გუდაურს ეკონომიკის სამინისტრო მიხედავს

გუდაურის მმართველობა 1 მაისიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაეცა. ამის შესახებ თბილისის მერმა გიგი უგულავამ განაცხადა. გიგი უგულავა პროექტის ეკონომიკის სამინისტროსთვის გადაცემაზე საუბრობს. მისი ინფორმაციით, გუდაურის პოპულარიზაციისა და მისი საინვესტიციო პოტენციალის გაზრდის მიზნით, 2011 წლის გაზაფხულიდან საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კურორტის მმართველობას თბილისის მერია ახორციელებდა.

შედეგად, გაიზარდა ტურისტების რაოდენობა, შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილები და მოიმატა ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლებმა.

”სრული დატვირთვით მუშაობს სპორტული სკოლები, განვითარდა ინფრასტრუქტურა, რაც საერთაშორისო ტურნირების ჩატარებას ხელს უწყობს. გუდაურში დამონტაჟდა კავკასიის მასშტაბით ყველაზე გრძელი გონდოლა, რომლის სიგრძე 2 450 მეტრია, თითოეულ გონდოლა 10 ადამიანზეა გათვლილი. გუდაურში აშენდა ასევე ახალი ავტოსადგომები, გზა და გვირაბი, რომელიც ძველ და ახალ გუდაურს ერთმანეთთან აკავშირებს. სათხილამურო გზა 21 კმ-დან 57 კმ-მდე გაიზარდა. სპეციალურად დამწყებთათვის და ბავშვებისთვის 400 მეტრის სიგრძის ბიგელი და 3 მოძრავი ხალიჩა, სასრიალო მილები და გასართობი მოედანი დამონტაჟდა. აშენდა ბენზინ-გასამართი სადგური და სუპერმარკეტი. კურორტის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, რეკონსტრუქცია ჩაუტარდა სოფელ ქუმლისციხესა და დაბა გუდაურში 41 ნაგებობას, მათ შორის, ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელ სახლებს, ასევე მცირე და საშუალო ზომის სასტუმროებს”, – განაცხადა გიგი უგულავამ.