რა ხდება “აზოტში”?

ეკა ლომიძე

ს/ს “აზოტი” მინერალური სასუქის, კაპროლაქტამის, ციანმარილების, აზოტის მჟავას და საექსპორტო დანიშნულების სხვა ქიმიური პროდუქტის ერთადერთი მწარმოებელია კავკასიის რეგიონში. საქართველოს ეკონომიკური განვითარება ბევრადაა დამოკიდებული ამ საწარმოს სტაბილურ მუშაობაზე.

“აზოტი” მინერალური სასუქის, კაპროლაქტამის, ციანმარილების, აზოტის მჟავას და საექსპორტო დანიშნულების სხვა ქიმიური პროდუქტის ერთადერთი მწარმოებელია კავკასიის რეგიონში. საქართველოს ეკონომიკური განვითარება ბევრადაა დამოკიდებული ამ საწარმოს სტაბილურ მუშაობაზე.

საქართველოს ეკონომიკური კრიზისის პირობებში ს/ს “აზოტმა” საწარმოო სიმძლავრისა და კვალიფიციური კადრების შეინარჩუნება მოახერხა, მისი მუშაობა დამოკიდებულია ენერგორესურსებით – გაზითა და ელექტროენერგიით მომარაგებაზე. სწორედ ამ რესურსების სისტემატიური შეფერხებით მიწოდებამ განაპირობა “აზოტის” დღევანდელი რთული მდგომარეობა. საბრუნავი თანხებისა და ინვესტიციების არარსებობის გამო, აღდგენითი-სარემონტო სამუშაოები არ ხორციელდებოდა, რამაც პროდუქციის გამოშვების შემცირება და ენერგორესურსებთან დაკავშირებული ხარჯების გაზრდა გამოიწვია. საწარმოს ხშირი გაჩერებისა და უმოქმედო წარმოებების შენახვასთან დაკავშირებული ხარჯების მიზეზით, გაიზარდა არასაწარმოო ხარჯები. ოფშორულმა კომპანია “იტერამ” განაცხადა: “ს/ს “აზოტთან” 1996, უშუალოდ კი, 2001 წლიდან თანამშრომლობის შედეგად, დავრწმუნდით ამ საწარმოს დიდ პოტენციალში. ჩვენი თანადგომით რვა თვის განმავლობაში ჩატარდა რეაბილიტაციის პირველი ეტაპის სამუშაოები, რომელთა შედეგად მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალა. ამან საშუალება მოგვცა ს/ს “აზოტთან” ერთად მისი სამომავლო განვითარების სრული რენტაბელობის მიღწევის, რეაბილიტაციის პროგრამის განხორციელების და გაკოტრების თავიდან აცილების გეგმა შეგვემუშავებინა, რომელიც სამწლიან პერიოდს ითვალისწინებს. ეს საშუალებას მოგვცემს, ამუშავდეს გაჩერებული წარმოება, მოხდეს მოქმედი საწარმოების რეკონსტრუქცია”. ს/ს “აზოტის” რეაბილიტაციის სამწლიანი პროგრამა საწარმოს მუშაობის სრული ციკლით მუშაობის გარდა, მუშა-მოსამსახურეთა საშუალო ხელფასის ზრდასაც ითვალისწინებს, რომელიც ეტაპობრივად განხორციელდება. სამი წლის მანძილზე ხელფასი 20-30%-ით გაიზრდება. ასევე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ეკოლოგიური ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფას არსებული კანონმდებლობის და დადგენილი ნორმატივების შესაბამისად.

გოგი გოგოლაძე – ს/ს “აზოტის” გენერალური დირექტორი
ს/ს “აზოტი” ოფშორული კომპანია “იტერას” “შვილობილი” საწარმო გახდა, რომელსაც პარტნიორობა შევთავაზეთ. სამწუხაროდ, მაშინ ჩვენ დიდი არჩევანის წინაშე არ ვიდექით. ქვეყანაში შექმნილი გარემოება ძალიან ცუდად მოქმედებს ფინანსურად ძლიერი ფირმების მოზიდვაზე. ორი წელი დავდიოდი ევროპაში და ვეძებდი პარტნიორს, მაგრამ ამაოდ. ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზით მომარაგების უქონლობა, ბიზნესის და პიროვნების დაუცველობა, საკანონმდებლო და საგადასახადო სისტემა ქმნის ისეთ საინვესტიციო გარემოს, რომლითაც საერთაშორისო ბაზარზე თავს ვერ მოიწონებ. ჯერ იყო და “ალსო ტრანსმა” უამრავი პრობლემა შეგვიქმნა. საწარმო დიდი პრობლემების წინაშე დადგებოდა, “ალსო ტრანსის” ფინანსური მდგომარეობა რომ არ გამოგვერკვია. ეს იყო ასჯერ გაკოტრებული ფირმა, რომელიც “ბუნებაში” იურიდიული ფორმით აღარ არსებობდა. ჩვენთან ხშირად საუბრობენ რუსულ აირზე. მინდა აღვნიშნო, რომ გაზის წარმომავლობაზე თუ ვისაუბრებთ, “იტერა” თურქმენულ გაზს გვაწვდის. მილი კი, რომელიც რუსებს ეკუთვნით, ერთია. საკითხისადმი ასეთი მიდგომა გაუმართლებელია. “იტერამ” საწარმოში უკვე 2 მლნ. დოლარის საავანსო თანხები ჩადო. სხვათა შორის, მათი დაინტერესება კომპანიით, ჩემთვის გასაგებია. “აზოტი” საქართველოში შემოსული ბუნებრივი აირის 50%-ის მომხმარებელია. მხოლოდ ბუნებრივი აირის “ბიზნესით” დიდ თანხებს ვერ დააგროვებ. სულ სხვაა, როდესაც ამ პროდუქტით სხვა სახის პროდუქციას აწარმოებ და რეალიზაციას უკეთებ, აქ უკვე სოლიდურ მოგებებზე საუბარიც შეიძლება. “იტერასთან” დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ჩვენ ვალდებულნი ვართ, მოვუაროთ ნედლეულ მასალებსა და ხელსაწყოებს და გათვლილ პარამეტრებზე გავიყვანოთ წარმოება. მსოფლიო ბაზარზე ჩვენს მიერ ნაწარმოები ყველა სახის პროდუქი ფასის და ხარისხის მიხედვით კონკურენტუნარიანია.

“იტერას” პროდუქციის რეალიზაციისათვის დიდი ქსელი აქვს. ეს ფაქტორიც დადებითად იმოქმედებს ჩვენს მუშაობაზე. დღეს ს/ს “აზოტში” 3000 კაცი მუშაობს, რომელთა უკან საშუალოდ 12 000 კაცი მოიაზრება. ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ რუსთაველებს ქარხანა მუშა მდგომარეობაში დარჩენოდათ. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით, არამედ, იმ ბაზითაც (თუნდაც ევროსტანდარტის საკალათბურთო მოედანი), რომელიც ავაშენეთ. ახლა რუსთავის ქიმიკოსთა კულტურის სასახლის შეკეთებას, საჩოგბურთო კორტების და საცურაო აუზის მშენებლობას ვაპირებთ. მე რომ ვიყო მმართველობის ორგანოს ხელმძღვანელი, ყველა შეძლებულ საწარმოს საყოფაცხოვრებო სექტორებზე ზრუნვას დავავალებდი. ძალინ ბევრ ქვეყანაში ვყოფილვარ და შემიძლია თამამად ვთქვა, არც ერთ ქვეყანაში არ არის მოვლილი მუნიციპალური ორგანოების კუთვნილი ობიექტი ისე, როგორც კერძო სექტორის. შორს რომ არ წავიდეთ, ავიღოთ მეტროპოლიტენი, რომელიც ყველა ქვეყანაში სახელმწიფოს კუთვნილებაა და თითქმის Yყველგან მოუვლელია. ვფიქრობ, რომ რეაბილიტაციის სამწლიან პროგრამას წარმატებით გავივლით. “იტერა” თავის მხრივ, კეთილსინდისიერად შეასრულებს სახელმწიფოსთან დადებულ ხელშეკრულებას. მინდა, ყველამ გაითავისოს, ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯი ქვეყნის და მომავლის ინტერესებს ემსახურება. ადვილია ილაპარაკო, საქმის კეთება კი, სულ სხვაა. დღეს ჩვენთან საშუალო ხელფასი 220 ლარია. რა თქმა უნდა, ეს მონაცემი სხვა საწარმოთა მაჩვენებლის ფონზეა კარგი, თორემ ამ თანხით ცხოვრების პირობებს ნამდვილად ვერ გავიუმჯობესებთ. 2005 წლისთვის ს/ს “აზოტში” საშუალო ხელფასი 400 ლარამდე გაიზრდება.

“იტერას” მიერ ს/ს “აზოტში” შემდგომი კაპიტალდაბანდებები შემდეგნაირად გამოიყურება: 2003 წლისათვის ს/ს “აზოტის” სრული ციკლით ასამუშავებლად გათვალისწინებულია 5 100 ათასი აშშ დოლარის კაპიტალდაბანდება, რაც საწარმოს 2 933 732, 76 აშშ დოლარის ფარგლებში მოგებას მოუტანს, რომელიც თავის მხრივ, კვლავ ჩაიდება ინვესტიციების სახით წარმოების შემდგომი განვითარებისათვის.

2004 წლისათვის გათვალისწინებულია საწარმოს ტექნიკური გადაიარაღება, რომლის ღირებულება 10-13 მლნ. დოლარია. შედეგად, ს/ს “აზოტი” თანამედროვე სტანდარტებს გაუტოლდება და საწარმოს სტანდარტული რენტაბელობა 15%-ს მიაღწევს. 2004 წლისათვის მთლიანი კაპიტალდაბანდება 5 300 ათას აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო სრული დატვირთვით პროდუქციის წარმოება ს/ს “აზოტს” 5 160 162, 74 აშშ დოლარის მოგებას მოუტანს, რომელიც ინვესტიციების სახით კვლავ ჩაიდება წარმოების შემდგომი განვითარებისათვის.