საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დავოსში პირველი შეხვედრა კომპანია BP-ის აღმასრულებელ დირექტორთან გამართა

ბაქო-სუფსის ნავთობსადენის გარკვეული მონაკვეთების მოდერნიზაციისთვის და ეკოლოგიური სტანდარტების გაუმჯობესებისთვის კომპანია BP 150 მილიონ დოლარს დახარჯავს – პროექტის დეტალები კომპანია BP-ის აღმასრულებელმა დირექტორმა რობერტ დადლიმ და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განიხილეს. შეხვედრა დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა.

რობერტ დადლიმ ქართულ მხარეს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იმ პროექტების შესახებ, რომელსაც კომპანია BP-ი საქართველოში ახორციელებს. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის ცვალებადობის მიუხედავად, სამხრეთ კავკასიის გაზის მილსადენის მშენებლობის პროექტი გრაფიკის მიხედვით ხორციელდება და 2018 წელს დასრულდება. პროექტის მიმდინარეობის პერიოდში 2000 ადამიანია დასაქმებული.