კარნეტ დე პასაჟი გამარტივებული საბაჟო პროცედურები და დაცული საზღვრები

სოფიკო სიჭინავა

ავტოტურიზმის და, საერთოდ, ავტომანქანების მოძრაობის კონტროლი და რეგულირება – იქნება ეს ქვეყნის საზღვრების ავტომობილებით გადაკვეთის პროცედურის გამარტივება თუ თვით ავტომობილების კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლა, მეოცე საუკუნის დასაწყისიდან, საერთაშორისო ბიზნეს-სტრუქტურების ფიქრის და განსჯის საგანი იყო. ამიტომ ამ პრობლემის დასარეგულირებლად მთელი გასული საუკუნის მანძილზე სხვადასხვა თამაშის წესები, ანუ მარეგლამენტირებელი აქტები იქმნებოდა.

მეოცე საუკუნის შუა ხანებში, როცა ტრანსპორტის საშუალებების განვითარებამ პიკს მიაღწია, მსოფლიო საზოგადოებრიობის წინაშე ეს საკითხი უფრო მწვავედ დადგა. ერთი მხრივ, გაზრდილი ავტოტურისტული ნაკადები განახლებულ ავტოპარკთან ერთად, ნაციონალური საზღვრების გადაკვეთისას მოითხოვდნენ საბაჟო პროცედურის გამარტივებას, მეორე მხრივ, თვითონ ნაციონალური საზღვრები უფრო მეტად ითხოვდნენ ავტომობილების კონტრაბანდისგან დაცვას. სწორედ ამ პრობლემის გადაწყვეტის გზების ძიებამ მიიყვანა მსოფლიო 1954-56 წლების გაეროს ავტომობილთა დროებითი იმპორტის რეგულირების კონვენციამდე. თავის მხრივ, კონვენციის შექმნას წინ უძღოდა ამ პრობლემის მომგვარებელი დოკუმენტის შექმნა 1906 წელს, რომელიც განვითარდა და მსოფლიო ეკონომიკურ სივრცეში ადაპტაცია განიცადა. დოკუმენტს სახელად ერქვა “კარნეტ დე პასაჟი”. ეს არის ვაუჩერი, სპეციალური ნებართვა, რომელიც მის მფლობელს ავტოტრანსპორტით ნაციონალური საზღვრების გადაკვეთას უადვილებს, ასევე, ნაციონალურ სახელმწიფო წარმონაქმნს მანქანის კონტრაბანდისგან დასაზღვევად გარანტიას აძლევს.

ბოლო ათი წელი, რაც საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობის პროცესს ახორციელებს, თანდათან ერთვება მსოფლიო სატრანსპორტო “აბლაბუდაში”. ერთი მხრივ, თავისი გეოპოლიტიკიდან გამომდინარე, სულ უფრო მეტი და მეტი ავტომანქანა გადაჭრის მის საზღვრებს, ამასთან, გვინდა თუ არა, ცხოვრების დონე იზრდება და უფრო მეტ ქართველს სურს რუსული ავტოპარკი უცხოურით შეცვალოს. თუ გავითვალისწინებთ ავტომობილების დაბეგვრის მაღალ ტარიფებს, სერიოზულად დიდია კონტრაბანდის საშიშროება. ამ პრობლემამ განსაკუთრებით მწვავედ ბოლო წლებში იჩინა თავი და ქვეყანა საბაჟო პროცედურების გამარტივების აუცილებლობის წინაშე დადგა, რათა მისი ტერიტორიის გავლით მოტორიზირებული ნაკადი არ დაკარგოს, საიდანაც მნიშვნელოვანი შემოსავალი მოდის, ხელი შეუწყოს ავტოტურიზმს და ავტოგადაზიდვებს, გაამკაცროს კონტროლი მანქანის უკანონო შემოტანაზე და კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლა. ამიტომაც უკვე აუცილებელი ხდება 1954-56 წლების კონვენციასთან მიერთება.

ემზარ ჯგერენაია (ჟურნალ “მაკრო მიკრო ეკონომიკის” მთავარი რედაქტორი, პარლამენტის გადასახადებისა და შემოსავლების კომიტეტის ექსპერტი)
“ძირითადად, ყველა ტრანსპორტი, როცა ის საქონელს გადაადგილებს დანიშნულების ადგილისაკენ, დროებთი იმპორტის საგანია, მაგრამ ამ დროებითმა გადაადგილებამ კონტრაბანდის კუთხით საკმაოდ სერიოზული ხასიათი მიიღო. სხვათა შორის, ტრანსპორტის სამინისტრომ წამოაყენა ასეთი შენიშვნა, რომ ევროპის გაერთიანების ქვეყნებში კარნეტ დე პასაჟი არ მუშაობს. აღსანიშნავია, რომ ეს არასწორი დეფინიციაა – ევროპის გაერთიანების ქვეყნებში საზღვარი საერთოდ არ არსებობს, იქ ერთიანი საბაჟო სივრცეა. მეორეც, ევროპის განვითარებულ ქვეყნებს კონტრაბანდის პრობლემა ნაკლებად აქვთ. გერმანიაში “მერსედესს” და “ფორდს” კონტრაბანდულად ვერავინ შეიყვანს, იმიტომ, რომ ცნობილი ბიზნეს-თეორიის მიხედვით, ახალი მანქანა საკმაოდ ძვირი ღირს, მაგრამ ძალიან იაფი ჯდება. აქედან გამომდინარე ევროპის მენტალიტეტში ვერ თავსდება ძველი მანქანების ყიდვა. კონტრაბანდული, განსაკუთრებით, ნახმარი მანქანების, კომერციული ტრანსპორტის, კერძო ტრანსპორტის პრობლემა აწუხებთ ისეთ ქვეყნებს, რომლებიც განვითარებადია და თავიანთი ავტოპარკის განახლებას ცდილობენ – თურქეთი, სომხეთი, საქართველო, აზერბაიჯანი, რუსეთი, ირანი და ა.შ. ამიტომ ამ ქვეყნებისათვის ავტომობილების კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლას სერიოზული მნიშვნელობა აქვს.

2001-02 წლების განმავლობაში საქართველოში საკმაოდ დიდი რაოდენობის მანქანა შემოვიდა ისე, რომ საქართველოს საზღვარი არ დაუტოვრებია და არც საბაჟოზეა აღრიცხული. როგორც ამბობენ, ეს პროცესი ჯერ კიდევ გამოკვლევის საგანია, ამ კუთხით ჩვენ რამდენიმე მილიონი ლარი დავკარგეთ. ეს პროცესი გრძელდება. მეორეც, როცა ჩვენი გადამზიდველები უცხოეთში მიდიან, თუნდაც თურქეთში, კარნეტ დე პასაჟს სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ უწევთ დიდი ოდენობის დეპოზიტის დატოვება. ჩვენი სატრანსპორტო ურთიერთობა კი, თურქეთთან და ირანთან საკმაოდ მაღალია, ინგლისთან არ გვაქვს ისეთი სატრანსპორტო ურთიერთობა, როგორიც მეზობელ ქვეყნებთან, იქ არის მწვანე ბარათი, იმისთვის, რომ ჩვენმა სატრანსპორტო საშუალებებმა დროებითი იმპორტი განახორციელონ და ამის შემდგომ შეასრულონ კომერციული, ტურისტული თუ პირადი რეისები. აქედან გამომდინარე, თუ საქართველოს სურს ჩაეწეროს მსოფლიოს სარანსპორტო ქსელში, ამ კონვენციას აუცილებლად უნდა მიუერთდეს”.

კონვენციის განმხორციელებელი ორგანოებია AIT (საერთაშორისო ტურისტული ალიანსი) და FIA(საერთაშორისო ავტომობილისტთა ფედერაცია), რომლებიც მათი რეგიონალური წარმოადგენლობით მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში მსოფლიოს უდიდეს სადაზღვევო ფირმებთან ერთად (მაგალითად, “ლოიდი”) არიან გარანტები ავტომობილთა კონტრაბანდის წინააღმდეგ. სწორედ მათი რეგიონალური წარმომადგენლობის მეშვეობით ხდება ამ საგარანტიო “აბლაბუდის” მშენებლობა მთელ მსოფლიოში.

Carnet de passages en douane (CPD) საერთაშორისოდ აღიარებული საბაჟო საბუთია, რომელიც უფლებას აძლევს მფლობელს ქვეყნებში ბაჟის გადაუხდელად დროებით მოახდინოს სატრანსპორტო საშუალების იმპორტი, როცა ჩვეულებრივ, ამგვარი სატრანსპორტო საშუალებების იმპორტის ხარჯებთან დაკავშირებით დეპოზიტს ითხოვენ.

კარნეტი გაიცემა AIT da FIA ეგიდით და AIT და FIA საბაჟო საბუთების ქსელის ფარგლებში. მთელ მსოფლიოში საავტომობილო და ტურისტული კლუბების დიდი რაოდენობა წარმოადგენს ერთ-ერთი ან ორივე ამ ორგანიზაციის ფილიალებს და კარნეტს თავისი სახელით გასცემს. ყოველი კარნეტი მოქმედებს 1 წლის – მაქსიმალური ვადის განმავლობაში. კარნეტის მფლობელს, რომლის მოგზაურობა წელიწადზე მეტ ხანს გრძელდება, გამონაკლის შემთხვევევბში შეუძლია მიიღოს მეორე კარნეტი, ან მისი ვადა შემდგომი კონსულტაციების მისაღებად ადგილობრივ საავტომობილო ორგანიზაციასთან კონტაქტის გზით გააგრძელოს.

კარნეტი წარმოადგენს 5, 10 ან 25-გვერდიან ბუკლეტს. 5-გვერდიანი კარნეტი მფლობელს საშუალებას აძლევს დროებითი იმპორტი მოახდინოს 5 ქვეყანაში. 10 ან 25-გვერდიანი კარნეტი არსებობს 10 ან 25-ჯერ დროებითი იმპორტის პროცედურისათვის. კარნეტის ყოველი გვერდი დაყოფილია სამ ნაწილად: ქვედა ნაწილი იხევა საბაჟოში, ქვეყანაში შესვლისას, შუა ნაწილი გასვლისას, ზედა ნაწილს, ყუას შტამპი ერტყმება ერთხელ შესვლისას, ერთხელ გასვლისას. ყოველ ქვეყანაში ხელახალი შესვლისას საჭიროა შტამპის ახალ გვერდზე დარტყმა. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ მფლობელმა მიიღოს ეს ინდოსამენტი, ვინაიდან ის ადასტურებს, რომ სატრანსპორტო საშუალება შეესაბამება დროებითი იმპორტის (ან რეექსპორტის) პირობებს, რაც მფლობელს უხსნის პასუხისმგებლობას იმპორტის ნებისმიერი შესაძლო მომავალი ხარჯებისათვის. ქვეყნები, რომლებშიც გარკვეული კარნეტი არ მოქმედებს, გამონაკლისთა ნუსხაშია ჩამოთვლილი.

მოგზაურობის დასრულების შემდეგ კარნეტის მფლობელმა ბუკლეტი გამცემ ასოციაცის უნდა დაუბრუნოს. გამცემი ასოციაცია დარწმუნდება რა, რომ არავითარი შემდგომი საჩივარი არ შეიძლება მოჰყვეს უცხოეთის საბაჟოების მხრიდან, გაატარებს კარნეტს და გასცემს დეპოზიტს.

თუ სატრანსპორტო საშუალება დაკარგული ან განადგურებულია მოგზაურობის დროს, უბედური შემთხვევის შედეგად, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიიღოს პოლიციის ანგარიში ან საბაჟო დასტური. თუ ასე არ მოხდა, კარნეტის მფლობელი გადაიხდის იმპორტის ხარჯებს და დეპოზიტი დაკარგულად ჩაითვლება.

თუ კარნეტი გამცემ ასოციაციას არ დაუბრუნდა და უცხოეთის საბაჟოები მოითხოვენ, რომ ამ ასოციაციამ მოითხოვოს რაიმე მოსაკრებელი, კარნეტის მფლობელი პასუხისმგებელი იქნება ამ მოსაკრებლისათვის.

კარნეტი იურიდიული დოკუმენტია, რომელიც იძლევა მხოლოდ დროებითი იმპორტის უფლებას და აქედან გამომდინარე, მისი არასწორი გამოყენებისათვის ჯარიმა საკმაოდ მკაცრია.

დოკუმენტს ოთხი ნიშანთვისება გააჩნია: ანტიკაბოტაჟური – საკუთარი გადამზიდავების საგადაზიდვო ბაზრის დაცვა, უცხო ქვეყნიდან დროებით შემოყვანილი რეექსპორტირებული სატრანსპორტო საშუალებებისაგან ე.წ. კაბოტაჟური გადაზიდვებისაგან დაცვა; ანტიკრიმინალური ხასიათი – საქართველოს არ დაემუქროს პოლონეთის ბედი, როცა პოლონეთი მოპარული ავტომობილების სალექარი გახდა; ანტიკონტრაბანდული ხასიათი – კარნეტ დე პასაჟი ბარიერად დგას, რომ კონტრაბანდის მასშტაბები შემცირდეს;

ანტიკორუფციული ხასიათი – სახელმწიფოს უჩნდება უცხო ქვეყნიდან დროებით რეექსპორტირებული სატრანსპორტო ნაკადის რეგულირების რეალური ბერკეტი. ასევე ბერკეტი იმისა, რომ ჩაურთოს საჯარიმო მრიცხველი დამრღვევ სატრანსპორტო საშუალებებს თუ გადამზიდველებს. რაც ყველაზე საინტერესოა, საჯარიმო სანქციებით ამოღებული თანხა შედის არა საავტომობილო ფედერაციის, არა რომელიმე შპს-ს ან რომელიმე “ფულის სარეცხ” ორგანიზაციაში, არამედ სახელმწიფო ბიუჯეტში.

ნებისმიერი კონვენციის აღიარება ნიშნავს საერთაშორისო თამაშის წესების აღიარებას, რაც ამბობს იმას, რომ თუკი მას საქართველო მიუერთდება, მისთვის, გარკვეულწილად, იოლდება სხვა ქვეყნებში სასაზღვრო და საბაჟო ბარიერების გადალახვა. ამ დოკუმენტის უკან დგას საკმაოდ მყარი საგარანტიო პირამიდა, რომლის ქვემოთ არის საავტომობილო ფედერაცია, შესაბამის სადაზღვევო კომპანიებთან ერთად, ხოლო წვერში მოთავე ორგანიზაცია.

სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით გუდაურში AIT-სა და FIA-ს ეგიდით ჩატარდა საერთაშორისო სემინარი, რომელსაც ამ ორგანიზაციების სათაო ოფისის წარმომადგენელი, დებორა სმიტი სტუმრობდა. ქალბატონი დებორა ჟენევის ოფისიდან საბაჟო პროცედურების გამარტივებისა და კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებას კურაციას უწევს.

დებორა სმიტი – “კარნეტ დე პასაჟი შეიქმნა AIT-სა და FIA-ს ინიციატივით XX ს-ის დასაწყისში. ეს დოკუმენტი მიზნად ისახავდა საზღვრის გადაკვეთის პროცედურებისთვის ხელის შეეწყობას. მას შემდეგ, რაც მსოფლიოში სატრანსპორტო საშუალებებმა უფრო ინტენსიურად დაიწყეს მოძრაობა, აუცილებელი გახდა ამ დოკუმენტის შემოღება 1954-56 წლების გაეროს კონვენციებით. წლების მანძილზე მთელი რიგი ცვლილებები შევიდა და მოდერნიზაცია განიცადა. ეს დოკუმენტი გამოიყენება 78 ქვეყანაში, ჩვენ გვყავს საგარანტიო გამცემი ფილიალი ორგანიზაციები 85 ქვეყანაში. იმ ქვეყნებში, სადაც მოთხოვნა არის და მოქმედებს კარნეტ დე პასაჟი, უნდა არსებობდეს მჭიდრო კავშირი საგარანტიო ორგანიზაციასთან”.

FIA-ს წარმომადგენელი თურქეთიდან ბ-ნ ორხან თურქერი:
“კარნეტ დე პასაჟი ჩვენთვის პასპორტის მსგავსი მნიშვნელოვანი დოკუმენტია. ვერც ერთ ქვეყანაში, ვერც შეხვალ და ვერც დატოვებ მას პასპორტის გარეშე. ეს დოკუმენტიც იგივეა სატრანსპორტო საშუალებებისათვის. დოკუმენტი იმ თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია, რომ შესაძლებლობა გექნებათ კონტროლი მოახდინოთ, თუ როგორი სახის შემოსავლები, მოძრაობაა ქვეყანაში – კომერციული, ტურისტული, კერძო თუ სხვა. დოკუმენტით შესაძლებელია მოპარული მანანქანებიც გააკონტროლოთ.

კარნეტი მნიშვნელოვანია იმიტომაც, რომ მას მხარდაჭერა აქვს AIT-სა და FIA-ს მხრიდან, რომლებიც საკმაოდ ძლიერ ორგანიზაციებს წარმოადგენენ. პრობლემის გაჩენის შემთხვევაში, თავს მარტო არ იგრძნობთ, თქვენ შეგეძლებათ დახმარებისთვის ამ ორ ორგანიზაციას მიმართოთ, რომლებიც დახმარებას აღმოგიჩენენ”.

სემინარს ასევე ესწრებოდნენ წარმოამდგენლები საგარეო საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებიდან.
ირაკლი სვანიძე (საგარეო საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე)
“სამინისტრო დიდი ხანია ამასთან დაკავშირებით მუშაობს. ვფიქრობთ, რომ დოკუმენტი მზად არის კანცელარიაში წარსადგენად, რათა პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულებით პარლამენტს წარედგინოს. მიღების შემდგომ გაეროს განვუცხადებთ, რომ კონვენციას მივუერთდით”.

სემინარის მუშაობაში აქტიურად მონაწილეობდა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის აპარატი, მისი წარმომადგენლის, ლევან ჭიჭინაძის განცხადებით, კონვენციასთან მიერთება იქნება ჩვენი განაცხადი საერთაშორისო ინტეგრაციაში ჩასართველად და დასძინა, რომ მისი სამსახური ყველაფერს გააკეთებს ბიუროკრატიული ბარიერების გადასალახავად და რომ ეს არის პრეზიდენტის აბრეშუმის გზის კონცეფციის განვითარების და ანტიკონტაბანდული პროგრამის ნაწილი.

ლევან ლომჯარია (იუსტიციის სამინისტრო, საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობების დეპარტამენტი)
“ჩვენი სამინისტრო სამ თვეზე მეტია ამ დოკუმენტზე მუშაობს როლანდ გილიგაშვილის და გიორგი წკრიალაშვილის უშუალო ხელმძღვანელობით. დოკუმენტი დღეისთვის სავსებით თავსებადია საქართველოს საკანონმდებლო ბაზასთან და არ არსებობს არავითარი ბარიერი მისი მიერთების პროცესში”.

ვიქტორ თოდაძე (საქართველოს ავტოფედერაციის თავმჯდომარე)

“აქტიურად მუშავდება ამ კონვენციის ამუშავების მექანიზმი. ამ საკითხთან დაკავშირებით სერიოზული მუშა შეხვედრები და დისკუსიებია გამართული საბაჟო დეპარტამენტისა და ტრანსპორტის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან. ტექნიკური მექანიზმი თითქმის ჩამოყალიბებულია. ფედერაცია, საბაჟო დეპარტამენტთან ერთად კონვენციასთან მიერთების შემდგომ უზრუნველყოფს ავტოტურიზის და ავტოგადაზიდევების ხელშეწყობას და ანტოკონტრაბანდული ღონისძიებების გატარებას”.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial