ერთმანეთს). ასეთ სისტემურ დონეზე რესურსებიც და პროდუქტებიც არსებითად ერთი და იგივეა. ორივე არის დეფიციტური დოვლათი, ხოლო სარგებლიანობა და ხარჯები – ეკონომიკური ფასეულობები, როგორც ამ შეზღუდულ დოვლათთან ადამიანის სპეციფიური მიმართება. მაგრამ მოღვაწეობის ცალკეული აქტის დონეზე შეზღუდული დოვლათი ყოველთვის წარსდგება ან რესურსების, ან პროდუქტების ფორმით, ხოლო ადამიანი ეპყრობა მათ ან როგორც სარგერბლიანობას, ან როგორც ხარჯებს.

ერთი და იგივე შეზღუდული დავლათის ფასეულობა მომხმარებლის მიერ აღიქმება სარგებლიანობის ფორმით, ხოლო ამ დოვლათის მწარმოებლის მიერ – ხარჯების ფორმით. მაგრამ ადამიანი (საზოგადოება) ერთდროულად არის მწარმოებელიც და მომხმარებელიც. ეს განპირობებულია თვით მიზანშეწონილი მოღვაწეობის არსით. ვინაიდან პროდუქტების წარმოების პროცესი ამავე დროს არის რესურსების მოხმარების პროცესი და ეს წარმოებული პროდუქტებიც ამავე დროს არიან რესურსები სხვა პროდუქტების საწარმოებლად და ა.შ. შესაბამისად, სარგებლიანობები განწირული არიან, რომ გარდაიქმნან ხარჯებად. ხოლო ხარჯები განწირული არიან, რომ გარდაიქმნან სარგებლიანობად. ამიტომ არა მარტო რესურსების ფასეულობა (მათ შორის პირველადი რესურსების) განაპირობებს პროდუქტების ფასეულობას (მათ შორის, საბოლოო პროდუქტების), არამედ პირიქითაც, პროდუქტების ფასეულობა აგრეთვე განაპირობებს რესურსების ფასეულობას.

რესურსების და პროდუქტების უსასრულო ურთიერთგარდაქმნის ჯაჭვში ადამიანი არის მთავარი რგოლი, სადაც იგი აგრეთვე გვევლინება ეკონომიკური მოღვაწეობის როგორც რესურსი, როგორც პროდუქტი და როგორც იმ მოთხოვნილებების მატარებელი სუბიექტიც, რომელთა მიმართებაშიც საერთოდ შესაძლებელი ხდება რაიმეს აღქმა რესურსების ან პროდუქტების სახით. ადამიანი არის მთლიანად მოღვაწეობის მთავარი მიზანიც, საშუალებაც და პროდუქტიც. ადამიანი არის უმაღლესი ფასეულობა და ყველაფრის საზომი. იგი არის ყოველი დოვლათის ათვლის წერტილი, როგორც სარგებლიანობის, ისე ხარჯებისათვის და ფასეულობებისათვის.

ფასეულობის მქონე შეზღუდული დოვლათი ადამიანს ანიჭებს არჩევანის შესაძლებლობას ამ დოვლათის მოხმარების ალტერნატიულ შესაძლებლობებს შორის, ამიტომ ყოველი ფასეულობა იძლევა თავისუფლების ნამეტს, რადგან გულისხმობს არჩევანის დამატებით შესაძლებლობებს. ეს არის “თავისუფლების შენადედი”. ხოლო ფასეულობის “მოხმარება” არის თავისუფლების რეალიზაცია. რაც უფრო მეტი აქვს ადამიანს ეკონომიკური ფასეულობები, მით უფრო მეტია მისი ეკონომიკური თავისუფლება და მით უფრო მეტია მისი ძალაუფლება ეკონომიკურ გარემოზე.

ეკონომიკური მოღვაწეობა არის რესურსების პროდუქტებად გარდაქმნის პროცესი. თუ მოთხოვნილებას რაიმე პროდუქტში და ამ პროდუქტის წარმოებისათვის საჭირო რესურსების მარაგებს ვიგულისხმებთ ფიქსირებულად, მაშინ, რაც უფრო მეტი იწარმოება ეს პროდუქტები, მით უფრო ნაკლები დარჩება რესურსები. ამასთანავე, რაც უფრო მეტი იწარმოება პროდუქტები, მით უფრო ნაკლებია ბოლო წარმოებული პროდუქტის ზღვრული სარგებლიანობა თანახმად კლებადი სარგებლიანობის კანონისა, მაგრამ, ამავე კანონის თანახმად, იზრდება დარჩენილი რესურსების ზღვრული სარგებლიანობა,7 ვინაიდან მცირდება მარაგები. ამიტომ პროდუქციის ყოველი დამატებითი ერთეული იწარმოება სულ უფრო მეტად დეფიციტური და მეტი ეკონომიკური სარგებლიანობის მქონე რესურსისებიდან. ეს კი ნიშნავს, რომ ეკონომიკური ხარჯები ყოველ დამატებით წარმოებულ პროდუქტზე, ანუ ზღვრული ხარჯები, იზრდება. (რადგან ხარჯები არის უკვე გამოყენებული სარგებლიანობა). თუმცა, ტექნოლოგიური თვალსაზრისით პროდუქტის ბოლო ერთეულზე იხარჯება იმდენივე რესურსები, რაც პერველ ერთეულზე. ესე იგი, წარმოების პროცესში ერთდროულად ხდება როგორც პროდუქტის ზღვრული სარგებლიანობის შემცირება, ასევე მის წარმოებაზე გაწეული ზღვრული დანახარჯების ზრდა. როგორც ვხედავთ, კლებადი ზღვრული სარგებლიანობის კანონი და მზარდი ზღვრული დანახარჯების კანონი არსებითად წარმოადგენენ ერთი და იგივე ეკონომიკური კანონის გამოვლენის სხვა და სხვა ფორმას და ურთიერთგანაპირობებენ ერთმანეთს ისევე, როგორც თვით სარგებლიანობა და ხარჯები.

ეკონომიკური სარგებლიანობის და ეკონომიკური ხარჯების შეთანაზომება, რომელნიც გამოხატავენ ადამიანის გარემოსთან ღირებულებითი დამოკიდებულების სხვა და სხვა მოდუსებს, თავის გარეგან გამოხატულებას პოულობს წარმოებული და მოხმარებული დოვლათის კონკრეტული სტრუქტურის ფორმირებაში. ადამიანის მოთხოვნილებები ისევე მრავალფეროვანია, როგორც მათი დაკმაყოფილების შესაძლებლობები. ერთი და იგივე მოთხოვნილება შეიძლება იყოს დაკმაყოფილებული სხვადასხვა რესურსებით (საშუალებებით) და პირიქით, ერთი და იგივე რესურსებით შეიძლება იყოს დაკმაყოფილებული სხვა და სხვა მოთხოვნილებები. ყველა ამ მოთხოვნილებასა და მათი დაკმაყოფილების შესაძლებლობებს შორის ორიენტირება შესაძლებელია მხოლოდ ფასეულობების მეშვეობით. ფასეულობა მიუთითებს წარმოების მიზანშეწონილობის ხარისხზე და არის ამა თუ იმ ქმედების ოპტიმალური და მიზანშეწონილი ვარიანტის კრიტერიუმი.

და მაინც, როგორ ხდება ეკონომიკური მოღვაწეობის ოპტიმიზაცია? ადამიანი ვერ შეძლებს მოღვაწეობას, თუ იგი ვერ შეძლებს რაიმე ფორმით თავისი მოთხოვნილებების და თავისი შესაძლებლობების შეთანაზომებას; თუ არ გაანაწილებს თავის რესურსებს თავისი მოთხოვნილებების შესაბამისად; თუ მის განკარგულებაში არ იქნება რაიმე ეკონომიკური მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს წარმოების სტრუქტურის შესაბამისობას მოთხოვნილებების სტრუქტურასთან, ანუ, რომელიც უზრუნველყოფს მისი მოღვაწეობის ოპტიმალურობას და ასეთი მექანიზმი მართლაც არსებობს. ოპტიმალურია ისეთი მოღვაწეობა, რომლის დროსაც რესურსების ერთი და იგივე სიდიდის ხარჯებზე მოდის რეზულტატების ერთნაირი სიდიდის ეკონომიკური სარგებლიანობა, ანუ ხარჯების თანაბარსარგებლიანი განაწილება. სწორედ ეს უნდა ჩაითვალოს ოპტიმალურობის კრიტერიუმად. ყველა დანარჩენ შემთხვევაში ადგილი აქვს წონასწორობის დარღვევას: ერთი მხრივ იბადება დეფიციტი (ხარჯების ერთეულზე მოდის საშუალოზე მეტი სარგებლიანობა), მეორე მხრივ იბადება სიჭარბე (ხარჯების ერთეულზე მოდის საშუალოზე ნაკლები სარგებლიანობა). დეფიციტი და სიჭარბე ურთიერთგანაპირობებენ ერთმანეთს და მოწმობენ ოპტიმალურობის დარღვევაზე და მოღვაწეობის არაეფექტურობაზე.

კლებადი ზღვრული სარგებლიანობის და მზარდი ზღვრული დანახარჯების კანონები ზუსტად მიუთითებენ იმ ზღვარზე, რომლის იქითაც წარმოება არ უნდა გაგრძელდეს და რომლის მიღწევამდეც წარმოება არ უნდა შეჩერდეს. შემდგომი წარმოება გამოიწვევს ზღვრული ხარჯების გადამეტებას ზღვრულ სარგებლიანობაზე, ანუ სიჭარბეს. ხოლო წარმოების ნაადრევი შეჩერება გამოიწვევს ზღვრული სარგებლიანობის გადამეტებას ზღვრულ ხარჯებზე, ანუ წარმოშობს დეფიციტს. ამიტომ წარმოება არ უნდა შეჩერდეს იქამდე, სანამ ზღვრული სარგებლიანობა და ზღვრული ხარჯები არ გათანაბრდება და არც უნდა გაგრძელდეს მათი გათანაბრების შემდეგ. სწორედ ეს იქნება ამ პროდუქტის წარმოების ოპტიმალური მოცულობა რესურსების არსებული მარაგების და სუბიექტის მოთხოვნილებების არსებული სტრუქტურის პირობებში.

ზემოთ აღწერილი ეკონომიკური მექანიზმი არეგულირებს არსებული რესურსების განაწილების პროპორციებს საწარმოო და სამომხმარებლო მოთხოვნილებების კონკრეტული სტრუქტურის დასაკმაყოფილებლად. მაინც როგორ ხგება პროდუქტების და რესურსების ფასეულობების შეთანაზომება იდივიდუალურ წარმოებაში, ანუ, სხვა სიტყვებით, როგორ ხგება სარგებლიანობის და ხარჯების შეთანაზომება?

ვინაიდან ოპტიმალური მოღვაწეობის პირობებში ერთნაირი სიდიდის ეკონომიკურ ხარჯებზე მოდის ერთნაირი სიდიდის ეკონომიკური სარგებლიანობები, ამიტომ ვიღებთ შემდეგს: როდესაც ჩვენ რესურსების ეკონომიკურ ხარჯებს ვათანაზომებთ პროდუქტების ეკონომიკურ სარგებლიანობასთან, ადამიანი, როგორც მწარმოებელი, ათანაზომებს ამ ხარჯებს იმ ხარჯებთან, რომელიც საჭიროა ზემოხსენებული სარგებლიანობის მისაღებად წარმოების ოპტიმალურ რეჟიმში. სხვა სიტყვებით, ფაქტიური ხარჯები ედრება ოპტიმალურს, ანუ ალტერნატიულ ხარჯებს და პირიქით, ხარჯების და სარგებლიანობის შეთანაზომება შეიძლება, აგრეთვე, დავიყვანოთ ფაქტიური სარგებლიანობის შედარებამდე იმ სარგებლიანობასთან, რომელიც, ოპტიმალურობის პირობებში უნდა შეესაბამებოდეს ფაქტიური ხარჯების სიდიდეს. სხვა სიტყვებით, მოცემულ სარგებლიანობას ადამიანი, როგორც მომხმარებელი, ადარებს ოპტიმალურ, (როგორც ალტერნატიულ) სარგებლიანობას. ასეთი შეთანაზომების შედეგად ვლინდება, თუ რამდენად ოპტიმალურად ხდება რესურსების ხარჯვა აღნიშნული სარგებლიანობის მისაღებად, ან რამდენად ოპტიმალურია აღნიშნული სარგებლიანობის მიღება ასეთი ხარჯებით. ალტერნატიული ღირებულების იდეა ეკონომიკური ხარჯების კალკულაციისას ეფუძნება აღნიშნულ პრინციპს.

მაგრამ, ხარჯების თანაბარსარგებლიანი განაწილება არის გარკვეული აზრით გლობალური კრიტერიუმი ოპტიმალურობისა, ანუ კრიტერიუმი, მოღვაწეობის არა ცალკეული აქტის, არამედ ცალკეული აქტების ერთობლიობის თვალსაზრისით, როგორც ერთიანი ოპტიმიზირებადი სისტემისა. რაც შეეხება ოპტიმალურობის ლოკალურ კრიტერიუმს, ეს არის კრიტერიუმი მოღვაწეობის ცალკეული აქტის (როგორც მთლიანი სისტემის ცალკეული ელემენტის) პოზიციებიდან. ოპტიმალურობის ლოკალურ კრიტერიუმად უნდა ჩაითვალოს არა ხარჯების თანაბარსარგებლიანობა, არამედ პირიქით, რეზულტატების სარგებლიანობის მაქსიმუმი დანახარჯების მინიმუმზე. ოპტიმალურობის ლოკალური კრიტერიუმი ხელს უწყობს რესურსების ეფექტიან გამოყენებას ტექნოლოგიური თვალსაზრისით, ანუ პროდუქტის ერთეულის წარმოებაზე გაწეული ხარჯების შემცირებას (ტექნოლოგიების სრულყოფა, დანაკარგების შემცირება, ტრადიციული მასალების პროგრესულით ჩანაცვლება და ა.შ.). ხოლო ოპტიმალურობის გლობალური კრიტერიუმი, ხელს უწყობს რესურსების მთლიანი მარაგების ოპტიმალურ განაწილებას სხვადასხვა პროდუქტების მისაღებად ანუ ხელს უწყობს წარმოების ოპტიმალური სტრუქტურის ფორმირებას მოთხოვნილებების სტრუქტურის შესაბამისად.

ოპტიმალურობის ლოკალური კრიტერიუმის გარეშე ხარჯების თანაბარსარგებლიანობა (ოპტიმალურობის გლობალური კრიტერიუმი) შეიძლება მიღწეული იყოს აგრეთვე ისეთ პირობებშიც, როდესაც არ არის უზრუნველყოფილი დოვლათის მაქსიმუმი ხარჯების მინიმუმზე. სხვა სიტყვებით, შესაძლებელია აგრეთვე ხარჯების ყოველი ერთეულის ერთნაირად დაბალი ეფექტიანობა. ამიტომ ოპტიმალურობის ლოკალური კრიტერიუმი ისევე აუცილებელია მოღვაწეობის ოპტიმიზაციისათვის, როგორც გლობალური კრიტერიუმი. ორივე ეს კრიტერიუმი ავსებს ერთმანეთს ეკონომიკური შინაარსით და ისევე განაპირობებენ ერთმანეთს, როგორც სისტემა და ელემენტი.

ეკონომიკური ფასეულობა არ უნდა გავაიგივოთ საბაზრო ღირებულებასთან, რომელიც არის ეკონომიკური ფასეულობის გამოვლენის მხოლოდ ერთ-ერთი ფორმა ეკონომიკის განვითარების გარკვეულ ეტაპზე – საბაზრო ეკონომიკაში. ეკონომიკის განვითარებასთან ერთად სუბიექტური ეკონომიკური ფასეულობა გარდაიქმნება საბაზრო ღირებულებად. არსებითად, საბაზრო ღირებულება რჩება ისევ სუბიექტურ ფასეულობად, თუმცა განვითარების ამ საფეხურზე სუბიექტის სახით გვევლინება თვისობრივად ახალი წარმონაქმნი – საზოგადოება. ასე რომ საბაზრო ღირებულება არის საზოგადოებრივი და არა ინდივიდუალური ეკონომიკური ფასეულობა. ინდივიდუალური ფასეულობის საზოგადოებრივ (საბაზრო) ფასეულობაში გარდაქმნის პროცესი მჭიდროდ არის დაკავშირებული ეკონომიკური მოღვაწეობის ახალი სუბიექტის – საზოგადოების ფორმირების პროცესთან განცალკევებული ნატურალური მეურნეობების ბაზაზე. შრომის განაწილება და ბარტერული გაცვლა აკავშირებს განცალკევებულ მწარმოებლებს ერთ მთლიანობაში. რაც უფრო ღრმაა შრომის განაწილება, მით უფრო მჭიდროა ინდივიდუალური მწარმოებლების ურთიერთდამოკიდებულება. თანდათან ხდება ახალი სუბიექტის (საზოგადოების, როგორც ეკონომიკური სუბიექტის) ფორმირება. და ეს სუბიექტი-საზოგადოება საჭიროებს საზოგადოებრივ ეკონომიკურ ფასეულობებს, რომლებიც უზრუნველყოფენ მისი ეკონომიკური მოღვაწეობის ოპტიმალურობას.

საბაზრო ღირებულება და ინდივიდუალური ეკონომიკური ფასეულობა ისეთივე თანაფარდობაში არიან ერთმანეთთან, როგორც ერთი და იგივე მოვლენის განვითარების სხვა და სხვა საფეხურები. ამიტომ მათში ბევრია როგორც საერთო, ისე განსხვავებული მომენტები. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განსხვავებაა ის, რომ, საბაზრო ღირებულება ზუსტად იზომება სპეციალური საზომი ერთეულით – ფულით. მაშინ, როდესაც ინდივიდუალური ეკონომიკური ფასეულობის რაოდენობრივი განსაზღვრა ხდება არა რაიმე მასშტაბით ან საზომი ერთეულით, არამედ შეთანაზომებით. ანუ, სუბიექტი უშუალოდ ათანაზომებს ერთმანეთს სხვადასხვა ეკონომიკურ ფასეულობებს.

ფასეულობების უშუალო შეთანაზომება ფულის გაჩენამდე, ისევე ბუნებრივია, როგორც დროის, წონის, თუ მანძილის უშუალო შეთანაზომება იქამდე, სანამ გაჩნდებოდნენ ამ სიდიდეების შესაბამისი მასშტაბები ან საზომი ერთეულები. ვთქვათ, ეს საზომი ერთეულები პირობითია და გარკვეული თვალსაზრისით (თვით გაზომვის ლოგიკის თვალსაზრისით) – შემთხვევითია. ისინი შერჩეულია ადამიანის მიერ პრაქტიკული მოსაზრებებით იმის მიხედვით თუ რამდენად მოხერხებულნი არიან ისინი. მთავარი ხომ მხოლოდ ის არის, რომ ყველა სიდიდეების ერთი და იგივე საზომი ერთეულით, მასშტაბით გაზომვისას ისინი ხდება ერთმანეთთან თანაზომადი.

მაგალითად, ჩვენ ვიცით, რომ წონის ერთეული, კილოგრამი, თავისი სუბსტანციით თვითონაც წარმოადგენს გარკვეულ წონას, რომელიც პირობითად არის მიჩნეული წონის საზომ ერთეულად. ხომ ცხადია, რომ წონის ერთეულია არა საწონი, რომელიც იდება სასწორზე. საწონი არის მხოლოდ გარეგანი, მატერიალური მატარებელი კილოგრამისა და ეს კილოგრამი შეიძლება გამოვხატოთ სხვა საგნებითაც. ანალოგიურად, ფული, როგორც საბაზრო ღირებულების საზომი ერთეული, თვითონ წარმოადგენს იგივე ღირებულებას, ღირებულების გარკვეულ სიდიდეს, რომელიც პირობითად არის მიჩნეული საზომ ერთეულად, მასშტაბად, ყველა სხვა დანარჩენი საბაზრო ღირებულებების გასაზომად. ამიტომ, ფული არ არის არც ოქრო და არც ბანკნოტი, არამედ ისევ ღირებულება. შესაბამისად, თუ ფული არის ღირებულების ერთეული, მაშინ ცხადია, რომ იგი ერთდროულად არის როგორც საზოგადოებრივი სარგებლიანობის, ისე საზოგადოებრივი ხარჯების საზომი ერთეული, რადგან თვით ღირებულება არის საზოგადოებრივი სარგებლიანობის და საზოგადოებრივი ხარჯების ერთობლიობა. შესაბამისად, ფასების, როგორც საბაზრო ღირებულების ფულადი გამოხატულება, ზუსტად გამოხატავს ერთდროულად როგორც საქონლის საზოგადოებრივ ხარჯებს, ისე მათ საზოგადოებრივ სარგებლიანობას.

ერი შეიძლება წარმოვიდგინოთ როგორც ერთიანი ეკონომიკური სუბიექტი. ეროვნული ეკონომიკის ფუნქციონირება შეუძლებელია, თუ ეროვნულ დონეზე არ მოხდება იგივე, რაც ხდება ინდივიდუალური სუბიექტის დონეზე. კერძოდ, როგორმე უნდა ხდებოდეს საზოგადოებრივი მოთხოვნილებების შეთანაზომება ამ მოთხოვნილებების დაკმაყოფილების შესაძლებლობებთან, აგრეთვე ხარჯების და რეზულტატების შეთანაზომება. უნდა არსებობდეს ოპტიმიზაციის რაიმე მექანიზმი, რომელიც შესაბამისობაში მოიყვანს წარმოების სტრუქტურას მოხმარების სტრუქტურასთან.

ისევე, როგორც მაკროკოსმოსი იმეორებს მიკროკოსმოსის აღნაგობას, ასევე საზოგადოებრივი (საბაზრო) ეკონომიკის ყველა ძირითადი კანონზომიერებები ემბრიონალური ფორმით უკვე არსებობენ ინდივიდუალურ ეკონომიკაში. როგორც ინდივიდუალურ, ისე საზოგადოებრივ დონეზე მოქმედებენ როგორც კლებადი ზღვრული სარგებლიანობის, ისე მზარდი ზღვრული დანახარჯების კანონები, ოპტიმალურობის გლობალური და ლოკალური კრიტერიუმები და სხვ. მაგრამ საზოგადოებრივ დონეზე ყოველივე ეს ხდება გაცილებით უფრო რთული მექანიზმის მეშვეობით, ხდება არა ინდივიდუალური ფასეულობების, არამედ საბაზრო ღირებულებების მეშვეობით, ანუ ფასებისა და ფასწარმოქმნის რთული მექანიზმის მეშვეობით.

საჭიროა აღინიშნოს, რომ თანამედროვე მიკროეკონომიკურ თეორიაში ეკონომიკური წონასწორობის ჩამოყალიბება ნაჩვენებია ფასების დონეზე. ეკონომიკსის ნებისმიერ პოპულარულ სახელმძღვანელოში ღირებულების თეორია თითქმის საერთოდ არ არის გადმოცემული (სულ რამდენიმე აბზაცი ეთმობა ზღვრული სარგებლიანობის თეორიას). დეტალურად განიხილება მხოლოდ ფასის და ფასწარმოქმნის თეორია, მაგრამ სინამდვილეში, ფასებისა და ფასწარმოქმნის მეშვეობით მხოლოდ ვლინდება ის ეკონომიკური მექანიზმი, რომელიც რეალურად მოქმედებს გაცილებით უფრო სიღრმისეულ დონეზე ეკონომიკური ფასეულობების მეშვეობით. ანუ ის, რასაც ეკონომიკსი აღწერს მოვლენების დონეზე, ფუნქციონალური კავშირების დონეზე, საჭიროებს მეცნიერულ შესწავლას არსის დონეზე, სიღრმისეული მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დონეზე. ეს ძალზე მნიშვნელოვანია. მეცნიერების ამოცანა ხომ სწორედ ის არის, რომ მოახდინოს ტრანსცენდირება არსის სფეროში და არა მხოლოდ აღწეროს მოვლენები.

თანამედროვე სახელმძღვანელოებში გადმოცემული მიკროეკონომიკური პარადიგმა მოქცეულია მოჯადოებულ წრეში. ფასწარმოქმნის მექანიზმის ახსნისას იგი იძულებულია აპელირება მოახდინოს ისევ ფასებზე. ასეთი ახსნა ტოვებს დაუკმაყოფილებლობის გრძნობას. რაიმე პრობლემის მეცნიერული ახსნა გულისხმობს უცნობის დაყვანას ნაცნობ ელემენტებზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვერ გამოვავლენთ მიზეზს და შედეგეს, ვერ გავიგებთ, არამედ მხოლოდ აღვწერთ სინამდვილეს. ასე შეიძლება გამოვავლინოთ მხოლოდ ფუნქციონალური კავშირები სხვადასხვა ფასებს შორის, მაგრამ ჩვენ ვერ შევიცნობთ რა განაპირობებს საერთოდ ყველა ფასებს, რა არის ფასის არსი.

თავის დროზე ალბერტ აინშტაინმა გამოთქვა აზრი, რომ იდეის, თეორიის სილამაზე გარკვეულწილად არის მისი ჭეშმარიტების კრიტერიუმიც. თუ ამ თვალსაზრისით შევხედავთ ფასის თანამედროვე თეორიას, მაშინ მას გააჩნია თავისებური “ესთეტიური წუნი” – მას არ გააჩნია შინაგანი სიმეტრია. ამტკიცებენ, რომ წონასწორული ფასების დასადგენად ბაზარზე უნდა იქნას მიღწეული ზღვრული ხარჯების და ზღვრული სარგებლიანობის ტოლობა. საერთოდ კლებადი ზღვრული სარგებლიანობის და მზარდი ზღვრული დანახარჯების იდეას ენიჭება არსებითი მნიშვნელობა მიკროეკონომიკაში. ამასთანავე, კლებადი ზღვრული სარგებლიანობის კანონი არის წმინდა ეკონომიკური კანონი, რომელიც აღწერს სუბიექტის დამოკიდებულებას შეზღუდული დოვლათის მიმართ. მზარდი ზღვრული დანახარჯების კანონი ახსნილია წმინდა ტექნოლოგიური და არა ტელეოლოგიური კანონზომიერებებით, ახსნილია ფიქსირებული და ცვალებადი რესურსებს (ხარჯებს) შორის პროპორციების დარღვევით. თუმცა გამოდის, რომ ეს არ არის ეკონომიკური კანონი. მეტიც, სახელმძღვანელოში კეთდება განმარტება, რომ საერთოდ ზღვრულ დანახარჯებს ყოველთვის არ გააჩნიათ ზრდის ტენდენცია წარმოების ზრდასთან ერთად, რომ ისინი ჯერ მცირდება და მხოლოდ შემდეგ იზრდება. მისი გრაფიკი U-სებრი ფორმისაა, განსხვავებით კლებადი ზღვრული სარგებლიანობის მრუდისა. ამიტომ, პარადიგმის თანახმად, მიწოდების მრუდი მოკლევადიან პერიოდში განპირობებულია U-სებრი მრუდის მარჯვენა ნახევარით. მაგრამ ეს იქნებოდა ასე, თუ ყველა ფირმა, ჩვეულებრივ, საწარმოო სიმძლავრეების გადატვირთვით იმუშავებდა, ფიქსირებული რესუსების ცვალებად რესურსებთან შედარებით უკმარისობის პირობებში. სინამდვილეში ფირმებს, როგორც წესი, გააჩნიათ სარეზერვო სიმძლავრეები, აქვთ ჭარბი მუდმივი ხარჯები ცვალებადთან შედარებით, ამიტომ ცვალებადი ხარჯების ზრდა წარმოების მოცულობის ზრდის დროს იწვევს მუდმივი და ცვალებადი რესურსებს (ხარჯების) შორის ტექნოლოგიური პროპორციების გაუმჯობესებას. ამიტომ, წარმოების გაფართოვებასთან ერთად ფირმებში ხდება ზღვრული ხარჯების არა ზრდა, არამედ შემცირება. ასეთი ლოგიკით, მიწოდების მრუდის საფუძვლად უნდა იდოს ზღვრული დანახარჯების U-სებრი მრუდის არა მარჯვენა, არამედ მარცხენა ნახევარი, ანუ ეკონომიკური თეორიის თანახმად ვიღებთ აბსურდს.

ეკონომიკურ თეორიაში ამ გაუგებრობის მიზეზია “ეკონომიკური ხარჯების” და “ტექნოლოგიური ხარჯების” აღრევა. მიკროეკონომიკური პარადიგმა საჭიროებს საფუძვლიან გადასინჯვას. ამისათვის კი აუცილებელია მივმართოდ ეკონომიკური ფასეულობის ტელეოლოგიურ გაგებას.