900 ღამის ზღაპარი თუ ეკონომიკის რეფორმირების რეალური პროგრამა რით დასრულდება განახლების 900 დღე?

სოფიკო სიჭინავა

თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოს ხელისუფლების ათწლიანმა მოღვაწეობამ ისეთ დღეში ჩააგდო პოლიტიკური სპექტრის მემარჯვენე ფლანგი, რომ მემარცხენეების აგრესიული ამომრჩევლის აქტიურობის ფონზე, მემარჯვენეები არჩევნების დღეს ამინდის პროგნოზსაც შიშით ელოდებიან, რომ მათი ინერტული ამომრჩევლი მზიანმა და კარგმა დარმა მაინც მოიყვანოს არჩევანის გაკეთების ხასიათზე და ისინი საარჩევნო უბნებზე გამოცხადნენ.

პოლიტიკოსებს სახუმაროდ საქმე მართლაც აღარ აქვთ, პარლამენტი მოვლენების ეპიცენტრად იქცა.

არ ვიცი, რამდენად აცნობიერებენ, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს მოსალოდნელ არჩევნებს მთლიანად ქვეყნისთვის, მაგრამ პოპულიზმის გაუგონარი აღზევება იმის საფუძველს იძლევა, ვიფიქროთ, რომ ისინი კარგად ხვდებიან, რა მნიშვნელობა აქვს ამ არჩევნებს მათთვის.

მემარჯვენეებმა ამჯერადაც ვერ მოახერხეს გაერთიანება, არჩევნებამდე იმდენად ცოტა დრო რჩება, რომ, როგორც ჩანს, ისინი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად იასპარეზებენ, შეეცდებიან გაიმარჯვონ და საქართველოში საბაზრო ეკონომიკა ააშენონ. პოლიტიკური სპექტრის მემარჯვენე ნიშა “ახალ მემარჯვენეებს” მყარად უჭირავთ, სხვა გაერთიანებებისგან განსხვავებით, რომლებიც “სულით” მემარჯვენეები არიან, “ქცევით” კი – მემარცხენეები. “ახლები” ამომრჩეველთან სრულიად გულახდილები არიან, მათ იციან, რამდენი არაპოპულარული ნაბიჯის გადადგმა მოუწევთ თავიანთი იდეების განსახორციელებლად. “ახალმა მემარჯვენეებმა” სხვა პოლიტიკური ჯგუფებისგან განსხვავებით, ხალხს თავიანთი 900-დღიანი კონკრეტული პროგრამაც კი შესთავაზეს.

ამ საკითხებთან დაკავშირებით გვესაუბრება “ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთი ლიდერი, პარტიის გენერალური მდივანი, დათო საგანელიძე.

საარჩევნო დავიდარაბის მიუხედავად, ყველა პოლიტიკური ძალა ერთ რამეში თანხმდება – ეს არჩევნები მათ მდგომარეობას საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე გაარკვევს. გამონაკლისი არც თქვენი პარტიაა, როგორია თქვენი, ასე ვთქვათ, “საბრძოლო” სტრატეგია და ტაქტიკა?
აბსოლუტურად გეთანხმებით იმაში, რომ ეს არჩევნები ორი მიზეზის გამო იქნება ჩვენი ქვეყნისთვის გარდატეხის მომტანი: პირველი – ჩემი აზრით, როგორც იქნა, საქართველოში პოლიტიკური პარტიები ჩამოყალიბდნენ. აქამდე მხოლოდ მოქალაქეთა კავშირი არსებობდა, რომელიც ქვეყნის პოლიტიკურ სპექტრში მთლიანად დომინირებდა. მასთან ერთად ვერანაირად ვერ ხარობდნენ და თანაარსებობდნენ დანარჩენი პარტიები, ისინი უბრალოდ ფონს ქმნიდნენ, რომ ქვეყანაში ოპოზიცია არსებობდა. დღეს ქვეეყანაში პოლიტიკურ ძალთა განსხვავებული განლაგებაა. საპარლამენტო არჩვენებს თან მოჰყვება ასევე უსერიოზულესი საპრეზიდენტო არჩევნები. კონსტიტუციით დღევანდელ ჩვენს პრეზიდენტს ვადა ეწურება და ქვეყანა ახალი პრეზიდენტის მოლოდინში იქნება.

როგორ აყალბებდნენ არჩევნებს
ამისთვის მნიშვნელოვანია, თუ რომელი პოლიტიკური ძალა იქნება ძლიერად წარმოდგენილი. ამიტომაცაა, ყველა პოლიტიკური პარტიისთვის წინა საარჩევნო პერიოდი ძალიან დაძაბული. მეორე მიზეზი ახალი საარჩევნო კოდექსია. ყველამ კარგად ვიცოდით, ჩვენდა სამწუხაროდ, როგორ ტარდებოდა ქვეყანაში არჩევნები. მოქალაქეთა კავშირი მთლიანად აკონტროლებდა ცენტრალურ, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს. შესაბამისად, არჩევნების ბედს მოსახლეობა კი არა, ცენტრალური კომისია წყვეტდა და ის ოქმები, რომელიც კომისიებში დგებოდა არანაირად არ შეესაბამებოდა სინამდვილეს და ქვეყანაში რეალურ პოლიტიკურ ბალანსს. ამიტომაცაა, რომ კომისიების საკითხს პარლამენტი დღემდე იხილავს.

რაც შეეხება ჩვენს პარტიას, მიმაჩნია, რომ “ახალი მემარჯვენეები” გამარჯვების ერთ-ერთი ფავორიტია. დღეს ჩატარებული ყველა სოციოლოგიური კვლევა ამაზე მეტყველებს და რაც მთავარია, ერთი წლის წინ ჩატარებულ ადგილობრივ არჩევნებში ჩვენმა პარტიამ ბევრად მეტი ხმა მიიღო, ვიდრე ყველა დანარჩენმა ერთად. მართალია, თბილისში ლეიბორისტულმა და ნაციონალურმა პარტიამ ხმებით გადაგვისწრო, მაგრამ მოდით, ნუ ვიტყვით, რომ საქართველო მხოლოდ თბილისია. არჩევნები პროპორციული სისტემით მარტო თბილისში ჩატარდა. ჩვენმა მაჟორიტარებმა რაიონებში ბევრად მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს. “ახალი მემარჯვენეების” რაიონული ორგანიზაციების მუშაობა იმის თქმის საფუძველს იძლევა, რომ ამ არჩევნებშიც სერიოზულ გამარჯვებას მივაღწევთ. მზადება ძალიან სერიოზულია, ჩვენი შტაბი დაძაბულ რიტმში მუშაობს. სხვა პარტიებისგან განსხვავებით, ბევრ რაიონში გვეყოლება მაჟორიტარი, შეიძლება ითქვას, თითქმის ყველა რაიონში.

საბოლოოდ გადაწყვიტეთ, რომ მარტო გამოხვალთ არჩევნებზე?
ეს ისეთი კითხვაა, რომელზეც პასუხის გაცემა რთულია. პოლიტიკა ისეთი რამეა, ვერ გამოვრიცხავ, რომ დარჩენილ სამ თვეში შეიძლება რამე შეიცვალოს. თუკი, ბლოკში რომელიმე პარტიასთან ერთად გამოვალთ, ის ჩვენს პარტიასთან იდეოლოგიურად ახლო მდგომი იქნება. პირადად არ ვარ ასეთი გაერთიანების წინააღმდეგი. თუ ბლოკში ადგილები ვერ გავიყავით და ამ მიზეზით ვინმესთან კავშირი არ შედგა, გაუმართლებელია, რადგან მერკანტილური ინტერესები ჩვენთვის გადამწყვეტი არ არის. თუკი ასეთი რამ მართლაც მოხდა, ბლოკში მეტი ხმის მოსაპოვებლად კი არ გავერთიანდებით, არამედ იმ შემთხვევაში თუ, ერთი იდეოლოგია, ერთი პოზიცია გვექნება და ადამიანები ერთნაირად იაზროვნებენ და არ იქნება იმის საფრთხე, რომ დეპუტატის მანდატის ჯიბეში ჩადების შემდეგ, ისინი მოულოდნელად სხვანაირად დაიწყებენ ფიქრს. თუმცაღა, დრო იმდენად ცოტა რჩება, რომ გაერთიანების შანსი მცირდება. ბევრს საუბრობდნენ ჩვენს გაერთიანებაზე “დემოკრატებთან”, “ნაციონალურ მოძრაობასთან”. მინდა თქვენი ჟურნალის საშუალებით კიდევ ერთხელ განვმარტო, რომ ეს გაერთიანება არ მომხდარა ერთ პოლიტიკურ პლატფორმაზე, არამედ ერთი კონკრეტული საკითხის – საარჩევნო კოდექსის ირგვლივ. ამის გარეშე არც ერთი პოლიტიკური ძალისათვის აზრი არ ჰქონდა არჩევნებში მონაწილეობის მიღებას.

და დღეს ისევ კონკურენტებად რჩებით.
ბუნებრივია. მიმაჩნია, რომ საღი კონკურენცია ძალიან კარგია. იგი მტრობაში არ უნდა გადაიზარდოს. თუმცა, იმის წინააღმდეგიც ვარ, რომ საქართველოში ასობით პოლიტიკური პარტია არსებობდეს.

გაყალბებას ახლაც ვერ ავუვლით გვერდს
ოპოზიციური პარტიები იმხელა იმედებს ამყარებენ ახალ საარჩევნო კოდექსზე, შთაბეჭდილება მექმნება, მართლა ფიქრობთ, რომ ეს არჩევნები ხალხის ნების გამოხატულება იქნება.
იმედი მაქვს, რომ ხალხის ნების გამოხატულება იქნება, მაგრამ ვერც გაყალბებას ავუვლით გვერდს – შესაძლოა ცალკეულ უბნებში, ზოგიერთ რაიონში, გამორიცხული არ არის, რომ ასეთი რამ თბილისშიც მოხდეს, მაგრამ ადრეულ მასშტაბებს ვერ მიაღწევს. ზოგიერთი ადამიანი იმდენად არის მიჩვეული გაყალბებას, რომ ეს ჩვეულებრივად მიაჩნია. მეორე ფაქტორი – მაშინებს ის, რომ ხელისუფლებამ ვერ შეძლო ამომრჩეველთა რეალური სიის წარმოდგენა. დღეს, ჩემი ინფორმაციით, შსს-მ შეადგინა სია, მაგრამ იგი ძველია, რომელშიც გარკვეული კორექტივი შევიდა. ჩვენმა პარტიამ ჩაატარა აქცია – არჩევნები გაყალბების გარეშე, ყველა რაიონი, ქუჩა და კორპუსი მოვიარეთ და ზუსტი აღწერა ჩავატარეთ. ეს არ გაკეთებულა მხოლოდ ჩვენთვის, გასაცნობად გადავეცით ხელისუფლებას და ყველა პოლიტიკურ პარტიას. სიის შედგენა ძალიან შრომატევადი საქმე იყო. მარტო კომპიუტერული ვერსიის შექმნაზე 350 ადამიანი მუშაობდა, ხოლო კარდაკარ სიარულში – რამდენიმე ათასი. როცა გამოქვეყნდება ხელისუფლების სია, ბუნებრივია, შედარება მოხდება. უკვე ვიცი, რომ ეს ძალიან დიდ სხვაობას მოგვცემს და რამდენად იქნება საკმარისი დრო ამ ორი სიის შესადარებლად, არ ვიცი. წესით, სია 40 დღით ადრე უნდა გამოქვეყნდეს, მაგრამ, როგორც ხდება, წინა დღით, ან ორი დღით ადრე იკვრება. თუ ასე მოხდა, კატასრტოფა იქნება.

თქვენ აღნიშნეთ, რომ ამ არჩევნების შედეგები ყველაზე მეტად იქნება მიახლოვებული ხალხის ნებასთან, როგორია ხალხის ნება, რამდენად გათვითცნობიერებულია იგი პოლიტიკურ ძალათა იდეოლოგიაში და ზოგადად, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ შექმნილ პოლიტიკურ მდგომარეობაში, ანუ რა ნიშნით გააკეთებს იგი ამჯერად არჩევანს?
მეც ამომრჩეველი ვარ და როგორც რიგითმა ამომრჩეველმა, უნდა გიპასუხოთ, მაგრამ თვითონ ამომრჩეველიც იმდენად განსხვავებული მენტალიტეტისაა, რომ ძალიან რთულია რამის თქმა. მოდით, პრინციპების მიხედვით ვიმსჯელოთ, თუ რა პრინციპით შეიძლება ადამიანი მოქმედებდეს. პირველი – ფაქტია, რომ ხელისუფლებას აბსოლუტურად დაკარგული აქვს მოსახლეობაში ნდობა. მათი ერთადერთი ბერკეტი არჩევნების გაყალბებაა და თუ ეს გზაც მოვუჭერით, პოლიტიკური ავანსცენის მიღმა აღმოჩნდებიან. რაც შეეხება ოპოზიციურ პარტიებს, ისინი შეგვიძლია დავყოთ მემარცხენე და მემარჯვენე ფრთებად. მემარცხენე პოლიტიკოსებს ის უპირატესობა აქვთ, რომ მათი, ასე ვთქვათ, “მესიჯები” მოსახლეობისათვის კარგი მოსასმენია – უფასო ჯანდაცვა და განათლება, მაღალი ხელფასები, მთავარია, ვინმემ რამე მოინდომოს… სამწუხაროა, რომ ასეთი ადამიანები არ უფიქრდებიან, საიდან უნდა მოვიდეს ეს დოვლათი, ქვეყანაში რომ ყველაფერი უფასო გახდეს. ამიტომ ეს ცარიელი პოპულიზმია და საერთო არაფერი აქვს საქმის კეთების სურვილსა და რეალური პროგრამის არსებობასთან. რაც მთავარია, ასეთი პარტიები ყოველთვის თავს არიდებენ ხელისუფლებაში ყოფნას, ურჩევნიათ ოპოზიციური ნიშა დაიჭირონ და ვიღაც ყოველთვის ჰყავდეთ კრიტიკის ობიექტად, რადგან თვითონ ნაკლებად არიან ან საერთოდ არ არიან რამის გამკეთებლები. რაც შეეხება მემარჯვენე იდეოლოგიას, აქ საქმე ცოტა რთულად არის, მოსახლეობას უნდა აუხსნა, იმისათვის, რომ საქმე გაკეთდეს, საჭიროა რიგი არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმა.

ჩვენი პრინციპია ძლიერი და მდიდარი ადამიანები
რასაკვირველია, ჯანდაცვა და განათლება მთლიანად უფასო ვერ იქნება, მაგრამ მოდით, სხვანაირად შევხედოთ ყოველივე ამას, ოჯახს უნდა ჰქონდეს იმდენი შემოსავალი, რომ მან მარტივად დაფაროს ეს ხარჯები. ჩვენი პრინციპი ასეთია – ძლიერი და მდიდარი ადამიანი, შესაბამისად, ძლიერი და მდიდარი ოჯახები და აქედან გამომდინარე, ასეთივე სახელმწიფო.

აქედან გამომდინარე, მემარჯვენეები საკმაოდ არასახარბიელო მდგომარეობაში ხართ და ოპტიმიზმის საფუძველი ნაკლებად უნდა გქონდეთ.
ასეც ვერ ვიტყოდი, იცით… დღეს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილის პოლიტიკური ხედვა იმდენად არის დახვეწილი, რომ ისინი კარგად ასხვავებენ ტყუილს და მართალს, რეალურს და არარეალურს. ეს ჩვენთვის მომგებიანია, მაგრამ, სამწუხაროდ, ბევრი ამის ანალიზს არ აკეთებს. თუმცა, მოსახლეობას საკმაოდ დიდი პრაქტიკა აქვს, თუ რა შედეგი აქვთ ამ დაპირებებით, რამდენ სამუშაო ადგილს ქმნიდნენ და რა მიიღეს…

ამ დაპირებებს მოქალაქეთა კავშირი იძლეოდა, რომელსაც, როგორც აღნიშნეთ, მოსახლეობაში ნდობა აბსოლუტურად დაკარგული აქვს, ხოლო ოპოზიციას საპარლამენტო არჩევნებში ასეთი ლოზუნგების წყალობით ჯერ არ გაუმარჯვია.
მაშინ, ასე გიპასუხებთ, არ მინდა რომელიმე პოლიტიკური პარტია ვახსენო და ვინმეს დავუპირისპირდე, მაგრამ არსებობენ მემარცხენე პოლიტიკური ძალები, რომელთაც გარკვეულ წარმატებებს მიაღწიეს, მაგრამ შემდგომ, თვითონვე უარი თქვეს ხელისუფლებაზე იმიტომ, რომ წინასწარ იცოდნენ, წინასაარჩევნო ლოზუნგების განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა. ამასაც ხომ ხედავს მოსახლეობა? მთავარი ის კი არ არის, რომ ხალხს კარგი რამე უთხრა, მთავარია, ისეთი რამ დაჰპირდე, რომელიც შესაძლოა, ძალიან არ მოეწონოს, მაგრამ გადარჩენა ამ გზით შეიძლებოდეს. სხვათა შორის, სპეციალობით ქირურგი ვარ, თუკი ავადმყოფს ეტყვი, რომ არაფერი გჭირს, წადი წვეთები დალიე და მორჩები, ის გახარებული წავა და იტყვის, რა კარგი ექიმი ყოფილაო, არადა იცი, რომ მისი გადარჩენა ამ წვეთებით შეუძლებელია; მაგრამ თუკი ავადმყოფს შეიძლება რამე ეშველოს, უნდა უთხრა, რომ მას შესაძლოა დასჭირდეს უმძიმესი ოპერაცია, რომელიც შეიძლება 8,10,15 საათი გაგრძელდეს, საჭირო გახდეს რამდენიმე ორგანოს ერთად ამოკვეთა და ამის შემდეგ გარანტია გექნება, რომ ავადმყოფი გამოჯანმრთელდება. ქვეყანაც ასეა.

როგორც კი ცალკე ძალად ჩამოყალიბდით, ამბობდნენ, რომ თქვენი პოპულარობა საეჭვო იქნებოდა, რადგან მდიდარი ადამიანების პარტიად აღიქმებოდით და ხალხის გაღიზიანებას გამოიწვევდით, თუ გქონიათ ასეთი პრობლემები?
ასეთი პრობლემები, რასაკვირველია, იყო. დავიწყოთ იქიდან, თუ საიდან აღმოვჩნდით მოქალაქეთა კავშირის სიაში. მაშინდელმა ლიდერებმა დაგვიძახეს და გვითხრეს, თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებმაც ბიზნესში გარკვეულ წარმატებებს მიაღწეთ, ასობით, ათასობით ადამიანი დაასაქმეთ, ქვეყნის ბიუჯეტში მილიონობით ლარი თუ დოლარი შეიტანეთ, ვინც დაანახა ხალხს, რომ ასეთ სიტუაციაშიც შესაძლებელია ბიზნესის წარმოება და მოდით ჩვენს პარტიაში, თქვენ იქნებით ახალი სახეები და ყველა ის პრობლემა, რომელსაც დღეს სახელმწიფოს წინაშე წამოჭრით, საკანონმდებლო ორგანოდან თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ. საარჩევნო კამპანიის დროს ეს კარგად გამოიყენა მოქალაქეთა კავშირმა, მაგრამ როგორც კი დავიწყეთ კონკრეტულ საქმეებზე მუშაობა, გაგვაჩერეს და მკაფიოდ განგვიმარტეს, ეს თქვენი საქმე არ არის, იჯექით თქვენს თანამდებობებზე წყნარად, თუ რაიმე პირადი დაინტერესება გაქვთ, გვითხარითო. ამან გამოიწვია ასეთი მძაფრი დაპირისპირება მოქალაქეთა კავშირთან. ჩვენ ახალი პარტია შევქმენით და შევეცადეთ ჩვენი ინიციატივები განგვეხორციელებინა. მოსახლეობის დიდი ნაწილი კარგად ხედავს, რომ ასეთი მიდგომაა სწორი – ეძებ, სად შექმნა სამუშაო ადგილი, სად დაასაქმო ადამიანები, რა უნდა იყოს ქვეყანაში პრიორიტეტი, რა მიმართულებით უნდა იმუშავო და ა.შ. ასე რომ, შეხედულება, რომ ესენი მდიდარი ადამიანები არიან, ვინმესთვის, შესაძლოა, გამაღიზიანებელი იყოს, მაგრამ მოსახლეობამ საღად უნდა დაინახოს, რომ ასეთ ადამიანებს თანამდებობები კორუფციისთვის არ სჭირდებათ.

სხვა პარტიებისგან განსხვავებით, რომლებთაც ზოგადად აქვთ ქვეყნის ეკონომიკური მოწყობის გეგმა, თქვენ მოსახლეობას კონკრეტულად შესთვაზეთ საქართველოს ეკონომიკის აღმშენელობის 900-დღიანი ვადა, ვინ არის ამ პროექტის ავტორი და რა ძირითადი მიმართულებებისგან შედგება იგი.
მიმაჩნია, თუ პოლიტიკურ პარტიას ხელისუფლებაში მოსვლის სერიოზული პრეტენზიები და ამბიცია აქვს, მან თავის ამომრჩეველს უნდა წარუდგინოს ძალიან კონკრეტულად და გაშირფულად ყველა ის ხედვა, თუ როგორ წარმოუდგენია ქვეყნის ეკონომიკური მოწყობა და სად ხედავს მის მომავალს. მას შემდეგ, რაც ჩამოყალიბდა პოლიტიკური გაერთიანება “ახალი მემარჯვენეები”, ფაქტობრივად, იმ დღიდან დავიწყეთ ამ პროგრამაზე მუშაობა. ჩამოყალიბდა პროგრამული ჯგუფი, რომელიც ჯერ 10, შემდეგ კი, 15 პროგრამული სექტორისგან შედგებოდა – ჯანდაცვა, განათლება, თავდაცვა, საგარეო ურთიერთობები, გარემოს დაცვა და ა.შ. თითოეული სექტორი მუშაობდა ამ სფეროში დასაქმებულ სპეციალისტებთან, ხდებოდა მათი და მოსახლეობის აზრის მაქსიმალური შესწავლა, შემდეგ დაკონკრეტება, ქაღალდზე გადატანა, ფორმულირება და, შესაბამისად, იმ გადაწყვეტილების მიღება, თუ რომელი გზა არის სწორი და საით უნდა წავიდეს ქვეყანა. ჩვენ შევქმენით დოკუმენტი, რომელიც საკმაოდ დიდი და სქელტანიანია, სადაც ყველა მიმართულება დეტალურად არის გაშიფრული, ნათქვამია, რა უნდა გაკეთდეს ქვეყანაში, რომელი კანონი რომლით უნდა შეიცვალოს, როგორი უნდა იყოს აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურა, ქვეყნის ადმინისტრაციული მოწყობა და ა.შ. ასევე გავაკეთეთ ამ პროგრამის მოკლე ვარიანტი, რომელიც მოსახლეობისათვის ადვილი გასაგები იქნებოდა.

პროგრამის თეზისები
900 დღე – ორი წელი და 170 დღეა, რის გაკეთებას ჰპირდებით ამ ვადაში მოსახლეობას, ანუ სადამდე მიხვალთ?
ეს 900 დღეც დაყოფილია, პირველი ეტაპი 400 დღეს მოიცავს, ანუ ერთი წლის განმავლობაში უნდა გაკეთდეს ყველაზე აუცილებელი. ამ ვადაში უნდა მოხდეს:

2003 წლამდე სახელმწიფოსადმი დაგროვილი საგადასახადო დავალიანებების გაუქმება;
საყოველთაო საგადასახადო აღრიცხვისა და დეკლარირების სისტემის შემოღება;
დამატებითი ღირებულების გადასახადის (დღგ) გაუქმება და ქვეყანაში ერთიანი ბრუნვის ფიქსირებული გადასახადის შემოღება;
სოფლის მეურნეობაში ადგილობრივი წარმოების დაცვა ანალოგიური პროდუქციის იმპორტზე სეზონური საბაჟო ტარიფების დაწესებით;
გაყინული პენსიებისა და ხელფასების დაბრუნების რეალური პროგრამის შემუშავება და შესრულების ბიუჯეტში გაწერა;
მცირე სავაჭრო ობიექტების სისტემის განვითარების ხელშეწყობა და მათზე სახელმწიფო და კრიმინალური რეკეტის აღკვეთა;
საშემოსავლო გადასახადის შემცირება ფიქსირებულ 12%-მდე;
ოჯახებისთვის საშემოსავლო გადასახადში თითოეულ ბავშვზე 200 ლარამდე შეღავათის დაწესება;
მოქალაქის მიერ ჯანდაცვაში და განათლებაში გადახდილი თანხების საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება;
ბიზნესის სიდიდის გათვალისწინებით, მოგების გადასახადის რეგრესული შკალის შემოღება;
რეინვესტირებისას საგადასახადო შეღავათის დაწესება;
ენერგიის დისტრიბიუტორი კომპანიების დავალდებულება, კონტრაქტის საფუძველზე უზრუნველყონ ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის უწყვეტი მიწოდება ყველა კეთილსინდისიერი გადამხდელისათვის;
საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტურის სფეროს დაწესებულებების გადასახდებისაგან გათავისუფლება;
მეცენატობის ხელშეწყობა კულტურის, მეცნიერების, განათლებისა და სპორტის სფეროებში;
მართლწესრიგის აღდგენის მიზნით, სამართალდამცავი სისტემის რეფორმირების საკანონმდებლო პაკეტის მიღება.

ამის შემდგომ, ტემპს იკრებს ყველა ამ კანონებიდან გამომდინარე საქმინობა, როგორ ვითარდება ბიზნესი, როგორია დამოკიდებულება სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის, მაკონტროლებელ ორგანოებსა და ბიზნეს-სტრუქტურებს შორის, 900 დღის განმავლობაში ყალიბდება ეს სქემა.

როგორია თქვენს პროგრამაში რეგიონალური ეკონომიკის აღდგენისა და განვითარების კონცეფცია?
ამ საკითხს პროგრამაში ცალკე თავი აქვს მიძღვნილი. საქართველო თავისი გეოგრაფიით ძალიან საინტერესო ქვეყანაა. მიუხედავად იმისა, რომ რუკაზე თუ შევხედავთ, სხვა ქვეყნებთან შედარებით პატარაა, იმდენად განსხვავებულია დასავლეთი და აღმოსავლეთი, ჩრდილოეთი და სამხრეთი, შეუძლებელია მისი ცალკეული რეგიონები განვითარების ერთიან კონცეფციაში მოათავსო. თუ სამეგრელოს, აჭარის, გურიის პრიორიტეტები ერთია, ისინი განსხვავებული უნდა იყოს სამცხე-ჯავახეთისთვის, მთიანი რაჭის, სვანეთის, გარდაბანის თუ დმანისისთვის. ამიტომ რეგიონალური ეკონომიკის განვითარება, რეგიონალურ სიმდიდრეებზე, ტრადიციებზე უნდა იყოს აგებული.

იქნებ, ცოტა მემარცხენეებს მიბაძოთ და გვითხრათ, 900 დღის შემდეგ რამდენი იქნება საშუალო ხელფასი?
ასე კონკრეტულად პროგრამაში მითითებული არ გვაქვს, მაგრამ გეტყვით, რომ მნიშვნელოვნად მეტი, ვიდრე საარსებო მინიმუმია. საშუალო ხელფასი ჩვენს მოქალაქეებს უნდა აძლევდეს არა არსებობის, არამედ ცხოვრების საშუალებას. დღევანდელი საარსებო მინიმუმი, 115 ლარი იმის საშუალებას აძლევს ადამიანს, რომ ფიზიკურად გადარჩეს, მაგრამ ჩვენ სხვა დამოკიდებულება გვაქვს მოსახლეობის მიმართ – იგი არა თუ არ უნდა მოკვდეს, უნდა იცხოვროს ისე, როგორც მას შეეფერება. დღევანდელი საარსებო მინიმუმი მიმაჩნია, რომ ძალიან დაბალია, საშუალო ხელფასი და პენსია საარსებო მინიმუმზე ბევრად მაღალი იქნება.

სიღარიბის დაძლევის პროგრამაზე წლების მანძილზე მიდიოდა მუშაობა და მასზე საკმაოდ დიდი თანხები დაიხარჯა, იგი არა ერთხელ გამხდარა საჯარო განხილვის საგანი, მაგრამ სპეციალისტები მაინც უკმაყოფილონი არიან. იქაც კი, ხელფასებისა და პენსიების არც ისეთი მნიშვნელოვანი ზრდა საკმაოდ შორეული პერსპექტივაა.
სიღარიბის დაძლევის პროგრამა ადამიანმა რომ წაიკითხოს, შეიძლება არ იყოს ცუდი, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ ვინ ახორციელებს მას. პროგრამა არ უნდა არსებობდეს მარტო პროგრამისთვის. სამწუხაროდ, სიღარიბის დაძლევის პროგრამა ხელისუფლებამ მისი გაღრმავების პროგრამად აქცია, იგი არა თუ დაიძლია, პირიქით აბსოლუტურად ყველაფერს სძლია. ხელისუფლებას, პირველ რიგში, უნდა შეეძლოს პროგრამის გატარება, ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლებაში მყოფი ადამიანები არ არინ კორუფციის მორევში ჩაფლულნი, მათი პროფესიონალიზმი და ინტელექტი იძლევა ამ პროგრამის დაძლევის საშუალებას. ამასთან, აუცილებელია ამ ადამიანებს ამის ინტერესი ჰქონდეს. პირადად, ხელისუფლებაში ასეთ ადამიანებს ვერ ვხედავ.

იმ შემთხვევაში, თუ უმრავლესობაში ვერ მოხვედით, რა ბედი ელის ამ პროგრამას?
მნიშვნელობა არ აქვს პოზიციაში ვიქნებით თუ ოპოზიციაში, მთავარია, არსებულ ხელისუფლებას დავუსაბუთოთ ამ პროგრამის რეალურობა და მართებულობა, დავითანხმოთ, რომ ამ გზით წავიდეს. ჩვენთვის აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა, ვისი სახელი დაერქმევა ამ პროგრამას, მთავარია ეს გაკეთდეს.

სხვათა შორის, ნაციონალებმაც განაცხადეს, რომ საქართველოს ეკონომიკის აღორძინების პროგრამა აქვთ, საუბარია გია მაისაშვილის “რეცეპტზე”, თუ გინახავთ ეს პროგრამა, რასაკვირველია, თუკი იგი არსებობს ისეთი სახით, როგორც თქვენ გაქვთ წარმოდგენილი.
ამ პროგრამის შესახებ მსმენია, ფურცლებზე დაწერილი მინახავს კიდეც, მაგრამ ასეთი სახით არა. გია მაისაშვილს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ მახსოვს მისი საქმიანობა საქართველოში ათეული წლის უკან, როცა არსებობდა “კავკასიის ბანკი”, “კავკასიის ბირჟა”, სადაც გია მაისაშვილი მოღვაწეობდა; ვიცი რა პრობლემებიც არსებობდა იქ. კარგია, თუ ბატონმა გიამ თავისი ხედვის გადაფასება მოახდინა და რეალური პროგრამა შეადგინა, ეს მხოლოდ მისასალმებელია. ხოლო, თუკი პროგრამა მაშინდელი მიდგომებით და ფორმებით გაკეთდა, სამწუხარო იქნება, რადგან იგი კრახს განიცდის.

ტრადიციული კითხვა უნდა დაგისვათ, რომელიც წინასაარჩევნოდ ყოველთვის ჟღერს ხოლმე. თქვენი პოლიტიკური პროგნოზი – როგორი იქნება ძალთა განლაგება მომავალ პარლამენტში იმ საარჩევნო კოდექსით, რომელიც, იმედია, მეორე და მესამე მოსმენით გავა.
პირველ რიგში, საკმაოდ რთულია პროგნოზის გაკეთება, მეორეც, არ მინდა რომელიმე პარტიას რეკლამა გავუკეთო ან კიდევ, პირიქით. თამამად ვიტყვი, რომ სახელისუფლებო ბლოკს გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვს. ხელისუფლებას ყოველთვის აქვს შესაძლებლობა ქვეყნისთვის მეტი გააკეთოს, ვიდრე ოპოზიციურმა პარტიამ და როცა ხელისუფლება ამ შესაძლებლობას ხელიდან უშვებს, ეს მთელი ქვეყნის ტრაგედიაა. ამას დიდი ტკივილით და სინანულით ვამბობ. კარგი იქნებოდა, ხელისუფლებაში მყოფ პარტიას ხალხთან სალაპარაკო ჰქონდეს და იმის საშუალებაც, რომ ამომრჩეველს თავისი შედეგი დაანახოს. კატასტროფაა, როცა არ არსებობს რაიმე შედეგი, უარყოფითის გარდა. ასევე ვუყურებ, სხვათა შორის, “აღორძინებასაც”, ამის საფუძველს მაძლევს ის, რომ ეს ბლოკი რეიტინგული არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას ასე ებრძვის. როგორც ჩანს, მას სერიოზული შიშის სინდრომი გაუჩნდა ამ არჩევნების მიმართ.

გვინდა არ გვინდა, უნდა ვაღიაროთ, რომ ლეიბორისტულ პარტიას მუდმივად საკმაოდ მაღალი რეიტინგი უჭირავს, მემარცხენე ნიშა საიმედოდ აქვს დაკავებული. გარკვეულწილად, ამ ნიშაში თანაარსებობს ნაციონალური მოძრაობაც, რადგან არის საკითხთა გარკვეული ჩამონათვალი, სადაც ისინი მემარცხენე პოზიციებს იჭერენ, რიგ საკითხებში – მემარჯვენეს. რაც შეეხება ამ ფლანგს, ის მთლიანად “ახალ მემარჯვენეებს” უჭირავთ.

როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანი იქნება გარე ძალების გავლენა არჩევნების შედეგებზე?

მიმაჩნია, რომ პოლიტიკურ შედეგზე გარე ძალებს მნიშვნელოვანი გავლენა ვერ ექნება.

PR-ის წარმოებაში ამერიკელები გვეხმარებიან
რასაკვირველია, გარკვეული დახმარება ფინანსური თუ საქმიანი ამერიკიდან, ევროპიდან თუ რუსეთიდან იქნება. ჩვენ, მაგალითად, Pღ-ის წარმოებაში ამერიკელები გვეხმარებიან, დარწმუნებული ვარ, ანალოგიური დახმარება სხვადასხვა ძალების მხრიდან ყველა პოლიტიკურ პარტიას ექნება, მაგრამ არჩევნების შედეგზე ამას გადამწყვეტი გავლენა არ ექნება. ხშირად ინვესტორებთან დამოკიდებულებაც პოპულიზმის საგანი ხდება, ბევრი პოლიტიკური პარტიის მხრიდან, ამერიკული თუ რუსული კომპანიებისადმი დამოკიდებულების გამოხატვა, მიმაჩნია, რომ, ხშირ შემთხვევაში, გადაჭარბებულიც კი არის. ბიზნესი თუ სამეწარმეო საქმიანობა ყოველთვის არ უნდა გავაიგივოთ პოლიტიკასთან, თუმცაღა, ვეთანხმები იმ აზრს, რომ საქართველომ არ უნდა დათმოს თავისი სტრატეგიული პოზიციები მნიშვნელოვან სტრატეგიულ სფეროში და ის არ უნდა ჩაუვარდეს ხელში არც ერთ ნებისმიერ გარეშე ძალას.

სხვათა შორის, პოლიტიკოსები ამბობენ, რომ 1999 წლის არჩევნებს და მის გაყალბებას, უხეშად რომ ვთქვათ, ამერიკის ყოფილი ელჩი ხელმძღვანელობდა.
პირადად, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ გაყალბებისთვის მას ეხელმძღვანელა. ელჩი წარმოადგენს თავისი სახელმწიფოს სახეს სხვა სახელმწიფოში და ამერიკის არც ერთი სახე გაყალბების მომხრე არ იქნება. იგი დემოკრატიის ფორსპორტია მთელ მსოფლიოში და ყველგან დემოკრატიას ქადაგებს. თუ ვინმეს უნდა, რომ ამერიკას და ამერიკელებს შეურაცხყოფა მიაყენოს, სწორედ ისინი არიან იმ იდეის გამავრცელებლები, რომ თითქოს ამერიკელები პირველი გამყალბებლები არიან და ა.შ. ვფიქრობ, სოციალისტურმა წყობამ იმდენად დაგვამახინჯა, ყოველთვის ვეძებთ, ვის გადავაბრალოთ ჩვენი შეცდომები, ახლა თურმე ამერიკა ყოფილა გაყალბებაში დამნაშავე.

მაშინ, როცა მოქალაქეთა კავშირი ერთიანი იყო, წინა არჩევნები მაქვს მხედველობაში, ჟვანია-სააკაშვილი ამერიკის უსაზღვრო მხარდაჭერით სარგებლობდა, რაც ოპოზიციის საშინელ გაღიზიანებას იწვევდა.
ამერიკის მხარდაჭერა შევარდნაძეს ჰქონდა, შესაბამისად, ამ მხარდაჭერით ჟვანია-სააკაშვილიც სარგებლობდა.

ამერიკელების მხრიდანაც აქცენტი მათზე კეთდებოდა.
მაგრამ, მეორეც ვთქვათ, რაც შეეხება PR-ისა და საარჩევნო ტექნოლოგიების საკითხებს, მაშინ ჟვანია-სააკაშვილს რუსები ეხმარებოდნენ. მაშინ, რატომ ვაბრალებთ ყოფილ ელჩს გაყალბებას? რუსებს დავაბრალოთ, რომლებიც მაშინ ამ გუნდს გვერდით ედგნენ.

კიდევ ერთი ტრადიციული კითხვა – რამდენის დახარჯვას აპირებთ არჩევნებზე?
რამდენსაც მოვიზიდავთ, მინდა, რომ ბევრი მოვიზიდოთ და, შესაბამისად, ბევრი დავხარჯოთ, იმიტომ, რომ რეალურად, არჩევნები ის პროცესია, როცა ზღვარი არ აქვს რამდენს დახარჯავ. ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი თანხების მობილიზებას შევძლებთ…

დაახლოებით რამდენის?
ვერ გეტყვით და არც მინდა რომ ვთქვა, ჯერ ერთი, არ ვიცი, რადგან ერთია, დღეს რა გვაქვს და რამდენს ვხარჯავთ და მეორე, სამ თვეში რისი საშუალება გვექნება და კიდევ, არ მინდა ჩვენს მოწინააღმდეგებს ამის შესახებ ინფორმაცია მივაწოდო, თქვენი ჟურნალისადმი უსაზღვრო პატივისცემის მიუხედავად, ამ თანახას ვერ დაგისახელებთ.