რუსეთის მოსალოდნელი კრიზისი, შესაძლოა 1998 წლის დეფლოტს გაუთანაბრდეს

მოამზადა სოფიკო სიჭინავამ

მოსალოდნელი კრიზისი, შესაძლოა, 1998 წლის ზაფხულის კრიზისს გაუთანაბრდეს. 1998 წლის დეფლოტის დროს რუსული ეკონომიკა თითქმის დაინგრა. როგორც ბერლინელი ეკონომისტი, ვოლფგანგ შრეტლი აცხადებს, ის გარემოება, რომ რუსეთში ინვესტიციების მოცულობა მნიშვნელოვნად შემცირდა ხელფასების ერთიანი და რადიკალური ზრდის ფონზე, პესიმისტური პროგნოზის გაკეთების საფუძველს იძლევა.

ექსპერტები ამტკიცებენ, რომ რუსეთის ეკონომიკა ცუდად არ გამოიყურება მხოლოდ პარალიზებულ მსოფლიო ეკონომიკასთან შედარებით. სინამდვილეში, 1998 წლის კრიზისისას, რუბლის დევალვაციის დადებითი ეფექტი თითქმის ამოიწურა. ეკონომიკის განვითარება შენელდა, ინვესტიციების მოცულობა ძალიან შემცირდა, ამასთან ხელფასები სწრაფად იმატებს, კაპიტალის გაქცევა გრძელდება. ფიქრობენ, რომ ბარტერული და ნატურალური გაცვლების დრო დაბრუნდება, რაც 90-იანი წლების შუა პერიოდში ნახევრადდანგრეული რუსული ეკონომიკისთვის იყო დამახასიათებელი. შეშფოთების საფუძველს იძლევა ის გარემოებაც, რომ ბოლო დროს გახშირდა საბიუჯეტო დაწესებულებებში ხელფასების დაგვიანება.

რამდენიმე კვირის წინ, ვლადიმერ პუტინმა დაუფარავად უსაყვედურა მინისტრთა კაბინეტს და თავისი პრეტენზიები გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის ეკონომომიკური ზრდა (3.6-დან 3.8-მდე) ბევრად ნაკლებია იმაზე, რაც იგეგმებოდა. ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ ეკონომიკა, მართლაც, ავადაა და არ ჩანს გამოცოცხლების რაიმე ნიშანწყალი. მაგალითად, პროდუქციის წარმოება შემცირდა 5%-დან, 3,1%-მდე.

რაც შეეხება ხელფასებს, ის, რეალურად, 40%-ით იზრდება. ინვესტიციების მოცულობა 2000 წლის მაჩვენებლიდან – 17,75%, 1,8-მდე ჩამოვიდა.

ეკონომიკის 3,5%-იანი ზრდის პირობებში რუსეთის მოქალაქეების საშუალო შემოსავალი, ევროპის ქვეყნების საშუალო დონეს მხოლოდ 100 წლის შემდეგ მიუახლოვდება. ამასთან, ეკონომიკური განვითარების შედარებით სტაბილურობის პირობას ჯერ კიდევ გასაგრძელებელი რეფორმების შეუწყვეტობა წარმოადგენს – საუბარია საბანკო და ენერგეტიკული მონოპოლიის რეფორმირებაზე. ეს უკანასკნელი სამომხმარებლო ფასების მომატებას გამოიწვევს, ამ ტვირთს მოსახლეობა ვერ გაექცევა, რომელთა ცხოვრების დონე ისედაც ძალიან დაბალია, გასათვალიწინებელია ისიც, რომ მალე რუსეთში საპარლამენტო არჩევნებია.

ჯერ კიდევ გაურკვეველია, როგორ განვითარდება რუსეთის რეფორმატული პოლიტიკა. პუტინმა შედარებით წარმატებით დაიწყო საგადასახადო და მიწის რეფორმა. ნავთობის ფასები, რომელზედაც მიბმულია რუსეთის ეკონომიკა და ქვეყანა, რომელიც, ფაქტობრივად, ნედლეულის ექსპორტით არსებობს, ჯერ კიდევ ქვეყნისთვის მისაღებ დონეზეა. თუმცა, ერაყში მოსალოდნელი მოვლენების შედეგად, შესაძლოა, 2003 წლის რუსეთის ბიუჯეტი ხელახლა გადასახედი გახდეს. ომის შემთხვევაში ნავთობის ფასები შეიძლება ბარელზე 18 დოლარის ქვემოთ ჩამოვიდეს. ამ მაჩვენებელზე დაბლა ჩამოსვლის შემთხვევაში, შესაძლოა, დღის წესრიგში ქვეყნის უმთავრესი კანონის სეკვესტრირება დადგეს. სააღრიცხვო პალატის თავმჯდომარე ადრე აცხადებდა, რომ ფედერალური ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ფორმირება, ძირითადად, ნავთობის ექსპორტის ხარჯზე მოხდა. ერაყთან ომის შემთხვევაში, ნავთობის ფასი, ალბათ, ბარელზე 12-15 დოლარი იქნება. ფედერალურ ბიუჯეტში კი, ბარელზე ჩადებულია 18-21 დოლარი. ამიტომ რუსეთს ეკონომიურად მოუწევს ცხოვრება, სამთავრობო კომისია ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შემცირებისთვის საჭირო ზომების მიღებას გეგმავს იმ შემთხვევაში, თუ აშშ ერაყში შევა და ნავთობის მსოფლიო ბაზარზე ფასები დაეცემა.

დასავლელი ეკონომისტები რუსეთის ეკონომიკასთან დაკავშირებით საშინელ წინასწარმეტყველებას განაგრძობენ. იმ მოსაზრებას, რომ რუსეთის ეკონომიკას ისევ კრიზისი ემუქრება, რუსი ექსპერტებიც იზიარებენ, თუმცა მათი ეკონომიკის განვითარების ბოლო მონაცემები საერთაშორისოსთან შედარებით, არც ისე ურიგოდ გამოიყურება.