ჭკვიანი გურუსთან არ მივა

მოამზადა ლინა ეპიშევამ

ჯორჯ სოროსმა ამერიკული ვალუტის ვარდნა იწინასწარმეტყველა, მაგრამ ამას ნაკლებად უნდა დავუჯეროთ. როგორც ჩანს, დადგა დოლარების ყიდვის, ან უფრო სწორედ, რუბლის ყიდვის დრო. NBC- ის ამერიკულ ტელეკომპანიაში გამოსვლისას მილიარდერმა ჯორჯ სოროსმა განაცხადა, რომ დოლარის ვარდნაზე ითამაშებს, რითაც წინააღმდეგობას გაუწევს ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის მიერ გატარებულ პოლიტიკას.

ჯორჯ სოროსს უკვე დიდი ხანია აქვს “ეროვნული ბანკების გამტეხის” რეპუტაცია. იგი მსოფლიოში ცნობილი 1992 წელს ინგლისურ ფუნტზე განხორციელებული “შეტევის” შემდეგ გახდა, რომელიც წარმატებული იყო იმ მხრივ, რომ დიდი ბრიტანეთი იძულებული გახდა გამოსულიყო გაცვლითი კურსების ევროპული მექანიზმიდან. ჯ. სოროსმა მიიღო მილიარდობით მოგება და დიდ ბრიტანეთში გამოწერილი დაკავების ორდერი. როგორც ჩანს, ახლა მან ძველ თამაშს მიმართა. თუ სპეკულიანტს დავუჯერებთ, მან აირჩია “მოკლედოლარიანი პოზიცია”, ესე იგი, გადაწყვიტა გაეყიდა ამერიკული ვალუტა და ეყიდა ევრო, კანადური, ახალზელანდიური და ავსტრალიური დოლარები, ოქროც, მას შემდეგ, რაც აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ ადმინისტრაცია სუსტი დოლარის პოლიტიკას უჭერდა მხარს. ეს განცხადება ფინანსურ წრეში შეაფასეს, როგორც ვაშინგტონის დაშორება ძლიერი დოლარის კურსისაგან. ჯ. სოროსის აზრით, ეს მცდარი კურსია, რომელიც მიმართულია სხვა ქვეყნების ხარჯზე ამერიკული ეკონომიკის სტიმულირებისკენ.

ევრო კავშირის სახელმწიფო ორგანოებმა უკვე გააკეთეს განცხადება დოლარის დასუსტებაზე მიმართული აშშ-ის პოლიტიკის დაუშვებლობაზე. პასუხად შტატებმა განაცხადეს, რომ ეს ევროპის შიდა პრობლემაა და მან დამოუკიდებლად უნდა განავითაროს კონკურენცია და ეკონომიკური ზრდა. “მე ამით ხელს არავის ვუშლი”, – სარკასტულად განაცხადა სნოუმ, თუმცა შემდგომ აღიარა, რომ ასეთი პოლიტიკა მცდარია: “ეს, უპირველეს ყოვლისა, ევროპას დააზიანებს და აშშ-ზეც იქონიებს ზეგავლენას”.

ჯორჯ სოროსი, რომელიც ამაში ევროპელების ერაყული პოლიტიკის გამო აშშ-ის შურისძიებას ხედავს, ასე მსჯელობს: “თუ ევროპული საქონლის კონკურენტუნარიანობა დაეცემა, ამან შესაძლოა, ევროპაში საქმიანი აქტიურობის ვარდნა გამოიწვიოს, რაც, თავის მხრივ, იქამდე მიგვიყვანს, რომ “ამერიკულ დოლარს არავინ იყიდის”. ასე რომ, სუსტი დოლარის პოლიტიკა დაასუსტებს მთელ მსოფლიო ეკონომიკას.

ჯ.სოროსის მოქმედება უფრო სპეკულიანტის ლოგიკით ხასიათდება, ვიდრე პოლიტიკოსისა. თუ იგი ნამდვილად დოლარის ვარდნაზე თამაშობს, ამით ზუსტად იმ პოლიტიკას ახორციელებს, რომლის წინააღმდეგ თავად გამოდის. თვითონ კი, იმით იმართლებს თავს, რომ ოპონენტის არასწორი მოქმედებების ყველაზე დამაჯერებელი მტკიცებაა მისი პოზიციის აბსურდამდე მიყვანა. თუ ჯ.სოროსი მომავალშიც იხელმძღვანელებს სპეკულიანტის ლოგიკით, მაშინ საკუთარი განცხადების შემდეგ, რომელიც დოლარის ვარდნის კიდევ ერთი ფაქტორი გახდება, კვლავ დაიწყებს დოლარის შესყიდვას. როგორც სპეკულიანტს, მას კარგად ესმის, რომ ძირითადი მოგების მიღება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ სხვა მოთამაშეებს გაასწრებ.

არ არის გამორიცხული, რომ ჯ.სოროსი იტყუება. ეს, რა თქმა უნდა, თამაშის ერთ-ერთი სახეობაა, მაგრამ მას უბრალოდ შეეძლო მიეთვისებინა გამარჯვებულის დოლარის გვირგვინი. შესანიშნავი შანსია იმისათვის, რომ გაახსენო საკუთარი თავი სავალუტო ბირჟაზე.

სავალუტო ბაზრის რეაქცია ჩNBჩ-ში ჯ.სოროსის ინტერვიუზე საკმაოდ მწვავე იყო. როგორც კი დილერებისთვის ცნობილი გახდა სახელგანთქმული სპეკულიანტის სიტყვები დოლარის წინააღმდეგ თამაშის შესახებ, ევროს კოტირება მკვეთრად გაიზარდა, თითქმის 0,5%-ით (1,169 დოლარამდე). “სინამდვილეში, ბაზარზე მოქმედი დილერების უმეტესობისთვის ცნობილია, თუ როგორ მუშაობენ ძირითადი ჰეჯ-ფონდები”, – განაცხადა ABN Aმრო ბანკის ანალიტიკოსმა, გრეგ ანდერსონმა. მიუხედავად ამისა, მისმა გამოსვლამ ნამდვილი აჟიოტაჟი გამოიწვია.

ამჟამად სავალუტო ბაზარზე სხვა მსოფლიო ჰეჯ-ფონდებს შორის აქტიურად მუშაობს Fund Management-ის უმსხვილესი ჰეჯ-ფონდი. თანაც ამ ჯგუფის ლიდერია Quantum Endowment-ი, რომელიც ბაზარზე არც თუ ისე გამოუცდელია. 1992 წელს, რომელიც მაშინ Quantum-ის სახელით იყო ცნობილი, ჯორჯ სოროსს ინგლისური ფუნტის წინააღმდეგ თამაშში 1 მილიარდი დოლარი მოაგებინა.

სპეციალისტებისთვის ჯ.სოროსის განცხადება აღმოჩენა არ იყო. უფრო მეტად ეჭვს იწვევს მის მიერ ჩამოთვლილი ვალუტები, რომელშიც იგი თითქოს ფულს დააბანდებს, რადგანაც კანადის, ახალი ზელანდიისა და ავსტრალიის ეკონომიკა დიდად არის დამოკიდებული აშშ-ზე.

ამავე დროს მიმდინარეობს დოლარის კურსის დიფერენციაცია სხვა ევროპულ ვალუტებთან მიმართებაში. ჯ. სოროსის განცხადების შემდეგ ევრომ 1,17 დოლარი შეადგინა, მაგრამ ვაჭრობის მსვლელობის დროს დოლარის კურსი ოდნავ გაუმჯობესდა და 1,1685$-იან კურს მიაღწია.

ბოლო 12 თვის განმავლობაში ევროსთან მიმართებაში ამერიკულმა დოლარმა 21% დაკარგა, ხოლო იაპონურ იენასთან მიმართებაში – 6,8%. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეს ლოგიკურად აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს პოლიტიკიდან გამომდინარეობს.

ზოგიერთი ეკონომისტის აზრით, ასეთი პოლიტიკის მეშვეობით ბუშის ადმინისტრაციას სურს გადაჭრას აშშ-ის ეკონომიკის სხვა პრობლემა – საგარეო სავაჭრო ბალანსის უზარმაზარი დეფიციტი. დოლარის სუსტი კურსის შედეგად, ექსპორტის გაზრდა და იმპორტის შემცირება გამოიწვევს წმინდა ექსპორტის ზრდას და დეფიციტის შემცირებას.

უფრო ლოგიკურია ჯ.სოროსის განცხადება იმაზე, რომ იგი ფულს ოქროში დააბანდებს. ბოლო დროს ოქროზე ფასი სტაბილურად იზრდებოდა და სამთვიან მაქსიმუმს – უნციაზე 370 დოლარს მიაღწია. ანალიტიკოსების აზრით, ჯონ სნოუსის ბოლო განცხადებები იმის მანიშნებელია, რომ უნდა ველოდოთ ამ აქტივების – ოქროსა და პლატინის გაძლიერებას.

სინამდვილეში ჯ.სოროსის კრიტიკა ჯ.სნოუს მისამართით ამერიკულ ადმინისტრაციას აწყობს. ჯერჯერობით “დიდი შვიდეულის” კოლეგების ზეწოლის გამო, რომლებიც უკვე მიანიშნებენ ევროსთან მიმართებაში დოლარის კურსის კორექციის აუცილებლობაზე, აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო იძულებულია ასე თუ ისე შეაჩეროს ამერიკისთვის მომგებიანი ეროვუნული ვალუტის კურსის ვარდნა. ჯ.სნოუ და მისი კოლეგები რვა უდიდესი სახელმწიფოს სამიტზე დოლარის უკონტროლო ვარდნას ჯ.სოროსსა და სხვა ფინანსისტებს დააბრალებენ, თვითონ კი, თავს გაიმართლებენ. ასე რომ, არ არსებობს რაიმე საფუძველი იმისათვის, რომ ვივარაუდოთ, თითქოს ჯ.სოროსი თავისი ქვეყნის წინააღმდეგ თამაშობდეს, როგორც ეს მისი გამოსვლებიდან ჩანს.

ანალიტიკოსების აზრით, რაც შეეხება იმ ზეგავლენას, რომლითაც იგი სარგებლობს, მისი განცხადებები ნაკლებად შეარყევენ დოლარის კურსს, როგორც ეს რამდენიმე წლის უკან მოხდა, როცა ცნობილი მილიარდერის განცხადებებმა ფუნტი შეარყია. “ვფიქრობ, რომ ზეგავლენა ჯერჯერობით მნიშვნელოვანია და მას შეუძლია განახორციელოს მსგავსი შეტევა დოლარის წინააღმდეგ, თუმცა მისი შესაძლებლობები არც ისე დიდია, ასე რომ ეს შეტევა მოკლევადიანი იქნება”, – განაცხადა ალექსეი ვორობიოვმა “ატონიდან”. თუმცა იგი მაინც გვირჩევს, რომ ჯ.სოროსის, როგორც ფინანსისტის რჩევა გავითვალისწინოთ.

თამაში ევროს კურსზე დოლართან მიმართებაში უკვე დიდი ხანია ამოიწურა. ამის ბევრი მაგალითი არსებობს. მაგალითად, როცა სამი წლის უკან ევრო 0,83 დოლარი ღირდა, ევროპული ცენტრობანკის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ იაფი ევრო მათთვის მომგებიანი იყო, რაც მათ საშუალებას აძლევდა გაეტანათ საქონელი მსოფლიო ბაზარზე. ასეთი ლოგიკა გასაგებია, მაგრამ დღესდღეობით ის ევროპელების წინააღმდეგ შემობრუნდა.
რაც შეეხება ჯ.სოროსის პროგნოზს, ამერიკელი მილიარდერი უეჭველად ფინანსური გურუა, მაგრამ, როგორც ჩანს, ევროსთან მას ბედი არ სწყალობს. ასე, მაგალითად, 1999 წლის მარტის ბოლოს დადიოდა ხმები, რომ მან სავალუტო ბაზარზე რამდენიმე მცდარი სვლა გააკეთა: მაშინ ჯ.სოროსი თამაშობდა ევროს კურსის გაზრდაზე და აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ობლიგაციების შემოსავლიანობის შემცირებაზე, მაგრამ მისი არც ერთი ვარაუდი არ გამართლდა.

დაბოლოს, ყველაზე მთავარი მოსაზრება. 1999 წელს ევროს შემოღებისას ევროკავშირის ქვეყნებს სურდათ ახალი ვალუტა აშშ-ის დოლარზე მიებათ. ჩვენი ვარაუდით, არჩეული იყო პარიტეტი 1:1 – დოლართან მიმართებაში, არა ევროს კალათში შემავალი ვალუტის კურსების მიმდინარე თანაფარდობიდან გამომდინარე, არამედ ამ კალათის თითქმის 30-წლიან ისტორიაზე დაყრდნობით. ზუსტად ამ თანაფარდობის ირგლივ მერყეობს ამერიკული ვალუტისა და ევროპული კალათის თანაფარდობა. ექსპერტების მიერ ისტორიის გაანალიზების შემდეგ აღმოჩნდა, რომ სტანდარტულ ციკლის შესაბამისად (ევრო ვალუტის დაახლოებით ორწლიანი ზრდა, შემდეგ დაახლოებით ორწლიანი სტაგნაცია და ა.შ.), დოლარი მალე გაძვირდება, მაგრამ სიტყვა “მალე” ფარდობითი მნიშვნელობისაა. ევროს ზრდა დღეს უფრო წმინდა სპეკულაციურ პროცესს წააგავს და მაშასადამე, შეიძლება იმავე ინტენსიურობით თვეების მანძილზე გაგრძელდეს.

რა უნდა გააკეთონ ინვესტორებმა ამ სიტუაციაში? უნდა დაამყარონ იმედები ევროს კურსის ზრდის გაგრძელებაზე, ან ივარაუდონ, რომ დოლარი თავისას მაინც აიღებს? თუ ინვესტორები ამას ვერ გამოიცნობენ, დაკარგავენ მათ მიერ გამომუშავებული შემოსავლის მნიშვნელოვან ნაწილს გაცვლითი კურსის ცვალებადობის დროს.

მაგრამ ზოგი ჭირი მავნებელიაო. ამ სიტუაციაში რუს ინვესტორებს უჩნდებათ უნიკალური “სარეზერვო ვალუტა” – რუბლი. ცენტრობანკის ახლანდელი განცხადების თანახმად, რუბლის კურსი დადგინდება არა დოლართან მიმართებაში, არამედ იმ სავალუტო კალათასთან მიმართებაში, სადაც ევროც და დოლარიც შედის. ესე იგი, რუბლის აქტივებისა ან დოლარის ყიდვასთან ერთად რუსი ინვესტორები მიიღებენ დაზღვევას ევროს ან დოლარის უეცარი დევალვაციის შემთხვევაში.

რუსეთის ერთ-ერთი ანალიტიკოსის აზრით, “ასეთი ტაქტიკა მომგებიანია, თუ თქვენ ცხოვრობთ რუსეთში და ფულის დახარჯვას რუბლებში აპირებთ, რადგან უფასოდ, ან უფრო ზუსტად, ცენტრობანკის გარანტიების ხარჯზე გეძლევათ “სავალუტო დაზღვევა”, მაგრამ თუ ფულს საზღვარგარეთ წასვლისთვის აგროვებთ, მაშინ უნდა შეცვალოთ კონსერვატიული მეანაბრის მიდგომა და შეაგროვოთ ფული იმ ქვეყნის ვალუტაში, სადაც გამგზავრებას აპირებთ”.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial