რეგიონალური ეკონომიკის პრობლემები

რედაქციისაგან

ქუთაისის რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატა დაარსდა მრეწველთა და მართვის მუშაკთა ასოციაციის ბაზაზე 1995 წლის 1 სექტემბერს, სახელმწიფოს მეთაურის #203 ბრძანებით “საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ”, საქართველოს კანონის შესაბამისად, 2002 წლის 1 მარტს ჩატარდა პალატის საერთო კრება და მოხდა პალატის ხელმეორედ დარეგისტრირება. დაარსების დღიდან დღემდე პალატის წევრად სხვადასხვა პერიოდში ირიცხებოდა იმერეთის მხარის 1000-მდე ორგანიზაცია, პალატასთან ფუნქციონირებს მრეწველთა და ბიზნესმენთა საბჭო, სადაც გაერთიანებულია 40-მდე მრეწველი და ბიზნესმენი და მათთან ერთად იხილება მრეწველთათვის პრობლემატური და საჭირბოროტო საკითხები.

პალატას აღნიშნულ საბჭოსთან ერთად შემუშავებული აქვს საკითხთა წრე, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს ეკონომიკის აღდგენასა და განვითარებას. აღნიშნულ საკითხთა წრე მუდმივ დამუშავებაშია და ეგზავნება შესაბამის სამინისტროებსა და უწყებებს.

2004 წლის მონაცემებით, ქუთაისის რეგიონულ სავაჭრო-სამრეწველო პალატაში ირიცხებოდა 125 სრულუფლებიანი წევრი, რომლებიც დასაქმებული არიან მრეწველობის სხვადასხვა სფეროში. აღნიშნული ორგანიზაციების მიერ 2004 წელს მსოფლიოს 31 ქვეყანაში გადაიტვირთა 34 862 002 აშშ დოლარის ღირებულების პროდუქცია, რომელშიც, ძირითადად, დომინირებს ფერო და სილიკო მანგანუმი, მარგანეცის კონცენტრატი, ლითოფონი, ხე-ტყე, ელძრავები, სხმულები, ქვის ნაკეთობები და სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია.

პალატასთან ფუნქციონირებს მუდმივმოქმედი საგამოფენო სალონი, სადაც განლაგებულია იმერეთის მხარეში გამოშვებული პროდუქცია, რომელიც მთლიანად განახლდა 2004 წლის ბოლოს და მას სტუმრობენ, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ბიზნესმენები და სხვა დაინტერესებული პირები.

პალატის ეგიდით გამართულია 5 საერთაშორისო ბიზნეს-კონფერენცია, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად (USAID, TACIS პროგრამების სხვადასხვა პროექტები და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები). ადგილობრივი მეწარმეებისთვის ტარდება სწავლება-სემინარები. პალატის წევრები მონაწილეობას იღებენ, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობებში.

2004 წელს ჩატარებული ღონისძიებებიდან აღსანიშნავია: 6 თებერვალს სახალხო დიპლომატიის ეგიდით “აფხაზეთის მეწარმე ქალთა კავშირის” თავმჯდომარის ქალბატონ ი. გუმბასა და მისი თანმხლები პირების პალატის ოფისში სტუმრობა.

16 მარტს აშშ-ს სამთავრობო დელეგაციის სტუმრობა პალატის ოფისში.

22 ნოემბერს თბილისში სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” გამართულ პირველ ეროვნულ გამოფენაში, “დამზადებულია საქართველოში” პალატის ორგანიზებით, იმერეთის მხარის მეწარმეების (20-მდე მონაწილე) მონაწილეობის მიღება. დაარსების დღიდან პალატა აფიქსირებს მისი ეგიდით, ორგანიზებითა თუ მონაწილეობით, გამართული ღონისძიებების ჩამონათვალს, რის საფუძველზეც იქმნება ყოველწლიური ინფორმაცია პალატაში ჩატარებული ღონისძიებების შესახებ.

დღეისათვის მცირე და საშუალო ბიზნესის მდგომარეობა მხარეში სასურველზე დაბალია. მაგრამ ჩვენნაირი, გარდამავალ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის დამაკმაყოფილებელია. ჩვენი სტატისტიკითYპალატის წევრ ორგანიზაციათა მიერ შიდა ბაზარზე წარმოებული პროდუქციისა და საექსპორტო გადატვირთვებში მცირე და საშუალო ბიზნესის ხვედრითი წილი საგრძნობლად მაღალია. რაც შეეხება მათი განვითარებისთვის პალატის მიერ გაწეულ საქმიანობას ძირითადად აისახება შემდგომში: ინტერესების დაცვა, როგორც სახელმწიფო, ასევე საერთაშორისო თუ კერძო სექტორის წინაშე; მათთვის პარტნიორების მოძებნა; დაკავშირება და ხელშეკრულებების მომზადებაში დახმარება; ბიზნეს-გეგმების, საინვესტიციო პროგრამების და სხვა აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადება; პროფესიული განათლების მისაღებად საბაზრო ეკონომიკის სხვადასხვა მიმართულებით სწავლება-სემინარების გამართვა. გამოფენა-ბაზრობებში მონაწილეობისთვის ხელის შეწყობა.

იმერეთის მხარე ყოველთვის წარმოადგენდა ეკონომიკურად განვითარებული სამრეწველო პოტენციალის მქონე რეგიონს, სადაც განლაგებული იყო უდიდესი პოტენციალის მქონე საწარმოო ორგანიზაციები, მაგრამ 90-იანი წლების დასაწყისის ცნობილი მოვლენების შემდგომ მხარის სამრეწველო და ეკონომიკური შესაძლებლობები შესამჩნევად შესუსტდა. აღნიშნული საწარმოების უმრავლესობამ შეწყვიტა ფუნქციონირება ან შეიცვალა პროფილი. მიუხედავად აღნიშნულისა, შეიქმნა და ფუნქციონირებას შეუდგა ახალი მცირე და საშუალო ბიზნესის საწარმოები, რომლებიც დღეისათვის განსაზღვრავენ მხარის ეკონომიკურ მდგომარეობას.

დღევანდელი მდგომარეობით იმერეთის მხარეში, ისევე, როგორც მთლიანად საქართველოში ეკონომიკური აქტივობა დღითი დღე ძლიერდება, რაც უმთავრესად გამოიხატება ექსპორტისა და შიდა ბაზარზე ქართული პროდუქციის მოცულობითი წილის ზრდაში.

მიუხედავად ამისა, მხარის ეკონომიკური აქტივობის კიდევ უფრო ზრდისა და დადებითი ეკონომიკური ეფექტის მიღებისთვის აუცილებელია ისეთი ძირითადი საკითხების გადაწყვეტა როგორიცაა: რეგიონის განვითარების სტრატეგიის შემუშავება, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელისშემწყობი რეგიონალური პროგრამის მომზადება, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში დამტკიცება და მის შესრულებაზე განსაკუთრებული კონტროლის დაწესება.

რეგიონის ინფრასტრუქტურისა და საკომუნიკაციო პირობების გაუმჯობესება, საერთაშორისო სტანდარტებით საბანკო კრედიტების გაცემა, შიდა ბაზრის დაცვა კონტრაბანდული და ფალსიფიცირებული პროდუქციისაგან.

2005 წელს პალატა აქტიურად გააგრძელებს თავის მიერ აღებულ კურსს საკუთარი წესდებით გათვალისწინებული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად. გაგრძელდება და გააქტიურდება ზემო პუნქტებში ნახსენები ღონისძიებების განხორციელება.

2005 წელს სრულდება ქუთაისის რეგიონალური სავაჭრო-სამრეწველო პალატის დაარსების 10 წლისთავი, რის გამოც უკვე დაიწყო ათწლიანი სამუშაო ანგარიშის მომზადება გამოსაცემად, მიმდინარეობს მზადება, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო და სხვა მეგობარ ორგანიზაციებთან ერთად ერთობლივი ღონისძიებების ჩატარების შესახებ.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial