მოსალოდნელია თუ არა ელექტრო ენერგიის ტარიფების ზრდა

1 სექტემბრიდან, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისია, „ენერგო პრო ჯორჯიას“ ქართულ ტარიფს, ახალი, ევროპული სტანდარტების შესაბამისად გამოიანგარიშებს. საერთაშორისო ექსპერტების მიერ შემუშავებული სტანდარტები, საქართველოში ახლა განხილვის ეტაპზეა, ახალი მიდგომები ახალი ტარიფების დადგენასა და ყოველწლიურ კორექტირებას ითვალისწინებს. გაზრდის თუ შეამცირებს ტარიფებს მოსალოდნელი ცვლილებები ამის შესახებ პროგნოზს კომისიაში ჯერ ვერ გაკეთებენ.

სემეკის წევრი გოჩა შონია: „ამის თქმა ახლა ძალიან რთულია, ჩვენ ახლა ვადგენთ წესს, თუ როგორ უნდა დავითვალოთ ტარიფები. ეს წესი უნდა იყოს ტრანსფარენტული, არადისკრიმინაციული და ძალიან მარტივი ყველასათვის. ამავე დროს, ინვესტორებისათვის მიმზიდველი – ეს არის ძირითადი მიზანი. თუ როგორი იქნება ტარიფი, ამას უკვე ფაქტობრივი ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენის შემდეგ დავითვლით“.

როგორც სემეკის წარმომადგენლები აცხადებენ, ტარიფების დათლის მეთოდოლოგიის გადასინჯვას წინ უსწრებდა ევროკავშირის მიერ აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს აღმოსავლეთ ევროპის ექვსი რესპუბლიკის მიმართ გარკვეული და უფრო ღრმა დახმარების გაწევას. ამ პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს კომისიისათვის გარკვეული დახმარების გაწევას. ეს დახმარება გამოიხატებოდა სატარიფო მეთოდოლოგიის შემუშავებაში და მის უფრო დახვეწაში. სემეკის ერთ-ერთი პარტნიორი ამ პროექტის ფარგლებში ავსტრიის მარეგულირებელი კომისიაა, რომელთან ერთადაც მოხდა ახალი სატარიფო მეთოდოლოგიის შემუშავება.

„ეს კონცეფცია გავრცელებულია დასავლეთ ევროპაში და გულისხმობს ინვესტორებისათვის წახალისებითი სტიმულების შექმნას. ის გულისხმობს იმას, რომ ინვესტორს ჰქონდეს უფრო მეტი სტიმული, იმისთვის, რომ შემოვიდეს და ჩადოს ინვესტიცია განაწილების სექტორში, მაგრამ ამავე დროს, ის გულისხმობს იმას, რომ მეთოდოლოგია იყოს სამართლიანი, არადისკრიმინაციული და გამჭვირვალე, რომლის საფუძველზეც ნებისმიერ პიროვნებას, მათ შორის მომხმარებელსაც ექნება საშუალება გადაამოწმოს, თუ რამდენად სწორად იქნა დათვლილი ეს ტარიფი“, – აცხადებს გოჩა შონია.

ახალი მეთოდოლოგია სავარაუდოდ უკვე აგვისტოს ბოლოს ამოქმედდება, ხოლო ტარიფები დაითვლება 1 სექტემბრიდან. „ენერგო პრო ჯორჯიასთან“ გაფორმებული მემურანდუმი არსებულ სატარიფო სისტემას ითვალისწინებდა 2014 წლის 1 სექტემბრამდე, შესაბამისად, კომისია ვალდებულია უკვე ახალი მეთოდოლოგიით დაითვალოს აღნიშნული კომპანიის ტარიფი, რომელიც საქართველოს რეგიონებში ოპერირებს.

რაც შეეხება „თელასს“ და ელექტრო ენერგიის ტარიფს თბილისის მოსახლეობისთვის, „თელასის“ მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც დღეს არსებული ტარიფები მოქმედებს თბილისში, ძალაშია 2025 წლამდე. „თუმცა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ თუ როგორი იქნება კომისიის დამოკიდებულება ამ საკითხისადმი ჯერ უცნობია. შესაძლებელია ცვლილებები ამ მიმართუელბითაც განხორციელდეს“ – აცხადებს გოჩა შონია.

ელექტროენერგეტიკის სექტორში სემეკის მიერ შემუშავებული ახალი მეთოდოლოგიები ექსპერტებმაც შეაფასეს. პირველ ივლისს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ოფისში ექსპერტებთან შეხვედრა გაიმართა. კომისიის წარმომადგენლებმა მოწვეულ სტუმრებთან ერთად ელექტროენერგეტიკის სექტორში ახალი სატარიფო მეთოდოლოგიების პროექტებზე იმსჯელეს. განხილვაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს „ბიზნეს პალატის“ ექსპერტები.

დავით მირცხულავა: „ეს მეთოდოლოგია გონივრული ინვესტიციის დაგეგმვას ითვალისწინებს, რომელიც შეთანხმებული იქნება სემეკთან და საიმედოობას გაზრდის. ახალი ტარიფი მომხმარებელთა უკეთესი მომსახურებისთვის იქმნება. აქ საუბარი არ არის ტარიფის ზრდაზე, საუბარია, ნორმალური ტარიფის დადგენაზე, რომელიც უფრო ნაკლებიც კი შეიძლება იყოს“.

დისკუსია შეეხო ელექტროენერგიის განაწილების, გატარების და მოხმარების ტარიფების გაანგარიშების, ასევე ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მომსახურების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიებს.

ელექტროენერგიის განაწილების, გატარების და მოხმარების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგია ითვალისწინებს ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატისათვის ტარიფების დადგენას და კომისიის მიერ განსაზღვრული რეგულირების პერიოდში ტარიფების ყოველწლიურ კორექტირებას. აღნიშნული მეთოდოლოგიით ტარიფების დადგენისას გამოყენებული იქნება საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებული წამახალისებელი რეგულირების (ზღვრული ფასების რეგულირების) პრინციპები, რომელიც უზრუნველყოფს საწარმოს ფუნქციონირების ეფექტიანობის ზრდის სტიმულირებას მომხმარებელთა ინტერესების დაცვის პირობებში, რამაც ხელი უნდა შეუწყოს მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს განვითარებას ელექტროენერგეტიკის სექტორში. ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მომსახურების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგია უზრუნველყოფს საწარმოს სტაბილურ ფუნქციონირებას, გაწეული გონივრული დანახარჯების ანაზღაურებას და სამართლიანი მოგების მიღებას, გამჭვირვალე, სტაბილური და სამართლიანი სატარიფო განაკვეთების დაწესებას, ასახავს მომხმარებელთა სხვადასხვა კატეგორიის მომსახურების განსხვავებულ ღირებულებას. კომისიის წევრებმა ექსპერტთებთან ერთად იმსჯელეს ისეთ ტექნიკური დეტალებზე როგორიცაა ტარიფის რეგულირების პერიოდი (t) – პერიოდი, რომელიც დგინდება კომისიის მიერ; ელექტროენერგიის წარმოების ტარიფზე – წარმოების ლიცენზიანტების და მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგიის გასაყიდი ფასზე; დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტის მიერ გაწეული მომსახურების ფასზე; გადაცემის ლიცენზიანტის მიერ ელექტროენერგიის გადაცემაზე გაწეული მომსახურების ფასზე; განაწილების ლიცენზიანტის მიერ გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით, მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის განაწილებაზე გაწეული მომსახურების ფასზე. ასევე ისეთ მნიშვნელოვან პუნქტებზე, რომლის გათვალისწინებაც აუცილებელია ტარიფის განსაზღვრისას, მათ შორის ელექტროენერგიის ნორმატიულ, ფაქტიურ და ზენორმატიულ დანაკარგებზე.

ტარიფის გაანგარიშებისას ასევე გაითვალისწინება კომპანიის ძირითადი აქტივები (შესაბამის რეგულირებად საქმიანობაში გამოყენებული საწარმოო აქტივები, მათ შორის ნაგებობები, მანქანა-დანადგარები, მოწყობილობები და სხვა საშუალებები, რომლებიც საწარმოს ბალანსზეა და გამოიყენება ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მისი ექსპლუატაციის პროცესში); საბრუნავი აქტივები (ნაღდი ფულადი სახსრებისა და მიმდინარე აქტივების სიდიდე, რომელიც საჭიროა მიმდინარე საოპერაციო ხარჯების დასაფინანსებლად ერთწლიან პერიოდზე), გონივრული ხარჯები, წმინდა მოგება, მოთხოვნილი შემოსავალი (RRt – საწარმოს მიერ სატარიფო განაცხადით წარმოდგენილი და კომისიის მიერ დადასტურებული მოთხოვნილი შემოსავალი რეგულირების პერიოდისთვის (t), რომელიც საჭიროა საწარმოს ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის და მოიცავს გონივრულ ხარჯებს და მიზანშეწონილ მოგებას), კორექტირებული მოთხოვნილი შემოსავალი; ამორტიზაცია; რეგულირებადი აქტივის ბაზა; გადასახადები და კაპიტალის ღირებულების საშუალო შეწონილი (WACC).