პროტექციონიზმის მაკრო და მიკროეკონომიკური შედეგები

ზვიად ბეშკენაძე

საქართველოს დღევანდელი საგარეო-სავაჭრო პოლიტიკა ლიბერალურ ხასიათს ატარებს, რაც დიდ პრობლემებს უქმნის ადგილობრივ წარმოებას. მართალია, თავისუფალ ვაჭრობას ქვეყნისათვის დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლია, მაგრამ მხოლოდ მაშინ, თუ ვაჭრობის ლიბერალიზაცია ეტაპობრივად, ზომიერი, გონივრული პროტექციონიზმის თანხლებით მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ უცხოეთის განვითარებული ქვეყნები ვაჭრობის თითქმის სრულ ლიბერალიზაციამდე ეტაპობრივად მიდიოდნენ.

სავაჭრო ტარიფების და ვაჭრობის შეზღუდვის სხვა ბარიერების შემცირება თვით ეკონომიკური ბლოკების ფარგლებშიც კი, თანდათანობით მიმდინარეობდა, რათა მათ უარყოფითი ზემოქმედება არ მოეხდინათ ამ ქვეყნების ეკონომიკაზე. წარმატებული რეფორმების მქონე პოსტსოციალისტური ქვეყნები ღია ეკონომიკაზე გადასვლას შეზღუდვების თანდათანობით მოხსნით, პროცესებზე ქმედითი კონტროლის პირობებში ახორციელებდნენ, ხოლო საშინაო ბაზრის დაცვის მიზნით ზომიერ პროტექციონიზმს ატარებდნენ. საქართველოს შემთხვევაში ვაჭრობის ლიბერალიზაცია არა ეტაპობრივად, არამედ ერთბაშად, სტიქიურად განხორციელდა, რის შედეგადაც დაუცველი დარჩა თითქმის ყველა ადგილობრივი დარგი. იმ პირობებში, როდესაც ახლადპრივატიზირებული თუ სახელმწიფო ეროვნული საწარმოები ვერ უზრუნველყოფდნენ კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოებას და მრეწველობის მთელი რიგი დარგები მცირე დატვირთვით მუშაობდნენ, ან მთლიანად გაჩერებული იყვნენ, საგარეო ვაჭრობის ერთბაშად ლიბერალიზაციამ შოკური ზემოქმედება მოახდინა მათზე. როგორც ი. მესხია აღნიშნავს: “ეროვნულ ეკონომიკაში შექმნილმა კრიზისულმა მოვლენებმა და ადგილობრივი წარმოების დაუცველობამ დიდი დარტყმა მიაყენა რეალური სექტორის წამყვან დარგებს… ეროვნული მეურნეობის დაუცველობამ განსაკუთრებული ზიანი მიაყენა მსუბუქ მრეწველობას და სოფლის მეურნეობას”.
საბჭოთა კავშირის პერიოდში ცალკეული რესპუბლიკები (მათ შორის საქართველოც) სპეციალიზირდებოდნენ გარკვეული საქონლის წარმოებაზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს სპეციალიზაცია უფრო “ხელოვნური” თუ შერჩევითი იყო, ვიდრე “ბუნებრივი”, ის მაინც არსებობდა. საქართველო შეფარდებით უპირატესობას ფლობდა კავშირის ფარგლებში მრავალი საქონლის წარმოებაში, რომელზედაც ის სპეციალიზირდებოდა, მაგრამ ეს უპირატესობა საერთაშორისო მასშტაბით არ არსებობდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საწარმოებს შორის მოიშალა არსებული კავშირები და დაიკარგა ტრადიციული გასაღების ბაზრები, ამან უმეტესი ადგილობრივი საწარმო დამოკიდებული გახადა მხოლოდ შიდა ბაზარზე, რომელზედაც დაბალი შიდა მოთხოვნის (ხოლო ზოგიერთ პროდუქციაზე ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნა საერთოდ არ არსებობდა) გამო პროდუქციის რეალიზება ძნელი იყო. ამასთან ვაჭრობის გლობალური ლიბერალიზაციის შედეგად დაბალკონკურენტუნარიანმა ადგილობრივმა საწარმოებმა არათუ ვერ მოახერხეს უცხოურ ბაზარზე გასვლა, არამედ შიდა ბაზარზეც ვერ შეძლეს კონკურენცია გაეწიათ მოჭარბებული, იაფი იმპორტისათვის. ქვეყანაში დაიწყო საწარმოების თანდათანობითი გაჩერება, ამასთან

ერთად გაიზარდა უმუშევრობის დონე, შემცირდა მოსახლეობის რეალური შემოსავლები, თანდათანობით დაეცა შიდა მოთხოვნა და მისი სტრუქტურა უარყოფითისკენ შეიცვალა. ქვეყანაში დაიწყო ერთობლივი მოთხოვნისა და ერთობლივი მიწოდების თანდათანობითი, პარალელური შემცირება. ერთობლივი მოთხოვნის და ერთობლივი მიწოდების ვარდნა “კვებავდნენ” ერთმანეთს. ამან კი, ასახვა ჰპოვა წარმოების მოცულობის მკვეთრ დაცემაში, საწარმოო ძალების სტრუქტურის მნიშვნელოვან ცვლილებაში – ქვეყნის დეინდუსტრიალიზაციაში და სხვ.

დღესდღეობით ქვეყნის ეკონომიკის აღდგენა – განვითარება სახელმწიფოს მხრიდან პროტექციონისტული ღონისძიებების გატარების გარეშე შეუძლებელია. დასავლელი ეკონომისტის, გ. მიურდალის აზრით, განვითარებადი ქვეყნები ვერ შეძლებენ საკმარისი ეფექტურობით განავითარონ საწარმოო ძალები პროტექციონისტული ღონისძიებების გარეშე3. გერმანელი ეკონომისტი ხ. შრედერი უფრო შორს მიდის და აცხადებს, რომ “მსოფლიო ბაზარში დსთ-ს ქვეყნების შესვლა შეუძლებელია სავაჭრო შეღავათების, პროტექციონისტული ღონისძიებების და ფართო ტექნიკური დახმარების გარეშე”4. როგორც ცნობილია, ახალი ინდუსტრიული ქვეყნები (აიქ), სამხ. კორეა და სხვ. ეკონომიკის აღდგენა-განვითარების მიზნით თანმიმდევრულად მიმართავდნენ იმპორტშენაცვლების და ექსპორტზე ორიენტირების პოლიტიკას, რომელიც თავის თავში მრავალ ეკონომიკურ ღონისძიებებთან ერთად, უპირველესად მოიცავდა პროტექციონისტული ზომების გატარებას ადგილობრივი საწარმოების დაცვის მიზნით.

პროტექციონიზმი აუცილებელია, როგორც ცალკეული დარგების განვითარების უზრუნველყოფის, ასევე მთლიანად ეკონომიკის სტიმულირების მიზნით. ახლადპრივატიზირებული თუ სახელმწიფო საწარმოები კონკურენტუნარიანობის აღდგენის და გაძლიერების მიზნით საჭიროებენ დროებით დაცვას უცხოური კონკურენციისაგან, ხოლო, როდესაც დარგები მიაღწევენ განვითარების გარკვეულ დონეს, როდესაც ქვეყანაში გამოიკვეთება პრიორიტეტები, როდესაც ის მოიპოვებს შეფარდებით უპირატესობას გარკვეული საქონლის წარმოებაში, პროტექციონიზმის საჭიროებაც მოიხსნება.

დღესდღეობით, ეროვნული ბაზარი სავსეა იმპორტული საქონლით. ადგილობრივი მოთხოვნის დაკმაყოფილება სწორედ იმპორტის ხარჯზე ხორციელდება. ისედაც ვიწრო საშინაო ბაზარი მოჭარბებული იმპორტის გამო კიდევ უფრო ნაკლებტევადი ხდება ადგილობრივი საწარმოებისათვის. დაბალი შიდა მოთხოვნა ნაციონალური საწარმოების განვითარების ძირითადი შემაფერხებელი ფაქტორია. საშინაო ბაზრის, შიდა მოთხოვნის გაფართოების ერთ-ერთი რეალური გზა პროტექციონიზმია.

საშინაო ბაზრის დაცვა-პროტექციონიზმი შეიძლება განხორციელდეს, როგორც უშუალოდ საბაჟო ტარიფის, აგრეთვე არასატარიფო მეთოდების (იმპორტული ქვოტა, ტექნიკური სტანდარტები, სანიტარული ნორმები და სხვ.) გამოყენებით. პროტექციონისტული ღონისძიებები ზრდიან იმპორტული საქონლის ფასს, ამით ამცირებენ მის კონკურენტუნარიანობას და სტიმულს აძლევენ ადგილობრივ წარმოებას.

ისმება კითხვა: რომელი ადგილობრივი დარგები უნდა იყოს დაცული? მათი შერჩევა საკმაოდ რთულია, მაგრამ, ჩვენი აზრით, პირველ რიგში, დაცული უნდა იყოს ის დარგები, რომელსაც ამ ეტაპზე განვითარების კარგი შესაძლებლობა გააჩნიათ, რომლებიც ფლობენ დაუტვირთავ საწარმოო სიმძლავრეებს (ასევე, ის დარგები, რომლის საწარმოო სიმძლავრეების შექმნა დიდ ფინანსურ რესურსებს არ მოითხოვს) და აგრეთვე ის დარგები, რომლებიც დაცვის შემთხვევაში უზრუნველყოფილი იქნებიან საკმარისი შიდა მოთხოვნით ადგილობრივ ბაზარზე. დღესდღეობით საქართველოში გადახდისუნარიანი მოთხოვნა ძირითადად პირველადი მოხმარების საქონლისკენაა მიმართული, ესენია: სურსათი, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, საოჯახო მოხმარების საქონელი და ა.შ. მაშასადამე, ჩვენი აზრით, საქართველოში ამ ეტაპზე დაცული უნდა იყოს სოფლის მეურნეობის დარგები და მისი გადამამუშავებელი მრეწველობა, მსუბუქი და კვების მრეწველობის გარკვეული დარგები და სხვ.

რა შესაძლო ეკონომიკური შედეგები შეიძლება გამოიწვიოს პროტექციონიზმმა – განსაზღვრული საქონლის იმპორტის შეზღუდვამ მიკრო და მაკრო დონეზე. ჯერ განვიხილოთ პროტექციონიზმის ძირითადი ეკონომიკური შედეგი მიკრო დონეზე ცალკეული დარგის მოთხოვნა – მიწოდების მარტივი მოდელის დახმარებით.

როგორც ნახ. 1-ზე არის ასახული, თავისუფალი ვაჭრობის პირობებში ადგილობრივი მოთხოვნის (OQ1-ის) ძირითადი ნაწილის დაკმაყოფილება იმპორტის ხარჯზე ხდება (ეს რეალურადაც ასეა). იმპორტი შეადგენს Q1Q1-ს, ხოლო ადგილობრივი პროდუქციის მიწოდება OQ1-Oს. დავუშვათ, შემოვიღეთ სავაჭრო შეზღუდვები (მაგ. ტარიფი – თ) იმ მოცულობით, რომ იმპორტი შემცირდა ნულამდე. ჯერ განვიხილოთ, თუ როგორ შეიცვლება საქონლის მოხმარება. ტარიფის შემოღება გაზრდის საქონლის ფასს P1-დან P2-ამდე, პროდუქციის მოხმარება შემცირდება Q1-დან Q2-ამდე, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ პირველადი მოხმარების საქონელზე მოთხოვნის საფასო ელასტიურობა დაბალია (მოთხოვნის მრუდი ციცაბოა) უნდა ვივარაუდოთ, რომ მოხმარება უმნიშვნელოდ QQ2Q1-ით შეიცვლება. რაც შეეხება მიწოდებას, ვფიქრობთ, რომ აღნიშნული საქონლის წარმოება ქვეყნის შიგნით შესაძლებელია, ანუ არსებობს შესაბამისი დაუტვირთავი საწარმო სიმძლავრეებიც (მაშასადამე, მიწოდების მრუდი საკმაოდ ელასტიურია). წარმოება დაბალ (P1) ფასში არამომგებიანია, ხოლო ფასების ზრდა (P1-დან P2-ამდე) სტიმულს მისცემს და საბოლოოდ მნიშვნელოვნად გაზრდის დაცული დარგების წარმოების მოცულობას (OQ1-დან OQ2-ამდე).
სამეცნიერო-ეკონომიკურ ლიტერატურაში, ტარიფის ეკონიმიკური შედეგების ანალიზისას, განსაზღვრავენ, თუ რა ცვლილება განიცადა სამომხმარებლო და მწარმოებლის დანაზოგმა. მომხმარებლის დანაზოგი ტარიფამდე იყო D+C+A ფართი, ხოლო ტარიფის შემდეგ შემცირდა და დარჩა D; მწარმოებლის დანაზოგი კი, ტარიფის შემდეგ გაიზარდა და გახდა B+C ( მოიმატა C-თი ანუ იმით, რაც მომხმარებელმა დაკარგა). საერთო ეკონომიკური დანაკარგი (ეკონომიკური კეთილდღეობის დანაკარგი) წარმოადგენს A ფართს (ანუ საერთო დანაზოგი შემცირდა A-თი). მაშასადამე, ტარიფი ამცირებს ქვეყნის საერთო ეკონომიკურ კეთილდღეობას თავისუფალი ვაჭრობა კი პირიქით, ზრდის მას.

ეს მსჯელობა მართებულია, თუ საკითხს შევხედავთ მიკროეკონომიკური კუთხიდან ერთი კონკრეტული დარგის (პროდუქციის) შემთხვევაში და იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა ფლობს შეფარდებით უპირატესობას განსაზღვრული (სხვა) საქონლის წარმოებაში. ჩვენი ქვეყნის შემთხვევაში, თუ საკითხს შევხედავთ მაკროეკონომიკური კუთხიდან – თუ დარგებს განვიხილავთ კომპლექსში – შედეგი განსხვავებული იქნება. იმ პირობებში, როდესაც ქვეყნის უმეტესი დარგი კონკურენტუუნაროა, როდესაც იაფფასიანმა იმპორტმა ნაწილობრივ ან მთლიანად გააჩერა ადგილობრივი დარგების უმრავლესობა, თავისუფალი ვაჭრობა არათუ ხელს უწყობს სამომხმარებლო დანაზოგისა და საერთო ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდას, არამედ პირიქით, იწვევს მოსახლეობის მასობრივ უმუშევრობას, მთლიანი დანაზოგების შემცირებას და საერთო ეკონომიკური კეთილდღეობის გაუარესებას.

მაშასადამე, ტარიფის ძირითადი დადებითი ეკონომიკური შედეგი მიკრო დონეზე არის: ადგილობრივი წარმოების მოცულობის ზრდა (Q1-დან Q2-ამდე), საწარმოო დანაზოგის ზრდა. იმპორტის შემცირების (Q1-დან Q1-ამდე) უარყოფითი შედეგებია: ფასების ზრდა (P1-დან P2-მდე), მოხმარების შემცირება (Q1-დან Q2-ამდე) სამომხმარებლო და საერთო დანაზოგის შემცირება.

ახლა განვიხილოთ პროტექციონიზმის შესაძლო ეკონომიკური შედეგები მაკრო დონეზე ერთობლივი მოთხოვნისა და ერთობლივი მიწოდების მრუდების დახმარებით.

ერთობლივი მიწოდების მრუდის ზუსტი მდებარეობის განსაზღვრა საკმაოდ რთულია. ჩვენი აზრით, მას საკმაოდ დამრეცი ფორმა აქვს, რადგან ხანგძლივვადიანმა ეკონომიკურმა კრიზისმა, წარმოების გრძელვადიანმა გაჩერებამ ძირითადი ფონდების არა მხოლოდ მორალური და ფიზიკური ცვეთა, არამედ მათი განიავებაც გამოიწვია (ჯართში ჩაბარდა მრავალი უნიკალური მოწყობილობა-დანადგარი). მაშასადამე, მთლიანად ეკონომიკაში თავისუფალი საწარმო სიმძლავრეები არც თუ დიდია.

ის მოსაზრებები, რომ ეკონომიკის კრიზისიდან გამოსაყვანად, მისი სტიმულირების მიზნით საჭიროა მასტიმულირებელი ფისკალური პოლიტიკა (ძირითადი აქცენტი გაკეთებულია გადასახადის განაკვეთების შემცირებაზე), ერთი ჯგუფის აზრით, გაზრდის ერთ მოთხოვნას და მულტიპლიკაციური ეფექტის ზემოქმედების შედეგად წარმოების მოცულობას და დასაქმებას (კეინსური მიდგომა), ხოლო მეორე ჯგუფის აზრით, იმოქმედებს წარმოების სტიმულებზე, ე. ი. გამოიწვევს ერთი მიწოდების მრუდის გადაადგილებას, მაშასადამე, წარმოების მოცულობის და დასაქმების ზრდას (ნეოკლასიკური მიდგომა – “მიწოდების ეკონომიკური” თეორია და ლაფერის კონცეფცია). მრავალი ეკონომისტი საქართველოში სკეპტიკურად ეკიდება “მიწოდებაზე ორიენტირებულ” თეორიას, რომლის თანახმად საქართველოში “სეპლაისაიდური” პოლიტიკის გატარება სრული ნონსენსია. როგორც სულ ახლახან ჩატარებული გამოკვლევები გვიჩვენებს, ლაფერის ცნობილი კონცეფცია გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში “ცუდად მუშაობს”7.

რაც შეეხება კეინსურ მიდგომას ჩვენი აზრით, მართალია, გადასახადების შემცირება გაზრდის ერთობლივ მოთხოვნას, მაგრამ დამატებით გადახდისუნარიანი მოთხოვნა წარიმართება არა ადგილობრივი პროდუქციისაკენ, არამედ, დაუცველი საშინაო ბაზრის და კონკურენტუუნარო საწარმოების პირობებში იმპორტული საქონლისაკენ. მაშასადამე, გაიზრდება იმპორტის მოცულობა, შედეგად გაუარესდება საგადამხდელო ბალანსი, რაც თავისთავად იმოქმედებს სავალუტო რეზერვებზე, ცენტრალური ბანკი იძულებული იქნება მოახდინოს ეროვნული ვალუტის დევალვაცია, რაც გაზრდის ფასების დონეს ქვეყანაში, ე.ი გამოიწვევს ინფლაციას და არა წარმოების მოცულობის ზრდას (მსგავსი შედეგი ექნება მასტიმულირებელ ფულად-საკრედიტო პოლიტიკასაც).

პროტექციონისტული ღონისძიებების საშუალებით კი, ჩვენ შეგვიძლია გადახდისუნარიანი მოთხოვნა, რომელიც მიმართული იყო იმპორტისკენ “გავანთავისუფლოთ” და მივმართოთ ადგილობრივი პროდუქციისაკენ. განვიხილოთ ეს პროცესი AD-AS მოდელის დახმარებით (ნახ. 2). როგორც ავღნიშნეთ, ვთვლით, რომ ერთი მიწოდების მრუდს აქვს დამრეცი ფორმა (ნახ. 2-ზე AS), მაგრამ პროტექციონიზმის საშუალებით, ჩვენ, ერთი მხრივ, შევძლებთ მიწოდების AS მრუდიდან გამოვყოთ მისი შედარებით ჰორიზონტალური მონაკვეთი (KM მონაკვეთი – ანუ, ჩვენს მიერ დაცული დარგები, რომლებიც ფლობენ დაუტვირთავ საწარმო სიმძლავრეებს), ხოლო, მეორე მხრივ, ამ მონაკვეთზე მოვახდინოთ ერთი მოთხოვნის ზრდა (AD1, დან AD2-ში, ანუ გადახდისუნარიანი მოთხოვნა იმპორტიდან მივმართოთ ადგილობრივი პროდუქციისკენ). შედეგად გვექნება წარმოების მოცულობის საგრძნობი ზრდა (Q1-დან Q2-ში) ფასების უმნიშვნელო ზრდასთან ერთად. (P1-დან P2-ში). თუ ჩვენ უზრუნველვყოფთ ეკონომიკის სტიმულირებას, შესაძლებელია ის “გადავიდეს” ერთი მოთხოვნა – ერთი მიწოდების ზრდის “ავტომატურ რეჟიმზე” – ერთი მოთხოვნის სტიმულირებამ გაზარდოს დარგების შემოსავლები, სტიმული მისცეს მათ მოგება და მიწოდების გაზრდაში, ხოლო მიწოდებამ წარმოქმნას თავისი მოთხოვნა (სეის კანონი). მთავრობამ კი, ხელი უნდა შეუწყოს მას გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის დახმარებით და პროტექციონისტული ზომების გაფართოების საშუალებით შიდა მოთხოვნის ზრდის და მისი სტრუქტურის ცვლილების შესაბამისად.

პროტექციონიზმის შედეგად ქვეყანაში შემცირდება იმპორტის მოცულობა, რაც შეამცირებს საგადასახადო ბალანსის დეფიციტს და გაზრდის ქვეყნის სავალუტო რეზერვებს. ფიქსირებული სავალუტო კურსის შენარჩუნების შემთხვევაში მთავრობას მოუწევს უცხოური ვალუტის ყიდვა და ეროვნულის გაყიდვა. ეს ეკონომიკაში ფულის მიწოდების გაზრდაა, რამაც დამატებითი სტიმული უნდა მისცეს მას, ხოლო იმპორტის შემცირებამ – ერთობლივ მოთხოვნას.

საინტერესოა, როგორ იმოქმედებს იმპორტის შეზღუდვა საბიუჯეტო შემოსავლებზე. მართალია, ქვეყნის ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები ძირითადად იმპორტის დაბეგვრით ფორმირდება (დღგ, საბაჟო, აქციზი და სხვ.), მაგრამ მისმა შემცირებამ საბიუჯეტო შემოსავლები არ უნდა შეამციროს, არამედ, პირიქით უნდა გაზარდოს. იმის გათვალისწინებით, რომ პროტექციონიზმს უნდა მოჰყვეს ადგილობრივი დარგების ამოქმედება და დასაქმების ზრდა, შესაბამისად უნდა გაიზარდოს ადგილობრივი რეზიდენტების დაბეგვრიდან მიღებული საგადასახადო შემოსავლები (დღგ, მოგების, სოციალური, საშემოსავლო და სხვ.), რამაც უნდა გადააჭარბოს იმპორტის დაბეგვრის დანაკარგებს.

პროტექციონიზმს გააჩნია უარყოფითი შედეგებიც. ეს უპირველესად დაცული დარგების პროდუქციაზე ფასების ზრდაში ვლინდება. ჩვენ ავღნიშნეთ, რომ პროტექციონიზმმა პირველ ეტაპზე უნდა მოიცვას პირველადი მოხმარების საქონლის წარმოება, ხოლო მოსახლეობის უმრავლესობის სამომხმარებლო კალათაში ძირითადი ადგილი სწორედ ამ პროდუქციას უკავია. მაშასადამე, პროტექციონიზმის შედეგად გაზრდილი ფასები შეამცირებს, მოსახლეობის რეალურ შემოსავლებს (რაც ანტისტიმულია სამომხმარებლო მოთხოვნის ზრდისათვის) და მათ სოციალურ კეთილდღეობას.

ზოგიერთი დარგის დაცვამ შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს სხვა, მასთან დაკავშირებული დარგის მდგომარეობაზე. მაგალითად, თუ ჩვენ დავიცავთ სოფლის მეურნეობის დარგებს (რის შედეგადაც ამ პროდუქციაზე გაიზრდება ფასები), ეს შეამცირებს მისი გადამამუშავებელი მრეწველობის (მაგ. საკონსერვო მრეწველობის) კონკურენტუნარიანობას, რადგან სოფლის მეურნეობის პროდუქცია მისთვის ნედლეულია.

ხშირად ერთი დარგის დაცვა მოითხოვს მასთან ახლოს მდგომი სხვა დარგების დაცვასაც. თუ ორი დარგიდან, რომლებიც აწარმოებენ ურთიერთშემცვლელ პროდუქციას, ვიცავთ მხოლოდ ერთს, მაშინ ჩვენ ვერ მივაღწევთ სასურველ შედეგს (წარმოების ზრდას), რადგან დაცული დარგის პროდუქციაზე ტარიფის შემოღებით მოთხოვნა ხდება უფრო ელასტიური (რადგან მასზე ფასი იზრდება, ხოლო შემცვლელ საქონელზე – არა). ნახ. 1-ზე ეს აღნიშნულია DD-ს D1-ში გადაადგილებით.

პროტექციონიზმის საწინააღმდეგო არგუმენტიდან საყურადღებოა, კონკურენციის შეზღუდვის არგუმენტი, რომელიც თან ახლავს იმპორტის შეზღუდვას. ის, თავის მხრივ, ხელს უწყობს ბაზრის მონოპოლიზაციას. ამასთან, თუ პროტექციონიზმი გამოიყენება ხანგძლივი დროით, იქმნება საშიშროება დაცული დარგების განვითარების ბლოკირებისა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ თუ პროტექციონიზმს მოჰყვება წარმოების კონცენტრაცია, საწარმოების გამსხვილება. ეს შეიძლება უფრო დადებითი შედეგი იყოს, ვიდრე უარყოფითი, რადგან იგი მასშტაბების ეფექტის რეალიზებისა და პროდუქციის კონკურენტუნარიანობის გაზრდის საშუალებას აძლევს საწარმოებს.

პროტექციონიზმის მიკრო და მაკრო ეკონიმიკური შედეგები გაცილებით ფართოა. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს სინამდვილეში საკითხი შეუსწავლელია და ის კომპლექსურ მიდგომას და ღრმა მეცნიერულ ანალიზს მოითხოვს.

ჩვენ შორს ვართ იმ აზრისგან, რომ მხოლოდ პროტექციონიზმის საშუალებით იქნება შესაძლებელი ადგილობრივი დარგების განვითარების, წარმოების მოცულობის ზრდის უზრუნველყოფა, ეკონომიკის სტიმულირება. ამისათვის საჭირო იქნება კომპლექსური ღონისძიებების გატარება დარგებზე, მხარდაჭერის განხორციელება დაბალპროცენტიანი, გრძელვადიანი კრედიტების, საგადასახადო შეღავათების, პირდაპირი სუბსიდიების და სხვ. საშუალებებით; გონივრული მაკროეკონომიკური, საგარეო-ეკონომიკური და სხვ. პოლიტიკის გატარება და ა.შ.

რაც შეეხება საშინაო ბაზრის დაცვის პრაქტიკულ ასპექტებს, დღეს დომინირებს მოსაზრება, რომ რადგან ქვეყანა გაწევრიანდა მსო-ში, ის ვერ უზრუნველყოფს საშინაო ბაზრის დაცვას. მართალია, საქართველოს უფლება დაიცვას ადგილობრივი დარგები საბაჟო ტარიფით იზღუდება, მაგრამ იგივე მსო-ს წესებით და ნორმებით, ქვეყანას აქვს უფლება დაიცვას ბაზარი დემპინგური, სუბსიდირებული, უხარისხო თუ ფალსიფიცირებული საქონლის იმპორტისგან, შიდა ბაზარი კი ექსპანსირებულია ასეთი საქონლით. მსო-ს კანონებით, მის წევრ ქვეყნებს აქვთ უფლება დაიცვან საშინაო ბაზარი, თუ საქონელი იმპორტირებულია იმ მოცულობით, რომ ამით ზიანდება, ან შეიძლება დაზიანდეს ადგილობრივ მრეწველობა. საქართველოში იმპორტის შედეგად მიყენებული ზარალი ადგილობრივ დარგებზე არსებითია, თუმცა მათი დაცვა არავის უცდია. მთელი რიგი შეღავათები გათვალისწინებულია განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებისთვის, რომლებსაც გამოყენება უნდა. თუმცა რა დაცვაზე შეიძლება იყოს საუბარი, როდესაც ვერ (თუ არ) კონტროლირდება ქვეყნის ეკონომიკური (საბაჟო) საზღვრები და იმპორტული პროდუქციის უმრავლესობა კონტრაბანდულია.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial