ექსპორტის მიზნით ქართული თაფლის შემოწმება დაიწყო

2014 წლის შემოდგომაზე ხელი მოეწერება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებას, ამოქმედდება ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულება ევროკავშირთან, ხოლო 2015 წლიდან ძალაში შევა რეგულაციები, რომლებიც ევროკავშირის დახმარებით სოფლის მეურნეობის სამინისტროში მზადდება.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ევროკავშირის ბაზარზე ქართული თაფლის ექსპორტისათვის აქტიური მუშაობა დაიწყო – ჩატარდა თაფლის მწარმოებელი კომპანიების ინსპექტირება, შემოწმდა პირველადი წარმოება, თაფლის მწარმოებლებს გააცნეს ევროკავშირის ბაზრის ერთიანი სტანდარტები.

ქართული თაფლის ევროპაში ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა აიღეს თაფლის ნიმუშები. ქვეყანაში შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიის არარსებობის გამო აღებული ნიმუშები გაიგზავნა ლატვიაში, ქალაქ რიგის ლაბორატორია ”ბიორში”, სადაც გამოიკვლევენ თაფლში ვეტერინარული პრეპარატებისა და სხვა დამაბინძურებლების (პესტიციდები, მძიმე მეტალები, რადიონუკლიდები) შემცველობას. სულ გაგზავნილია 41 ნიმუში. შედეგები წლის ბოლომდე გახდება ცნობილი.