სმიტი და ჩინეთი

ოქტომბრის ბოლოს მთელი ინგლისი, მისი აღმატებულება დედოფლიან, პრინცებიან და პრემიერ-მინისტრიანად ერთ უდიდეს სტუმარს მასპინძლობდნენ – კომუნისტური ჩინეთის პრეზიდენტს. ეს ნამდვილად მეფური დახვედრა იყო და ამ ოდესღაც სასტიკად დაპირისპირებული ქვეყნების ხელმძღვანელების ურთიერთობის ახალი ეპოქა. უფრო მეტიც – იგრძნობოდა, რომ მსოფლიოს ყოფილი უძლიერესი იმპერია დაჰკანკალებდა სტუმარს და ძალზედ ცდილობდა მოეწონებინა თავი, იგრძნობოდა რომ უპირატესობა სტუმრის მხარეს იყო. ეს უფრო ნათელი გახდება, თუ სექტემბრის დავით მილბენდის ვიზიტს გავიხსენებთ ჩინეთში – ინგლისმა ჩინეთს ატომური ელექტროსადგურის აშენების შეკვეთა მისცა. ეს რაღაც ახალია დასავლეთის და ჩინეთის ურთიერთობაში. ეს არა რაღაც იაფი ჩინური საქონელი, არამედ უახლესი ტექნოლოგიაა და ამბობენ, მას ფრანგული ფესვები აქვსო. ინვესტორები, რა თქმა უნდა, შანხაიდან არიან! და ეს ყველაფერი არაა. კანცლერმა ასევე გადაწყვიტა ჩქაროსნული რკინიგზის მშენებლობა შეეკვეთა ჩინეთის მხარისათვის და ისიც, ასევე, ჩინური ინვესტიციით დაეფინანსებინა.

23

რა ხდება? აგებს კომუნისტურ ჩინეთთან კონკურენტულ ომს დასავლეთი? ბევრი ადგილი აჩვენეს ჩინეთის პრეზიდენტს, მაგრამ ცნობები იმის შესახებ, ინახულა თუ არა მან სმიტის და მარქსის საფლავები ჩემთვის უცნობია. ერთი რამ ცხადია – ჩინური კომუნისტური სისტემა იმარჯვებს! ალბათ, სმიტი საფლავში გადატრიალდა და მარქსს ეშმაკისეულად ეღიმებოდა!

ამას დაემთხვა მნიშვნელოვანი ფაქტი, დიდ ბრიტანეთში, ლეიბორისტული პარტიის ხელმძღვანელი, რომელმაც ზედიზედ სამი არჩევნები მოიგო ცენტრისტული ტონი ბლერის ხელმძღვანელობით, გახდა ჯერემი კორბინი, 66 წლის ვეტერანი მემარცხენე იდეებით, რომელიც კაპიტალიზმის დასრულების მომხრეა. რამდენიმე თვის წინ, ის ყველაზე ნაკლებ სავარაუდო კანდიდატი იყო, ვინც შეიძლებოდა პარტიის ლიდერად აერჩიათ. დიდი ბრიტანეთი გამონაკლისი არ არის, გავიხსენოთ მაგალითად, მემარცხენე ფრთის პარტია „სირიზა“ საბერძნეთში, დემოკრატ-სოციალისტი ბერნ სანდერსი აშშ-ში და შოტლანდიელი ნაციონალისტები. ასევე, მარი ლე პენის „ნაციონალური ფრონტი“ საფრანგეთში, უნგრეთში ვიქტორ ორბამი და დიდი ბრიტანეთის დამოუკიდებელი პარტია. ეს არ არის უბრალო დამთხვევების ჯაჭვი ან ოპოზიციური ტალღა, ეს ხდება იმიტომ, რომ ცენტრისტებს აღარაფერი აქვთ სათქმელი, ან არ იციან ეს როგორ გააკეთონ. მემარცხენეობა მოდაშია და რაც დრო გადის, სულ უფრო ახლოს არის ხალხთან!
24

გამახსენდა სტატია WSJ-დან – 1987 წლის მარტში მარგარეტ ტეტჩერი ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა მოსკოვში მიხეილ გორბაჩოვს, რეფორმების ლიდერს საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიიდან. კრემლში ორი ქვეყნის ლიდერი საათების განმავლობაში კამათობდა. მიხეილ გორბაჩოვმა დაადანაშაულა ტეტეჩერი იმაში, რომ ის არის „მესაკუთრეების“ პარტიის ლიდერი, რომელიც რეალურად აკონტროლებს ძლევამოსილთა ფენას. რკინის ლედის ამაზე პასუხი ქონდა: „აგიხსნით“ – წერს ტეტჩერი თავის მოგონებებში – მე ვცდილობდი შემექმნა „მფლობელთა“ საზოგადოება და არა მფლობელთა კლასი“.

რონალდ რეიგანისა და მარგარეტ ტეტჩერის პერიოდში ეს სიტყვები რწმენასავით იქცა. არსებობს ბევრი საწინააღმდეგო არგუმენტი, იმისა იყო თუ არა მათი არჩევანი საუკეთესო, ვინ მოიცვა ამ რეფორმის სიკეთეებმა და ვინ დარჩა მის მიღმა. მაგრამ კრიტიკოსებიც კი თანხმდებოდნენ ერთზე: დასავლეთში „მფლობელთა“ საზოგადოება იზრდებოდა; სახელმწიფო სოციალიზმი „ფეთქდებოდა“.

მსოფლიოს დანარჩენი ნაწილი კი ოცნებობდა გაემეორებინა დასავლეთის გამოცდილება. 2.5 წლის შემდეგ ბერლინის კედელი დაინგრა. თითქმის ყველა პოსტ-კომუნისტურმა ქვეყანამ დაიწყო ოცნება თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის მქონე რეჟიმზე. ამასობაში კი დასავლეთში, მესაკუთრეობის სპრედი (აქციებსა და სახლებზე) და ეკონომიკური და პერსონალური შესაძლებლობების არეალი ფართოვდებოდა.
25

2015 წელს, რთულია წარმოვიდგინოთ ტეტჩერ-გორბაჩოვის საუბრის მსგავსი სცენარი დღევანდელი დასავლეთის ლიდერებსა და ვლადიმერ პუტინს შორის. აქვს თუ არა დღეს რომელიმე მხარეს მკვეთრად გამოხატული იდეოლოგია? საით მიდიან ისინი? არის თუ არა თავდაჯერებულობა მათ ქმედებებში?

2007-08 წლების კრიზისის შემდეგ, საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით ახალი ტენდენციები უფრო ნათლად გამოიკვეთა. აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში, იმ მოქალაქეების პროცენტული წილი, რომელიც ფლობს აქციებს და უძრავ ქონებას არის შემცირებული 1980-იან წლებთან შედარებით. დიდ ბრიტანეთში, მათი საშუალო ასაკი, ვინც პირველად ყიდულობს სახლს, არის 31 წელი (უფრო მეტია იმ ადამიანთა რაოდენობა ვისაც ამაში „დედიკოს და მამიკოს ბანკი“ ეხმარება). 80-იანი წლების შუაში საშუალო ასაკი იყო 27 წელი. დღეს დიდ ბრიტანეთში კარიერის დასაწყისში ახალგაზრდები რეალურ გამოხატულებაში იმაზე ნაკლებს გამოიმუშავებენ, ვიდრე მათი მშობლების თაობა იმავე ასაკში. ამ ყველაფერთად ერთად, ბინების ფასი 15-ჯერ გაიზარდა. გამოდის რომ საზოგადოება ხდება „ნაკლების მქონე“, ასეთი ტრენდით მათი ქონება დროთა განმავლობაში ნულს შეიძლება გაუტოლდეს.

იცვლება სხვა მაჩვენებლებიც. 1982 წელს დიდ ბრიტანეთში მხოლოდ 7 ფინანსური აღმასრულებელი იღებდა 6 ციფრიან ხელფასს. დღეს მათი რაოდენობა რამდენიმე ათეული ათასია, რაც წარმოიუდგენელი ზრდაა, ინფლაციის გათვალისწინებითაც კი. ეს სიტუაცია განსხვავდება საშუალო კლასის მდგომარეობისგან – საჯარო სექტორში დასაქმებულების, რწმუნებულების, ექიმების, მასწავლებლების და პატარა ბიზნესის მფლობელების ოჯახთა უმეტესობა დღეს დამოკიდებულია ორივე მშობლის შემოსავალზე, რაც 1980-იან წლებისგან განსხვავებული სურათია. უნდა ვაღიაროთ, რომ არ არის ბუნებრივი, როდესაც შვილების თაობა მშობლების თაობაზე უარესად ცხოვრობს, ეს არის რეგრესი.

როდესაც დროთა განმავლობაში, ხალხი სტატისტიკას თვალს გადაავლებს და უბრალოდ ციფრებს დააკვირდება, ჩნდება კითხვები. რა არის კაპიტალიზმის რეალური ღირებულება თუ ჯილდო მხოლოდ მცირე რაოდენობაზე ნაწილდება, რისკი კი ფართო მასებზე? საკუთრების უფლება აღარ ჩანს ისეთი მიმზიდველი, თუ იმის ღირებულება, რასაც ფლობ კოლაფსს განიცდის, ან ვალების ხაფანგში ექცევა. რატომ არის გლობალიზაცია ასეთი მიმზიდველი თუ პროდუქცია, რომელსაც აწარმოებთ და ბაზარს სთავზობთ, უფრო ძლიერ უცხოელ კონკურენტებთან ბრძოლისას მარცხდება? რა არის კარგი გლობალიზაციაში თუ არსებობს მილიონობით ადამიანი, რომელსაც უკეთესი განათლებითა და კვალიფიკაციით „შენთან“ ჩამოსვლა, „შენი“ სამუშაო ადგილის დაკავება და ყველა იმ სიკეთით სარგებლობა შეუძლია რაც შენ გეკუთვნოდა?

უდიდეს საერთაშორისო ბანკებსა და კორპორაციებს და მათ აღმასრულებელ ხელმძღვანელებს, შეუძლიათ გაექცნენ გადასახადებს. მათი წარმატება გლობალიზებულია, მაგრამ სარგებელი პერსონალური, მარცხი კი საზოგადოებაზე დელეგირებული.

წლიდან წლამდე ასე იკარგება რწმენა, იმედი – პროგრესის აუცილებელი კომპონენტი – ჩანაცვლებულია იმედგაცრუებით, ხშირად სიმწარით. მიიჩნეოდა, რომ შესაძლებლობები საფრთხის გარკვეული საფასურია, მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა საფრთხე იზრდება შესაძლებლობები კი მცირდება?!

საქართველოში დაიწყო საარჩევნო ეტაპი. მორიგი ეტაპი და ჩვენ ყველანი ვიძახით, რომ გვინდა ევროპა! ჩვენი არჩევანია ევროპა, მაგრამ როგორი – მემარცხენე თუ მემარჯვენე? როგორი საქრთველო გვინდა ჩვენ მემარცხენე თუ მემარჯვენე, როგორი ეკონომიკა გვინდა და როგორ იდეებს მივიტანთ ხალხთან – იმას, რომელიც გვწამს თუ იმას, რომელიც მოდურია, მეტი ხმების მომტანია და რომლის მოსმენა უნდა ხალხს – მემარცხენ ზღაპრებს? იქნება ამ იდეებში საშუალო კლასი, თავისუფალი ბაზარი და საკუთრების უზენაესობა თუ „უფასოების“ ჩანჩქერი?

ემზარ ჯგერენაია
PHD, თსუ პროფესორი
30/10/2015

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial