რედაქტორისაგან

ეკ. მეცნ. კანდიდატი ემზარ ჯგერენაია

მიატოვეს საქართველო!
უცნაური ხალხი ვართ ქართველები, უაღრესად უკიდურესები – ან მემარცხენეები ან მემარჯვენეები ან დასავლეთის ვართ ან რუსეთის, ან სასტიკად კეთილები და მიმტევებლები, ან უსასტიკესნი და განმკითხავნი. ძალზე გაგვიხარდა, როცა აშშ-მ თავის ინტერესთა სფეროში შემავალ ქვეყნად გვაღიარა და შვებით ამოვისუნთქეთ: მორჩა ჩვენი ტანჯვა-წვალება, ამიერიდან არც საკუთარ ეკონომიკაზე ფიქრი გვინდა და არც ხალხზე!

ყველაფერს ისინი გააკეთებენო (სხვათა შორის, ამ განწყობით ვცხოვრობდით, მაშინაც, როცა რუსეთის ვიყავით), მაგრამ დაგვავიწყდა, რომ ამერიკის ინტერესები ისეთივე ცვალებადია, როგორც დრო და მასშტაბები. მით უმეტეს, გულმხურვალედ დავუჭირეთ ერაყის წინააღმდეგ ომს მხარი და განვაცხადეთ: “- აწი აფხაზეთისთვისაც მოიცლიანო”. არ გვიფიქრია, რომ ამ ომში გამარჯვებული ქვეყანა საერთო პოლიტიკის მსოფლიო ჭრილში შეიძლება დამარცხებული გამხდარიყო, რადგან თანამედროვე ომები მაშინ იწყება, როცა საომარი ოპერაციები მთავრდება და ამის გაჭიანურება თვით ისეთ ქვეყანასაც, როგორიც შტატებია, სერიოზულ საფრთხეს უქმნის; მეორეც, მსოფლიოს ახალმა წესრიგმა სხვა სახე მიიღო, ვიდრე ქართველებს გვეგონა და სხვა “ურჩი” ქვეყნები კი არ დაშინდნენ, პირიქით, იფიქრეს, თუ ასეთი შეარაღების და ფინანსების პატრონი ქვეყანა, როგორიც აშშ-ა ერაყისნაირ სახელმწიფოს ვერ აჩოქებს, რუსეთს ან სხვას რას უზამსო.

თვით აშშ მიხვდა ამას და რუსეთთან ფართო თანამშრომლობა დაიწყო. მას ეს თანამშრომლობა ჰაერივით სჭირდება, რადგან გუშინდელი მოკავშირეები – ევროპელები (განსაკუთრებით, გერმანია, საფრანგეთი) განუდგნენ – ეკონომიური ინტერესები ვერ გაინაწილეს (მათ ინტერესებზე ერაყში ჩვენ გაზაფხულზე ვწერდით).

მარტო ინგლის-ამერიკის კოალიცია ერაყის ომში მძიმე ტვირთს დიდი ხნის განმავლობაში ვერ ზიდავს… და განიზრახეს მთელი მსოფლიოს ჩათრევა. მსოფლიო კი, განსაკუთრებით, ნატოს მოკავშირეები, არ ჩქარობენ, პირიქით, ამ საკითხში აშშ-ის კრიტიკას განაგრძობენ. ამას ისიც ემატება, რომ ბუშის რეიტინგი დღითიდღე ეცემა და 2004 წლის არჩევნებში მის გადარჩევას სერიოზული პრობლემა შეექმნა, როგორც იტყვიან მას თავისი გასჭირვებია.

ამასობაში აშშ-ში ბიუჯეტის დეფიციტმა არნახულ ციფრს, 550 მილიარდს გადააჭარბა. ერაყში ომი 85 მილიარდზე მეტი დაჯდა, კიდევ ამდენივე სჭირდება ბუშის ადმინისტრაციას 2004 წელს ანტიტერორისტული საქმიანობისათვის, არა და, ერაყში მშვიდობა არც 2004 და 2005 წელს დამყარდება, რადგან იქ პარტიზანებს დიდძალი ფული აქვთ და არც ევროპას და რუსეთს აწყობთ ომის ასე უცებ დამთავრება, რადგან, რაც უფრო გაჭიანურდება პროცესი რუსეთთან, მის აქტივებთან მიმართებაში, აშშ უფრო დამთმობი იქნება. რუსეთმა შეიძლება 8 არა, მაგრამ 4 მილიარდი მაინც დაიბრუნოს და ამ ქვეყნის რეაბილიტაციის თუ ნავთობის საბადოების შემდგომი რეალიზაციის საქმეში შტატებს თავისი ფირმები ჩაართვევინოს. ამის გარდა, ოპეკის ქვეყნებმა გადაწყვიტეს ნავთობის მოპოვება 25 მილიონი ბარელიდან 24-მდე შეამცირონ, რაც ნავთობის ფასს 1 ნოემრიდან მინიმუმ 20 პროცენტით გაზრდის და ისედაც პრობლემატიკურ აშშ-ს ეკონომიკას ბევრ პრობლემებს შეუქმნის. ამის ბალანსი რუსეთია, რომელიც არ არის კარტელის წევრი და შეუძლია ნავთობის მოპოვების გაზრდა, რათა ამერიკას გვერდში დაუდგეს და კრიზისს გადაარჩინოს. ეკონომიკური მოგება რუსეთს აქედან არა აქვს, პირიქით, რუსეთის სავალუტო მარაგები სწორედ ნავთობის გაყიდვიდან ივსება. საომარი სიტუაციების დამთავრების შემდეგ ის სერიოზულად შემცირდა. რუსეთს ვალუტა სჭირდება, თანაც ბლომად, მაგრამ, თუ მას პოლიტიკურად დაუთმობენ, ის მზად არის ამას ეკონომიკური ინტერესები შესწიროს. ეს ინტერესებია: ა) მის ძველ კოლონიებთან მიმართებაში ნიუ-კოლონისტური, ნიუ-იმპერიული პოლიტიკის გატარება მას დაუთმონ, მათ შორის, პირველ რიგში, საქართველოს მიმართაც; ბ) მხარი დაუჭირონ პუტინს როგორც საპრეზიდენტო, ისე საპარლამენტო არჩევნებში, შეუქმნან დასავლური ტიპის დემოკრატი პოლიტიკოსის იმიჯი; გ) სცნონ სრულუფლებიან პარტნიორად მსოფლიოს ბაზრების გადანაწილებაში. ეს სავაჭრო თემები დასავლეთმა იმით გაამწვავა, რომ ბერეზოვსკის ინგლისში თავშესაფარი მისცა და კემპ დევიდსისკენ ამაყად მიმავალ პუტინს გზაში დააწია იგივე ბერეზოვსკის თუ სხვათა წერილები, სადაც შეახსენეს, რომ მას ეს იმიჯი სჭირდება, რადგან მსოფლიო რუსეთის პრეზიდენტს მაინც დიქტატურის მოყვარულად, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების (დასავლეთში ეს თემა უყვართ, “ლოხ” პოლიტიკოსებს ამით აბითურებენ) პრინციპების დამრღვევად განიხილავს. 27 სექტემბერს, კემპ დევიდსის გაეროში გამოსვლის შემდეგ, პუტინს თბილად მიიღებენ და ინტერესთა გაცვლის პრინციპით თანამშრომლობას დაჰპირდებიან. საქართველოს რა? აკი, კოალიციას დაუჭირეთ მხარი? აკი აფხაზეთისთვის მოვიცლითო? ყოველწლიურად გაგიზრდით დახმარებასო და 75 მილიონამდე შეგვიმცირდა, სავალუტო ფონდიც საეჭვოდ გაქრა. ახლა გახდა მკაცრი მთავრობის მიმართ (ისე, მთავრობამაც გად…) მსოფლიო ბანკის დახმარებებიც “იტერას” გაზივით გაიპარა, ევროპა, ჩვენი ბებერი და მკაცრი ევროპა უარზეა, დაპირებული გრანტები გამოგვიყოს, “შარზეა”. “თქვენთან ნამდვილად კორუფციაა და ენერგეტიკოსებს გუბერნატორები ლანძღავენო”. კი მარა, აქამდე არ იყო? ახლა რა შეიცვალა? ტიტიკოს ქორწილს მაგონებს ეს ყველაფერი, როცა დარიკოს რაზმს ელოდებოდნენ დავითის ოჯახში დასარბევად. მიატოვეს საქართველო! ყველამ მიატოვა! ამბობენ, ხელისუფლების ყველა შტოში მუსირებს აზრი – ჩვენც ხომ არ მივატოვოთ, ყველამ ერთად ეს ქვეყანაო? ისე, ჩემმა მზემ, არ უნდა იყოს ურიგო აზრი; უფრო ეშველებოდა ამ ქვეყანას. ყოველ შემთხვევაში, უარესი არ მოხდებოდა. არადა, დარიკოც რომ არ ჩქარობს შემოტევას?! ჯერ შუქზე გვახვეწნინებს, მანამდე რამდენიმე ბიზნესმენი გამოაგზავნა და მთელი საქართველო რუსული კაპიტალით აყიდინა, მერე გაზების გაშვებას დაიწყებს. კი, მიგვატოვეს, რადგან გუშინდელი მტრები ბიზნეს-პარტნიორები გახდნენ, რადგან ჩვენს მფარველებს თვითონ გაუჭირდათ და დიდ პოლიტიკაში ვის ახსოვს საქართველო? არა, ხსოვნით ახსოვთ, დრო და დრო მოვლენ ყურებს აგვიწევენ, დაგვტუქსავენ და წავლენ. მიატოვეს საქართველო! როგორც მეათე კლასელი რომანტიული შეყვარებული გოგონა შუა ქუჩაში შუაღამისას.

კიდევ ერთხელ, ჩვენი თავი ჩვენ უნდა გვეყუდნოდეს! არც იანკებს და არც რუსებს, ჩვენ! ასე თქვა ჩვენმა წინაპარმა. სახელმწიფო უნდა გავხდეთ იდეოლოგიით, პრიციპებით, ინტერესებით, პოლიტიკით და ეკონომიკით. მოიცათ, რაღაც ხმაურია. მგონი, დარიკო მოდის მისი რაზმით. თუმცა, არა, ადგილობრივი ფუტურისტები ყოფილან, საარჩევნო სპექტაკლის რეპეტიციას გადიან. დარიკომაც მიგვატოვა, მგონია. რეჟისორს ვთხოვ, გვიანაა, მაგრამ სჯობს გვიან გადაწეროს და შეცვალოს სცენარი.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial