სოციალური პოლიტიკა – საქართველოს ეკონომიკის ორიენტირი თუ სავალალო შედეგი?

ლიკა კვარაცხელია

საბაზრო ეკონომიკის პირობებში ეკონომიკის ნებისმიერ საკითხზე კამათი განსაკუთრებული სიმწვავითა და აზრთა მრავალფეროვნებით გამოირჩევა. განსაკუთრებით მტკივნეულია პრობლემა, როცა იგი მოსახლეობის სოციალური დაცვის საკითხს ეხება.

ბოლო ათწლეულის განმავლობაში მიმდინარე გარდაქმნებმა კარდინალურად შეცვალა სახელმწიფოებრივი მიდგომა ყველა ეკონომიკური პრობლემისადმი, ტრანსფორმაცია განიცადა სახელმწიფოს სამეწარმეო საქმიანობის მასშტაბებმა, სახელმწიფოს ეკონომიკაში ჩარევისა და მის მიერ ეკონომიკის რეგულირების საკითხებმა, მაგრამ, როცა საკითხი მოსახლეობის სოციალურ დაცვას ეხება, სახელმწიფოს როლი მნიშვნელოვანი ხდება.

საბაზრო ეკონომიკიაზე გადასვლის “შოკური თერაპიის” ქართულმა ვარიანტმა მრავალი კითხვა პასუხის გარეშე დატოვა. დღეს, ისტორიული გადასახედიდან უფრო გამოიკვეთა ის კრიზისი და ეკონომიკური პრობლემების საწყისებიდან აღმოცენებული წინააღმდეგობები, რომლებმაც ქვეყანა წლების განმავლობაში მოიცვა და რომლის შედეგები ჯერ არ განელებულა. აუნაზღაურებელია ის უდიდესი ფსიქოლოგიური და მატერიალური დანაკლისი, რომელიც სხვადასხვა თაობამ თავის თავზე მიიღო და რომლის მიზეზი გარდამავალი პერიოდის ბუნებრივი თუ ხელოვნურად შექმნილი წინააღმდეგობები იყო. რეფორმების არათანამიმდევრულმა გატარებამ, გარდამავალი პერიოდის ეკონომიკური პროგრამის და ქვეყანაში ელემენტარული მშვიდობიანი გარემოს არარსებობამ ქვეყნის ეკონომიკა გააჩანაგა, შესაბამისად, მოიშალა სოციალური დაცვის ყველა მექანიზმი. დამკვიდრდა სრული განუკითხაობა, “ჯუნგლის კანონი” და რაც მთავარია, შეილახა ადამიანის ფაქტორი.

ეკონომიკის ჯაჭვისებურმა აგებულებამ სათავეშივე გაღვივებული პრობლემა ყველა სფეროს გადასცა: საინვესტიციო, საგარეო, საგადასახადო, ფულად-საკრედიტო სფეროებს. კრიზისი განსაკუთრებული სიმწვავით მოსახლეობის სოციალური დაცვის სფეროში გამოვლინდა. გეგმიანი ეკონომიკის რღვევის შემდეგ, რეგულირების ქვეშ მოქცეული სოციალური დაცვის მექანიზმები მთლიანად მოიშალა. ეს ის პერიოდია, როცა ძველი ყველაფერი დაინგრა და ახალი არაფერი შექმნილა.

ბუნებრივია, სოციალურ ფონდებში სახელმწიფო ფინანსების კრიზისთან ერთად სახსრები მნიშვნელოვნად შემცირდა, რამაც მნიშვნელოვნად დაამუხრუჭა ამ სფეროში რეფორმების გატარება.

წარმოების პროცესის პარალიზებამ უდიდესი პრობლემები შეუქმნა ამ სფეროს, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა წარმოებისა და სოციალური სფეროებს შორის მჭიდრო კავშირი, სახელმწიფოს ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის მთლიანობა.

სახელმწიფოს როლის შესახებ გადანაწილების პროცესში შეხედულებები არაერთგვაროვანია. მსოფლიო ეკონომიკურ ლიტერატურაში არსებობს “შიში” სახელმწიფოს ზომაგადასული ჩარევის გამო, რამაც შეიძლება უფრო მეტი ზიანი მოუტანოს ეკონომიკას. მოსახლეობის სოციალური გათანაბრებისადმი ლტოლვამ, მათი განსხვავებული სამეწარმეო უნარის მიუხედავად, შეიძლება შრომისადმი გულგრილი დამოკიდებულება და საქმიანი აქტივობის შემცირება გამოიწვიოს. ეგალიტარული მიდგომა სახელმწიფოს მხრიდან ადამიანების სოციალური, ეკონომიკური საზოგადოებრივი მდგომარეობის მიმართ გამოიწვევს სუბიექტების მისწრაფების გაქრობას – იცხოვრონ უკეთესად, საკუთარი ნიჭისა და შრომის ფასად, სწორედ უკეთესი მომავლისკენ ლტოლვა განაპირობებს მეცნიერულ-ტექნიკური მიღწევების დანერგვას, იაფი, ხარისხიანი საქონლისა და მომსახურების წარმოებას, რაც საბოლოო ჯამში, ეკონომიკის განვითარების მექანიზმად გვევლინება. საზოგადოებაში სწორედ მსგავსი მოტივების გარეშე შეიძლება შრომისადმი ნიჰილისტური დამოკიდებულება ჩამოყალიბდეს.

ამ საკითხზე საინტერესო მოსაზრება გამოთქვა ცნობილმა მონეტრისტმა, მ. ფრიდმანმა. მისი წიგნის “კაპიტალიზმი და თავისუფლება” ერთ-ერთ თავში – “თავისუფლება, თანასწორობა, ეგალიტარიზმი” დასმულია საკითხი სახელმწიფოს მოვალეობისა და ფუნქციების შესახებ. ამავე თავში ინგლისის ომის შემდგომი ეკონომიკური მდგომარეობა შემდეგნაირად არის დახასიათებული: “ინგლისის ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი მიმართულება ადამიანთა საქმიანობის საბოლოო შედეგების სულ უფრო მეტი გათანაბრება გახდა. მთავრობა სულ უფრო მეტ ზომებს მიმართავდა, რათა მდიდრების ჭარბი შემოსავალი ღარიბებისთვის გადაეცა. გადასახადი იმდენად გაიზარდა, რომ მაღალი შემოსავლების მქონე ადამიანთა გადასახადი უძრავი ქონების შემოსავლებიდან 98%-ს აღწევდა, ხოლო სამეწარმეო საქმიანობიდან – 83%-ს, მემკვიდრეობის გადასახადი კი, კიდევ უფრო მაღალი იყო. პარალელურად გაფართოვდა სახელმწიფო დახმარებები და შემწეობები, სახელმწიფო, საყოფაცხოვრებო და სამედიცინო მომსახურების სფეროები, გაიზარდა პენსიები და დახმარებები უმუშევრებსა და პენსიონერებზე”. როგორც ავტორი აღნიშნავს, სახელმწიფოში შემოსავლების კოლოსალური გადანაწილება მოხდა, მაგრამ ამ პროცესის შედეგი სულ სხვა რამ აღმოჩნდა, ანუ ექსპერიმენტი წარუმატებლად დამთავრდა, რადგანაც იგი ეწინააღმდეგებოდა ყველა ადამიანის მთავარ ინსტინქტს. მას, ადამ სმიტი განმარტავს, როგორც “თითოეული ადამიანის მუდმივ, განუწყვეტელ მისწრაფებას, გააუმჯობესოს თავისი ცხოვრება”.

არსებობს რამდენიმე მიდგომა სოციალური სამართლიანობისადმი:
1. ეგალიტალური – საზოგადოების ყველა წევრი შემოსავლების მიხედვით თანასწორუფლებიანი უნდა იყოს.
2. როულსიანური, რომელსაც საფუძველი ჩაუყარა ფილოსოფოსმა როულსმა. იგი გულისხმობს ყველაზე უზრუნველყოფილი ფენების სარგებლიანობის მაქსიმიზაციას.

დამოუკიდებლობა სოციალური სამართლიანობის მიმართ მრავალგვარია, მაგრამ დღესდღეობით გადასახადების საშუალებით შემოსავლების გადანაწილების საქმეში გამოიკვეთა სახელმწიფოს აქტიური როლი, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ გადასახადების ზრდით გამოიხატება.

საქართველო ერთადერთი ქვეყანა არ იყო, სადაც შემოსავლების მიხედვით, მოსახლეობის მკვეთრი პოლარიზაცია აღინიშნა. ამ პროცესმა მოიცვა პოსტსაბჭოური სივრცის მრავალი ქვეყანა და საზოგადოების პოლარიზაციამ ნიშანდობლივ ზღვარს მიაღწია. ქვემოთ მოყვანილ ცხრილში, რომელიც მსოფლიო ბანკის გამოკვლევების საფუძველზე შეიქმნა, მოცემულია მთლიანი შემოსავლების მოცულობის განაწილება მოსახლეობის ძირითად სოციალურ ფენებს შორის. მოსახლეობის სტრუქტურა შემოსავლების მიხედვით შემდეგნაირია: ძალიან მდიდრები – 20%, საშუალო ფენა – 60%, უმცირესი შემოსავლების ჯგუფი – 20%. ცხრილის ბოლოს ნაჩვენებია დეცილური კოეფიციენტი, რომელიც გვიჩვენებს, თუ რამდენად სჭარბობს ყველაზე მდიდარ ადამიანთა შემოსავლები ღარიბებისას. რაც უფრო მაღალია ეს კოეფიციენტი, მით უფრო მეტია უთანასწორობა შემოსავლებში. შედარებისთვის, ბოლო ორ სვეტში მოცემულია ორი, ამ მხრივ, სრულიად განსხვავებული სახელმწიფოს, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ბრაზილიის მონაცემები (იხ. ცხრილი 1).

როგორც ცხრილიდან ჩანს, აღმოსავლეთ ევროპის მაჩვენებლები ძალზე წააგავს ერთი მეორეს. ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებისგან განსხვავებით, მკვეთრი უთანასწორობის ზრდის აღკვეთა და სტაბილური საშუალო ფენის ჩამოყალიბება მაინც მოხერხდა, რაც სახელმწიფოში მშვიდობიანი თანაცხოვრების პოლიტიკური სტაბილურობისა და უსაფრთხოების გარანტი გახდა. სრულიად განსხვავებული სურათი შეიქმნა ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში. აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებისგან განსხვავებით, პროცესები საპირისპირო მიმართულებით წარიმართა.

საშუალო ფენამ გარდამავალ პერიოდში, ფაქტობრივად, არსებობა შეწყვიტა, რაც განპირობებული იყო მისი ძირითადი შემოსავლის წყაროს – ხელფასის ან სრული დაკარგვით, ან იმ დონეზე შემცირებით, რომ იგი ვერანაირად ვერ აკმაყოფილებდა ადამიანის მინიმალურ საარსებო მოთხოვნებს. საშუალო ფენის გაქრობა მოსახლეობის სოციალურ ინფრასტრუქტურაში, ძირითადად, ორი მიმართულებით მიმდინარეობდა:
1. ეკონომიკური კრიზისის გამო დაიხურა, არსებობა შეწყვიტა ან პროფილი შეცვალა მრავალმა საწარმომ, რის გამოც კატასტროფულად გაიზარდა უმუშევრობის დონე.
2. სამუშაო ადგილის შენარჩუნების შემთხვევაშიც კი, შემცირდა რეალური შემოსავალი და დასაქმებულთა უმეტესობა სიღარიბის ზღვარს მიღმა აღმოჩნდა. ამ მხრივ, კლასიკურ მაგალითს წარმოადგენს უკრაინა, სადაც რეალური ხელფასი 70%-ით შემცირდა, ხოლო უმუშევრობამ 3%-ს ვერ მიაღწია.

პირიქით მოხდა გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში. რეალური ხელფასი არ შემცირებულა, სამაგიეროდ, უმუშევრობამ 35%-ს მიაღწია.

საქართველოში ეს პროცესები შეიძლება ითქვას, ორივე მიმართულებით წარიმართა. უმუშევრობა გარდამავალი ეტაპის თანმხლები პროცესი გახდა, რის გამოც შემცირდა სამუშაოს ისედაც დაბალი ფასი. 1991 წლიდან დაწყებული შემოსავლების შემცირებასთან ერთად შეინიშნება დასაქმების მაჩვენებლის მკვეთრი გაუარესება. ასე, მაგალითად, თუ 1990 წელს შრომით რესურსებში დასაქმებულთა წილი იყო 87%, 1994 წელს მან 59,2% შეადგინა, 1995 წელს – 58,7%, 1995 წელს კი, 58%.

უმუშევრობის მწვავე პრობლემამ, შემოსავლების შემცირებამ მოსახლეობაში უთანასწორობის სულ უფრო მეტი გაღრმავება განაპირობა.

ასეთ ვითარებაში, სოციალური სფეროს რეგულირება საკუთარ თავზე სახელმწიფომ უნდა აიღოს; წინ უნდა წამოიწიოს ადამიანურმა ღირებულებებმა; ეკონომიკური ზრდის საბოლოო რეზულტატი სოციალური შედეგი უნდა გახდეს; თუ ლაპარაკია, ეკონომიკის ახალ ორიენტაციაზე, ადამიანურ ფაქტორებზე, უნდა გამოიყოს გრძელვადიანი სოციალური განვითარების მიზნობრივი პროგრამები; მას მიეკუთვნება მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის, კულტურის და სულიერი სფეროს ამაღლების, ეკოლოგიის გაჯანსაღების პროგრამები.

2. სახელმწიფომ საქმიანი აქტივობით ისეთი გარემო უნდა შექმნას, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი დასაქმდეს და საკუთარი ძალებით შეძლოს საკუთარი თავისა და ოჯახის მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება. ამგვარად, სახელმწიფო განთავისუფლდება იმ ვალდებულებებისაგან, რომელიც მას სიღარიბის ზღვარს მიღმა არსებული მოსახლეობის წინაშე აკისრია; ამის შემდეგ, მისი სოციალური პოლიტიკის ქვეშ უნდა მოექცეს მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც რეალურად საჭიროებს დახმარებასა და შეწყობას სახელმწიფოს მხრიდან; მოხდეს იმ ადამიანთა ზუსტი აღრიცხვა, რომლებიც გადაუდებელ სოციალურ დახმარებას საჭიროებენ; მოწესრიგდეს სააღრიცხვო სისტემა და გამოვლინდეს მოსახლეობის მოხმარების სტრუქტურა დეცილური ჯგუფების მიხედვით.

ეკონომიკურ თეორიაში მსგავსი მაჩვენებელის გამოსავლენად გამოიყენება “ლორენცის მრუდი”, სადაც ჰორიზონტალურ ღერძზე აღინიშნება მოსახლეობის პროცენტი ღარიბი ფენიდან მაღლისაკენ, ხოლო ვერტიკალურზე – მათ მიერ მიღებული შემოსავლის პროცენტი. შემოსავლები რომ აბსოლუტურად თანაბრად ნაწილდებოდეს, მაშინ მოსახლეობის 20%-მა, მთლიანი შემოსავლის 20% უნდა მიიღოს, 40%-მა – 40%, 60%-მა მთლიანი შემოსავლის 60%, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ასე არ ხდება (იხ. სქემა).

რაც უფრო დახრილია “ლორენცის მრუდი” აბსოლუტური თანასწორობის ხაზიდან, მით უფრო მეტი უთანასწორობა შეინიშნება შემოსავლებში. ხოლო თუ ამ მრუდით შემოსაზღვრულ ფართს მთლიან ფართთან შევაფარდებთ, მივიღებთ მაჩვენებელს, რომელიც შემოსავლების განაწილებაში უთანასწორობის ხარისხს ასახავს. ამ მაჩვენებელს ჯინის კოეფიციენტი ეწოდება. ბუნებრივია, რაც უფრო იხრება “ლორენცის მრუდი” აბსოლუტური წონასწორობის ხაზიდან, მით უფრო უახლოვდება ჯინის კოეფიციენტი ერთს.

3. ჯინის ინდექსი სხვადასხვა ქვეყნებში განსხვავებულია. 80-იან წლებში იაპონიაში იგი 0,270 შეადგენდა, შვეციაში – 0,291, ამერიკის შეერთებულ შტატებში – 0,329. ბრაზილიაში – 0,562, რუსეთში 1992 წელს ეს მაჩვენებელი 0,238-დან 0,289-მდე მერყეობდა. საქართველოს პირობებში ჯინის კოეფიციენტი საკმაოდ მაღალია, რაც შემოსავლების უთანასწორობის მაღალ ხარისხზე მიუთითებს.

მიუხედავად იმისა, რომ 1995 წლიდან მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა შეინიშნება, 1996-2000 წლებში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი მოსახლეობის ერთ სულზე 46,7%-ით გაიზარდა, ხოლო ცხოვრების დონე არ ამაღლებულა.

2002 წლის დეკემბერში საქართველოს ქალაქების გასაშუალებელი ფასების მიხედვით, გაანგარიშებულმა საარსებო მინიმუმმა 100,5 ლარი შეადგინა, როცა საშუალო თვიური ხელფასი არასაბიუჯეტო სექტორში დასაქმებულთათვის 94 ლარი იყო, ხოლო საბიუჯეტო სექტორში დასაქმებულთათვის – 65 ლარი.

ასეთი პირობებში ხელფასი კარგავს რეალურ ფუნქციას, მოახდინოს სამუშაო ძალის კვლავწარმოება. ამის გამო, შრომა ნაკლებად მიმზიდველი ხდება. მატულობს თვითდასაქმებულთა რიცხვი, მოსახლეობის ნაწილი “ჩრდილოვანი ეკონომიკის” სექტორში ექცევა, სადაც შემოსავლები დაუბეგრავი რჩება.

საქართველოს ეკონომიკური სოციალური განვითარების 2002 წლის ინდიკატურ გეგმაში აღნიშნულია, რომ 2000 წელს ხელფასის ფონდმა ჩრდილოვანი ნაწილის ჩათვლით 1348,9 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო ოფიციალურად აღრიცხულმა დასაქმებულთა ხელფასის ფონდმა – 675,7 მლნ ლარი. სხვაობა ამ მონაცემების შორის 673,2 ლარს შეადგენს და ეს თანხა ყველა სახის დაბეგვრის გარეშე რჩება, რაც სოციალური უზრუნველყოფის ერთიან ფონდში 180 მლნ ლარამდე, დასაქმების ერთიან სახელმწიფო ფონდში 6,7 მლნ ლარამდე და სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო კომპანიაში 27 მლნ ლარამდე დანაკარგს იწვევს.

4. სამუშაო ადგილი დეფიციტის პირობებში, როცა სახელმწიფო ვერ ახერხებს ისეთი სამუშაო ადგილის მიწოდებას, რომელიც დააკმაყოფილებს ადამიანის საარსებო მინიმუმს, მოსახლეობა იძულებული ხდება ხელი მიჰყოს თვითდასაქმებას, თავს არიდებს დასაქმების სახელმწიფო ფონდში რეგისტრაციას და შრომის “ჩრდილოვანი ბაზრების” არეალში ექცევა. სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით (2003 წლის 1 მაისის მდგომარეობით), დასაქმების სახელმწიფო სამსახურში რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებელთა რაოდენობა 43,6 ათასი კაცია, მაგრამ ეს მაჩვენებელი რეალურად ვერ ასახავს იმ მდგომარეობას, რომელიც დასაქმების სფეროშია შექმნილი.

ჩვენს მწარე სინამდვილეში “ჩრდილოვანი ბაზრები” ხშირ შემთხვევაში მოსახლეობის ფიზიკური გადარჩენის ერთადერთი საშუალებად გვევლინება. შეიძლება ითქვას, რომ “ჩრდილოვანი ეკონომიკა” იმ დროების მოთხოვნა გახდა, რომელშიც ჩვენ მოგვიწია ცხოვრება და რომლის ჩამოყალიბებაში სახელმწიფოს უდიდესი როლი მიუძღვის.

როცა ვლაპარაკობთ ამა თუ იმ ქვეყნის მოსახლეობის ცხოვრების დონეზე, პირველ რიგში უნდა გავიაზროთ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ისტორია, ის ისტორიული წინამძღვრები, რომელიც წინ უსწრებდა ქვეყნის სამრეწველო განვითარების დღევანდელ დონეს, ანუ ის სამეწარმეო თუ ეკონომიკური ჩვევები, საიდანაც საზოგადოებას მოუწია გამოსვლამ. შემდეგ, უნდა გავითვალისწინოთ ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის დინამიკა, ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა.

საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითარების 2002 წლის ინდიკატიურ გეგმაში ნავარაუდევი იყო მოსახლეობის ერთ სულზე გაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტის 6,0-8,1%-ით ზრდა, რაც იმის საფუძველს ქმნიდა, რომ მოსახლეობის მთლიანი შემოსავლები 10,6-14,8%-ით გაიზრდებოდა, ე.ი. ხელფასი საბიუჯეტო სფეროში დასაქმებულთათვის საშუალოდ 68-72 ლარს მიაღწევდა, მაგრამ, როგორც წარსულის გამოცდილებამ დაგვანახა, გეგმაში მოცემული პარამეტრები ხშირ შემთხვევაში რეალურ შედეგებს არ ემთხვევა. 2001 წლის მინიმალური ხელფასი საშუალო მოხმარების 20%-ს შეადგენს. მისი სულ უფრო მეტი დაახლოება საარსებო მინიმუმთან მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი მიზანი უნდა გახდეს.

მოსახლეობის საზღვრების დონის განმსაზღვრელ საშუალებად ითვლება სიღარიბის დონე ან ღარიბი მოსახლეობის რაოდენობის ინდექსი მთელ მოსახლეობაში, რომლის მოხმარების მოცულობა სიღარიბის ზღვარზე ნაკლებია. ეს მაჩვენებელი წარმოადგენს ღარიბი მოსახლეობის დაშორებას სიღარიბის ზღვრიდან.

სიღარიბის სიმწვავის მაჩვენებელი ღარიბ ოჯახთა შორის სიღარიბის უთანაბრობის მაჩვენებელია. იგი მოიცავს, როგორც სიღარიბის სიღრმეს, ისე ღარიბთა შორის უთანაბრობას. 1998 წლიდან დაწყებული სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის რაოდენობა შემდეგნაირად განისაზღვრა (იხ. ცხრილი 3).

2000 წელს ამ მაჩვენებელმა 5,8 % შეადგინა.
მწვავედ დგას პრობლემა რეგიონების მიხედვით შემოსავლების განაწილების შესახებ. შედეგად, ვღებულობთ მიგრაციას სოფლიდან ქალაქში. რეგიონებში შექმნილი სოციალური პრობლემა შედეგია იმ რეგიონალური პოლიტიკის არარსებობისა, რომელიც რეგიონში არსებული სამეურნეო პოტენციალის ამოქმედებას, ინვესტიციების დაბანდებას, ახალგაზრდობის მასიური უმუშევრობის აღმოფხვრას განაპირობებს. რეგიონებში მწყობრიდან გამოვიდა და განადგურდა მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ანუ ყველაფერი ის, რაც გეგმიანი ეკონომიკიდან შემორჩა, დროზე ვერ მოხერხდა ქარხნებისა და ფაბრიკების მატერიალური განახლება უფრო თანამედროვე და რენტაბელური წარმოების საშუალებებით. დასავლეთის რეგიონში ეკონომიკურ მდგომარეობაზე განსაკუთრებული ზეგავლენა აფხაზეთის პრობლემამ მოახდინა. როგორც გასულმა წლებმა დაგვანახა, გარდამავალ პერიოდში წარმოქმნა ღარიბთა ფენა. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ადრე საშუალო ფენას მიეკუთვნებოდნენ. სიღარიბის წარმოქმნა დაკავშირებული იყო ისეთ მოვლენებთან, როგორიცაა უმუშევრობა და რეალური შემოსავლების შემცირება. უმუშევარ ღარიბებთან ერთად ჩამოყალიბდა მუშა-ღარიბთა ფართო ფენა, რომელთა წარმომადგენლები საკუთრების გარეშე აღმოჩნდნენ ან კიდევ მათი კვალიფიკაცია და სპეციალიზაცია ვერ აკმაყოფილებდა შეკვეთილი ბაზრის მოთხოვნებს. პოსტსაბჭოურ სივრცეში სიღარიბის სიღრმისა და მასშტაბის მიხედვით, ორი ტიპის საზოგადოება გამოიყოფა, რომელიც, ძირითადად, აღმოსავლეთ ევროპისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში აღინიშნებოდა. თუ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში სიღარიბე არ ღებულობდა მწვავე ხასიათს, საშუალო თვიური ხელფასი საკმაოდ აღემატებოდა სიღარიბის ზღვარს. ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში სრულიად განსხვავებული მდგომარეობა შეიქმნა. როგორც მსოფლიო ბანკის გამოკვლევებმა გვიჩვენა, პოლონეთში და უნგრეთში ღარიბები სიღარიბის ზღვრიდან საშუალოდ 80%-ზე იმყოფებიან, რუსეთს ამ ზღვრამდე 40% არ ჰყოფნის (გარდა ამისა, აქ 1995 წლის მონაცემებით, საშუალო ხელფასი მინიმალურ სამომხმარებლო ბიუჯეტს ორჯერ აღემატებოდა), ესტონეთს – 25%. უნგრეთში საშუალო ხელფასი 4,5-ჯერ აჭარბებდა სიღარიბის ზღვარს, პოლონეთში – 3,5-ჯერ. თუ ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებს დავეყრდნობით, თანამედროვე კაცობრიობის ისტორიაში სიღარიბის საშიშროება იზრდება. ისეთ დიდ და რესურსებით მდიდარ სახელმწიფოში, როგორიცაა რუსეთი, ღარიბთა რაოდენობა მოსახლეობის მეოთხედს შეადგენს. სიღარიბის დონე ე.ი. ღარიბების წილი მთლიან მოსახლეობაში კიდევ უფრო მაღალია შუა აზიის რესპუბლიკებში.

პრობლემის მიზეზი სოციალური პოლიტიკისა და ინფრასტრუქტურის უკმარისობაში უნდა ვეძებოთ. პრობლემის მოგვარებისთვის აუცილებელია სახელმწიფოს მხარდაჭერა და გადამჭრელი ზომების მიღება. ღონისძიებების გატარებისას უნდა გვახსოვდეს, რომ სოციალური პრობლემების საწყისები ეკონომიკური პრობლემის სიღრმეშივე იჩენს თავს.

სოციალური პრობლემა განსხვავებულია, როცა სახეზეა კარგად ორგანიზებული ეკონომიკა ყველა თავისი ინფრასტრუქტურით, საწარმოო პოტენციალის სრული დატვირთვით და დასაქმებით. ასეთ ვითარებაში განსაკუთრებული სოციალური ჯგუფები (პენსიონერები, უმუშევრები, ინვალიდები, დევნილები, მრავალშვილიანი დედები და ა.შ.) გადაუდებელ სოციალურ დახმარებას ღებულობენ. სიღარიბის უფრო ზუსტი მაჩვენებელია სიღარიბის სიღრმე, რომელიც იმ საშუალო სიდიდეს გამოხატავს, რომლითაც ღარიბები დაშორებულები არიან სიღარიბის ზღვარს. სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, 2000 წელს ამ მაჩვენებელმა 10,7% შეადგინა, ხოლო 2001 წლის 6 თვის მონაცემებით – 9,8%.

მძიმე ვითარებაა საპენსიო სფეროშიც. პენსიონერთა 90,2%, ანუ 767,2 ათასი კაცი ღებულობს 14-ლარიან პენსიას. 2001 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საპენსიო დავალიანებამ 99,9 მლნ ლარი შეადგინა, რომელიც 1997 წლიდან მომდინარეობდა. ამის მიზეზი, რასაკვირველია, გაუცემელი ხელფასებია, რის გამოც, სოციალურ ფონდებში ფერხდება სოციალური გადასახადების ხელფასიდან დარიცხვა, მიუხედავად იმისა, რომ სოციალური ხარჯებში ყველაზე მაღალი წილი სოციალურ უზრუნველყოფას უჭირავს, 1997 წელს 24,5%, 1998 წელს კი, 29,7%.

საქართველოს ჩრდილოვანი ეკონომიკის ხვედრითი წილი მთლიან შიდა პროდუქტში 40%-ა, როცა ამერიკის შეერთებულ შტატებში იგი 5-15%-ს აღწევს, იტალიაში კი, 30%. გამოდის, რომ დაუბეგრავი რჩება ხელფასის ჩრდილოვანი ნაწილი, რომელიც 673,2 მლნ ლარს შეადგენს. დანაკარგი სოციალური უზრუნველყოფის ერთიან სახელმწიფო ფონდში 180 მლნ ლარს, დასაქმების ერთიან სახელმწიფო ფონდში 6,7 მლნ ლარს და სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო კომპანიაში 27 მლნ ლარს შეადგენს.

საპენსიო სისტემა რეფორმას საჭიროებს. სახელმწიფოს სოციალურ ფონდებთან ერთად უნდა მოხდეს კერძო საპენსიო ფონდების ფართო ქსელის ჩამოყალიბება, მაგრამ ამ თემაზე საუბარი ჯერ კიდევ ნაადრევია, რადგან მოსახლეობაში ნდობა კომერციული ბანკებისა და კერძო საინვესტიციო ფონდების მიმართ ვერ აღსდგა. ამასთანავე, საპენსიო სისტემაში უნდა დაინერგოს პერსონიფიცირებული აღრიცხვის პრაქტიკა.

როგორც ვხედავთ, ყველაზე მტკივნეული სფერო, რომელიც ყველაზე მეტად საჭიროებს სახელმწიფოს მხარდაჭერას, სოციალური სფეროა. სახელმწიფომ უნდა აიღოს ისეთი სოციალური ფენების შემწეობა, როგორებიც არიან უმუშევრები, ინვალიდები, ლტოლვილები, მრავალშვილიანი ოჯახები. სოციალური პოლიტიკა უნდა განვიხილოთ მთლიანი ეკონომიკური პოლიტიკის ფარგლებში. სახელმწიფომ თავისი საკანონმდებლო, სამეწარმეო საგარეო ფუნქციები სოციალური პოლიტიკის ორიენტაციით უნდა წარმართოს, ანუ მთელი ეკონომიკა სოციალურად ორიენტირებული უნდა გახდეს. მით უმეტეს, რომ საქართველო თავისი ეკონომიკური პოტენციალით, ისტორიული წარსულითა და დარგობრივი განვითარებით სავსებით შეესიტყვება ასეთი ეკონომიკური პოლიტიკის მოთხოვნებს.

Print Friendly, PDF & Email

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial