საქართველოს პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი და დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინიტრი მომავალ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. შეხვედრა გიორგი კვირიკაშვილსა და ტონი ბლერს შორის დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა.
შეხვედრის მთავარი თემები საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები იყო. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დაინტერესდა განათლების სისტემის რეფორმით, ასევე “ღია მმართველობის პარტნიორობის” მიმდინარეობით, რომელიც მიზნად ისახავს მსოფლიოს მასშტაბით მთავრობათა გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ეფექტიანობის გაზრდას.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ვიზა ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულების საკითხს. ტონი ბლერი მზად არის საქართველოს მთავრობას გარკვეული რჩევები ამ მიმართულებითაც მისცეს. გიორგი კვირიკაშვილმა და ტონი ბლერმა ასევე განიხილეს რეგიონში მიმდინარე მოვლენები.
შეხვედრაზე გადაწყდა, რომ დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი უახლოეს პერიოდში საქართველოს ეწვევა.