საგარეო ვაჭრობის რეგულირება საერთაშორისო ხელშეკრულებათა მექანიზმით

ვაჟა კაკაბაძე, დავით ქართველიშვილი

თანამედროვე პირობების მოთხოვნის შესაბამისად, მოცემული ქვეყანა დანარჩენ სახელმწიფოებთან ვაჭრობის სახელშეკრულებო ურთიერთობას ოთხ ძირითად დონეზე ახორციელებს:

პირველი დონე – ქვეყნებს შორის ყალიბდება პრეფერენციული სავაჭრო კავშირები. ეს არის ეკონომიკური ინტეგრაციის საწყისი სტადია;

მეორე დონე – იქმნება ერთობლივი თავისუფალი სავაჭრო ზონები. მას სავაჭრო ურთიერთობის ეკონომიკური ინტეგრაციის საშუალო სტადია ეწოდება;

მესამე დონე – ყალიბდება საბაჟო კავშირი. ეს არის ინტეგრაციის მაღალი სტადია, მაგრამ ინტეგრაციაში მყოფ ქვეყნებს შორის საბაჟო საზღვრები შენარჩუნებულია;

მეოთხე დონე – დებულებით ან ხელშეკრულებით გაერთიანებულ სახელმწიფოებს შორის ყალიბდება ერთიანი სავაჭრო პოლიტიკა. ეს არის სრული ინტეგრაცია. ამ შემთხვევაში საგარეო ვაჭრობის რეგულირების ყველა მექანიზმი ემსახურება ინტეგრაციაში მყოფ სახელმწიფოების საერთო ინტერესს, ყალიბდება საერთო ბაზარი, საბაჟო საზღვრები წაშლილია, გვაქვს კაპიტალის და სამუშაო ძალის თავისუფალი გადაადგილება, მოქმედებს ერთიანი ვალუტა.

საგარეო ვაჭრობის რეგულირების ის საერთაშორისო შეთანხმებები, რომლის დებულებები ეწინააღმდეგება მოცემული ქვეყნის ეროვნულ კანონმდებლობას, ექვემდებარება ამ ქვეყნის პარლამენტის რატიფიკაციას. ეს შეთანხმებები, როგორც წესი, ცვლიან ქვეყნის საგარეო ვაჭრობის გეოგრაფიას, ზემოქმედებენ ვაჭრობის რეჟიმზე და ქვეყნის შემოსავალზე. ასეთი სახის შეთანხმებას, ძირითადად, მიეკუთვნება შეთანხმება საბაჟო ტარიფების შესახებ. ის, თუ რა გავლენა ექნება ამ სახეობის შეთანხმებას პატარა ქვეყანაზე, როცა იგი დისკრიმინაციული ხასიათის მუხტის მატარებელია, შეგვიძლია განვიხილოთ საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) საბაჟო კავშირში გაწევრიანების მაგალითზე, მის ეკონომიკაზე, ხარჯებსა და შემოსავალზე, რომლის თავზე მოხვევა სურდა და ახლაც სურს რუსეთის ფედერაციას.

თეორიული ანალიზის საწყის პირობას შეადგენს:

1. თუ საქართველო შეუერთდება დსთ-ს საბაჟო კავშირს, მან უნდა გამოიყენოს რუსეთის ფედერაციის საიმპორტო ტარიფების სტრუქტურა, რომელიც საქართველოს საიმპორტო ტარიფებთან შედარებით, ბევრად მაღალია და უფრო დიფერენცირებულიც;

2. საქართველო ღებულობს განსაზღვრული რეჟიმით გარკვეულ სარგებლობას დსთ-ის წევრ ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების საფუძველზე.

ანალიზის დაწყებამდე მნიშვნელოვანია ორი შემთხვევის დაშვება: პირველი, საქართველო ხ საქონელის ან მომსახურების იმპორტს აწარმოებს, როგორც დსთ-ის, ასევე სხვა ქვეყნებიდან და მეორე, საქონელი მხოლოდ სხვა ქვეყნებიდან შემოაქვს, საბაჟო კავშირში გაერთიანებით კი, შესაძლებელი იქნება იმავე პროდუქციის დსთ-ის ქვეყნებიდან იმპორტირება.

პირველ შემთხვევაში, როცა საქართველო აწარმოებს იმპორტს დსთ-ის ქვეყნებიდან თუ სხვა სახელმწიფოებიდან, მომგებიანია, ვინაიდან ამ გაერთიანების წევრ ქვეყნებს შორის “თავისუფალი სავაჭრო ზონის შესახებ” არსებული შეთანხმება საქართველოს სასურველი საქონლის იმპორტირების, 12%-იან საბაჟო პირობებში კი, სხვა ქვეყნებთან ხელსაყრელი საგარეო ვაჭრობის განვითარების საშუალებას მისცემს.

პირველი შემთხვევის გასაანალიზებლად დავუშვათ, რომმსოფლიო ფასების (Pm) თავისუფალი ვაჭრობის პირობებში საქართველოს ახასიათებს Qx საქონელის სხვა ქვეყნებიდან მოწოდების სრულიად ელასტიკური მრუდი (S2), მაშინ საქართველოს x საქონელი A წერტილამდე დსთ-ის ქვეყნებიდან შემოაქვს, ხოლო (AI) მონაკვეთში – სხვა ქვეყნებიდან, მაგრამ, თუ საქართველოში იმპორტზე მოთხოვნა არის (M), დსთ-ის ქვეყნებთან თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების პირობებში, [P2(1+t2)] (საერთაშორისო ფასს+ საქართველოს ტარიფი) ფასად საქართველოს იმპორტის საერთო მოცულობა GQ2-ს შეადგენს. ამ რაოდენობიდან GQ1 არის დსთ-ის (DB) ქვეყნების იმპორტი, ხოლო Q1,Q2 სხვა (BC) ქვეყნების იმპორტი. ვაჭრობის ამგვარი მოგება ნაჩვენებია MCD ფართით, სახელმწიფო შემოსავლები კი, BCFE ფართით, რადგან GQ1 მონაკვეთზე იმპორტი თავისუფალი ვაჭრობის ზონის თანახმად, დაბეგვრას არ ექვემდებარება.

მეორე შემთხვევა მოცემულ ვითარებაში დსთ-ის საბაჟო კავშირის ახალი საიმპორტო ტარიფის (t1) შემოღებას გულისხმობს. ამ შემთხვევაში საქართველოს მიერ x საქონლის მთელი მოცულობა სხვა ქვეყნებიდან იმპორტირებისას დაიბეგრება უფრო მაღალი განაკვეთით და ახალი საშინაო ფასი [P1(1+t1)] საქართველოს იმპორტზე შემდეგნაირად აისახება: ა) იმპორტი, DC მონაკვეთიდან HV მონაკვეთამდე შემცირდება, რადგან ფასი საბაჟო კავშირის გამო უფრო მაღალია, ვიდრე თავისუფალი ვაჭრობის ზონის პირობებში; ბ) ვაჭრობის მიმართულება შეიცვლება (BJ მონაკვეთში), რადგან დსთ-ის ქვეყნებიდან იმპორტი გადაინაცვლებს B-დან V წერტილამდე; გ) ვაჭრობის მიმართულების შეცვლის გამო მთავრობა დაკარგავს შემოსავალს.

საქართველოში საბაჟო შეთანხმებით გამოწვეული ზეგავლენა.
ეს შედეგები საქართველოს კეთილდღეობისგანვითარებას ხელს შეუშლის, რადგან: ა) მოსახლეობის დანაკარგები შეადგენს HVCD-ს, მთავრობის დანაკარგები კი, BCFE-ს, ხოლო საერთო დანაკარგები კი, HVCD +BCFE-ს ტოლი იქნება; ბ) საქართველოს მოცემულ სიტუაციაში საბაჟო კავშირში გაწევრიანება მოპოვებული კეთილდღეობის დაკარგვას მოუტანს, რადგან მას მოჰყვება ვაჭრობის არასასურველი მიმართულებით შეცვლა.

ზემოთ მოყვანილი ანალიზის შედეგად, შეიძლება დავასკვნათ, რომ დსთ-ის საბაჟო კავშირში საქართველოს შესვლის საკითხი არ წარმოადგენს ეკონომიკურ აუცილებლობას, რადგან, დსთ-ის ქვეყნებს შორის დადებული შეთანხმების “თავისუფალი სავაჭრო ზონის” თანახმად, საქართველო ამ ქვეყნებთან ყოველგვარი გადასახადის გარეშე ვაჭრობს. თანაც, დსთ-ის საბაჟო კავშირის წევრმა ქვეყნებმა, წინადადების თანახმად, საერთო საგარეო ტარიფები (თითქმის, რუსეთის ფედერაციის საიმპორტო ტარიფების სისტემის შესაბამისი) უნდა შემოიღონ, რაც საქართველოს შემთხვევაში ერთიანი 12-პროცენტიანი საიმპორტო განაკვეთის საშუალო 14-პროცენტიანი განაკვეთით შეცვლას ნიშნავს, რაც საქონლის გარკვეული სახეობების ნულიდან 50 პროცენტიან, ზოგიერთ შემთხვევაში კი, 100-პროცენტიან დიფერენცირებულ განაკვეთებს ითვალისწინებს; ამ ანალიზის შედეგებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ საქართველო დსთ-ის საბაჟო კავშირში შესვლით ვერაფერს მოიგებს, სოციალური პირობების გაუარესების გარდა, შემცირდება შემოსავალი საიმპორტო გადასახადებიდან; გარდა ამისა, დსთ-ის საბაჟო კავშირში შესვლის შედეგად, რუსეთის საიმპორტო ტარიფების სისტემის შემოღება დაამახინჯებს საქართველოს შესადარ ფასებს; აიძულებს რა, საქართველოს ეკონომიკურ აგენტებს აწარმოონ რესურსების გადანაწილება, შემცირდება ექსპორტის მოცულობა; საქართველოს დსთ-ის საბაჟო კავშირთან შეერთებამ, შესაძლოა, შეამციროს მისი სხვა ქვეყნებიდან იმპორტის მოცულობა და უარყოფითი ეფექტი იქონიოს ქვეყნის გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის პერსპექტივებზე, რადგან კარგადაა ცნობილი, რომ ქვეყნის ტექნოლოგიური პროგრესი, ძირითადად, მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის დარგებში ამ ქვეყნებიდან იმპორტირებული ნედლეულისა და წარმოების საშუალებების ხარჯზე უნდა მოხდეს. ამასთან, რადგან საბაჟო კავშირში გაწევრიანების გავლენა საქართველოს საერთო იმპორტისა (დსთ-ის და სხვა ქვეყნებთან) და ექსპორტის მოცულობაზე მოკლე ხანში არ გამოვლინდება, შესაძლოა, მისი წმინდა ზემოქმედება საქართველოს საგადამხდელო ბალანსზე უმნიშვნელოც იყოს, მაგრამ ზემოთ მოყვანილი არგუმენტის შესაბამისად, ვთვლით, რომ დსთ-ის საბაჟო კავშირის პირობებიდან გამომდინარე, გაწევრიანებას საქართველოს ექსპორტის მოცულობაზე გრძელვადიან მითითებაში უარყოფითი ეფექტი ექნება. ამგვარად, წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით, საქართველოს დსთ-ის საბაჟო კავშირში გაერთიანება მცდარი ნაბიჯი იქნებოდა, როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი ხარისხობრივი შედეგების მხრივ1 .

პრაქტიკული დაკვირვება ცხადყოფს, რომ საქართველომ ეკონომიკური მომგებიანობის თვალსაზრისით, მსოფლიო ეკონომიკაში, განსაკუთრებით კი, განვითარებულ ქვეყნებთან, ინტეგრირების პოლიტიკა უნდა გაატაროს და პარალელურად დსთ-ის თავისუფალი ვაჭრობის ზონის წევრობითაც ისარგებლოს.

საქართველოს მისწრაფება – შეაღწიოს ევროპის ქვეყნების ბაზარზე არა მარტო ეკონომიკური თვალსაზრისითაა მისაღები, არამედ პოლიტიკური პოზიციებიდანაც ხელსაყრელია, ხოლო დსთ-ის საბაჟო კავშირში გაერთიანება კი, ამ შესაძლებლობის ეფექტის შეზღუდვისა და საგარეო სავაჭრო პოლიტიკის გაუარესების ტოლფასია.

დსთ-ის ქვეყნების საბაჟო კავშირში გაწევრიანების ეკონომიკური შედეგების რაოდენობრივი შეფასების მიზნით, ჩვენს მიერ, აღებულია 1995 წლის ძირითადი მონაცემები ექსპორტ-იმპორტის შესახებ. ანალიზი (იხ. ცხრილები #1, 2) ადასტურებს, რომ საბაჟო კავშირში გაერთიანების შემთხვევაში საბაჟო ტარიფის გაზრდის გამო, ფასების გაძვირების შედეგად საქართველოში 1995 წელს იმპორტი შემცირდებოდა 16 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო შემდგომ წლებში, თუ გავითვალისწინებთ განვითარებულ ეკონომიკურ პროცესებს, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ეს დანაკარგი მნიშვნელოვნად აისახებოდა მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე, რადგან გადასახადების განაკვეთის ყოველგვარ მომატებაზე საქართველოს შიდა ბაზრის რეაგირება ქვეყანაში მოსახლეობის და საწარმოთა დაბალი მსყიდველობითუნარიანობის გამო ძალზე მწვავეა. გადასახადების განაკვეთის გაზრდის პროპორციული ზეგავლენა კი, იმპორტის შემცირებაზე უფრო შთამბეჭდავია, რაც უდავოდ აღნიშნულ პერიოდში იმპორტს 96 მლნ აშშ დოლარით შეამცირებდა.

1995 წელს საქართველოში რუსეთისგან განსხვავებით ექსპორტი არ იბეგრებოდა, ამიტომ საქართველოდან ექსპორტირებული საქონლის ფასები მნიშვნელოვნად გაძვირდებოდა (საექსპორტო ტარიფის შემოღებით), რაც საქართველოს ექსპორტს 5 მლნ. აშშ დოლარით შეამცირებდა, ეს კი უარყოფითად აისახებოდა ქვეყნის საექსპორტო პოტენიალზე.

საერთო უარყოფითი შედეგი განისაზღვრება 21 მლნ. აშშ დოლარიდან (21,656=16,404+5,252) 102 მლნ. აშშ დოლარამდე (102=96,729+5,252); ეს მაშინ, როცა 1995 წელს შემოსავალმა საბაჟო გადასახადიდან მთლიანი შემოსავლის 2 პროცენტი შეადგინა [კახნიაშვილი, 1997, გვ. 205].

1999 წელს დსთ-ის ეკონომიკურმა კომიტეტმა ხელმეორედ შესთავაზა საქართველოს საბაჟო კავშირში გაწევრიანება. ამ გადაწყვეტილების მიღება, როგორც უკვე აღვნიშნეთ, გააუარესებს ქვეყნის ეკონომიკურ ვითარებას.

ქვეყნის დანაკარგები მთლიანი ეროვნული პროდუქტის მიმართ ტარიფის გაზრდის პირობებში შეიძლება გამოვიანგარიშოთ გ. ჯონსის ფორმულით: T/D=0,5xტხიხ(I/D), სადაც T ტარიფისაგან წმინდა ეროვნული ზარალია, D – მთლიანი ეროვნული პროდუქტი, t – ტარიფის განაკვეთი პროცენტულ გამოხატულე-ბაში, ი იმპორტის პროცენტული ცვლილებაა, ხოლო I – იმპორტის ღირებულება. ამ ფორმულის მიხედვით შეგვიძლია საბაჟო კავშირში გაერთიანების შემთხვევაში 1999 წლის საქართველოს დანაკარგები განვსაზღვროთ [ლინდერტი, 2001, გვ. 93].

1999 წელს, საქართველოს მთლიანი ეროვნული პროდუქტი 2756,5 მლნ. აშშ დოლარი იყო, ხოლო 12-პროცენტიანი განაკვეთის პირობებში საქართველოს იმპორტმა 601,9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა [სსსდ, 2000], ტარიფის არ არსებობის შემთხვევაში იმპორტირებული საქონლის საერთო ღირებულება იქნებოდა 537,4 მლნ. აშშ დოლარი, ხოლო, 20-პროცენტიანი სატარიფო განაკვეთის შემთხვევაში კი, 644,8 მლნ. აშშ დოლარი ((537,4ხ20)/100 =107,48+537,4=644,8). იმპორტის პროცენტული ცვლილება 107 პროცენტის ტოლია. იმპორტის ღირებულების თანაფარდობა მთლიან ეროვნულ პროდუქტთან 0,19-ის ტოლია. თუ საქართველო გაერთიანდებოდა დსთ-ის საბაჟო კავშირში, დანაკარგი 0,5×0,20×1,07×0,19=0,02 (ანუ, მეპ-ის 2 პროცენტი) იქნებოდა.

საქართველოს დსთ-ს საბაჟო კავშირის წევრობის შემთხვევაში იმპორტის შესაძლო შემცირების მაჩვენებლები 1995 წლის შედეგების მიხედვით.გამოყენებული ლიტერატურა კაკაბაძე ვ., 1996. საქართველო “ღია” და თანასწორუფლებიანი ეკონომიკური ურთიერთობების მომხრეა. გაზეთი: კვირის ფოსტა, 8-15 დეკემბერი, #22 (35).
კაკაბაძე ვ., 2000. “სუუამი” – კავკასია, მათი როლი და მომავალი. გაზეთი: ეკო დაიჯესტი, 18 ივლისი, #166.
კახნიაშვილი ჯ., 1997. მაკროეკონომიკა: თეორია და პოლიტიკა. II ნაწილი. თბილისი, “სიახლე”.
ლინდერტი პ. ჰ., 2001. საერთაშორისო ეკონომიკა. თბილისი, “სიახლე”.
სრსეიკ, 1995. საქართველოს რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა 1994 წელს. თბილისი, საქართველოს რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური ინფორმაციის კომიტეტი.
სსსდ, 2000. საქართველოს სტატისტიკური წელიწადეული: 1999. თბილისი, საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი.
ძირკველიშვილი მ., 1998. დსთ-ს საბჭოთა ეკონომიკური სისტემის აღდგენა სურს. გაზეთი: კაპიტალ “Nეწს”, 10-11 მარტი, #09.